სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ინტერვიუ მოსწავლეებთან – რას და როგორ სწავლობენ არაფორმალური განათლებით

ბოლო პერიოდში გახშირდა საუბარი მოსწავლეების მხრიდან საგაკვეთილო პროცესის მიმართ ინტერესის მინელებისა და მოტივაციის დაქვეითების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში. რა არის ამის მიზეზი? სად ვუშვებთ შეცდომას?

ზოგი ამას ტექნოლოგიებსა და ტელეფონზე მიჯაჭვულობას აბრალებს, ზოგი სახელმძღვანელოებს… ჩემი ფიქრები მოსწავლეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ნაკლებობას უტრიალებს. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უხაროდეთ?

არ მახსენდება საქართველოში გატარებული რეფორმა, ან მნიშვნელოვანი ცვლილება, სადაც მოსწავლეებს ჰკითხეს აზრი და ამის მიხედვით მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. სინამდვილეში როგორი მნიშვნელოვანია, ვუსმენდეთ მოსწავლეებს და ვიაზრებდეთ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მათ განათლების სისტემაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი არიან ობიექტური და გულწრფელი შემფასებლები და თუ ეძლევათ იმის კეთების საშუალება, რაც მოსწონთ, მათი მოტივაცია და ენთუზიაზმი შესამჩნევად იზრდება. ამას ბავშვის უფლებათა კონვენციაც გვავალდებულებს ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომლებიც მას ეხება“.

თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა არაფორმალური განათლება. გადავწყვიტე რამდენიმე მოსწავლესთან ჩამეწერა ინტერვიუ და ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის გამეზიარებინა, რას ფიქრობენ ბავშვები თანამედროვე სკოლაში არსებულ პრობლემებზე, რა შეცვალა მათ სასკოლო ცხოვრებაში თუ მის მიღმა არაფორმალურ აქტივობებში ჩართულობამ, როგორ გარემოში მოსწონთ სწავლა და სხვა.

ინტერვიუსთვის მოვამზადე კითხვები და გავუზიარე რამდენიმე მოსწავლეს.

  1. მოგვიყევით როგორია თქვენი ერთი დღე სკოლაში? რას სწავლობთ?

ლანა: საკმაოდ რთული შეკითხვაა, რადგან ჩვენი სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანია და ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან. მივდივართ სკოლაში, ვესწრებით გაკვეთილებს. ხშირად გვიწევს პრეზენტაციების ჩატარება, ფილმების ყურება, ვდგამთ სიმულაციებს გავლილ თემებზე. შესვენებაზე ან გაკვეთილების შემდეგ ვხვდებით სამოქალაქო კლუბის წევრებს. ერთმანეთს ვუზიარებთ, რა გავაკეთეთ და რა არის გასაკეთებელი.

ნაზი: ამ კითხვას, სულ რაღაც ერთი წლის წინ, ძალიან ჩვეულებრივ პასუხს გავცემდი. მაგალითად, ვსწავლობ ბიოლოგიას, მათემატიკას და ა.შ. მაგრამ ბოლო ერთი წელია, სკოლაში ვისწავლე უამრავი რამ, რაც ნამდვილად არ შედის სასკოლო პროგრამაში, მაგრამ გვჭირდება ხოლმე ნამდვილ ცხოვრებაში.

სკოლა მეწყება 11:55 საათზე. ხშირად გაკვეთილების დაწყებამდე ორი საათით ადრე მივდივარ სკოლაში. ჩვენი კლუბის წევრებთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს, აქტივობებს…

ჩვენი აქტივობები მიზნად ისახავს სკოლის სხვა მოსწავლეების გააქტიურებას, ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ყველა სხვა მოსწავლე, ვესწრები გაკვეთილებს. უნდა ვთქვა, რომ ბიზნესის მართვა ჩემი მთავარი ინტერესია და ძალიან მიხარია ის, რომ საგან მოქალაქეობაში სკოლიდანვე ვსწავლობთ ბიზნესის შექმნას სტარტაპებისთვის.

სალომე: ჩემი დღე სკოლაში დილით 08:30-საათიდან იწყება. ყოველდღიურად მაქვს 4-5 გაკვეთილი, რადგან ვარ აბიტურიენტი. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ დარჩენილ თავისუფალ დროს ვატარებ განათლების ბაღში, სადაც ვისვენებ, ვამზადებ სასკოლო დავალებებს, ვკითხულობ წიგნებს ღია ბიბლიოთეკაში.

