ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

კლეპტომანია ბავშვებში

ერთხელ სრულიად შემთხვევით საინტერესო და საყურადღებო სცენის უნებლიე მოწმე გავხდი. მეორეკლასელი გიოს დედა აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მის შვილს კლასში ქურდობას აბრალებდნენ. „მასწავლებელმა მითხრა, თქვენი შვილი თანაკლასელებს სხვადასხვა ნივთებს ჰპარავს და მალავსო. ჩემთვის ეს სრულიად დაუჯერებელია. რატომ უნდა იღებდეს დაუკითხავად ჩემი გიო სხვის ნივთებს, როცა არაფერს ვაკლებ. რასაც მოისურვებს, ყველაფერი აქვს“, – სკოლიდან გამოსული პატარა ბიჭუნას გაოგნებული დედა ქუჩაში შემხვედრი მეგობრისგან ითხოვდა აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის მიღებას.

ვფიქრობ, გიოს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ნებისმიერი პედაგოგი ერთხელ მაინც გამხდარა იმის მოწმე, როგორ აღმოუჩენიათ ცალკეული ბავშვების ან მასწავლებლის მაგიდიდან გამქრალი რაიმე ნივთი ერთ კონკრეტულ მოსწავლესთან. არის შემთხვევები, როდესაც სახლშიც, ოჯახის სხვადასხვა წევრის დაკარგულ ნივთს ბავშვის ოთახში პოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ „არ იქურდო“, „არ მოიპარო“ ერთ-ერთი ბიბლიური მცნებაა, ქურდობის ცალკეულ შემთხვევებს ყველა ადამიანის ბავშვობაში ჰქონია ადგილი. მაგრამ, თუ ბავშვი საერთოდაც არ არის დაინტერესებული რაიმე ნივთის ქონით და მას მხოლოდ თავად პროცესი იზიდავს და აღაფრთოვანებს, მაშინ ეს არის ანომალიური ვნება, რომელიც კლეპტომანიის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს არის ქურდობის ავადმყოფური სურვილი. ამგვარი ფსიქიკური დარღვევა შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვებში – ადრეული ასაკიდან გარდატეხის ასაკამდე.

 კლეპტომანიის ძირითადი ნიშნები ბავშვებში:

  • იმპულსურობა – ქურდობა არ იგეგმება, ის ხორციელდება სპონტანურად იმ მომენტში, როდესაც ჩნდება სწრაფვა, ლტოლვა ასეთი ქმედების მიმართ;
  • ქურდობის ობიექტის წინასწარ არცოდნა – ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ და წინასწარ არ ხდება მისი შერჩევა;
  • ქურდობის პროცესიდან სიამოვნების მიღების მოლოდინი;
  • ქურდობის სურვილის დაკმაყოფილების ძლიერი მოთხოვნილება, რომლის დაძლევა ვერაფრით ხერხდება;
  • ამოსუნთქვა, შვება ჩადენილი საქციელის შემდეგ.

 კლეპტომანიის ძირითადი მიზეზები ბავშვებში:

  • ფსიქოლოგიური პრობლემები – ბავშვის მიერ საკუთარი სურვილების გაკონტროლების უუნარობა და სიამოვნების მიღების, კმაყოფილების განცდის ნორმალური გზების უცოდინარობა.
  • დეპრესიისგან გათავისუფლების სურვილი – ზემოაღნიშნულ წვრილმან დანაშაულს ბავშვი ჩვეულებრივ ცუდი გუნება-განწყობის დროს ახორციელებს. ის ამას აკეთებს იმისათვის, რომ თავი დააღწიოს დათრგუნულობას და განიცადოს ეიფორია.
  • სხვისი ქონების დაუფლების სურვილი – „პატარა ქურდებმა“ შეიძლება გააცნობიერონ კიდეც, რომ სხვისი ნივთების მითვისება ცუდია, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ იმპულსს. თავის ქმედებას ასეთი ბავშვები ხშირად ამგვარად ამართლებენ – „მას ხომ ბევრი ასეთი რამ აქვს და არაფერი მოხდება, თუ ეს მე მექნება“. არის შემთხვევები, როცა ბავშვი თანაკლასელის შოკოლადს დაუკითხავად იღებს, ჭამს და თავის ქცევას იმით ამართლებს, რომ სურდა ასეთი შოკოლადის გასინჯვა, მაგრამ ფული არ ჰქონდა, რომ ეყიდა. და, ეს მაშინ, როცა ჯიბეში უდევს საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც მშობლებმა ყოველდღიური ხარჯებისთვის მისცეს.
  • მშობლების უყურადღებობა – მშობლებთან ემოციური კონტაქტის, მათი სიყვარულისა და მზრუნველობის ნაკლებობა ქურდობისკენ ლტოლვის, კლეპტომანიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ქურდობით ასეთი ბავშვები კომპენსირებას უკეთებენ საყვარელი ადამიანების მათდამი გულგრილობას.
  • მუდმივი ოჯახური კონფლიქტები – არაკეთილსაიმედო, კონფლიქტურ ოჯახებში პატარა უფროსებს შორის დაძაბულობისა და კონფლიქტების განეიტრალების სურვილის გამო ხდება კლეპტომანი. ქურდობით ბავშვი ცდილობს დედისა და მამის ყურადღება მათ შორის ყოველდღიური ჩხუბისა და სკანდალებისაგან გადართოს სხვა მიმართულებით და მთელ „დარტყმას“ საკუთარ თავზე იღებს.
  • თვითდამკვიდრების სურვილი – ბავშვებში კლეპტომანიის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია თანატოლთა შორის მაღალი სტატუსის მოპოვების მისწრაფება და სურვილი, გახდეს ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრი. ხშირად ბავშვს სჯერა, რომ ქურდობით ის აუცილებლად გახდება ავტორიტეტული თანატოლთა წრეში და გარშემომყოფები დაიწყებენ მის პატივისცემას. ჩვეულებრივ ასე იქცევიან ჯგუფისგან იზოლირებული, გარიყული ბავშვები. ისინი არცთუ იშვიათად სახლიდან დაუკითხავად იღებენ ნივთებს, საკვებ პროდუქტებს და ურიგებენ მეგობრებს. ასეთმა ბავშვმა შეიძლება მშობლების დაუკითხავად ფულიც აიღოს და დახარჯოს თანატოლებთან მათი გულის მოსაგებად. ასეთი ქმედებების მიზანი ერთია – გახდეს მნიშვნელოვანი ფიგურა, მოიპოვოს აღიარება თანატოლთა წრეში.
  • „დიდობის“ დემონსტრირება – ქურდობის შემთხვევაში მოზარდი ქვეცნობიერად ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ის უკვე დიდია. მოზარდთა წრეში ხშირად ნებისმიერი „წარმატებული“ დანაშაული წარმოადგენს „მაგარი ბიჭობის“, განსაკუთრებული უნარების, მოხერხებულობის ნიშანს. არის შემთხვევები, როდესაც თანატოლთა ჯგუფში „შეღწევა“ ზოგიერთი მოზარდისთვის თითქმის შეუძლებელია რაღაც განსაკუთრებულის გაკეთების გარეშე.
  • ხასიათის თვისებები – პიროვნების თავისებურებები ასევე შეიძლება გახდეს ბიძგი კლეპტომანიის განვითარებისათვის. ეს შეიძლება იყოს: სუსტი ნებისყოფა, სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა, უპასუხისმგებლობა; ისეთი ცნებების არცოდნა, როგორიცაა „ჩემი“ და „სხვისი“; თვითკონტროლის უუნარობა; ემპათიის არარსებობა, თანაგრძნობის ნაკლებობა; შურისმაძიებლობა, იმ ადამიანის გაღიზიანების სურვილი, ვინც გაანაწყენა, სამაგიეროს გადახდის სურვილი.
  • ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა – კლეპტომანიის რისკის ქვეშ არიან ბავშვები თავის ტვინის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით; ოლიგოფრენიით ან სხვა ფსიქიკური დარღვევებით; ენდოკრინოლოგიური პრობლემებით. ასეთ ავადმყოფებს არა აქვთ საზღვრები, რომლებიც შეზღუდავს მათ ქცევას და შეძლებს, შეაჩეროს უკანონო ქმედებები. ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ უღირსად იქცევიან. კლეპტომანი შეიძლება გახდეს ასევე ბავშვი, რომელსაც რაიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი, ან შფოთვის მაღალი დონით გამოირჩევა.

 რეკომენდაციები ბავშვებში კლეპტომანიის დასაძლევად:

  • გავითვალისწინოთ, რომ არ იქნება გამართლებული ცხელ გულზე ბავშვს დაუფიქრებლად ქურდის იარლიყი მივაკეროთ, თუმცა, ყურადღების გარეშე ასეთი ქცევის იგნორირებაც ნამდვილად არ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ბავშვის ამგვარი მოქმედების მიმართ და აუცილებლად გავარკვიოთ, ვიპოვოთ ქცევის მიზეზები.
  • მშობლების არასწორი გადაწყვეტილება იქნება ბავშვის ქცევის, მისი დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალება: „სულ შენი ბრალია, ბავშვი ასე რომ იქცევა; ვიცოდი, რომ შენი აღზრდის მეთოდები ასეთ შედეგს მოიტანდა“.
  • უნდა გვესმოდეს, რომ შვილის საქციელის გამო მშობლებს შორის დაძაბულობა და ჩხუბი მტკივნეულია ბავშვისთვის. თუმცა, მშვიდ ვითარებაში მასთან საუბარი აუცილებელია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გასაცნობიერებლად. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მაშინაც კი, თუ მან იმის გამო იქურდა, რომ ძალიან სურდა ეს ნივთი, ვერანაირი ოცნება და სურვილის დაკმაყოფილება ვერ შეედრება იმ შედეგს, რაც შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს.
  • იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბავშვის ტრავმირება, საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ ქურდობა ნამდვილად მან ჩაიდინა. უსაფუძვლო ბრალდებებმა შეიძლება, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს ბავშვს და ჩამოუყალიბოს არასრულფასოვნების კომპლექსი.
  • თუ ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი ქურდობს, ნუ ვიჩქარებთ მის დასჯას და სცენების მოწყობას. ნუ გავკიცხავთ პატარას; ჩხუბმა, ყვირილმა და ფიზიკურმა დასჯამ შეიძლება შეაშინოს ბავშვი და გააუარესოს სიტუაცია. გვახსოვდეს, რომ ბევრ ბავშვს არ ესმის, საკუთარი ქმედებით, სხვისი ნივთების დაუკითხავად აღებითა და მითვისებით რაოდენ მიუღებლად იქცევა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ავუხსნით პატარას, რომ ის არასწორად იქცევა და პრობლემას მშვიდობიანად გადავწყვეტთ. გავითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა ზრდასრული აგრესიას იჩენს, ბავშვი განზრახ აგრძელებს ქურდობას.
  • მძიმე სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის ჩართვა. კლეპტომანიის თერაპია მოიცავს იმ მიზეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს ამ ფსიქიკური აშლილობის განვითარებას. ფსიქოლოგი ბავშვთან საუბრის შემდეგ ადგენს დაფიქსირებული პათოლოგიის მიზეზებს, კონსულტაციას უწევს მშობლებს, აძლევს რჩევებს შვილის აღზრდის თაობაზე, განსაზღვრავს, რა ზომები უნდა მიიღონ მათ, რომ ბავშვს აღარ ჰქონდეს ქურდობის სურვილი.
  • მედიკამენტური მკურნალობა ბავშვებში კლეპტომანიის დროს არ გამოიყენება, მაგრამ ის შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ბავშვს დაუდგინდება სერიოზული ფსიქიკური ან ორგანული დაავადება.

დაბოლოს, მცირეწლოვან ბავშვებში და სკოლის მოსწავლეებში კლეპტომანია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მისი თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. გახსნილობით, ღიაობით ოჯახში, ფრთხილი დამოკიდებულებით, სათანადო აღზრდით შეგვიძლია ასეთი პათოლოგიის თავიდან აცილება. მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება, სწორი რეაქცია ქურდობას ერთეულ შემთხვევად აქცევს. ამასთან გვახსოვდეს, რომ ბავშვში დაფიქსირებული კლეპტომანია ერთგვარი სიგნალია ზრდასრულისთვის: „ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის, დამეხმარეთ!“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“