ორშაბათი, აპრილი 28, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

საფრთხისშემცველი თეთრი ოლეანდრები

 

მცენარეების მომაჯადოებელი და ზოგჯერ საშიში წახნაგების შესწავლისას არაფერია ისე შედეგიანი და ინტერესის აღმძვრელი, როგორც რეალური ისტორიების შესწავლა. განიხილეთ ახალგაზრდა დეკორატორის, პეიზაჟისტისა და ლანდშაფტების დიზაინერის ამბავი, რომელმაც ოლეანდრის გამოყენებით საკუთარი თავი „მოწამლა“. ქეისი მულტიდისციპლინურია, რადგან მოიცავს ბიოლოგიას, მცენარეთა ფიზიოლოგიას. მკითხველი ახსნის ქიმიურ მექანიზმს, რაც გამოვლინდა მცენარისა და ადამიანის ურთიერთობის დროს.

 

სიტუაცია განიხილება რამდენიმე მიმართულებით:

მცენარეთა ტოქსიკოლოგია – მცენარის ორმაგი ბუნება, მცენარე როგორც გადამრჩენი და მცენარე, როგორც მკვლელი;

მცენარეთა ფიზიოლოგია – მცენარის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები;

უჯრედული ბიოლოგია – ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს გადამწყვეტი როლი უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში;

მედიცინა და ქიმია – როგორ ებრძვის მედიცინის თანამედროვე საშუალებები მცენარეულ მკვლელებს, ანუ ტოქსინებს.

სასურველია, მასწავლებელმა იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:

  1. მცენარეთა შეგუებულობა – ოლეანდრინს მცენარე ცხოველებისგან თავდასაცავად გამოიმუშავებს. ეს მისი ბუნებრივი დამცავი სისტემის კომპონენტია. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეები ჩართოს დისკუსიაში, ადაპტაციის მნიშვნელობის შესახებ;
  2. უჯრედული ტრანსპორტი – ნატრიუმ/კალიუმის ტუმბო ოლეანდრის პირველადი სამიზნეა. ის არეგულირებს გულის მუშაობას. მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ერთი ცილის მუშაობის შეფერხებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომები გამოიწვიოს;
  3. დიგიბინდით მკურნალობა – ანტისხეულს შეუძლია ორგანიზმი დაიცვას სიცოცხლისთვის საშიში ტოქსინებისგან. მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს გააცნოს ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების კონცეფცია და ანტისხეულების გამოყენების გზები თანამედროვე მედიცინაში.

 

ლილის ისტორია: ლილი პეიზაჟისტი და ლანდშაფტის დიზაინერია. ძალიან უყვარს საკუთარი საქმე. ივნისის თბილ დღეს ოლეანდრების ბაღში აღმოჩნდა. მომხმარებელს სურდა ბაღი გაესხლა, გაესუფთავებინა. ლილი აღაფრთოვანა ოლეანდრების სილამაზემ, თუმცა არ იცოდა, რა საშიშროება იმალებოდა „დედოფლების“ სინატიფეში.

საქმეზე კონცენტრირეული ლილი ისე ჭრიდა ტოტებს, რომ თვალს არ აშორებდა ოლეანდრების ლამაზ ყვავილებს. მოჭრილი ღეროებიდან წებოვანი წვენი ჟონავდა, რომელიც ხელთათმანებზე ეცემოდა. თვალების ქავილით შეწუხებულმა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ხელთათმანი მოიხსნა და თვალები მოისრისა. მოჭრილი ტოტები დაწვა და ირგვლივ ყველაფერი კვამლში გაეხვა.

როცა სამუშაო იარაღები მოაწესრიგა, გულისრევის შეგრძნებამ შეაწუხა, მუცელში ტკივილის ტალღამ გადაუარა და სატვირთოს მოკიდა ხელი წონასწორობის შესანარჩუნებლად.

სახლისკენ მიმავალს გულისრევა გაუმძაფრდა, რამდენჯერმე აღებინა კიდეც, გული აუჩქარდა, შემდეგ შეუნელდა, ისევ აუჩქარდა, ოფლმა დაასხა, ბოლოს ტელეფონი მოძებნა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

როცა ექიმები მოვიდნენ ლილის გონება თითქმის გათიშული ჰქონდა, პულსი არეული, ხან შემაშფოთებლად შენელებული, ხან აჩქარებული. კანი გაუფერმკრთალდა, გუგები გაუფართოვდა. ექიმებმა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  1. რომელ მცენარეს შეეხო ლილი?
  2. რა სიმპტომები აღენიშნებოდა ლილის?

 

ერთი დღის სილამაზე: ოლეანდრების მეცნიერება

როცა ლილი გადაუდებელი მომსახურების ბლოკში იწვა, ექიმები მისი უეცარი კოლაფსის მიზეზის დადგენას ცდილობდნენ. ლილის ქმარმა მცენარეებთან მისი მუშაობის ამბავი ახსენა და ერთ-ერთმა ექიმმა ოლეანდრების საშინელ შხამზე მიიტანა ეჭვი.

თეთრი ოლეანდრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მცენარეა. ის შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, როგორიცაა ოლეანდრინი. ის ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს უძლიერესი ინჰიბიტორია. ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო უჯრედსა და მის გარეთ ნატრიუმისა და კალიუმის იონების ჰომეოსტაზს უზრუნველყოფს.

