„მინდა, განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო დედაჩემი და ეს წიგნიც მას მივუძღვნა. როგორც შთაგონებული, სათუთი და გულისხმიერი ნოე, უცნაური მემკვიდრეებით სავსე კიდობანს დიდი ოსტატობით მიაცურებდა ცხოვრების მშფოთვარე ზღვაში, ყოველთვის მზად იყო, მოსალოდნელ აჯანყებას დახვედროდა, მუდამ გარს ერტყა სახიფათო ფინანსური მეჩეჩები, ხშირად დარწმუნებული არ იყო, რომ მის წინამძღოლობას ეკიპაჟი მოიწონებდა, მაგრამ თუ ხომალდს რაიმე შეემთხვეოდა, სწამდა, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნებოდა. პირდაპირ სასწაულია, როგორ გაუძლო დედამ ამ მოგზაურობას, თანაც ისე, რომ არასდროს მისთვის გონიერებას არ უმტყუნია. როგორც ჩემი ძმა ლარი აღნიშნავს, დედა უნდა გვიმადლოდეს, რომ ასე გამოვაწრთეთო“.
ბრიტანელი ნატურალისტი მწერალი ჯერალდ დარელი თავის ნაწარმოებში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დედას განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენიებს. თავად წიგნსაც დედას, მის თავგანწირვას უძღვნის.
„დედაჩემის ასაკი არ ვიცოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი დაბადების დღე არასოდეს აგონდებოდა“, – წიგნის დასაწყისშივე გვეუბნება ავტორი და უკვე ველით შეხვედრას ქალთან, რომელიც თავს უძღვნის ოჯახს, შვილებს, მათ საუკეთესო ინტერესებს და ისეა ჩაბმული თავგანწირულ ფერხულში, თავისი დაბადების დღეც კი დავიწყებია.
„ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. ჯერალდ დარელი აღწერს ბავშვობის წლებს, რომლებიც საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გაატარა დედასა და და-ძმებთან ერთად. წიგნში იუმორით არის მოთხრობილი იქაურ ადამიანებზე, მეგობრულ ბერძნებზე, რომლებიც ყველანაირად გვერდით უდგანან ინგლისელ ემიგრანტებს, კუნძულზე ცხოვრების გამოცდილებას უზიარებენ და ხვედრს უმსუბუქებენ.
„ასე გავყიდეთ სახლი და მერცხლების გუნდივით გავექეცით ინგლისის უჟმურ ზაფხულს“, – გვატყობინებს ავტორი და აღგვიწერს გზას, რომელიც ინგლისიდან საბერძნეთამდე გაიარეს.
ჯერიმ (ჯერალდმა) თან წაიღო ოთხი საბუნებისმეტყველო წიგნი, პეპლების ბადე, ძაღლი და მუხლუხებით სავსე მურაბის ქილა, რომელიც გრძელ, მოსაწყენ გზას გაუხალისებდა. ხომ უკვე ცხადია ჯერალდის გატაცება?
წინასიტყვაობაში მწერალი შენიშნავს, რომ ყველა ამბავი კუნძულსა და კუნძულელებზე სრული სიმართლეა – კორფუზე მათი ცხოვრება კომიკურ ოპერას ჰგავდა. ნაწარმოები სავსეა მხიარული ამბებით იმის შესახებ, რა ქაოსს იწვევდნენ ოჯახში ჯერალდის ცხოველები, მისი დაუცხრომელი ინტერესი ბუნების მიმართ და რა დიდი სიმშვიდითა და მოთმინებით უმკლავდებოდა დედა ოჯახის წევრების უცნაურ გატაცებებს.
დასამალი არ არის, რომ საბავშვო ლიტერატურის კითხვა ბავშვებზე არანაკლებ მიყვარს, მით უფრო ისეთი წიგნებისა, სადაც ლურჯ, კამკამა ზღვაში მდებარე ულამაზესი კუნძულის ამბებს გვიყვებიან. ამიტომ ინტერესით შევუდექი კითხვას და დედის მიმართ ავტორის უსაზღვრო მადლიერებამ წინასიტყვაობიდანვე მომაჯადოვა.
ვფიქრობ, მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გრძნობაა, რომელიც ნამდვილად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს, ჩვენს ცხოვრებას და აქვს საოცარი, გადამდები ეფექტი. განსაკუთრებით მიჩუყდება გული, როდესაც შვილები მადლიერებით იხსენებენ მშობლების თავგანწირვას, შრომას და მზრუნველობას მათი მომავლისთვის – ეს ნამდვილად დასაფასებელია, ამიტომ, როდესაც ნაწარმოების კითხვას შევუდექი, საოცარი განცდები გამიცოცხლდა – ბავშვობის, სილაღის, უპირობო სიყვარულის, მადლიერების და, რუტინით გაბეზრებული, ავტომატიზებული ყოფით დაღლილი, ახალი შეგრძნებებით ავივსე.
მისის დარელმა, ოთხი შვილის დედამ, კორფუზე გადასახლებით შვილებს ცხოვრების რამდენიმე დაუვიწყარი წელი აჩუქა.
მარტოხელა ქვრივი იღებს რთულ გადაწყვეტილებას, შვილებთან ერთად უცნობ ქვეყანაში წავიდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ეს არის ძლიერი, მომთმენი და კეთილი ქალი, რომელსაც ჰყავს ოთხი განსხვავებული ხასიათის შვილი და ოთხივესთან საოცარი მზრუნველობით, სითბოთი და ინდივიდუალური მიდგომით ახერხებს ურთიერთობას. დარელების დედა გვაოცებს იმ მხარდაჭერით, რომელსაც შვილების მიმართ გამოხატავს – აძლიერებს მათ დამოუკიდებლობას, არ ზღუდავს მათ ინტერესებს, მოთმინებით იტანს მათ ახირებებს, მხარს უჭერს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მისის დარელი ეწევა უდიდეს შრომას ოჯახისთვის, მაგრამ არ ბოროტდება, არ ღიზიანდება, სიმშვიდეს ინარჩუნებს. საბოლოოდ სწორედ მისი იშვიათი მოთმინების, იუმორის გრძნობის, გამბედაობისა და მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ ნაბოლარა დარელი ბუნების საიდუმლოებათა შესწავლას მიჰყოფს ხელს, რაც მის მომავალ კარიერაზეც ახდენს გავლენას.
დედების შრომა ტიტანური შრომაა. დედებს უდიდესი ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიის გაღება უწევთ ოჯახისთვის და ხშირად ეს ისე აღიქმება, თითქოს ასეც უნდა იყოს. იშვიათად თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რა უჭირთ, რა ულხინთ, რისი გადალახვა უწევთ, როგორ ერევიან პრობლემებს დედები სუპერგმირის როლის მიღმა.
ეს პატარა წერილი სწორედ დედებს ეძღვნება, დედებს, რომლებსაც საკუთარი დაბადების დღეც კი ავიწყდებათ. მადლობა მათ უსასრულო ზრუნვისა და თავგანწირვისთვის!