მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს პრაქტიკული ასპექტები, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა, სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომების აქტიური გამოყენების აუცილებლობის აღიარება, და,ზოგადად, მოსწავლის ჰოლისტური განვითარება, განსაკუთრებულად აქტიურს ხდის საგანმანათლებლო პროცესის ოპტიმიზაციას. ამის მისაღწევად საჭიროა არსებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევების შერწყმა ადამიანის მოდალობის ტიპთან, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო სივრცის ხარისხობრივ ცვლილებებს.
დასახული მიზნის რეალიზება დიდწილად დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ პრაქტიკულ საგაკვეთილო საქმიანობაში გამოყენებულ სწავლის მეთოდებზე (ძირითადად, სტიმულების რაოდენობის გაზრდაზე), რომელიც უშუალოდაა მიბმული მოსწავლეთა სწავლის სტილთან. სწავლის სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვიჩვენებს „ჩვენთვის“ საუკეთესო გზებს დავალებისთვის თავის გასართმევად.[ფირჩხაძე: 2022] (აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია. წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ უნარებს).
სწავლის სტილი აღქმის მოდალობებზეა მიბმული. მასზე აქცენტირება ეხმარება მოსწავლეს განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური და ციფრული უნარები. ამის შედეგად წინ წამოიწევს დომინანტური ანუ წამყვანი სისტემა, მოხდება იმპულსების გადაცემა სხვა ფსიქიკური პროცესებისთვის (მეხსიერება, წარმოდგენა, წარმოსახვა), გააქტიურდება აზროვნების პროცესი და მასზე დაყრდნობით მივიღებთ მაღალ აკადემიურ შედეგებს.
საგაკვეთილო პროცესში აღქმის მოდალობებზე ყურადღების გამახვილება ასევე ხელს უწყობს:
- სასწავლო დროის ეკონომიას;
- ემოციოგენურობას, რადგან მისი გამოყენება დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებზე – ის ეხმარება მათ მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, ინფორმაციის შექმნაში, შენახვაში, გადამუშავებაში, პრაქტიკულ გამოყენებაში;
- აღქმის მოდალობების გამოყენება დიდ როლს თამაშობს ცოდნის ტრანსფერსა და ინტეგრირებულ სწავლებაში;
- განსაკუთრებით დიდი როლი აქვს დისტანციურ სწავლებაში: მოსწავლე სწრაფად ადაპტირდება ონლაინ სივრცესთან და ხდება მეტად თავდაჯერებული. ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებაში აღქმის მოდალობების წინ წამოწევა
ამრავალფეროვნებს სწავლის პროცესს ინოვაციური მიდგომებით;
- დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციის დროს მოსწავლეს მის საფუძველზე (მოდალობის მიხედვით, მისთვის დამახასიათებელი უნარების გათვალისწინებით) მიეწოდება ინფორმაცია, ხოლო იმის რისკი, რომ მოსწავლეს მიწოდებული ინფორმაცია დაეკარგება, ძალიან მცირეა.
შინაარსობრივად, პრაქტიკული კუთხით, ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:
- ვიზუალური უნარის მქონე მოსწავლეებისთვის სახელების დამახსოვრება რთულია, მაგრამ ადამიანის სხვა დეტალებს არაჩვეულებრივად აღიქვამენ: ისინი მარტივად ითვისებენ სასწავლო მასალას, თუ ვიზუალური სახითაა წარმოდგენილი, მათ ურჩევნიათ ტექსტი თავად წაიკითხონ, რადგან აზრებს ძირითადად წარწერების სახით ალაგებენ, აქედან გამომდინარე უძნელდებათ მოსმენილი ინსტრუქციების დამახსოვრება, მათზე დადებით გავლენას ახდენს სახალისო აქტივობები და ,,ფაზლები“, სახელმძღვანელოები, სამუშაო ფურცლები, წერილობითი ჩანაწერები, რუქები, ფლეშ ბარათები, სქემები, იმფორმაციული პლაკატები. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე ვიზუალურ სტიმულს იყენებს, ამ მოდალობით შემსწავლელი მოსწავლე იოლად აღწევს წარმატებას [Santangelo & Tomlinson: 2009., miler,2016];
- სმენითი შემსწავლელებისთვის მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში კომფორტულად იგრძნონ თავი, არ უყვართ ხმაური, რადგან მარტივად ეფანტებათ ყურადღება. მასალას უკეთ იმახსოვრებენ აუდიო რესურსების გამოყენებით, მათ ურჩევნიათ ისწავლონ მოსმენით, მოსწონთ ლექციების, აუდიო წიგნების მოსმენა და დისკუსიებში მონაწილეობა (ისინი ამჯობინებენ კონკრეტული თემის შესახებ ჯგუფურ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა, ვიდრე მის შესახებ წაიკითხონ). თუმცა პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ მათთვის მოსმენასთან ერთად მნიშვნელოვანია, თავად მოსწავლეებმაც ისაუბრონ. [ბოჭორიშვილი 2014];
- ტაქტილურ-კინესთეტიკური უნარის მქონე მოსწავლეებს ურჩევნიათ ისწავლონ შეხებით და მოძრაობით. ზეპირსიტყვიერს აქტივობებს, ლექციური ტიპის გაკვეთილებს წერით დავალებებს ამჯობინებენ, რადგან მათ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული შემოქმედებითი აზროვნება. ძირითადად უყვართ კეთებით სწავლება, ემოციების გამოხატვა, სხეულის ენით“. მათ მოსწონთ ხელების გამოყენება ნივთების შესაქმნელად. რესურსები რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას კინესთეტიკურ მოსწავლეებთან მუშაობისას: კომპიუტერის კლავიატურა, ქვიშის უჯრა, დაფა, მაგნიტური ასოები, დიორამები და მანიპულაციები. [ Sprenger, 2008., terry,2024., pankaew, 2024., miler,2016., ბოჭორიშვილი,2014].
ცხრილი: სწავლების სხვადასხვა სტილი, განმარტებები და მაგალითები (იხ. ხუნძაყიშვილი, 2018):
როგორც ვხედავთ:
- აღქმის მოდალობაში იგულისხმება თუ როგორ აღიქვამს და ამუშავებს ინდივიდი ინფორმაციას სხვადასხვა სენსორული არხების (აუდიალური, ვიზუალური, კინესთეტიკური) მეშვეობით;
- კონკრეტულად სწავლების ოპტიმიზაციაში კი იგულისხმება სწავლების იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც ყველაზე ეფექტურია მოსწავლისათვის. [მ.მაჭარაშვილი, 2020]
ამის შედეგია, რომ აღქმის მოდალობები და სწავლების ოპტიმიზაცია მჭიდდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ზოგადად, სწავლების ოპტიმიზაციის ძირითად ასპექტებია:
- ინდივიდუალური სწავლების სტილის გათვალისწინება: რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების, პრეფერენციებისა და შესაძლებლობების მიხედვით სწავლების ადაპტაციას. რომელიც მოიაზრებს სხვადასხვა აღქმის მოდალობების გამოყენებას, როგორიცაა ვიზუალური, აუდიტორული და კინესთეტიკური მეთოდები [Siyu Wu .2024];
- აქტიური სწავლების მეთოდები: სწავლების აქტიურ მეთოდებად განიხილება, დისკუსიები, ჯგუფური პროექტები და ინტერაქტიული დავალებები. რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობის გაზრდას და ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას;
- ტექნოლოგიების ინტეგრაცია: სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის მოიცავს ონლაინ პლატფორმების, ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის სწავლების პერსონალიზაციასა და ეფექტურობას [Siyu Wu .2024];
- განმარტებითი უკუკავშირი: იმისათვის რომ მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგება, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს რეგულარული და კონსტრუქციული უკუკავშირი მიაწოდოს;
- სწავლების რესურსების მრავალფეროვნება: სასწავლო პროცესში აუცილებელია ისეთი მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება როგორიცაა: სახელმძღვანელოები, ვიდეოები, აუდიოჩანაწერები და ინტერნეტ-რესურსების გამოყენება, რაც დაეხმარება თითოეულ მოსწავლეს მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით და ფორმატით;
- სწავლის შედეგების შეფასება: სწავლის პროცესის და შედეგების რეგულარული შეფასება უმნიშვნელოვანესია, რათა განისაზღვროს, რამდენად ეფექტურია გამოყენებული მეთოდები და რა ცვლილებებია საჭირო მათი გაუმჯობესებისთვის.
როგორ შეიძლება მივაღწიოთ სწავლების ოპტიმიზაციას, რომელიც მოდალობებზეა დაფუძნებული?
- ამისათვის მასწავლებელი შეისწავლის მოსწავლეთა „სწავლის სტილს“, შეუსაბამებს სწავლების მეთოდებს და სტრატეგიებს და ამ გზით გაზრდის აკადემიურ შედეგებს და მიაღწევს სწავლების ოპტიმიზაციას.
რამდენიმე რეკომენდაცია თითოეული მოდალობის გააქტიურებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ოპტიმიზაციას:
ვიზუალური მოსწავლეები სწავლობენ უკეთესად, როდესაც მასალა ვიზუალურადაა წარმოდგენილი, სასურველია გამოიყენონ:
- საგნები, დიაგრამები და გრაფიკები: რათა გამარტივდეს კონცეფციების გაგება.
- ვიდეოები და ანიმაციები: განათავსეთ ლექციები ვიდეო ან ანიმაციებით, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურად აღიქვან მასალა.
- წიგნები და ბარათები: გამოიყენეთ ფერადი ბარათები, წიგნები და პოსტერები ინფორმაციის უკეთ აღქმისთვის.
- წარმოდგენები და პრეზენტაციები: შესასწავლი მასალა წარმოადგინეთ პრეზენტაციებით, რაც მათ დაეხმარება კონცეფციების აღქმაში.
სმენითი მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ მოსმენით. მათი ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია:
- ლექციების და დისკუსიების ჩატარება რომლებიც სმენითი მასალით არის გამდიდრებული.
- აუდიო წიგნები: მიაწოდეთ აუდიო წიგნები ან პოდკასტები, რომლებსაც მოსწავლეები შეძლებენ მოსმენით ისწავლონ.
- როლურ თამაშებში ჩართვა რაც სმენითი აღქმის შესაძლებლობებს გააძლიერებს.
- მუსიკის და ხმების გამოიყენება სასწავლო ატმოსფერო შესაქმნელად.
ტაქტილური მოსწავლეები სწავლობენ უკეთესად პრაქტიკული და ფიზიკური აქტივობებით. მათი ოპტიმიზაციისთვის მნიშვნეოვანია:
- პრაქტიკული ექსპერიმენტები: ჩაატარეთ პრაქტიკული ექსპერიმენტები და ლაბორატორიული სამუშაოები.
- მოდელირება და კონსტრუქციები: გამოიყენეთ მოდელები, კონსტრუქციები და სათამაშოები, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლება ფიზიკური ობიექტების გამოყენებით.
- ხელით დაწერილი ჩანაწერები: სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ დაწერონ ხელით ჩანაწერები, რითაც გააუმჯობესებენ აღქმის უნარს.
- როლური თამაშები და სიმულაციები: გამოიყენეთ როლური თამაშები და სიმულაციები, რათა მოსწავლეები შეძლონ აქტიური მონაწილეობის მიღებას სასწავლო პროცესში.
ამგვარი მიდგომით, ფაქტობრივად, მასწავლებელი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებას – აღქმის მოდალობებზე ორიენტირებული წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვასა და განხორციელებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ფირჩხაძე, მ. (2022). მაია ფირჩხაძე. “როგორ გამოვიყენოთ აღქმის მოდალობები მასალის ასათვისებლად”. ხელმისაწვდომია https://mastsavlebeli.ge/?p=34826
- Santangelo, T & Tomlinson, C. (2009). The application of differentiated instruction in postsecondary environments: Benefits, challenges, and future directions. International Journal of Teaching and Learning in Higher Education, 20(3). Retrieved https://citeseerx.ist.psu.edu/document?repid=rep1&type=pdf&doi=e229c15ee5052fe80db583148ab0e910c4c3c32d
- Miler, a. (2016). How preferred modalities create more effective teaching and learning environments. Retrieved https://drive.google.com/file/d/1ijbu2LluioJfmB36kBOk6OiAdwtgbYaO/view
- ბოჭორიშვილი, მ. (2014).მანანა ბოჭორიშვილი. „სწავლის მოდალობები და დიფერენცირებული სწავლება”. წაკითხვის თარიღი 24 მარტი, 2024. ხელმისაწვდომია EDUCATIONHOUSE.GE
- ხუნძაყიშვილი.მ და ბივერი.ს (2018). მარიანა ხუნძაყიშვილი და სარა ბივერი. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. თბილისი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი. https://www.calameo.com/books/005033132bd468d82d2ba
- მაჭარაშვილი, მ. (2020). მარიკა მაჭარაშვილი. “მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმისას”. ხელმისაწვდომია https://mastsavlebeli.ge/?p=27297
- Siyu Wu and Yang Cao, (2024) . A Comprehensive Exploration of Personalized Learning in Smart Education: From Student Modeling to Personalized Recommendations. Retrieved https://ar5iv.labs.arxiv.org/html/2402.01666v1