აქვე ვხვდები კლუბის წევრებსა და მეგობრებს, რომლებთან ერთადაც განვიხილავ სხვადასხვა საკითხს. ამის შემდეგ ვემზადები დამატებით საგნებში ჩემი სკოლის პედაგოგებთან (რა თქმა უნდა, უფასოდ).

  1. რა განსხვავებაა ფორმალურ (ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი) და არაფორმალურ განათლებას შორის და რა არის მათი უპირატესობები?

ლანა: ფორმალურ განათლება არის თეორია, ხოლო არაფორმალური – პრაქტიკა. ფორმალური განათლება არის სწავლა, რომელიც ხორციელდება „სისტემური გზით“. იგი დაგეგმილი და ორგანიზებულია. არაფორმალური განათლების მიღების დროს, ჩვენ არ ვიზეპირებთ დიდ ტექსტებს, არამედ ვიძენთ გამოცდილებას და ვიყენებთ მათ პრაქტიკაში. უპირატესობას მივანიჭებდი არაფორმალურ განათლებას, რადგან იგი ცოდნის გამოყენების საშუალებას, მეტ თავისუფლებას, მრავალფეროვნებას გვაძლევს, ასევე ბევრად საინტერესო პროცესია. აქვე დავამატებდი რომ არა ფორმალური განათლება, არაფორმალურ განათლებას ასე ეფექტურად ვერ გამოვიყენებდით, ამიტომ ორივე მნიშვნელოვანია და ერთმანეთს ავსებს.

ნაზი: უპირველეს ყოვლისა, არაფორმალური განათლება დამსწრეების პირად ინტერესებზეა მორგებული. ფორმალური სწავლება, ანუ ჩვენი გაკვეთილები ზოგჯერ საერთოდ არც კი ეხება მოსწავლის ინტერესებს. მაგალითად მე-10 კლასიდან მე ვსწავლობ ისეთ საგნებს, რომლებიც აღარ მაინტერესებს. ამიტომაა, რომ არა მარტო მოსწავლეებს არამედ მასწავლებლებსაც ურჩევნიათ არაფორმალური განათლების ფორმატი.

პირად მაგალითს თუ მოვიყვან, მე მიყვარს ლიდერობა, ჯგუფური სამუშაოები და მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ეკონომიკა, ეკოლოგია, მმართველობა ან თუნდაც განათლება.

ფორმალურმა განათლებამ ძირითადად ფაქტობრივი ცოდნა მომცა. სამაგიეროდ, ჩავერთე თუ არა არაფორმალურ აქტივობებში, უამრავი რამ შეიცვალა. თუ ადრე ვუსმენდი სხვას, ახლა მე მისმენენ. ვსწავლობ და ვასწავლი – ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სალომე: ვფიქრობ, რომ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ფორმალური განათლება ძირითადად გვაძლევს ინფორმაციას, რომელსაც ვიყენებთ სამომავლოდ პროფესიისთვის ან თუნდაც ზოგადი განათლებისთვის.

რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ჩვენ, მას ვიღებთ არასაგაკვეთილო პროცესებიდან. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება უნდა ჰქონდეს ყველა სრულფასოვან მოქალაქეს. არაფორმალური განათლება ძირითადად ეხება აქტუალურ თემებსა და პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოება, თემი, ქვეყანა თუ მსოფლიო.

ნიჰადი: ფორმალური განათლება ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას. რამდენიმე კონკრეტული მიმართულებაა, რომლებიც, ვფიქრობ, ყველგან გამოგვადგება. თანამედროვე სკოლებში კი ვისურვებდი, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, აირჩიონ მათთვის სასურველი თემა ან გაკვეთილი.

  1. რა არის ფორმალური (სასკოლო) განათლების ძირითადი გამოწვევები? რა მოგწონთ და რას შეცვლიდით თანამედროვე სკოლებში?

ლანა: ფორმალური (სასკოლო) განათლების ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ იგი არ გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში. ეს კი იწვევს ინფორმაციის სწრაფად დავიწყებას, მით უმეტეს თუ ეს საბუნებისმეტყველო საგნებია. ასვე რაც ძალიან სამწუხაროა, იგი ყოველდღიური და ერთნაირია, რაც ცოტა მოსაბეზრებელია. მაგრამ ამავდროულად ფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, შევამჩნიე, რომ იგი ავითარებს აზროვნების უნარს, მეხსიერებას და ა.შ. ფორმალურ განათლებაში შევცვლიდი ნიშნების წერას და სავალდებულო გაკვეთილებს. ვფიქრობ, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, რომ შეგვეძლოს უკვე სკოლაში სწავლების დროს იმ საგნების სიღრმისეულად შესწავლა, რომლებიც გვაინტერესებს.

ნაზი: როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ფორმალური განათლება ნაკლებად ორიენტირებულია მოსწავლეების ინტერესებზე. მაგალითად, მე საერთოდ არ მიყვარს ფიზიკა. ვიცი, რომ არც დამჭირდება ფიზიკის ცოდნა მომავალში. მაგრამ მასწავლებელი მეუბნება, რომ მე-12 კლასშიც კი უნდა ვისწავლო ფიზიკა, როდესაც შემიძლია ის დრო დავხარჯო ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა საგნების შესწავლაზე.

მყავს მეგობრები, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებათ სიღრმისეული მათემატიკა უმაღლესში ჩასაბარებლად, რადგან იურიდიულზე აბარებენ. რატომ უნდა დახარჯონ დრო ალგებრაზე, როდესაც შეუძლიათ იმეცადინონ ისტორიის ან მოქალაქეობის გამოცდისთვის?

მომწონს ის, რომ ბოლო წლებში მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, გაკვეთილი გახადონ მოსწავლისთვის საინტერესო და მოაქვთ პრეზენტაციები, კომპლექსური დავალებები ტესტების ნაცვლად. პირადად მე უფრო მარტივად ვსწავლობ კომპლექსური დავალებების შესრულებით.

რომ შემეძლოს, აუცილებლად მივცემდი მოსწავლეებს არჩევანის უფლებას. არა რამდენიმე არჩევით საგანს – რომლებსაც ხშირად მოსწავლეები, და არა დირექტორები და დამრიგებლები ირჩევენ, არამედ ნამდვილი არჩევანის უფლებას. მოსწავლეს თუ სურს სამედიცინოზე ჩაბარება, აირჩევს ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას, და ა.შ. ხოლო მოსწავლეს რომელსაც სურს, მაგალითად, იურიდიულზე ჩაბარება, აირჩევს ისტორიას მოქალაქეობას… ეს, რა თქმა უნდა, იქნება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და არა პატარებისთვის. შედეგად მოსწავლეები მეტად მოტივირებულნი იქნებიან და არ დაკარგავენ დროს იმ საგნების სწავლაში, რომლებიც არ აინტერესებთ.

სალომე: ფორმალური განათლების ძირითადი გამოწვევაა ის, რომ მოსწავლეები ვალდებულნი არიან, ისწავლონ ყველა საგანი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ინტერესი მათდამი.

თანამედროვე სკოლებში მომწონს ის, რომ მასწავლებლები იყენებენ განახლებულ მეთოდებს, არაფორმალური განათლების მიღების ფართო არჩევანია, მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა.

შევცვლიდი გაკვეთილების ცხრილს. ვფიქრობ, რომ X-XII კლასის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საგნების არჩევის უფლება.

 

  1. რატომ ერთვებიან თქვენი თანატოლები დიდი სიხარულითა და მოტივაციით არაფორმალურ აქტივობებში (საკლუბო საქმიანობა, პროექტები, ტრენინგების დაგეგმვა და წარმართვა და ა.შ.)?

ლანა: ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს საინტერესოა, მოაქვს სარგებელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისა და დედამიწისთვის. ამას გარდა, არაფორმალური განათლება არ არის სავალდებულო, რაც არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევთ. ასევე, არაფორმალური განათლება მათ შესაძლებლობას აძლევს, გამოცადონ თავი ბევრ სხვადასხვა სფეროში. მათ შეუძლიათ იმუშაონ იმ საკითხზე, რომელიც გულწრფელად აინტერესებთ და დასჭირდებათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. განათლების მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, ყველამ იპოვოს საყვარელი საქმე და განვითარდეს ამ სფეროში. არაფორმალური განათლების გზით, ჩემი თანატოლები სწავლობენ, აკვირდებიან საკუთარ და სხვათა დამოკიდებულებებს-ქცევებს, ეძებენ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებს, შესაბამისად, მათ უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარ-ჩვევები.

ნაზი: ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო და ეკო-კლუბის და ასევე ჩვენი მეურვის თემურ სუყაშვილის დამსახურებაა. ჩვენ ერთად მთელი წელი ვიზრუნეთ იმაზე, რომ აღმოგვეჩინა მოსწავლეების ინტერესის სფერო. საბედნიეროდ, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ყველა მხრიდან ჩავრთეთ მოსწავლეები, მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევის პროცესში. ყველაზე დიდი მიღწევა კი ის არის, რომ მოსწავლეები ხვდებიან, რას, რატომ აკეთებენ.

ჩვენ სპორტიც, ხელოვნებაც, მოქალაქეობაც, თუნდაც ქველმოქმედებაც გავაერთიანეთ და შევქმენით უზარმაზარი ჯგუფი.

სალომე: ჩემი თანატოლები არაფორმალურ აქტივობებში ერთვებიან, რადგან არიან სივრცეში, სადაც დიდი ხალისით ქმნიან ახალს, იღებენ რჩევებს/შენიშვნებს ერთმანეთისგან, არ აქვთ შეზღუდული დრო, მოცემული აქტივობები მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, რაც სახალისო და სასარგებლოა, აზროვნებისთვის. ამით მოსწავლეები იღებენ ცოდნას, რომელსაც იყენებენ პრობლემების გადასაჭრელად. მათ ეს იციან და ხდებიან მეტად მოტივირებულნი.

სოფია: მართლაც, ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი მოსწავლე ერთვება, რაც ძალიან მიხარია. ეს ხდება იმიტომ, რომ არაფორმალურ განათლებას მეტი ყურადღება ექცევა და ბავშვებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. ასევე ხშირად ბავშვები მონაწილეობენ, მაშინ, როცა აქტივობები ეხება მათი ინტერესის სფეროს და ხელს უწყობს მოსწავლეებს, შეიძინონ ახალი მეგობრები მსგავსი ინტერესებით.

 

  1. როგორ უწყობს ხელს არაფორმალური განათლება კრეატიულობის, კრიტიკულ აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას?

ლანა: დიახ, როდესაც ვართ ჩართული არაფორმალურ განათლებაში, მუდამ გვიწევს კრიტიკული თვალით შევხედოთ სამყაროს, ჩვენსა და სოციუმის ყოველდღიურ ქმედებებს, რათა შევძლოთ სოციუმის/სათემო პრობლემების იდენტიფიცირება, შემდგომ მათი გადაჭრის გზების პოვნა. არაფორმალური განათლება აფასებს ინოვაციურ იდეებს, ამიტომ აქ გვიწევს გამოვიყენოთ კრეატიულობა, რათა მოვიფიქროთ რაიმე ახალი და საინტერესო პრობლემის გადაჭრის გზა.

ნაზი: ძალიან კარგი კითხვაა. მე თვითონ გამოვცადე ეს ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ ახლა შემიძლია ზემოთ ჩამოთვლილი უნარების ერთად გამოყენება.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, კრიტიკულად გავიაზროთ, პრობლემის აზრი, მიზეზი და შესაძლო შედეგი და მერე პრობლემის გადაჭრის, სხვადასხვა, კრეატიული გზები ვიპოვოთ.

სალომე: არაფორმალური განათლება კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობასა და პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას უწყობს ხელს იმით, რომ მოსწავლეები მოცემული აქტივობის დროს არიან უფრო დაკვირვებულები, დროთა განმავლობაში ივითარებენ სხვადასხვა უნარს.

სოფია: არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეები ხვდებიან ახალ ადამიანებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. ტოვებენ თავიანთ კომფორტის ზონას და სთავაზობენ საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს, როგორიცაა, მაგალითად, პრეზენტაციის ან/და დისკუსიების ჩატარება.

 

  1. რამდენად შესაძლებელია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში? და თუ ასეა, როგორ შეიძლება მოხდეს ეს?

ლანა: ვფიქრობ ეს აუცილებელია, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ამ ორ სისტემას და დავნერგავთ საგანმანათლებლო სისტემაში, მივიღებთ იდეალურ საგანმანათლებლო სისტემას. ამის მისაღწევად ან დასაწყებად მაინც ძალიან კარგი ვარიანტია კლუბები, ადგილი, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან. იმუშაონ იმაზე, რაც მათ აწუხებთ და სურთ მოაგვარონ, ასევე დავანახოთ მოსწავლეებს, რაში და როგორ გამოიყენება ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სკოლაში. როგორ? დიდი მნიშვნელობა აქვს საგანს, მაგრამ შეიძლება ექსკურსიები, სკოლაში სპექტაკლის დადგმა, თეატრები, პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება, ტექნოლოგიების გამოყენება, მაგ. კაჰუტი და მისი მსგავსი აპლიკაციები ვიდეოებისა თუ ბუკლეტების დამზადება და კიდევ უამრავი სხვა.

ნაზი: შესაძლებელია. ამას აკეთებენ კიდეც. მაგალითად, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც თემო მასწავლებელს მოუტანია ისეთი დავალება ან საკლასო სამუშაო, რომელიც საერთოდ არ ეხება ფორმალურ განათლებას, მაგრამ უფრო ბევრს უფრო მარტივად ვიგებთ ამ საშუალებით.

ყველა მასწავლებელს შეუძლია მოიტანოს თვეში ორ-სამჯერ მაინც ისეთი საკლასო სამუშაო, რომელიც გაკვეთილის ფორმალურ სტილს დაარღვევს. მაგალითად, დროის ხაზის შექმნა, ოღონდ როგორც შეჯიბრი. ან, მაგალითად, სადისკუსიო კითხვის შემოტანა საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით. შემდეგ კი მასწავლებელი გამარჯვებულად დაასახელებს მოსწავლეს, რომელსაც ყველაზე არგუმენტირებული პასუხი ექნება. შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად ჩანს, მაგრამ ოდნავ კონკურენციასაც დიდი გავლენა აქვს მოსწავლეების ინტერესის გაძლიერებაში.

ასევე შესაძლოა, ფილმების ყურებით, გარკვეულ თემაზე უფრო ბევრის მცოდნე ადამიანებთან შეხვედრითაც დავაინტერესოთ მოსწავლეები.

 

 

  1. წლის განმავლობაში თქვენ სხვადასხვა პროგრამაში, პროექტსა და ბანაკში მიიღეთ მონაწილეობა. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? რა ისწავლეთ? როგორ იყენებთ სასკოლო ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებას?

ლანა: ამ წელს ვიყავი ბევრ ბანაკში, რომლებიც თემატურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ძირითადად იყო ეკოლოგიაზე. ჩემდა გასაკვირად, სულ რამდენიმე დღეში შეძლეს მოეხდინათ გავლენა ჩემს ყოველდღიურობაზე, ეს ძირითადად, ეკო-ბანაკების დამსახურებაა. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ დედამიწაზე არსებულ რესურსებს. ვცდილობ, შევამცირო ნარჩენები, დავზოგო რესურსები და მეტად დავიწყე ამ თემაზე საუბარი სამეგობრო წრეში ან თემში. გამიჩნდა სურვილი გავაზიარო ყოველივე ის, რაც ვისწავლე ამ ბანაკებში და წილი შევიტანო არსებული პრობლემების შემცირებაში.

ნაზი: როგორც უკვე მოგახსენეთ, მე განვავითარე ჩემი უნარები. ვისწავლე, როგორ უნდა მოვუსმინო სხვას, როგორ უნდა გავაჟღერო ჩემი იდეა, ისე, რომ არასწორად არავინ გამიგოს. ვისწავლე კრიტიკული აზროვნება. ახლა ვხვდები, რა არის სწორი, არასწორი და ამ ყველაფრის მიზეზსაც ვხედავ. ახლა მე შემიძლია, მოვაგვარო პრობლემა ისე, რომ სხვებიც ჩავრთო ჩემს საქმეში. ვისწავლე, როგორ უნდა მქონდეს ფინანსური და დროის მენეჯმენტი. ვისწავლე ლიდერობა, სპიკერობა, წერა სტატიებისა და ესეების, ვისწავლე ურთიერთობა. თუ ადრე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ახლა მე გავძლიერდი და სხვას ვეხმარები. ახლა ვიცი ჩემი უფლებებიც და სხვისი უფლებებიც. არა მარტო სასკოლო ცხოვრებაში, არამედ სკოლის გარეთაც ძალიან დიდი პრივილეგიაა ჩემთვის ამ ყველაფრის ცოდნა.

სალომე: ბანაკებში წასვლით მივეჩვიე დამოუკიდებლობას, დავხვეწე საკომუნიკაციო უნარები, შევეჩვიე უცხო გარემოში სწრაფ ადაპტაციას. დაგროვილი ცოდნა კი გავუზიარე მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ იმ პრობლემებზე, რომლებიც აღმოვაჩინეთ თემში.

 

  1. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ პირადი გამოცდილება, როდესაც არაფორმალურმა განათლებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე, უნარების განვითარებასა თუ ინტერესების გამოკვეთის კუთხით?

