(გიორგი ლეონიძის „სოფლის შარაზე“ და ფილოსოფოსები ადამიანობაზე)
ცხოვრება, რომელიც ხან დინებაა, ხან მორევი, ხან დღესასწაული, ხანაც მისტერია და მასში გვირგვინად „დასმული“ ადამიანი… რა არის ადამიანობა და რატომ ეძებდა უცნაურობებით ცნობილი დიოგენე მას დღისით ხელში ლამპრით? თუმცა თუ კაცობრიობის ისტორიას, თუნდაც აზროვნებას, კულტურას გადავხედავთ, ისინიც იმავე ჭეშმარიტი ადამიანის ძებნაა, რომლის პოვნაც ურთულესია…
რამდენნაირია, არა, ადამიანი? კეთილიც და ბოროტიც, სასტიკიც და შემწყნარებელიც, სულმოკლეცა და სულგრძელიც, ერთგულიც, მოღალატეც და ა.შ. რა არის ნიშანი ნამდვილი ადამიანობისა?
მაგალითად, არისტოტელე ადამიანის მთავარ ნიშნად „პოლიტიკურობას“ თვლიდა, მარქსი – იარაღის მკეთებლობას. მგონი, არცერთი არაა ჩვენი, ადამიანების, ჭეშმარიტი არსის გამომხატველი… მთელი ადამიანური აზროვნების ისტორია ადამიანის რაობის შეცნობის მცდელობაა. იყო დრო (ანტიკურობა, პლატონი), რომელიც მას მარადიულ და უკვდავ არსებად მიიჩნევდა; ხოლო რელიგიურად იგი ღვთის შექმნილია; დარვინს, მატერიალიზმს, მარქსს ადამიანს ბუნების ევოლუციის შედეგად მიაჩნდა.
მე-19 საუკუნეში, როცა მეცნიერების განვითარებამ, დიდმა აღმოჩენებმა „წყალი შეუყენა“ მანამდე უტყუარ ჭეშმარიტებად მიჩნეულ რელიგიურ წარმოდგენებს, ფრიდრიხ ნიცშემ ისიც კი თქვა, რომ „ღმერთი მოკვდა“, თუმცა სიკვდილის წინ მან ეს უარყო, მისი გამბედაობიდანაც აღარაფერი დარჩა („მაინც მაჯობე, ნაზარეველო!“). „სიცოცხლის ფილოსოფია“, რომლის წარმომადგენლები, ნიცშეს გარდა, იყვნენ: არტურ შოპენჰაუერი, ანრი ბერგსონი, ოსვალდ შპენგლერი, მკვეთრად დაუპირისპირდა ტრადიციულ, კლასიკურ ფილოსოფიას; მათთვის მთავარი იყო არა გარე სამყაროს ხედვა, არამედ „მზერა შიგნით“, თვითჩაღრმავება, თავის შეცნობა და ასე დაკვირვება სამყაროზე – ანუ სიცოცხლის რაობის, საზრისის გაგება თავად სიცოცხლისგან.
1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ (1914-1918) შემდეგ ჩამოყალიბდა ეგზისტენციალიზმი, როგორც სიცოცხლის ფილოსოფიის ტრადიციების გამგრძელებელი. ეს ფილოსოფიური მიმართულება ეყრდნობოდა მე-19 საუკუნის შუა ხანების დანიელი რელიგიური ფილოსოფოსის, სერენ კიერკეგორის, შემოქმედების პრინციპებს. თუ სიცოცხლის ფილოსოფია განიხილავდა, ზოგადად, სიცოცხლეს, ეგზისტენციალიზმი განიხილავდა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს. მანამდე და მათ შემდეგ არასდროს დამდგარა ასე სიღრმითა და საფუძვლიანად ადამიანობის გაგების, მისი არსის წვდომის პრობლემა შემოქმედებით სფეროებში. არც ისაა შემთხვევითი, რომ ეგზისტენციალისტებს შორის იყვნენ როგორც ფილოსოფოსები, ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. ადამიანის რაობა, მისი გაუცხოება, სამყაროში მისი „გადაგდებულობა“ და ტექნოკრატიულობის – მეცნიერების ყოვლისშემძლეობის თვალსაზრისის დაძლევა და ა.შ; ეს იყო ამ ფილოსოფიური მიმართულების პრობლემები (გერმანიაში – ჰაიდეგერი; საფრანგეთში – სარტრი, კამიუ; რუსეთში – ბერდიაევი, შესტოვი).
კრიზისებმა, რომლებიც „ღმერთის სიკვდილმა“ გამოიწვია, ზემოთქმული ფილოსოფიების შემდეგ, არც მე-20 საუკუნეში რელიგიური ფილოსოფია დატოვა გულგრილი. ამ უკანასკნელმა მთავარ ამოცანად დაისახა რელიგიურ-ეთიკური პრობლემების გადაჭრა, ხოლო ფილოსოფიის რელიგიის გასამართლებელ ჭრილში განხილვა (კათოლიციზმში თომიზმი და ნეოთომიზმი, რომლებმაც სათავე აიღეს თომა აკვინელის მსოფლმხედველობიდან). მე-20 საუკუნის რელიგიური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლები არიან: მ. გრაბმანი, ე. ჟილსონი, ჟ. მარიტენი, მ. ბუბერი და თუნდაც ტ.დ. შარდენი, რომელიც ცდილობდა რელიგიისა და მეცნიერების შერიგებას.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ცივილიზაციის მთავარი საკითხია ის, რის ძიებაც დიოგენეს უცნაურობაში ეთვლებოდა. აქ გვაქვს და არც გვაქვს პასუხები ისევე, როგორც მარადიულ კითხვებზე, თითქოს, ვცემთ რიტორიკულ პასუხებს: „ვიცით ის, რომ არ ვიცით“, – ამაზე დიდი ფილოსოფიური იდიომი არც იცის კაცთა მოდგმამ.
მოდი, ვნახოთ, რას ამბობს, გვთავაზობს, ამ თვალსაზრისით დიდი ლიტერატურა, არც მეტი, არც ნაკლები – ჩვენი უნივერსალი გიორგი ლეონიძე.
უნივერსალიზმი გოგლა ლეონიძისა კი იყო ის, რომ იგი პროზასაც ისეთივე უნაკლოსა და ოსტატურს ქმნიდა, როგორც პოეზიას. მოდი, ავიღოთ მისი რომელიმე ნოველა, ისეთი გასაოცარი და მაგიურად, მაქსიმალისტური მინიმალიზმით „სიცოცხლეჩატეული“, როგორიცაა „სოფლის შარაზე“. მოთხრობაში მოარული სიუჟეტია ორ ძმაზე, ბიბლიურ აბელ/კაენსაც რომ გაგვახსენებს და თეოდორ დოსტოევსკის ღრმა ფსიქოლოგიზმით დახატულ ძმებ ბოგომოლოვებსაც, ნოველიდან „მკვლელობა“. სწორედ ადამიანის, ღმერთის, სამყაროს შეცნობის გზების ძიებაზეა გოგლა ლეონიძის ეს მოთხრობა.
საოცარი კალამი აქვს მას: ერთი-ორი, ვითომ, „მარტივი“ მონასმით ხატავს ფსიქოტიპს და მინიმალისტური მანერის საოცარი ფლობით („გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“), სათქმელის ლაკონიურობით ნიკო ლორთქიფანიძეს როდი ჩამოუვარდება, რომელსაც შეეძლო ერთ აბზაცში სიცოცხლის უდიდესი სიღრმე და სიბრძნე ჩაედო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონიძის გმირები ცალკე ნოველები არიან! განვიხილოთ ისინი და მათ ფონზე ადამიანობის დიდი და დღემდე ბოლომდე შეუცნობელი საიდუმლო…
ერთ-ერთი ასეთი კოლორიტული გმირია, ანარქისტი იორამი, რომელიც შემდეგ თენგიზ აბულაძემაც აირჩია ფილმ „ნატვრის ხის“ პერსონაჟად, კახი კავსაძემ კი ის თავისებური ოსტატობით გააცოცხლა. ესაა ყოფილი სემინარიელი (ორივე ძმა სემინარიელია, ანუ ღვთის მაძიებელი, რაზეც მწერალი მიგვანიშნებს, თეოდორ დოსტოევსკის ძმებივით), „ფიცხი და ფეთიანი ხასიათისა“, გესლიანი ღიმილით. გარეგანი პორტრეტის შტრიხებიც არაჩვეულებრივი: პალტოს საყელო მუდამ აწეული, თავზე აუცილებლად შავი „შლაპა“ და თვალნათლივ დაგვიდგება თვალწინ ეს უცნაური გმირი. იორამი, განსაკუთრებით, მღვდელ ზირაქს ემტერება… უბადლოა აქაც გოგლა ლეონიძის რეალიზმი: ცერად გამომზირალი მღვდელი, ამის გამო სოფლელებმა „ცერო“ რომ შეარქვეს, შუახნისა, ზანტად, „სანთლისკუდა“ დიაკვანთან განუყოფლად მოსიარულე. ეს დიაკვანი ცოდოაო, მწერალი გვეუბნება, „მომხვეჭი მღვდლის ხელში, რომელიც უფრო თავდაცვაა, ვიდრე მუდამ დაჩაგრულობა“… ყოველ შეხვედრაზე იორამის რიტორიკა ერთი და იგივეა:
- „შენ, ჰეი, მღვდელო, მითხარი, რამ შექმნა ქვეყანა?!
