განათლების სისტემა 6-3-3 სისტემიდან 6-4-2 ზე გადავიდა. საბაზო საფეხურზე, სავალდებულო წესით გასატარებელი დრო კიდევ ერთი აკადემიური წლით გაიზარდა. რამდენად პასუხობს მსგავსი ცვლილებები წლების განმავლობაში დაგროვებულ რეალურ პრობლემებს?
მოსწავლეებს სკოლაში მრავალი საბაზისო პრობლემა აწუხებთ. სწავლების ერთფეროვნება, ინდივიდუალური მიდგომის ნაკლებობა, გადატვირთული და ხშირ შემთხვევაში არაეფექტური სასწავლო პროგრამები, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შორის არასაკმარისი კომუნიკაცია, ერთფეროვანი და მოძველებული ინფრასტრუქტურა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეფიციტი, ინდივიდუალური საჭიროების უგულებელყოფა და სკოლაში არსებული მკაცრი, ფორმალური გარემო დღეს ქართული რეალობის სკოლების მთავარი გამოწვევებია.
მოსწავლეები ვერ ხედავენ სწავლების რეალურ მნიშვნელობას და სკოლას „იძულებით სასჯელად“ აღიქვამენ, რაც მათ დემოტივაციას იწვევს. შედეგად, სასკოლო გარემო არა ცოდნისა და განვითარების სივრცედ, არამედ სავალდებულო რუტინად ექცათ. ამ ფაქტორებმა, მოსწავლეთა ნაწილი, სკოლისადმი გულგრილად განაწყო და მათთვის სწავლების პროცესი ნაკლებად საინტერესო გახადა.
ზოგადი დაკვირვებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო სკოლების საბაზო და განსაკუთრებით საშუალო საფეხურის მოსწავლეთა უმეტესობა გაკვეთილებს მხოლოდ სოციალიზაციის მიზეზით ესწრება. აკადემიურ სივრცეში ყოფნისთვის, მათ სხვა მიზეზები არ აქვთ. აღნიშნული ფაქტი გავლენას ახდენს მოსწავლეთა იმ მოწადინებულ ნაწილზე, რომლებიც სკოლაში საგანმანათლებლო მიზნების გამო დადიან. შედეგად ვიღებთ დემოტივირებულ კლასებს, სადაც სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია ნაკლებია.
სტატიის ინსპირაციად ჩვენი ჟურნალის ავტორის, ლელა კოტორაშვილის სტატია ვინ უსმენს ბავშვებს იქცა. მუშაობის პროცესში, გამახსენდა 2023 წელს ჩემი გამოქვეყნებული წერილი „ინტერვიუ მოსწავლეებთან – რას და როგორ სწავლობენ არაფორმალური განათლებით“. ორივე სტატია მოსწავლეების მოსმენის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს.
ყველაფერი მოსწავლის ერთი გულწრფელი ფრაზით დაიწყო. „დღეს სკოლაში სიარული სასჯელია“, გვერდით მჯდომმა მისმა მეგობარმა დასძინა – „იძულებითი სასჯელი“. აღნიშნულის შემდეგ დავინტერესდი მოსწავლეების პრობლემებით, განცდებით, ემოციებითა და სკოლისადმი დამოკიდებულებით და ასევე იმით, თუ რატომ ფიქრობდნენ ასე. საუბრის შემდეგ, მომდევნო გაკვეთილისთვის დავგეგმე აქტივობა მსოფლიო კაფის პრინციპით.
- რა გაწუხებთ/არ მოგწონთ თანამედროვე ქართულ სკოლებში;
- რას შეცვლიდით სკოლაში, რომ აქ სიარული სასჯელად არ აღიქმებოდეს;
- რა არის დღეს სკოლის ფუნქცია და რა უნდა იყოს ხვალ;
- გაკვეთილების გარდა რა სახის დამატებით აქტივობებს ისურვებდით სკოლაში.
აღნიშნული აქტივობა სამი სხვადასხვა სკოლის X-XI კლასელებთან ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები იმაზე კარგად აღიქვამენ არსებულ რეალობას, ვიდრე ჩვენ გვგონია. მათი პასუხები დამაფიქრებელი და საყურადღებოა. აქ ამოიკითხავთ, იმ რეალურ საჭიროებებს, რაც მათ გულებს სკოლისაკენ შემოაბრუნებს. ახლა კი გიზიარებთ ოთხივე მიმართულებით დაფიქსირებულ პასუხებს.
- რა გაწუხებთ/არ მოგწონთ თანამედროვე ქართულ სკოლებში?
- სწავლების მოძველებული მიდგომა და სისტემა;
- რეალური არჩევითი საგნების არ არსებობა;
- დასვენებისთვის გამოყოფილი მცირე დრო;
- ხშირია ბულინგი, დამცირება და ძალადობა (როგორც ბავშვებს შორის, ასევე მასწავლებლების მხრიდან);
- სასადილოსა და უფასო კვების პროგრამის არ არსებობა;
- პირადი ნივთების შესანახი კარადების არ არსებობა;
- მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლებში;
- განმავითარებელი აქტივობების სიმწირე;
- გაცვლითი პროგრამების არ არსებობა;
- ჩაკეტილი და უფუნქციო ბიბლიოთეკები და სხვა ოთახები;
- ფსიქოლოგის/ექიმის კაბინეტის არ არსებობა;
- მასწავლებლებს ჩვენი არ ესმით/ვერ გვიგებენ;
- რას შეცვლიდით სკოლაში, რომ აქ სიარული სასჯელად არ აღიქმებოდეს;
- ჩატარდეს მეტი მრავალფეროვანი და ნაკლები რუტინული გაკვეთილები;
- მასწავლებლებს ჰქონდეთ მეგობრული მიდგომები და ურთიერთობა მოსწავლეებთან;
- გაუმჯობესდეს სკოლის შიდა ინტერიერი და გარე ფასადი (მოეწყოს სკვერი, ინდივიდუალური კარადები და ა.შ);
- დაინერგოს უფასო კვების პროგრამა;
- გაიზარდოს დასვენების ხანგრძლივობა (საჭიროა ერთი მინიმუმ 20 წუთიანი დასვენება კვებისთვის);
- სპორტული ასპექტები გასაუმჯობესებელია (მეტი ინვენტარი და მეტი შესაძლებლობები ამ მიმართულებით);
- აქტიურად უნდა ფუნქციონირებდეს სხვადასხვა კლუბები, სადაც განხორციელდება პროექტები (ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების, ცეკვის და ა.შ.);
- აღიჭურვოს სკოლები საბუნებისმეტყველო კაბინეტებით და ჩატარდეს იქ შესაბამისი მეცადინეობები;
- შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კლუბები;
- დაინერგოს რეალური არჩევითი საგნების სისტემა (სკოლამ არ უნდა აირჩიოს ჩვენს ნაცვლად;
- სკოლამ წაახალისოს მოხალისეობრივი აქტივობები;
- სწავლება გასცდეს სკოლის კედლებს – დაიგეგმოს რეალური შემეცნებითი ექსკურსიები და გასვლითი აქტივობები;
- რა არის დღეს სკოლის ფუნქცია დღეს:
- ჩვენი სკოლაში დაკავება დილიდან შუადღემდე;
- სოციალიზაცია, მეგობრების შეძენა და გართობა;
- ცოდნის გადაცემა და საგნების თეორიული სწავლება;
- და რა უნდა იყოს ხვალ:
- დისციპლინების თეორიული სწავლა და პრაქტიკული გამოყენება;
- ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა;
- ცხოვრებისეული (XXI საუკუნის) უნარების შეძენა;
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
- მოსწავლისთვის სოციო-ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- გაკვეთილების გარდა რა სახის დამატებით აქტივობებს ისურვებდით სკოლაში.
- სხვადასხვა სახის წრეები;
- ხშირი სპორტული შეჯიბრებები სკოლის შიგნით და ქალაქის დონეზე;
- ფილმის ჩვენები და განხილვები;
- რობოტექნიკის კლუბი;
როგორც ხედავთ მათი მოსაზრებები ძირითადად ემთხვევა. მოზარდები ყველაზე კარგად ხედავენ სკოლებში არსებულ რეალურ და მწვავე პრობლემებს. განათლების სფეროში ჩატარებული კვლევებიც ცხადყოფს, რომ სასკოლო გარემო, სწავლების მეთოდები, ავტონომიისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, მოქმედებს მოსწავლეების როგორც შინაგან, ასევე გარეგან მოტივაციაზე. [1] ჩამოთვლილი ფაქტორებიდან უმეტესობა პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა განწყობებთან. ისეთი პრობლემა, როგორიცაა ბულინგი სკოლაში საფუძველშივე აქრობს სწავლა-განვითარების სურვილს.[2]
ზოგად განათლებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები (განათლების სამინისტრო, შესაბამისი სსიპ-ები, რესურსცენტრები, სკოლები) ძალისხმევას არ უნდა იშურებდნენ, რომ შექმნან სტრატეგიული ხედვა/გეგმა და მოიძიონ ფინანსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაყოვნებული ნაბიჯები უდრის დაკარგულ, მოტივაცია წართმეულ თაობებს.
ბოლოს გთავაზობთ დამატებით აქტივობებს, რომლებიც თქვენი მოსწავლეების (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე) სკოლისადმი დამოკიდებულების გასარკვევად გამოდგება:
ემოცია – მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩამოთვლიან ემოციებს, რომლებიც ეუფლებათ სკოლაში შესვლისას.
შეკითხვების დაფიქსირება – მოსწავლეები ანონიმურად წერენ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რაც მათ სასკოლო სივრცეში აწუხებთ.
მომავლის სკოლა – მოსწავლეები ქმნიან იდეალურ სკოლის მოდელს, რომელშიც მათMი პრობლემები მოგვარებულია. ისინი წერილობით ან ვიზუალურად წარმოადგენენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი აზრით თანამედროვე სკოლა.
იდეალური სკოლის მაკეტი – ჯგუფებს ვაძლევთ დავალებას შექმნან „იდეალური სკოლა“ (ეს შეიძლება იყოს დახატული მოდელი, წერილობითი აღწერა ან პრეზენტაცია), რომელშიც ისინი ასახავენ თავიანთ იდეალურ სასწავლო გარემოს.
[1] Ryan, R. ., & Deci, E. L. (2000). Self-determination theory and the facilitation of intrinsic motivation, social development, and well-being.
[2] UNESCO 2019 – Behind the Numbers: Ending School Violence and Bullying.