– თერგო, რა გამღერებს,
რა გაქვს სასიმღერო?
ზოგჯერ რა გატირებს,
რა გაქვს სატირალი?
– იცი, რა მამღერებს?
ჩემი საქართველო!
იცი, რა მატირებს?
მისი სატკივარი!..
თენგო ავსაჯანიშვილი
ხევში, სტეფანწმინდაში, რამდენჯერმე მოვხვდი პოეზიის საღამოზე. თბილისიდან ჩასული პოეტები ადგილობრივ მკითხველს ხვდებოდნენ. მერე გულუხვად გვიმასპინძლდებოდნენ და შეხვედრის ლირიკული განწყობა სუფრაზეც გადაინაცვლებდა ხოლმე. მით უფრო მთაში, სადაც ყოველი მეორე ბუნებით პოეტია, ენის საიდუმლოსთან ყველაზე ახლოა და ისეთ სიტყვებს შემოგაშველებს, გული რომ აგიყვავდება. ერთხელ, ასეთ პოეტურ ნადიმზე, ერთ ბიჭს მოვკარი თვალი. სუფრის განაპირას იჯდა თავჩაღუნული, სახე კეთილი ღიმილით უბრწყინავდა და როცა რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ცოტა გათამამდა, წამოდგა და თავისი ლექსი წაიკითხა. თან მოგვიბოდიშა, ისე მომანდომეთ ლექსობა, გავბედეო. იმ სუფრაზე იმ საღამოს მისმა ლექსმა ხელქმნილი მარგალიტივით გაიბრწყინა და აბა, ვიღა მოასვენებდა – გვიკითხა და გვიკითხა თავისი ნაღდი სევდით და სიხარულით ნაბეჭვი ლექსები. ყელმოღერებით კითხულობდა, ცალ ცისფერ თვალს რაღაც წერტილს გაუშტერებდა ხოლმე, ცალი ნატკენი თვალით კი გულის უფსკრულების ექოს იკავებდა თითქოს, იდგა, როგორც თავისივე ხევის ერთი კლდე და ლექსებს მოთქვამდა.
ასე გავიცანი თენგო ავსაჯანიშვილი – ნამდვილი პოეტი.
„ნამდვილს“ ესმა ონიანს დავესესხე, ვინც ყველა სხვა ეპითეტის ბრჭყვიალებას სწორედ ამ ერთ სიტყვას არჩევდა ხოლმე და გულისხმობდა თავდაპირველს, რითაც ფასდება შემოქმედება. თენგო ავსაჯანიშვილის პოეზიაც ამ თავდაპირველი შთაბეჭდილებით არის დამუხტული. შეიძლება ასეც ითქვას: ის თავიდან ბოლომდე პოეტია, დაუნაწევრებელი თავისი ცხოვრება-შემოქმედებით, მთლიანად მიძღვნილი ამ დიდ საიდუმლოს, ლინგვისტურ რიტუალს, შესაბამისად, ერთსა და იმავე დროს ჯილდოსა და სასჯელის მქონეც, ბედნიერიც და ტრაგიკულიც.
თენგო ავსაჯანიშვილი მოხევე პოეტია, ოღონდ ეს არ ნიშნავს ვიწრო კუთხურობას. ხევი მისთვის იგივეა, რაც გოდერძი ჩოხელისთვის – გუდამაყარი, ნოდარ დუმბაძისთვის – გურია, დავით კლდიაშვილისთვის – იმერეთი. ხევი თენგოს ასაფრენი ბილიკია, ის ტოპოსია, საიდანაც მისი თვალსაწიერი იშლება. მთელი ცხოვრება ხევში გაატარა, მისი შთაგონება თერგი და მთები იყვნენ, ალექსანდრე ყაზბეგის აჩრდილი და მყინვარწვერის ელვარება. მისთვის საქართველოც ხევიდან იწყებოდა და ამიტომ კიდევ უფრო ძვირფასი და საპასუხისმგებლო იყო ეს მხარე – როგორც პირადი განძი, წინაპრებისგან ნამემკვიდრევი („ჩემი თერგივით ღელვით ვიწყები, ჩემი თერგივით ღელვით ვმთავრდები…“).
დღეს სამშობლოზე ცოტასღა წერენ პოეტები. ტექნოგლობალურმა დრომ თითქოს დააკნინა კიდეც ეროვნულობის იმგვარი განცდა, რომელიც პოეტს ლირიკული ფიქრებით მუხტავს. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთი მათგანია ჭარბი, ლამის მკვდარი რწმენითა და პათოსით აყივლებული პატრიოტიზმის შეკავება, რომელმაც, ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, ბევრი სული და ტვინი დააზიანა და, მენტალურ კომპლექსებში ჩაკირული, დღემდე შემოგვრჩა. გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს, სამშობლოს სიყვარული ხომ „ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება“; სამშობლო ჩუმად სათქმელი სიტყვაა და არა გაუთავებლად და გამაყრუებლად საჯაროდ სიყვარულ-სამტკიცებელი. თუმცა ამ უკიდურესობამ სხვა, საპირისპირო სტიგმა მოიყოლა და ბევრი შემოქმედი გააჩუმა, მკითხველთა ცნობიერება კი იმ აზრითაც გაჟღინთა, თითქოს სამშობლოზე ლექსები მხოლოდ სუფრისთვის იწერებოდეს და იქვე ითქმებოდეს.
არადა, ვინ იცის, იქნებ ლექსებსაც ელოდება საქართველო!.. იქნებ ესეც ის წმინდა ზვარაკია, რომელიც სამშობლოსა და ენის კვრივზე დაიდება და ამით რაღაც იდუმალი და ღვთაებრივი აღესრულება! ეს თენგო ავსაჯანიშვილმა კარგად იცოდა, მისთვის უცხო იყო „პოეტურ-თემატური ტრენდები“ და ეროვნულ-მენტალური კომპლექსები. საქართველოს ხმა ესმოდა და თავადაც პასუხობდა. მის პოეზიაში უდიდესი ადგილი სწორედ სამშობლოსთვის დაწერილ ლექსებს ეკავა. ეს მისი პირადი ლიტურგია იყო.
„თაფლის სანთელო,
საქართველო ღმერთს შეავედრე,
ღიაა კარი –
გულის კარი წმინდა სამების,
ჰა, დავალაგე
მის უწმინდეს საკურთხეველზე
ცრემლების მძივი,
თვალთა სხივი
ხმათა ხავერდი…“
ან
„სუ, გეყო, გაჩუმდი, ნუღარ სტირი,
შენს მტერს უხარია, გხედავს თვალსველს,
შენი ძველებური, დალოცვილი,
მრავალჟამიერი შემოსძახე“.
პოეტი უწინარესად ხმაა და თენგო ავსაჯანიშვილიც თვითმყოფადი, მკაფიო ხმა იყო, რომელსაც, თუმცაღა თავისთვის ჩუხჩუხებდა საქართველოს უკიდურეს საზღვართან, მდინარის ძალა ჰქონდა და არც არავისში აგერეოდა, ვერც წაუყრუებდი. ამ ხმას ძალას აძლევდა სიყვარული. სამშობლოთი დაწყებული, სატრფოთი და ბუნებით გაგრძელებული, მიღმიერითა და სიკვდილით დამთავრებული – თენგოსთვის ყველაფერი სიყვარულის წესებით არსებობდა, მას იკვლევდა და ეძიებდა, მასში ხეტიალობდა.
საოცარი სილაღეა მის სატრფიალო ლექსებში. სევდა, მარტოობა და „შორით წვა“ ცეცხლოვან ვნებათა ღელვას ენაცვლება, ხან იის სიმაღლიდან შეიგრძნობს სიყვარულს, ხან ლაჟვარდებში დანავარდობს.
„შენს თმებში ღამე დამრჩალა
და ვარსკვლავები – თვალებში,
ეგ შენი შუქი, ქალშავავ,
შემეშველება შავეთში…“
სიყვარულს ეტრფის და ოცნებობს:
„ნეტავი ისე გიყვარდე,
მზე როგორც ჰყვარობს მიწასა…“
სიყვარული მისი მუდმივი მდგომარეობაა. ჰოდა, ვის გაუგონია სიყვარული ტანჯვისა და სალმობის გარეშე? თენგოს პოეზიაშიც ბევრი ტკივილია. ცრემლიც ბევრია, ოღონდ არა გულის სიჩვილისა და უსასობის გამომხატველი, არამედ, უპირველესად, უზენაესი სულიერი ცეცხლის ჩინჩხალი, მწველი ნაღვერდალი, სულს რომ გასცვივდება ხოლმე, ვნების ქარაშოტში აბრიალებულს. „ვეფხისტყაოსნის“ რაინდის ცრემლი. ჩემს წარმოდგენაში, ჩამოჰგავდა კიდევ თენგო ავსაჯანიშვილი ვეფხვის ტყავში გახვეულ ტარიელს, მასავით სიყვარულის ველზე იყო გაჭრილი და სატრფოსთვის ხეტიალში უმაღლეს ჭეშმარიტებას ეძიებდა.
ამ გზამ თუ მიიყვანა თენგო თავიდანვე სიკვდილის საზღვართან, იმ ტრანსცენდენტულ ცოდნასა თუ ხილვასთან, დღეს რომ პოეტის წინასწარმეტყველებად შეგვიძლია აღვიქვათ და კიდევ ერთხელ გავიკვირვოთ: საიდან ჰქონდა ამ ახალგაზრდა კაცს სიკვდილისადმი ასეთი ლტოლვა ან საიდან იცოდა, რომ მისი დროც დათვლილი იყო ამ წუთისოფელში და, მიუხედავად ამისა, კი არ სძულდა, არამედ მართლა სატრფოსავით უყვარდა სიკვდილიც?!
ამირან არაბული „არყოფნის კარიბჭესთან მის შეთამამება-გაშინაურებას“ უწოდებს ამ საკრალურ ლტოლვას – „ყოველივე ეს ეგზომ არაპოზიორული, ნამდვილი და არსისმიერია მისთვის… სიცოცხლისშემდგომი არსებობის სახისა თუ ფორმის საკითხიც ისეთივე მწვავეა პოეტისათვის, როგორც ამწამიერი სუნთქვა, სურვილთა დიადობას მოკლებული არსებობა და სიმწრის მეტობით დაღლილი სიცოცხლე“ , – წერს ის თენგო ავსაჯანიშვილის კრებულის „აქ და იქ“ შესავალში.
მის პოეზიაში ბევრი ფიქრია სიკვდილზე. ცალი თვალით სულ მიღმიერი სამყაროსკენ იყურება: „დაბადებიდან სიკვდილს ვეკუთვნი, მასზე აკვნიდან ვარ დანიშნული, ჩვენ შევიჩვიეთ უკვე ერთურთი და სიკვდილია ჩემი მიჯნური…“
თენგო ავსაჯანიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ფიზიკური ტკივილებით ნატანჯი, მაგრამ სულიერად კიდევ უფრო განმტკიცებული გავიდა ამ სამყაროდან. იმ დღეებში ხშირად მეფიქრებოდა, რა სახით მივიდა მასთან სიკვდილი. ალბათ მაშინვე იცნო, რადგან დაბადებიდან მართლაც ძმასავით იახლა და გვერდიდან არ მოიშორა. ან იქნებ ქალის სახით ესტუმრა და უკანასკნელი წამები ენით უთქმელი ფერადებით გაულამაზა?..
ეს მისი ბოლო ლექსი იქნებოდა – სიკვდილთან შეყრა. ამ ლექსს ჩვენ ვეღარ წავიკითხავთ, თან წაიღო თენგო ავსაჯანიშვილმა როგორც საიდუმლო.
სამაგიეროდ, აქ სხვა ლექსები დატოვა, რის დაწერაც მოასწრო, რაც გულიდან გამოიგლიჯა ან გადმოიდინა. ეს ლექსები ყველას გულს ააღელვებს, ვისაც შეეხება.
და ყოველი შეხება ისევ ლექსად დაიბადება.