- ღმერთმა, უფალმა, – ფიცხლად მიუგებს მღვდელი და განაგრძობს:
– აბა, ვინ შემოსა ცა ღრუბლებით, ზღვა ვინ შემოადგინა მიწას: ქვეყნის სივრცე, სიღრმე ზღვისა, მაშ, ვინ გაზომა, თუ არა ღმერთმა?!
- კეთილი და პატიოსანი! მაგრამ ესეც მითხარი, მღვდელო, ვინღა შექმნა ძონძი, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ხომ შენმავე ღმერთმა, არა?“ (136).
აქვე გაგვახსენდება ბუბა ხოტივარის ფილმი „ლაზარე“ – ეს დიდი მწერლური ოსტატობით დახატული კოლორიტული პერსონაჟები არც მეორე რეჟისორს დაუტოვებია ყურადღების მიღმა.
იორამი მატერიალისტი გგონიათ? მაშინ ეს რა არის, თუ არა რომანტიზმი, მის სიხისტეში „მიმალული“:
- „მზად ვარ, პირველმა მივიღო ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისათვის!“ (137).
…იქნებ ერთ დროს იდეალისტია ჩვენ წინაშე, „რწმენით მთის დადნობა შემიძლიან!“-ო, რომ ღაღადებს? რას გულისხმობს იორამი რწმენაში, მოდი, გავარკვიოთ…
საოცრად ყალბი და მლიქვნელია დიაკვანი, გულში რომ მღვდლის ლანძღვა სიამოვნებს, პირში კი სიამტკბილობს და ელაქუცება:
- „რასა ბრძანებთ, თქვენი სახელი ცამდე არი ამდინარი!“.
სკეპტიკოსი და ირონიულია მღვდელიც იორამისადმი:
- „ღმერთმა შეგასწროს შენს აღთქმულ სამეფოს, რძითა და ერბოთი მჩქეფარეს!“ (136).
ასე რომ იორამის ანტიპათიაში მათ მიმართ სიმართლის მარცვალი არის – რასაც ისინი თესავენ, იმასვე იმკიან; იორამისა, რომელიც სემინარიიდან დაითხოვეს. მეორე ძმამაც, ძუნძგლიმ, ოცდაათი წლის წინ დაასრულა სემინარია და მერე სოფლიდან ფეხი არ მოუცვლია. ისინი ერთი ვაშლის (მთელის, წინაპრის) ორი ნაჭერივით არიან, რომელთაგან ერთ-ერთი ლპობაშეპარულია. რომელი, ამის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია, თუმცა „ლპობის“ პერსპექტივითაა ორივე, ცხადია… ძუნძგლი „ერთთავად წიგნებში იყო თავჩარგული, ანარქისტი კი ყუმბარებს ამზადებდა სამყაროს ასაფეთქებლად“ (140); ძუნძგლის უშფოთველი ძილი უყვარს ლუარსაბ თათქარიძესავით, ქათქათა ლოგინი: „– არ მიყვარს ხეტიალი და აჯანყება! ამას რა სჯობს, რა ტკბილია შენი სახლი – შენი საყუდარი! მივეყუდრები მოგონებებში და ვარ ჩემთვის, მზის მადლმა!“; ეს „მივეყუდრები“ იქნებ გოგლა ლეონიძის შექმნილი სიტყვაცაა, ორაზროვნებით გამორჩეული: სიმყუდროვეც „იმზირება“ მისგან და სუდარაც, სიკვდილი, თითქოს…
ძუნძგლიმ გამოცადა, რომ გერცენის, სპენსერის, კრაპოტკინის კითხვით არაფერი გამოვიდა. ახლა კი 25 წელიწადი ამ ტახტზე წევს, „ყველას თავისი ღმერთი გვყავსო“, აუჩემებია და ავიწყდება, რომ მოგონებების „სიმყუდროვეს“ ყოველთვის (და)არღვევს მოუწყობელი მომავალი – მხოლოდ წარსულით ვის უცხოვრია?! თათქარიძეობა არც თავშესაფარია და არც გამოსავალი – ის ერთ ადგილზე „გაყინვაა, ტალანტის გაუმრავლებლობა“. ყველაზე მეტად ეს არ ეპატიება ადამიანს, ღვთის მსგავსსა და ზოგჯერ მასთან გატოლების მოსურნესაც… ძუნძგლის ოცნებებიდან აღარაფერი დარჩა („ახალგაზრდობაში მხოლოდ თავისუფლების ოცნებას ვდევდი, ქარიშხალთან მინდოდა მეცხოვრა!“– 140); ჩაიკეტა თავი მყუდროებაში, უმოძრაობაში და ისე შეიძლება დაექცეს თავზე სამყარო, ვერც გაერკვეს, რა მოხდა.
