ეს ამ წლის პირველი ბლოგია, ამიტომ დავარქვი ეს სათაური, ხოლო თემას რაც შეეხება, ამ თემაზე სულ ვაპირებდი ორი სიტყვის თქმას, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი, რადგან სპორტსმენებს პატივს ვცემ და არ მინდოდა, ძალიან კატეგორიული ვყოფილიყავი, ჰოდა, ვეცდები, ძალიან მოზომილად ვთქვა სათქმელი.
მე, როგორც პატრიოტი კაცი, ყველა იმ ქართველისა თუ არაქართველის პატივისმცემელი ვარ, ვინც მცირედს მაინც შემატებს საქართველოს (საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს, ყოველგვარი ულტრანაციონალისტური და ურაპატრიოტული სიტუტუცეების გარეშე), მაგრამ სამშობლოს სასახელოდ საკუთარი წვლილის (თუნდაც დიდის) ხალხისთვის წამოყვედრება, რასაც მუდმივად ვატყობ სპორტსმენების ნაწილს, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ღირსეული საქციელი და უბრალოდ გაუნათლებლობის ინდიკატორია.
სულაც არ მინდა, სპორტი დავაკნინო, მაგრამ ერის იდენტობას ქმნის კულტურა და, პირველ რიგში, ლიტერატურა. თქვენ გახსენდებათ რომელიმე დიდი ქართველი პოეტი ან პროზაიკოსი, რომელსაც საკუთარი (თანაც ფასდაუდებელი) წვლილი და მნიშვნელობა წამოეყვედრებინოს საკუთარი ხალხისთვის? მე არ მახსენდება. მიზეზთა გამო საყვედური (ზოგჯერ – კატეგორიულიც) კი დასცდენია რამდენიმეს, მაგრამ საკუთარი თავის დაყვედრება?! – არამც და არამც!
მოდი, ასე დავსვათ საკითხი: ვიქნებოდით თუ არა ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე ერი იმ სპორტული მიღწევების გარეშე, რაც საქართველოს, ერთად აღებული, ჰქონია? – ცხადია, ვიქნებოდით. და ვიქნებოდით თუ არა ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე ერი ცურტაველის, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, აკაკის, ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, ჯავახიშვილის, გამსახურდიას, ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ოთარ ჩხეიძის, დოჩანაშვილის, ხარანაულის (ეს სია აქ არ წყდება) და სხვების გარეშე? – არა, არ ვიქნებოდით. მათ გარეშე ვიქნებოდით უბრალო ტრაიბალისტური ერთობა. სწორედ ეს ხალხი ქმნის ჩვენს კულტურულ-სპირიტუალურ პორტრეტს ცივილიზებული სამყაროს თვალში, მაგრამ ოდესმე რომელიმე მათგანს სადმე დაუწერია ან უთქვამს ვინმესთვის, რაც მე საქართველოსთვის გავაკეთე, იმის ნახევარი თუ გაუკეთებია სხვასო?! არადა, მწერლობა (მით უმეტეს – საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში) – ეს არის სრულიად გააზრებული თვითვიქტიმიზაცია, საკუთარი თავის (ყველაზე სადისტური და შეუქცევადი) მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსა და იდეალების სამსხვერპლოზე. ეს ყველაფერი მერკანტილურ-ყოფით ამბებამდე რომ დავიყვანოთ, თითქმის არც ერთ ქართველ პოეტსა და მწერალს (ვისი ბიოგრაფიაც ვიცით) არ ულხინდა, მათი ცხოვრების ხარისხი არაფრით აღემატებოდა (ზოგჯერ ბევრად ჩამორჩებოდა კიდეც) საშუალოსტატისტიკური თანამოქალაქის ცხოვრების ხარისხს, მაგრამ ისინი მაინც ქმნიდნენ შედევრებს. ხოლო რაც შეეხება სპორტს – სპორტული წარმატება (კი, ბატონო, შრომისა და ოფლის ფასად), პირველ რიგში, ნიშნავს პირად კეთილდღეობას და ეს კეთილდღეობა ხშირად ბიუჯეტიდან ნაჩუქარ მილიონებს გულისხმობს. დღეს საშუალო დონის სპორტსმენი გაცილებით კარგად ცხოვრობს, ვიდრე დიდი პოეტი ან პროზაიკოსი. ცხადია, ეს ყველაფერი კაპიტალისტური მოცემულობის „ბრალია“; აქ იმიტომ ვახსენებ, რომ ყველამ იცოდეს საკუთარი ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპორტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასწორის ერთ პინაზე დალაგებულ მთელ ჩვენს ოლიმპიურ ჩინ-მენდლებს ვაჟას ერთი პოემა გადაწონის, თუმცა ვაჟა დაკერებული ჩოხით დაიარებოდა და მისთვის არავის უჩუქებია ბიუჯეტიდან მილიონი.
ჰოდა, ძვირფასო სპორტსმენებო, სანამ ვინმეს საკუთარ თავს წამოაყვედრებთ, დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ეს სტრიქონები გაიხსენეთ (ვიცი, რომ ზოგიერთი გაშინაურებული ხართ პოეზიასთან):
„რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!“