მითოლოგია საოცნებო ალაგია ყოველი შემოქმედისთვის, შთაგონების ამოუშრობი წყარო. შთაგონება ყველაზე მეტად ხომ აღფრთოვანებასთან მეგობრობს, მითი კი ყოველთვის აღგაფრთოვანებს, თავის დაუჯერებლობასაც დაგაჯერებს და მთელი არსებით გადაგისვრის ღმერთებისა და საოცარი არსებების სამყაროში. იქიდან, აბა, როგორი გამოაღწევ, თუ არა შთაგონებით სავსე?
მითოლოგია მუდამ იყო ინსპირაციის დაუშრეტელი წყარო, მისი წიაღიდან არაერთი დიდი ნაწარმოები გამოუტანია არაერთ დიდ ავტორს. ვისაუბრებ ერთი ასეთი დიდი ავტორის, რაინერ მარია რილკეს გენიალურ ტექსტზე „ორფევსი, ევრიდიკე, ჰერმესი“, რომელშიც ბრწყინვალედ რეფლექსირდა ანტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მშვენიერი პასაჟი.
სატრფოს სიკვდილის გაუსაძლისი სიმძიმით იწყება ლექსი, სატრფოს სისხლის ფერი ისეთია, როგორიც არაფერი ქვეყნად – „სხვა ყველაფერზე ყოვლადწითელი“.
არ შეუძლია ორფეოსს, სამყაროს ამ, „უკანონო კანონზომიერებას“ დაემორჩილოს, ის ჩადის საიქიოში, რათა ევრიდიკეს სული წყვდიადიდან კვლავ სამზეოს დაუბრუნოს.
რილკე ასე აღწერს საიქიოს:
„იდგნენ კლდეები და ტყეები ფეხშეუდგამი,
იყო უდაბნო და ბრმა, რუხი, ვეება ტბორი –
საკუთარ, უღრმეს ფსკერს დამხობილი,
როგორც ღრუბელი საწვიმარი დაემხობა გადაშლილ მინდორს…
იყო მინდორიც…
მინდორს ზოლად აჩნდა ბილიკი – უნატიფესი მოთმინებით გადაჭიმული,
ძალიან მკრთალი, ძალიან ვიწრო, ძალიან გრძელი…“
როგორი შეიძლება იყოს ბილიკი, ცოცხალთა სამყოფლიდან სულთა სავანეში მიმავალი, თუ არა ასეთი „უნატიფესი მოთმინებით გადაჭიმული“…
საიქიოს რილკესეული აღწერა მაგონებს გალაკტიონისეულ „სამუდამო მხარეს“:
„როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში“.
(გ. ტაბიძე, „ლურჯა ცხენები“)
უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუხდა ორფევსს, ვერ კი ჩააბარა… „ასე ძნელად ნაწყალობევი“ ევრიდიკეს სული ერთი უკან მოხედვით დაკარგა.
„…რომ შესძლებოდა, თუნდაც წამით, შემობრუნება
(რომ მობრუნებით ყველაფერი არ დაეღუპა, რაც ასე ძნელად ეწყალობა),
დაინახავდა იმ ორს, მდუმარედ მის კვალდაკვალ რომ მოდიოდნენ“.
ხოლო ევრიდიკე… „ასე ძლიერ ნაყვარები“ ევრიდიკე… რომელიც ღმერთის ხელს, მოჰყავდა, გადასხვაფერებულიყო, უსურვილოდ, გაუბედავად, უსიხარულოდ დგამდა ნაბიჯს სიცოცხლისაკენ.
„ჩახვეულიყო თავისთავში, როგორც იმედი…
არ აფიქრებდა არც ის კაცი, წინ რომ უძღოდა და არც ბილიკი,
სიცოცხლისკენ გადაჭიმული…
ჩახვეულიყო თავისთავში… პირთამდე იყო ავსებული თავის სიკვდილით –
როგორც სიბნელით და სიტკბოთი სავსე ნაყოფი,
პირთამდე იყო ავსებული დიდი სიკვდილით – მარადახალით, მიუწვდომელით…“
აღარ ახარებდა ევრიდიკეს სიცოცხლის ბილიკი, აღაც ის კაცი აინტერესებდა, ერთ დროს საყვარელი. სავსე იყო საკუთარი სიკვდილით და იმიტომ. აღარ იყო მისი ცოცხალთსამყარო, სამუდამოდ გადასჩვეოდა იმ საამო შეხებასაც კი, ერთდროს რომ იყო ძალიან ტკბილი.
„და ა ღ ა რ იყო იგი უკვე ქერა ასული,
დღისით პოეტის სიმღერაში რომ წკრიალებდა,
ღამით კი კუნძულ-ოაზისი იყო სარეცლის…
აღარც ის კაცი იყო უკვე მისი მფლობელი…“
„გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება…“
(გ. ტაბიძე, „ლურჯა ცხენები“)
არ შეიძლებოდა, ევრიდიკეს ორფევსი ხსომებოდა, ისევ ისეთი მღელვარება ეგრძნო მის გვერდით, როგორიც ოდესღაც, რადგან აღარ იყო ევრიდიკე ის, რაც ოდესღაც, სქესიც კი ისე დახშობოდა, როგორც შებინდებისას იხშობა ყვავილთა ფურცლები. ამიტომ, როცა ღმერთმა აცნობა, რომ „ის მობრუნდა“, ევრიდიკეს უნდა ეკითხა: „ვინ ის?“
რადგან შეცვალა „სამკვდრო სუდარამ, ყველაფერი გადაავიწყა, რადგან ეს არის სამყაროს კანონზომიერება, რაც უნდა უკანონო ჩანდეს იგი „ორფევსებისთვის“.
რილკესეულ პოზიციასთან მსგავსებას ვხვდებით მარინა ცვეტაევას ლექსში „ევრიდიკე ორფეოსს“: „მან მოახერხა, გამხდარიყო მიწისქვეშა ფესვი, იმ დასაწყისიდან, საიდანაც სიცოცხლე იზრდება. იქ, ზედაპირზე, მიწაზე, სადაც ის იყო „სურნელოვანი კუნძული საწოლში და მშვენიერი თმის სიმღერები“ – იქ ის, არსებითად, ზედაპირულად ცხოვრობდა. ახლა კი, აქ, სიღრმეში, ის შეიცვალა“.
„არავინაა ისე ცოდვილი, რომ ორჯერ მოკვდეს“.
გენიალური სიმბოლოებით არის სავსე ეს ლექსი, რაც ალბათ მთარგმნელის დიდი დამსახურებაა, ასე ზუსტად რომ მოერგო ქართულ საზომს:
„დახშობილიყო მისი სქესი, როგორც ფურცლები ყვავილების – შებინდებისას“.
„ჩახვეულიყო თავისთავში, როგორც იმედი“
ან „ის, ასე ძლიერ ნაყვარები“…


