ისწავლება თუ არა სამშობლოს სიყვარული? თუ ეს თანდაყოლილი ნიჭია?
რა თქმა უნდა, ისწავლება და უნდა ისწავლებოდეს კიდეც. სწორედ ამიტომ არის ჩვენი, მასწავლებლების როლი განუზომლად დიდი.
ხშირად დაწყებით კლასებში თავს ვარიდებთ პატრიოტულ თემატიკას, გვეჩვენება, რომ პატრიოტიზმის აღზრდასა და პათეტიკას შორის მყიფე ზღვარია. და ასეთი განწყობა გასაკვირი სულაც არ არის, რადგან საქართველოს უახლესი ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უამრავმა ფსევდოპატრიოტმა პატრიოტიზმის ცნება გათელა, გაავერანა, ზედ შედგა, გადაუარ-გადმოუარა. ჩვენ სწორედ ეს გასაცოდავებული, გათელილი პატრიოტიზმი გვხვდა წილად, რომლის აბრიალებასა და გაცოცხლებასაც რაღაცნაირად მოვერიდეთ, შეგვრცხვა. ამიტომ საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ: მოდი, ნუ ვასწავლით სამშობლოზე ლექსებსა და მოთხრობებს, მოდი, არ გვინდა გულზე მჯიღის ცემა, მოდი, შევეშვათ! ჩვენ კი შევეშვით, ჩვენ კი თავი ავარიდეთ, მაგრამ ამ საოცარმა თაობამ თავისით აღმოაჩინა, თავისით იპოვა ეს გასაცოდავებული სამშობლო, თავისით გააცოცხლა და თავისუფლების დროშად აქცია. ისე გადაახალისა, ისე ააბრიალა, რომ ის სულ სხვა სახით, უწინდებული იერით, მტვერგადაყრილი წარდგა ჩვენს წინაშე. აღმოჩნდა, რომ ახალ თაობას უყვარს სამშობლო და არც სამშობლოზე სიმღერები და ლექსები ეთაკილება. სულ პირიქით – ეამაყება კიდეც.
ჰოდა, დავფიქრდი: ნეტავი ჩემი მესამეკლასელები როგორ გაიგებენ სამშობლოს? ხომ არ მეცადა? იქნებ დასაწყიშივე ჩაგდებულმა სიყვარულის მარცვალმა რა ნაყოფი გამოიღოს! იქნებ დღეს სწორედ პატრიოტული სულისკვეთების გაზრდილი თაობა გვჭირდება! ვცადე – გაკვეთილი შედგა, ძალიან კარგად გაიგეს! მოგიყვებით.
ბავშვებს მსოფლიოს რუკას ვაჩვენებ და საქართველოს ვპოულობთ. “რა პატარაა! რამხელა ყოფილა რუსეთი! ჩვენგან რა უნდა, თავად რამდენი მიწა აქვს?!” – აღშფოთებას ვერ მალავენ. ვიწყებ ისტორიის ამბად ქცევას და მათთვის მოყოლას. ვუყვები ოქროს საწმისზე, მედეაზე, ფარნავაზზე, ნინოზე, უამრავ მტერსა და ბრძოლაზე, დავით აღმაშენებელზე, თამარზე, ვეუბნები, რომ ჩვენი მთავარი მიზანი გადარჩენა იყო და ასე მოვედით იქამდე, სანამ არ დადგა საკითხი ჩვენი არსებობა-არარსებობისა. და აი, გამოჩნდა რუსეთიც, ძალიან ვერაგი და მატყუარა! ვუყვები, როგორ მოტყუებით შეგვიერთა და როგორ მოსპო ჩვენში ყოველივე კარგი. ვუყვები, როგორ შემოვიდნენ ჩვენთან ბოლშევიკები და როგორ ებრძოდნენ მათ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული პატარა გოგო-ბიჭები. ვუყვები მაროზე, ვაჩვენებ მის დღიურს. 45 წუთი საუკუნედ იქცევა და იტევს მთელ ჩვენს წარსულს, წარსულთან ერთად – აწმყოსაც და მომავალსაც.
და ამ არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის რაღაც ამორფული ცნებიდან ნელ-ნელა ამოიზრდება, ხელახლა იბადება სამშობლო, კონტურები უჩნდება და თვალსაჩინო სახე-ხატად ყალიბდება.
„მოკაშკაშე ცაო,
ზღვაო, ლიცლიცაო.
დათოვლილო მთაო,
მთაო, ქათქათაო,
ჯეჯილო და ტყეო,
სულ იშრიალეო,
საქართველოს მზეო,
სულ იგიზგიზეო!“ –
გუგუნებენ ბავშვები ერთხმად და წერენ სამშობლოზე, მის სიყვარულზე, როგორ მოუფრთხილდებიან, როგორ მოუვლიან სამშობლოს, როცა გაიზრდებიან.
არ ვჩერდებით. ეს დღეები სამშობლოსია! ვუყვები გმირებზე, საქართველოსთვის თავდადებულ ბიჭებსა და გოგოებზე, მოხუცებსა და ჯარისკაცებზე. ჯერი ექვთიმეზე მიდგა. ვკითხულობთ საოცარ მოთხრობას, რომელიც ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენაა – ქეთევან კვიტატიანის „განძის მცველ ექვთიმეს“ (https://kids.ge/story?id=495).
ამბავი მარტივი ენით არის დაწერილი, უმცროსკლასელთათვის შესაფერისი ლექსიკით, თუმცა თითოეული სიტყვა მინიშნებაა – მე ასე ვიგებ, ბავშვებიც მეთანხმებიან.
მართლაც რა კარგად უნატრია ექვთიმეს დედას! და როგორ ხდებიან ადამიანები წმინდანები? სამშობლო ღმერთთან არის გათანაბრებული; ისევე არ ეღალატება, როგორც უფალს; ისევე არ გაიყიდება, როგორც უფალი. რწმენა ქვეყნისა და რწმენა ღმერთისა.
მათე ბიჭის სიმღერას ვუსმენთ და მაია წყნეთელის ამბავს ვიხსენებთ. ბავშვები მას დისნეის პერსონაჟ მულანს ადარებენ და ასკვნიან, რომ სამშობლო ყველა ერისთვის ძვირფასია.
დავალებას ვაძლევ, ჰკითხონ მშობლებს, რა არის მათთვის სამშობლო და პასუხები ჩაინიშნონ.
მეორე დღეს დიდი აჟიოტაჟია, მოაქვთ ამბები და რა ამბები! ვიღაცის დედა ცხრა აპრილს მდგარა დროშით ხელში, ვიღაცის მამა აგვისტოს ომის გმირია! თურმე დიდი ამბები გამოუვლიათ. მათი მოგონებები ცხრა წლის შვილებმა სიტყვებად აქციეს და საკლასო ოთახი აავსეს. საქართველოს სული ახლა ნამდვილად აქ არის!
ჰოდა, მოდი, ნუ გვეშინია! ისევ გავაცოცხლოთ სამშობლო ჩვენს საკლასო ოთახებში, ახლა და აქ სწორედ რომ სამშობლოს დროა!