ნორმალურ შემთხვევაში არხი ნატრიუმის სამ იონს გადაქაჩავს გარეთ, იქიდან კი კალიუმის ორ იონს შემოიტანს უჯრედში, რის შედეგადაც იქმნება ელექტრული გრადიენტი. თუ ტუმბოს მუშაობა შეჩერდება, ნატრიუმის იონები უჯრედში დაგროვდება.

გრადიენტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია შემდეგი ფიზიოლოგიური პროცესებისთვის:

  • გულის მუშაობა: ტუმბო არეგულირებს ელექტრულ სიგნალებს და უზრუნველყოფს გულის კუნთის რიტმულ შეკუმშვას;
  • ნერვული სისტემის მუშაობა: ტუმბო უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის გავრცელებას ნერვებში;
  • უჯრედის ფორმის სტაბილიზაცია: ტუმბო ხელს უშლის უჯრედების გაბერვას, წყლის მოძრაობის კონტროლის გზით.

როცა ოლეანდრინი ახდენს ტუმბოს ინჰიბირებას, უჯრედში გროვდება ნატრიუმის იონები. შედეგად გულის კუნთში გროვდება ჭარბი კალციუმის იონები, რაც იწვევს კუნთის ძლიერ, თუმცა არარეგულარულ შეკუმშვას. საბოლოოდ გულის რიტმი ირღვევა, ყალიბდება სხვადასხვა სახის არითმია, და სიცოცხლისთვის საშიში სხვა სიმპტომები. ოლეანდრინის ძალიან მცირე კონცენტრაციაც კი ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციას ახდენს.

  1. რომელ შხამს შეიცავდა მცენარე?
  2. როგორ აფერხებს აღნიშნული შხამი უჯრედის ფუნქციონირებას?
  3. რა როლს ასრულებს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში? და როგორ?
  4. ტუმბოს საშუალებით ნატრიუმი გამოდის უჯრედიდან. ახსენი, ტუმბოს მუშაობის შეწყვეტის შემდეგ რატომ იმატებს უჯრედის ზომა?
  5. დაასახელე ლილის სიმპტომები, რომლებიც უშუალოდ ტუმბოს გაუმართაობით აიხსნება?

 

მკურნალობა

ლილის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანისას ძალიან მძიმე იყო. არარეგულარული და სუსტი პულსი, დაბალი არტერიული წნევა და ძლიერი ღებინება გლიკოზიდებით ინტოქსიკაციაზე მიუთითებდა.

ექიმებმა ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება, პირველ რიგში გამოიყენეს აქტივირებული ნახშირი, ტოქსინების გამოსადევნად. გაუკეთეს გადასხმა, ძლიერი ღებინების გამო ორგანიზმის მიერ დაკარგული წყლისა და მინერალური მარილების აღსადგენად. გადაუსხეს კალიუმის იონები, რომელიც აღადგენდა გულის რიტმს. კალიუმის იონების რაოდენობის შემცირება გულის გლიკოზიდების ტოქსიკური ზემოქმედების ზოგადი დამახასიათებელი სიმპტომია. მიუხედავად ამდენი ჩარევისა, ლილის გული ისევ უსისტემოდ მუშაობდა, ელექტროკარდიოგრამამაც მნიშვნელოვანი დაზიანებები აჩვენა. ექიმმა დიგიბინდის ჩართვა გადაწყვიტა. დიგიბინდი არის ანტისხეულის ფრაგმენტი, რომელიც სპეციალურად გლიკოზიდების გასანეიტრალებლად შეიქმნა. ანტისხეულის ფრაგმენტი პირდაპირ უკავშირდება სისხლში არსებულ ოლეანდრინს, მასთან წარმოქმნის კომპლექსს. ამ უკანასკნელს ღვიძლი გაანეიტრალებს და თირკმელები გამოდევნის.

დიგიბინდის მიღებიდან 30 წუთში ლილის გულის რიტმი დასტაბილურდა. მისი არტერიული წნევა ნორმაში ჩადგა და თავბრუსხვევა შეუწყდა. 24 საათის განმავლობაში სისხლში აკონტროლებდნენ ელექტროლიტების კონცენტრაციას.

  1. რა როლს ასრულებს აქტივირებული ნახშირი ტოქსიკური ნაერთების ორგანიზმიდან მოცილების პროცესში?
  2. რატომ შეჰყავთ ორგანიზმში კალიუმის იონები?
  3. როგორ ანეიტრალებს შხამს დიგიბინდი?
  4. ახსენი მექანიზმი, რომლითაც ოლეანდრი მოქმედებს ორგანიზმზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთე იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ის ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოზე. ახსენი, როგორ ეწინააღმდეგება ამ ეფექტს დიგიბინდი.

სახლში დაბრუნებულმა ლილიმ რამდენიმე დღის შემდეგ ის ბაღი მოინახულა. ოლეანდრები ისევ ლამაზად გამოიყურებოდნენ, თუმცა ახლა უკვე მუქარის ელფერით იყურებოდნენ.

„აღარასდროს შევხედავ ამ ყვავილებს ძველებურად“ – უთხრა ლილიმ ქმარს. „დავრწმუნდი, რომ ბუნება შეიძლება ერთი შეხედვით თვალწარმტაციც იყოს და მომაკვდინებელიც“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ადაპტირებულია: https://www.biologycorner.com/2025/02/09/case-study-a-brush-with-oleander/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“