როგორ არ გავუშვათ ალუდა თემიდან და დავაბრუნოთ საფიხვნოს თავში? რა აკლია ლუარსაბს?
თამაში ყველას გვიყვარს, დიდებსაც და პატარებსაც. თუ უფროსები საკუთარ გულში ჩავიხედავთ, მივხვდებით, რომ თამაში მოგვნატრებია. თამაში ხომ იგივე კარნავალია, გარდასახვა, შენი რეალობის დროებით დათმობა და სასურველი როლის მორგება. თამაში ექსპერიმენტებია, გაბედული ნაბიჯები, ფარული სურვილების ხორცშესხმა, ყოველდღიურ რუტინასთან კავშირის გაწყვეტა და ახალ სამყაროში შებიჯება.
თამაში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. გარდა იმისა, რომ მისი მეშვეობით სწავლება უფრო სახალისო ხდება, თამაში რეალური ცხოვრების იმიტაციაც არის, ამიტომ ასეთი აქტივობები გამოსადეგი და პრაქტიკულია. თამაშის დროს ნაკლები სტრესია და მეტი ბედნიერება, დადებითი განწყობა კი შემეცნების საწინდარია.
მიმაჩნია, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს თამაშით სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებში იყოს ეფექტური. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აკადემიური, სტრესული, სერიოზული და მოსაწყენი ხდება გაკვეთილები. აი ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დაბალ კლასებში ბავშვებს სკოლა უყვართ, მაღალ კლასებში კი აღარ. ლექციური ტიპის გაკვეთილები, რთულ, გაუგებარ ტექსტებში ჩაკარგვა საინტერესო თემებსაც კი უინტერესოს ხდის, წვრილი შრიფტით ნაბეჭდი, თარიღებითა და რთული სიტყვებით გაძეძგილი სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა მოქმედებს მოტივაციაზე, ხალისზე და ბავშვების ბედნიერების ნიშნული ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის. მოსწავლეები დაღლილები, თავმობეზრებულები ამთავრებენ სკოლას და კიდევ უფრო დიდ სირთულეებთან შეჭიდებას აპირებენ.
მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენმა ბავშვებმა არ იციან, როგორ ისწავლონ, მაგალითად, როგორ დაეუფლონ მოკლე ხანში უზარმაზარ ინფორმაციას, როგორ დაიმახსოვრონ ან როგორ განასხვაონ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. მათ იშვიათად ასწავლიან, როგორ დაახარისხონ ინფორმაცია, როგორ გაიაზრონ და რა ინსტრუმენტები გამოადგებათ ამისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს ბარათების, სანიშნების გაკეთება, ვასწავლოთ ჩანიშვნა და ჩაწერა, სქემები და ხერხები; ვასწავლოთ, როგორ ამოიცნონ მთავარი და როგორ დაიმახსოვრონ ის.
ვცდი და შემოგთავაზებთ ლიტერატურული სამაგიდო თამაშს, რომელიც რამდენიმე მიზანს მიგვაღწევინებს: სასწავლო პროცესი ხალისიანი გახდება, ტექსტის გაგება-გააზრება გამარტივდება, ჩვენი მოსწავლეები შემოქმედებითად დაიწყებენ ფიქრს და მნიშვნელოვან ინფორმაციას ადვილად, ხალისით დაიმახსოვრებენ.
უპირველეს ყოვლისა, შევარჩიოთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც ბავშვები სამაგიდო თამაშს შექმნიან. მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივცეთ დასამუშავებელი საკითხები: პერსონაჟი (უარყოფითი, დადებითი, მტერი, მოყვარე), გარემო (სადაც ხდება მოქმედება), პრობლემა (შეიძლება, რამდენიმე შევთავაზოთ და ავარჩევინოთ), დრო (ეპოქა).
ამის შემდეგ ბავშვები შეარჩევენ, თამაშის რომელი ფორმა მოუხდება დამუშავებულ ტექსტს.
სამაგიდო თამაში სხვადასხვანირია და თითოეულ მათგანს თავისი წესები და დიზაინი აქვს.
აბსტრაქტული სტრატეგიული თამაში
ასეთ თამაშებს თემა პრაქტიკულად არ აქვს, მოთამაშეს იღბალი კი არ სჭირდება, არამედ ლოგიკური და ანალიტიკური უნარები. ასეთი თამაშის მაგალითია ჭადრაკი.
ტერიტორიის კონტროლი
მონაწილემ უნდა დაიკავოს სათამაშო დაფის რაც შეიძლება მეტი ნაწილი ან რაც შეიძლება მეტი ფიგურა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტრატეგიული გათვლა.
საბრძოლო სამაგიდო თამაშები
აქ ბევრი წესი და ჩახლართული სცენარია. პერსონაჟები უკეთესობისკენ იცვლებიან. მოჰყვება: ბარათები, კონვერტები, სტიკერები.
არსებობს ეკონომიკური თამაშები, ქალაქის შენების თამაშები, საოჯახო თამაშები, საბავშვო თამაშები, ამბების თამაშები, რომლებიც ნარატივზეა დაფუძნებული – მოთამაშე თვალს ადევნებს სიუჟეტს და შესაბამისად ცვლის საკუთარ მოქმედებას, სიტყვების აწყობის თამაშები და სხვა.
ხელნაკეთი თამაშები ძირითადად „მონოპოლის“ ტიპის სტრატეგიული თამაშების ფორმატს მიჰყვება. საჭიროა მუყაოს დიდი ფურცელი, ბარათები, კამათლები, კონვერტები, შესაძლოა ფიგურებიც. ცხადია, ლიტერატურულ ტექსტზე აგებული თამაში სიუჟეტური იქნება.
მოდი, ვიფიქროთ, როგორ შეიძლება შევქმნათ სამაგიდო თამაში საკლასო ოთახში და სწავლება უფრო ხალისიანი და საინტერესო გავხადოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და თითო საკითხს ამუშავებენ. პროცესი უფრო ცხადი რომ იყოს, კონკრეტულ ტექსტს მივუსადაგოთ. მაგალითად, „ალუდა ქეთელაურს“. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი პერსონაჟებს ამუშავებს: როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები იმ კონკრეტულ ეპოქაში? რა ეცვათ? -დ ა ა.შ. მერე კი ამის მიხედვით იქმნება პერსონაჟების ფიგურები:
ალუდა ქეთელაური – ხევსურეთის მკვიდრი
მუცალი – ქისტი, ალუდას მოწინააღმდეგე
მინდია – ალუდას მეგობარი, რომელსაც ალუდას სიმართლის დასამტკიცებლად მოაქვს მუცალის მოჭრილი მარჯვენა
ბერდია – ხევისბერი
უშიშა – სოფლის მკვიდრი
ლელა – ალუდას ცოლი
ალუდას დედა
რამდენი პერსონაჟიცაა, იმდენი მოთამაშეა. თითოეულ მოთამაშეს თამაშში თავისი სვლა აქვს, თითოეულ პერსონაჟს – თავისი მიზანი. ალუდას მიზანია, დარჩეს თემში ანუ სათამაშო დაფაზე, არ გავარდეს. მინდია ალუდას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება. ბერდიას მიზანია, ალუდა და მისი მეგობარი თემიდან (თამაშიდან) გააძევოს. უშიშა ბერდიას ეხმარება. ალუდას ცოლი და ალუდას დედაც ალუდას ეხმარებიან.
ალუდას ორი სტრატეგია აქვს: ან მარჯვენა მოაჭრას მუცალს და დარჩეს თემში, ან არ მოაჭრას, შეებრძოლოს ბერდიას და დარჩეს თემში – არჩევანი მოთამაშეზეა. მუცალი ცდილობს, არ მოკვდეს და, საბოლოო ჯამში, ისიც ბერდიას ეხმარება, რომ ალუდამ ვერ შეასრულოს თავისი მისია.
მოსწავლეების სხვა ჯგუფი ბარათებზე იმუშავებს. თითოეულ ბარათზე დაიწერება კითხვები ტექსტის შესახებ. მოთამაშე უპასუხებს კითხვას და წავა წინ. კითხვა რთული უნდა იყოს.
პერსონაჟების ფიგურები შეიძლება დამზადდეს თიხისგან, მუყაოსგან, ხისგან.
სათამაშო დაფას მოსწავლეების ცალკე ჯგუფი ამზადებს. მასზე მონიშნულია თამაშის დასაწყისი, ე.წ. სტარტი, ამ შემთხვევაში – საფიხვნო. საფიხვნოს თავში იდგმება ალუდას ფიგურა. დაფის დიზაინი პოემაში გადმოცემული გარემოს შესაბამისია: ხევსურული კოშკები, კლდეები, ვიწრო გზები, რომლებზეც პერსონაჟები იმოძრავებენ.
მაგალითად:
თამაშის წესები წინასწარ მკაცრად არის განსაზღვრული, თითოეულ პერსონაჟს თავის ისტორია მოჰყვება. ასევე განსაზღვრულია, რამდენ უჯრაზე გადანაცვლება, რამდენი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია ამა თუ იმ პერსონაჟს. თითოეული მათგანის გზის გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად იცნობს მოთამაშე პოემას და რამდენად გამჭრიახია.
თამაშს ალუდა იწყებს, რადგან სწორედ ის ზის საფიხვნოს თავში. აქვე შეგვიძლია ჩავრთოთ სტრატეგიაც: თითოეულ პერსონაჟს დაფაზე თავისი საწყისი წერტილი აქვს, საბოლოოდ კი ისე უნდა განლაგდნენ, რომ ალუდას მომხრეებმა დაიცვან საზღვრები და ალუდა თემიდან არ გაუშვან, ხოლო მოწინააღმდეგეებმა, პირიქით, საზღვრები უნდა გაანთავისუფლონ და ალუდა თამაშიდან გააგდონ.
შეიძლება პროცესში კამათლებისა და სტიკერებიც გამოყენებაც.
სასურველია, თამაშის იდეა და წესები თავად ბავშვებმა მოიფიქრონ.
გთავაზობთ კიდევ ერთ იდეას ილია ჭავჭავაძის „კაცია, ადამიანის?!“ მიხედვით. სამაგიდო თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშემ უნდა მოიპოვოს ის, რაც აკლია ლუარსაბს, რომ სრულყოფილ ადამიანად იქცეს. მაგალითად, მოთამაშემ უნდა შეასრულოს გარკვეული დავალება და მიიღოს ლუარსაბისთვის ცოტა განათლება, ცოტა გონიერება, ცოტა ემპათია, ცოტა პატრიოტიზმი, მემკვიდრე, ცხოვრების მიზანი და სხვა. შეიძლება, სათამაშო დაფას ლუარსაბის სახლის ფორმა ჰქონდეს და მიღებული „ჯილდოები“ ზედ სტიკერების სახით დავამაგროთ, დავალებები შესაძლოა ბარათების სახით იყოს წარმოდგენილი და კითხვები ნაწარმოებს ეხებოდეს. ასევე შეიძლება, ჩავსვათ ლოგიკური ამოცანები, ზოგადი კითხვები და ასე შემდეგ.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელს შეუძლია, ნებისმიერი ტექსტი გააცოცხლოს და გააცოცხლებინოს მოსწავლეებს – თანამედროვე მოზარდები ხომ მუდმივად ინტერაქციას და თავგადასავალს ითხოვენ, ჰოდა, მივყვეთ მათ ინტერესებს – სასწავლო პროცესი მართლაც ამაღელვებელი, საინტერესო და დაუვიწყარი გამოგვივა.








