11-15 წლის ბავშვებს ვთხოვე, სასკოლო ცხოვრებიდან გამოეკვეთათ ერთი პრობლემა. საუბრობდნენ გულწრფელად, თამამად და რაც ყველაზე მთავარია, დიდი ემპათიით, რამაც გამაკვირვა. მათი საუბრის ტონში არ იგრძნობოდა აგრესია. ისიც შევნიშნე, რომ თითქოს პრობლემას, რომელიც შეამჩნიეს, უკვე შეჰგუებოდნენ კიდეც.
წარმოიდგინეთ, რომ ბავშვების ხმებს უსმენთ და იმგვარად წაიკითხეთ ჩემი დღიურიდან მათი ნებართვით ამოწერილი წინადადებები:
- „უპატივცემულობა – შეიძლება არ იყო მისი მეგობარი, მაგრამ პატივი უნდა სცე და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო“.
- „მასწავლებლების სიუხეშე“.
- „მიკერძოებულობა ნიშნების წერისას – ნიშნებს იმის მიხედვით რომ წერენ მასწავლებლები, მოსწონთ თუ არა ბავშვი“.
- „ფავორიტიზმი – ბავშვს იმის გამო რომ უწერენ ნიშანს, ერთ-ორ გაკვეთილზე რომ იაქტიურა“.
- „ჩაცმულობასა ან მეტყველებაზე რომ დასცინიან ბავშვები ერთმანეთს“.
- „არასანდო გარემო“.
- „შეცდომებზე ყურადღების გამახვილება, დაძაბულ გარემოს რომ ქმნიან მასწავლებლები“.
- „ბავშვების დაჩაგვრა სკოლაში – უფროსკლასელები უმცროსკლასელებს რომ ჩაგრავენ“.
- „სწავლების ზედა საფეხურზე არჩევითი საგნები რომ არ არის“.
მოსმენისას ვფიქრობდი, თურმე რამდენს დარდობენ ბავშვები, რა სხარტად აფასებენ მოვლენებს, როგორი მომნუსხველია მათი გულწრფელობა.
მერე წარმოვიდგინე, სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულებისას სკოლამ თავის ყველა მოსწავლეს რომ სთხოვოს ერთი პრობლემის გამოკვეთა, მასწავლებლები რომ დავსხდეთ ერთად, წავიკითხოთ – რა აწუხებთ ბავშვებს, რა საინტერესო პროცესი იქნებოდა. თუნდაც ერთი პრობლემის გადაჭრაც რომ შევძლოთ, უკეთეს სასკოლო გარემოს შევქმნიდით.
ბავშვებს სჭირდებათ ვინმე, ვისაც გაანდობენ გულისწუხილს, ვინც მათ გულისხმიერად მოუსმენს. დღეს ვინ უსმენს ბავშვებს?
ბავშვებისა და ზრდასრულების სამყარო იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, თითქოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ბავშვობიდან არ დაწყებულა. ამ მტკივნეულ თემას ეხება ჰერმან ჰესე თავის ზღაპარში „ჯადოქრის ბავშვობა“. ულამაზესია მწერლის მოგონებები საკუთარი ბავშვობის შესახებ. მაგიურობით გაჯერებული სივრცე – ნივთები, დედა, მამა, პაპები და ბებიები, სტუმრები და ოცნებები ზრდასთან ერთად მიზიდულობას კარგავს. ჰერმან ჰესესთვის სკოლა ბავშვობისგან განჯადოების ადგილია. ის წერს:
„განა უცნაური და საეჭვო არ ჩანდა, რომ ამ „დიდ“ ადამიანებშიც, რომლებიც ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები, ასე ცოტა მოიძებნებოდა ისეთი, ვისაც სულ არ დავიწყებოდა და არ გადასჩვეოდა იმას, თუ რა არის ბავშვი, როგორ ცხოვრობს, მუშაობს, თამაშობს, ფიქრობს, რა უყვარს და რა აწუხებს? ცოტანი, ძალიან ცოტანი იყვნენ, ვისაც ეს ჯერ კიდევ ახსოვდა. ყველა ისეთი ტირანი და სიტყვამკვახე როდი იყო, ბავშვებს ბოროტად და სიძულვილით რომ ექცევიან, ყველგან თავიდან იშორებენ, ავი თვალით და ამრეზით უყურებენ, ზოგჯერ თითქოს ეშინიათ კიდეც მათი. მაგრამ იმ სხვებმაც, კეთილგანწყობილებმა, ხანდახან ბავშვებთან სასაუბროდაც რომ იცლიდნენ, უმეტესწილად არ იცოდნენ, რა იყო მთავარი და რა იყო – მეორეხარისხოვანი, მათაც კი – თუ ჩვენთვის თავის გაყადრებას გადაწყვეტდნენ – დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რათა ბავშვებამდე დაშვებულიყვნენ. თუმცა არა ნამდვილ ბავშვებამდე, არამედ გამოგონილებამდე, ბავშვების ბრიყვულ კარიკატურებამდე“ [ჰესე 2020, 353].