ლანა: დიახ, ჩემი არაფორმალური განათლებისადმი ინტერესი დაიწყო ჩემს პირველ ბანაკში, რომელიც იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიებზე კონცენტრირებული, იქ მე გავიგე, საერთოდ რა არის არაფორმალური განათლება, ინოვაციები. ასევე გავიგე იმ უდიდეს შესაძლებლობებზე, რომლებიც მოაქვს არაფორმალურ განათლებას, რამაც ძალიან დამაინტერესა. გამიჩნდა სურვილი ჩავრთულიყავი არაფორმალურ განათლებაში, სწორედ ბანაკის დამთავრების შემდეგ უნდა გახსნილიყო ჩვენი დღევანდელი სამოქალაქო და ეკო-კლუბი, სადაც გავწევრიანდი თემო მასწავლებლის მეშვეობით, ვისწავლე უამრავი რამ აქ ყოფნისას, და ამ ყოველივეში საკუთარი თავის გამოცდისას აღმოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები და გამიჩნდა ახალი ინტერესის სფეროები, მეტიც, არაფორმალური განათლება დამეხმარა პროფესიის არჩევაში და უამრავი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გაცნობაში. მოკლედ, მან შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება.

ნაზი: მე პრობლემა მქონდა ჩემი ინტერესების სფეროების გამოკვეთაში. არ ვიცოდი, რა მინდოდა, რატომ მინდოდა. უბრალოდ ვსწავლობდი და ვაკეთებდი იმას, რასაც მასწავლებლები მეუბნებოდნენ. არაფორმალურმა განათლებამ, მომცა საშუალება გავრკვეულიყავი ჩემსავე სურვილებში. შევძელი ჩემი თავის გამოჩენა სხვადასხვა სფეროში. აღმოვაჩინე ჩემი უნარები და ვმუშაობ მათ განვითარებაზე.

მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა, რომელიც არაფორმალურმა განათლებამ ჩემზე მოახდინა, ეს იყო ბულინგის დაძლევა. მე ვიყავი ბულინგის მსხვერპლი 3 წელი. არავის ვუყვარდი. არაფორმალურ განათლებაზე დასწრებისა და აქტიურობის შედეგად გავიცანი მოსწავლეები, რომლებიც ჩემსავით არიან. მათი დახმარებით, ჩემი გაძლიერებული ადამიანური უნარებითა და ძალების გაერთიანების შედეგად ბულერები დავამარცხე. ახლა კარგი მეგობრები ვართ… დავძლიე ჩემი ერთადერთი პრობლემაც. ახლა კი ყველაზე ბედნიერი ვარ.

სალომე: ბავშვობიდან მაწუხებდა ინგლისურად საუბრის კომპლექსი, რომელიც წელს დავამარცხე ბანაკში მონაწილეობის მიღებით. ეს ბანაკი გახლდათ სკაუტების ცენტრის მიერ დაორგანიზებული, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და დანიელი მოხალისეები. სწორედ ამ ბანაკმა შეძლო ჩემი ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსის მოხსნა. ჩემ დანიელ მეგობრებთან დღემდე ვმეგობრობ და ამით ვიღრმავებ ინგლისური ენის ცოდნას, რაც სამომავლოდ პროფესიად მინდა ვიქციო.

არაფორმალურმა განათლებამ ჩემს ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან დამაფიქრა ისეთ სათემო პრობლემებზე, რომლებზეც შესაძლოა, არც კი მეფიქრა ან მიმეღო როგორც პრობლემა. სწორედ არაფორმალურმა განათლებამ აღმზარდა აქტიურ მოქალაქედ. მსურს, რომ მომავალში ჩემი პროფესიის დახმარებით უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგა და შევიტანო წვლილი არსებული პრობლემების მოგვარებაში.

სოფია: ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ გავიცანი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ტრადიციებს, გავიცანი უამრავი ჭკვიანი და საყვარელი ახალგაზრდა საქართველოს ყველა კუთხიდან და გავაუმჯობესე კომუნიკაციის უნარი. საჯარო გამოსვლების შიში, რომელიც მაბრკოლებდა, აღარ მაქვს. ასევე, შევამჩნიე ის, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში აღარ ვნერვიულობ. სასიამოვნო იყო ის, რომ ბანაკში ყოფნისას აღმოვაჩინე ჩემში ხატვის უნარი, ძალიან შემიყვარდა და დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა.

 

შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მათი თანხმობით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი