არქტიკის რეგიონში მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილებები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე სერიოზულ გავლენას ახდენს. „ზემო ჩრდილოეთში“ ყინულის რაოდენობის მკვეთრი კლება და ტექნოლოგიური განვითარება ამ რეგიონში მინერალური და ენერგეტიკული რესურსების მოპოვებისა და გამოყენებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ყინულის მასიური დნობა შესაძლებელს გახდის ტრანსარქტიკული გადაზიდვის ხაზების გახსნას, რაც გლობალური ტრანსპორტიზაციის არსებულ მოდელს საფუძვლიანად შეცვლის. ჩრდილოეთში მიმდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები ამ რეგიონის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს შეიცავს და მისი ეკონომიკური ათვისების წინაპირობაა. ამას მოწმობს რეგიონის მიმართ დიდი კომპანიების ღია ინტერესიც.
რეგიონის მნიშვნელობა იზრდება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. რუსეთი და აშშ აძლიერებენ არქტიკაში სამხედრო ინფრასტრუქტურასა და რესურსების კონტროლის საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ არის არქტიკული ქვეყანა, ის აქტიურად ცდილობს რეგიონში თავისი ინტერესების გაფართოებას. შესაძლოა, ეს რეგიონი მომავალი სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრადაც იქცეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არქტიკა განიხილებოდა პოლიტიკურად ნეიტრალურ ზონად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მშვიდობიანად თანამშრომლობდნენ, მაგრამ რაც არქტიკულმა ყინულმა დნობა დაიწყო, ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი ხმელეთი და ზღვა, იხსნება რესურსების მოპოვებისა და საზღვაო ვაჭრობის სხალი გზები, რაც არქტიკას სულ უფრო მეტად მიმზიდველს ხდის მეტოქე გლობალური ძალებისთვის. ზოგიერთი დამკვირვებელი ეჭვქვეშ აყენებს მის სტაბილურობას.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა არქტიკულ ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა. ომის დაწყების დროს რუსეთი თავმჯდომარეობდა არქტიკულ საბჭოს, სამთავრობათაშორისო ფორუმს, რომელიც ხელს უწყობს არქტიკული ქვეყნების თანამშრომლობას და ზედამხედველობას უწევს მთელ რიგ საკითხებს. ფორუმი ფოკუსირებულია „არქტიკის მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაზე“. უსაფრთხოების საკითხებს ის მიზანმიმართულად არ ეხება.
არქტიკული საბჭო შეიქმნა 1996 წლის 19 სექტემბერს, როდესაც კანადის, დანიის სამეფოს, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, შვედეთისა და შეერთებული შტატების მთავრობებმა ხელი მოაწერეს ოტავის დეკლარაციას. არქტიკული საბჭოს დაარსებას წინ უძღოდა არქტიკული გარემოს დაცვის სტრატეგია (1991 წლის ივნისი), დეკლარაცია არქტიკული გარემოს დაცვის შესახებ.
2022 წელს არქტიკული საბჭოს რვიდან შვიდმა წევრმა, ყველამ, გარდა რუსეთისა, ბოიკოტი გამოაცხადა ომის გამო და შეხვედრები შეაჩერა. საბჭო მხოლოდ 2023 წელს შეიკრიბა, რათა თავმჯდომარეობა ნორვეგიისთვის გადაეცა. 2024 წელს რუსეთმა შეაჩერა ორგანიზაციის ყოველწლიური გადახდები, სანამ არ განახლდება საბჭოს საქმიანობა ყველა წევრის მონაწილეობით.
რუსეთი არქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოა. კრემლი პრეტენზიას აცხადებს რეგიონის ყველაზე დიდ ნაწილზე, რადგან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს დაახლოებით 50%-ს აკონტროლებს.
რუსეთი ახორციელებს ინვესტიციებს და აუმჯობესებს საბჭოთა ეპოქის ობიექტებს. Chatham House, დიდი ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრი, ამბობს, რომ ეს ქმედება თავდაცვითი ხასიათისაა და რომ კრემლი არ არის არქტიკაში კონფლიქტის მომხრე. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, მოსკოვი უფრო მეტად „ახორციელებს ეკონომიკურ ამბიციებს, იცავს თავისი მეორე დარტყმის ბირთვულ შესაძლებლობებს და აპროეცირებს ძალას ცენტრალურ არქტიკაში, ბერინგის ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ არქტიკის გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. ომმა გავლენა მოახდინა ორი ნეიტრალური ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე. კერძოდ, რუსეთის ქმედებების შედეგად არქტიკული სახელმწიფოები ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ. ამით ნატომაც გაზარდა არქტიკაზე თავისი გავლენა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ის აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და აუმჯობესებს სათვალთვალო და ადრეული გაფრთხილების სისტემებს ამ უზარმაზარ რეგიონში, რათა „არქტიკა არ გახდეს სტრატეგიულად ბრმა ტერიტორია“. Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროპაში ნორვეგიას აქვს 13 არქტიკული ბაზა, მათ შორის – ახლად დამატებული Camp Viking, ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალების საწვრთნელი ტერიტორია. აშშ-ს ცხრა ბაზა აქვს მხოლოდ ალასკაში, თუ არ ჩავთვლით გრენლანდიისა და ისლანდიის ბაზებს. მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არ აპირებს იქ აშშ-ის სამხედრო ბაზების რაოდენობის გაზრდას.