საათი წიკწიკებს კედელზე, ბუხარი კი ღუღუნებს მტრედივით, მაგრამ მწერალი მიგვანიშნებს, რომ დრო გადის. ბევრ რამეს გვავალებს დროც და ეს არ უნდა დავივიწყოთ ისევე, როგორც „საწუთროს ვალები“.
ორი ძმა, ორი უკიდურესობა; ერთთან მოჩვენებითი სიმშვიდეა ვითომ, თუმცა არცერთს არ აქვს სულიერი სიმშვიდე. ამ ორივეს გაერთიანებაა ქართველი კაცი ალბათ, გენიოსია გოგლა ლეონიძე: მას (ქართველს) ყოველთვის უყვარს ძუნძგლივით „ბოსტნიდან რეჰანის სურნელი“, ბუხრის სიმშვიდის სიტკბო, თუმცა მარად მუშტშეკრული დატოვა ცხოვრებამ, იორამივით, თავს დამტყდარი „ქარიშხლის“ მოლოდინით…
მოთხრობაში „სოფლის შარაზე“ არის თავისი სახელივით საინტერესო პერსონაჟი ქალიც, მერცია, იორამის სიყვარულიც და ნანატრი სიმშვიდეც – „ლაღი, ხორციელი, საღერღელაშლილი ქალი იყო, კალმახივით დახტოდა, უყვარდა სიმღერა, ჩელეკურება“(141). მერციას ჩაფარზე გათხოვებით ცხოვრებაზე გულაცრუებული იორამი გამოჩენილ პოეტებს „ფეხმოკლე აზრების“ მქონე „აპოლონის ლილიპუტებს“ უწოდებს და სრულიად ნათლად გამოაჩენს საკუთარ თავში ცხოვრებისგან „გამათრახებულ“ რომანტიკოს/იდეალისტს… არც სამშობლოს სწყალობს იორამი. ის მარადი სახეა, ტიპური, პარადიგმული, ამიტომ დღევანდელობაშიც ბევრს მოგაგონებთ: „ან რა ქვეყანა ვართ? – სამგლეთი, ფილისტერების ქვეყანა, მშიერმუცელა! ოხ, აქ ყოფნა არ შემიძლიან!“ (143). „უბადრუკი, უნიჭო სინამდვილე“, როგორც მწერალი უწოდებს, ბადებს ასეთ სკეპტიკოსებს, რომლებსაც ერთ დროს ეგონათ, რომ მითოლოგიური ტიტანებივით, მათ მხრებზე იდგა სამყარო.
ძალიან სიმბოლურია, როგორ წვავს ვაზს იორამი, გულის მოსაოხებლად, ალბათ საკუთარ უნიათობაზე გაბრაზებული. „და… აქეთ – იორამი, იქით – ნისლივით უმოძრაო და უქმი ცხოვრება“; – ცხოვრება უმოძრაო იქნება მანამ, სანამ მას არ აამოძრავებ, მაგრამ ის, რაც იორამს „ცვლილება ან ამოძრავება“ ჰგონია, მხოლოდ და მხოლოდ, მისთვის (ცხოვრებისთვის) და საკუთარი თავისთვის ძირის გამოთხრაა.
მღვდელი კია სარკაზმით დახატული, თუმცა მწერლის ხედვა, ცხოვრების ფილოსოფია ქრისტიანულია: წუთისოფლის გაუვალ ჭაობად ქცევას ადამიანური ცოდვებიც უწყობს ხელს. ხოლო „ხელის განძრევას“ ღვთის შეწევნაც რომ მოჰყვეს, ურთიერთსიყვარული და ცოდვების შეგნება-მონანიებაცაა საჭირო.
მოთხრობის ბოლოს გულის გამგმირავად წვიმს: „– ლამის წვიმასა და ღრუბელს ქვეყანა გადაებნელებინა…“. წარღვნა ერთხელ უკვე იყო, მაგრამ ჭკუა თუ ისწავლა ან ქართველმა, ან კაცობრიობამ?!
„რა გითხრათ, რით გაგახაროთო“, დიდი ილია იტყოდა ამ რიტორიკული კითხვის პასუხად – არაფერი იცვლება სამყაროში უკეთესობისკენ, ადამიანი იგივეა „მარად და მარად“ – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის…“
ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა