პარასკევი, თებერვალი 21, 2025
21 თებერვალი, პარასკევი, 2025

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ – კრიტიკული კითხვისთვის

საბავშვო ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ეს მოვალეობაა შვილების მიმართ, ზოგჯერ კი თერაპიისთვის ვკითხულობ, საკუთარი სიამოვნებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, საამისოდ მცალია. ისეთ ამბებთან ერთად, რომლებიც გვამხიარულებს და გვაბედნიერებს, საბავშვო წიგნებში რთული, დიდური თემებიც გვხვდება. ასეთ დროს მზად უნდა ვიყოთ, ბავშვებს დაუფარავად და საინტერესოდ ვესაუბროთ მათ შესახებ. თუ ბავშვი არ არის გაწაფული კრიტიკულ კითხვაში, არ არის მიჩვეული სიმბოლოების ამოცნობას, რეალობასთან პარალელების გავლებას, შესაძლოა, ვერ მოახერხოს ნაწარმოების სიღრმისეული გაგება და შეფარული სიმართლის ამოკითხვა.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ჩემი და ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. ის ცნობილმა იტალიელმა საბავშვო მწერალმა ჯანი როდარიმ დაწერა. ავტორი შეფარვით, იგავურად გვიყვება შორეული ქვეყნის შესახებ, სადაც დიქტატურა და სიცრუე გამეფებულა. ის ცდილობს, ბავშვებს გასაგები ენით აუხსნას რთული საკითხები, ისე, რომ პატარა მკითხველმა ინტერესითა და ხალისით იმოგზაუროს „ცრუთა ქვეყანაში“, სადაც არც ისე კარგი ამბები  ხდება.

ნაწარმოების მთავარი გმირი, ჯელსომინო, უჩვეულოდ ძლიერი ხმის პატრონია. მის ხმაზე ფანჯრის მინები იმსხვრევა და შენობები ინგრევა. ერთხელ ჯელსომინო მოხვდება ქვეყანაში, სადაც ყველა იტყუება და ყველაფერი ყალბია. ცრუთა ქვეყანაში პურს მელანი ჰქვია, ყველს – საშლელი, სასურსათო მაღაზიაში რვეულები და საღებავები იყიდება, საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში კი – ძეხვი და ყველი. ამ ქვეყანაში კატები ყეფენ, ძაღლები კნავიან, ლომი ვალდებულია, თაგვივით იწრიპინოს, ხოლო თაგვები ლომივით ბრდღვინავდნენ. თუ ვინმე სიმართლის თქმას გაბედავს, საგიჟეთში ამწყვდევენ. ცრუთა ქვეყნის მთავარ გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ჰქვია და სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. აბსურდი ცხოვრების ნორმად ქცეულა.

ცრუთა ქვეყანას ჯაკომონი, ყოფილი მეკობრე მართავს. მას მხოლოდ თავისი ძალაუფლება და პარიკები ანაღვლებს, რადგან ქაჩალია და „დაკოჟიჟებულ, მეჭეჭებიან, არასასიამოვნო ვარდისფერ მელოტ თავს პარიკით იფარავს“. დიქტატორი ჯაკომონი ყველას აიძულებს, სიცრუე სიმართლედ მიიღონ და  ცხოვრების წესად აქციონ. ვინც ამ წესრიგს ეწინააღმდეგება, იჭერენ და აჯარიმებენ.

როგორც ყველა ზღაპარს, ამ წიგნსაც კეთილი დასასრული აქვს: ჯელსომინო თავისი მჭექარე ხმით საგიჟეთს ანგრევს და იქიდან გამოჰყავს სიმართლის თქმისთვის დასჯილი ადამიანები.  ჯაკომონის მოძალადე სისტემა ინგრევა, სიმართლე და საღი აზრი იმარჯვებს. ჯელსომინო ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილა – გვერდით ედგნენ მეგობრები.

ბავშვები იოლად მიხვდებიან, რომ კეთილისა და ბოროტის ეს მარადიული  დაპირისპირება კეთილის გამარჯვებით რომ დასრულდეს, საჭიროა მამაცი ადამიანების არსებობა, ისეთებისა, როგორიც ჯელსომინოა. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც ეს არის: თითოეული გაბედული ადამიანის ხმას აქვს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია, „სიცრუის სვეტები“ დაანგრიოს და სიმართლე ყველას დაანახოს.

ეს წიგნი გამოგვადგება იმისთვის, რომ ბავშვებს ცხადი მაგალითებით ვესაუბროთ ძალმომრეობითი სახელმწიფოების ბედზე; იმაზე, რომ შეუძლებელია, სიცრუესა და სისასტიკეზე აშენდეს იმ სახელმწიფოს საძირკველი, სადაც მომავალში ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ;  რომ ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლება და სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს ჩაანაცვლებს ორპირობა და ტყუილი.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ბავშვებს დაანახებს სიმართლისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რომელიც ყველას გვჭირდება და რომელიც ყველას უნდა გავუზიაროთ.

მნიშვნელოვანია, უფროსებმა ბავშვებს ვასწავლოთ კრიტიკული კითხვა, დავაფიქროთ იმაზე, რა ადვილია რეალობის დანახვა, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ მოვლენებს და ობიექტურად შევაფასებთ სიცრუით დამახინჯებულ სინამდვილეს.

თუ ბავშვებისთვის ახალ საკითხავს ეძებთ, ეს წიგნი აუცილებლად მოინიშნეთ. ზოგჯერ დიდებსაც  გვჭირდება ყურადღება და დაკვირვება, რომ სიცრუის სამყაროში სიმართლის დანახვა შევძლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“