რუკაზე მონიშნულია საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალების ბაზები:
არქტიკაში სულ უფრო მეტად იზრდება სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რადგან ქვეყნები სტრატეგიული უპირატესობების მოპოვებას ცდილობენ.
არქტიკა გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს. ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთთან ერთად ჩინეთიც გამოხატავს მზარდ ინტერესს რეგიონის მიმართ და ინვესტიციებით ცდილობს გავლენის მოპოვებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
პოლარული წყლების ათვისება ჩინეთს ევროპასა და ამერიკასთან დამატებითი მარშრუტებით უკეთესად დააკავშირებს. პოლარული საზღვაო გზა პეკინისთვის, ამჟამინდელ სავაჭრო მარშრუტებთან შედარებით, უსაფრთხო ალტერნატივაა. მაგალითად, მალაკის სრუტე, რომელიც საზღვაო აბრეშუმის გზის ერთ-ერთი კვანძია, მეკობრეობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო მსოფლიოში ყველაზე საშიშ საზღვაო მარშრუტად მიიჩნევა. გარდა ამისა, პოლარული აბრეშუმის გზა 40%-ით შეამოკლებს მანძილს ჩინეთიდან ევროპამდე და მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებსაც. ამრიგად, ჩრდილოეთის საზღვაო გზის ათვისება დიდი სარგებლის მომტანია ჩინური „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მომავალი განვითარებისათვის.
ჩინეთის მზარდ ჩართულობას მეტი დაძაბულობა შეაქვს არქტიკის უსაფრთხოების დინამიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებულია ეკონომიკურ ინვესტიციებსა და სამეცნიერო კვლევებზე, მისი მზარდი ინტერესი არცთუ ისე სასიამოვნოა სხვა დიდი მოთამაშეებისთვის.
არქტიკაში რუსეთის მზარდი გავლენა, ჩინეთის საზღვაო ძალების გამოჩენა და პირველი ყინულმჭრელების მშენებლობა დასავლეთში მრავალ კითხვას აჩენს რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შესაძლო კონფლიქტების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით. არქტიკაში უსაფრთხოების ასეთი დინამიკა არაერთხელ გამხდარა დასავლელ მოკავშირეებს შორის კამათის საგანი. აშშ ყველაზე მეტად არის დაინტერესებული რეგიონში რუსეთის აგრესიის დემონსტრირებისა და ჩინეთის „მშვიდობიანი აღზევების“ შეკავებით.
პოლარული ყინულის დნობა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეუქცევადი მოვლენაა, ამიტომ ნატომ რეგიონისთვის უნდა შეიმუშაოს თანმიმდევრული სტრატეგია, რომელიც მიზნად დაისახავს არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას, არამედ მტრულად განწყობილი აქტორების გავლენის შემცირებასაც. ამასთანავე, ნატომ შვედეთისა და ფინეთის წევრობა ეფექტიანად უნდა გამოიყენოს არქტიკის რეგიონში რუსული და ჩინური მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად.
რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობა და მრავალმხრივი დიალოგი. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემცირდეს ესკალაციის რისკი და ხელი შეეწყოს გრძელვადიან მშვიდობასა და თანამშრომლობას არქტიკაში.
საინტერესო ინფორმაციას გაეცნობით შემდეგ ინტერნეტგვერდებზე:
არქტიკული საბჭო – https://arctic-council.org/about/;
https://forbes.ge/arqtika-ekologiuri-problemidan-geopolitikur-saphrthkhemde/
https://www.thearcticinstitute.org/china-polar-silk-road-long-game-failed-strategy/
https://ria.ru/20250219/lavrov-2000285113.html
https://www.statista.com/chart/33824/military-bases-in-the-arctic-belonging-to-nato-and-russia/