ამ მონაკვეთის წაკითხვამ დამზაფრა, იმდენად მტკივნეულად აღწერა მწერალმა ბავშვობასთან განშორების მარადიული წრებრუნვა. თითქმის ასი წელია გასული „ჯადოქრის ბავშვობის“ დაწერის შემდეგ, მაგრამ განა ბავშვების მიერ ჩამონათვალ პრობლემებში კვლავ არ იგრძნობა წყენა უფროსებისადმი?!
საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ არ ვუსმენთ ბავშვებს? რატომ ვესაუბრებით ძირითადად ბრძანებითი კილოთი?
ბავშვებისთვის მოსმენაზე ფიქრმა კიდევ ერთი გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს, წიგნი „მომო“ გამახსენა. მომო პატარა, ობოლი გოგოა, რომელიც ქალაქის გარეუბანში ძველ ამფითეატრში დასახლდება და ყველას თავს შეაყვარებს.
„ახლა კი, გაგანდობთ პატარა მომოს დიდ საიდუმლოს: მომო ადამიანებს უსმენდა“. – პირველ თავში ამოვიკითხე ეს ფრაზა და ისეთი სიხარულით ავივსე, ცოტა ხანს კითხვა შევწყვიტე. მწერალი ადამიანის ისეთ ფაქიზ და აუცილებელ თვისებას შეეხო, მივხდი, რომ დროულად ვკითხულობდი ძალიან ღრმა და მნიშვნელოვან წიგნს. ასეც აღმოჩნდა.
„დიდი ამბავი! – იტყვის ზოგიერთი მკითხველი, მოსმენა ხომ ყველას შეუძლიაო.
ეს თქვენ გგონიათ, რომ ყველას შეუძლია. სიმართლე თუ გინდათ, ნამდვილი მოსმენა ძალზე ცოტას ეხერხება, მომოსნაირი გულისყურით კი ქვეყნად არავინ უსმენდა.
ისე უსმენდა, თავქარიანებსაც ბრძნული აზრები მოსდიოდათ თავში, თუმცა ნურც იმას იფიქრებთ, თითქოს მომო უჩვეულო ამბებს ჰყვებოდა და სხვებსაც ბრძნულ აზრებს შთააგონებდა. არა, იჯდა თავისთვის გატრუნული და მოსაუბრეს ყურს უგდებდა, მაგრამ იცით როგორ უსმენდა? – მთელი გულისყურითა და თანაგრძნობით. დიდრონი, შავი თვალებით მისჩერებოდა თანამოსაუბრეს და ისიც თავის სიცოცხლეში პირველად გრძნობდა, თუ რა საოცარი და საინტერესო აზრები უტრიალებდა თავში“ [ენდე 2024, 22].
მგონია, რომ მომოს გაცნობის შემდეგ უკეთესი მსმენელი გახდება მკითხველი. ნეტავ, სამყაროს ყველა სკოლა მომოს მსგავსი მსმენელებით იყოს სავსე. ნეტავ, მეც ხშირად მისმენდნენ ასე. ნეტავ, მეც შევძლო მომოსნაირი მოსმენა. ვფიქრობ, თუკი ზრდასრულები, მასწავლებლები და მშობლები, მომოს დავემსგავსებით, სტატიის თავში მოზარდების მიერ ჩამოთვლილი პრობლემები გაქარწყლდება. მთავარია, გულით მოსმენა ვცადოთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ენდე, მიხაელ. 2024. მომო. თარგ. ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი. რედ. მზია გელაშვილი. თბილისი: აზროვნების აკადემიის გამომცემლობა
- ჰესე, ჰერმან. 2020. 33 ზღაპარი. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა