მოსწავლეების ნაჩუქარ წერილებს, ბარათებს, ყვავილების წიგნებსა და დღიურებში ვინახავ. ახლა, როცა დეკრეტული შვებულების გამო სკოლაში არ ვმუშაობ, მასწავლებლობისას დაგროვებული გამოცდილების შესახებ ბევრს ვფიქრობ. თითოეული რესურსი კიდევ უფრო ძვირფასი გახდა და რეფლექსიისკენ მიბიძგებს.
მეხუთეკლასელი ანდრიას ბარათი აქტივობისა, რომლის სახელია გაბზარული გული, სწრაფი ნაბიჯით შინისკენ რომ მივიჩქაროდი, მაშინ ჩამოფრიალდა წიგნიდან და ასფალტზე დაეცა. შევჩერდი და საგულდაგულოდ დავაკვირდი თითოეულ გრაფაში ჩაწერილ წინადადებას.
ემოციურ ინტელექტზე მუშაობისას მეხუთეკლასელებს შევთავაზე აქტივობა სახელად „გაბზარული გული“, კერძოდ, გულის ფორმის ბარათებზე უნდა ჩამოეწერათ ყველაფერი, რაც აწუხებდათ. ანდრიას მეორე გრაფაში უწერია: გულს მტკენს, როცა ლელა მასწავლებელი გაბრაზებულიაო. კადრებად გაირბინა ჩვენი ერთად ყოფნის დღეებმა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაუზოგავად ვცდილობდი მათთვის საინტერესო გაკვეთილები ჩამეტარებინა, გული არავისთვის მეტკინა, ზოგჯერ საკუთარი ემოციების მართვა მიჭირდა და ბრაზს გამოვხატავდი. ძალიან რთულია მასწავლებლის ყოველდღიურობა სკოლაში და ემოციურ დაძაბულობასთან გვიწევს გამკლავება. მრავალრიცხოვანი კლასები, 5-წუთიანი შესვენებები, საშინაო დავალებები, ინსტრუქციები, შემაჯამებლები, ქულები, კოლეგებთან და მშობლებთან კომუნიკაცია, ფიქრი თითოეულ ბავშვზე, რესურსების დამზადება, დამრიგებლობის პასუხისმგებლობა და ამ ყოველივეს მიღმა ოჯახზე ზრუნვა – საგანმანათლებლო სისტემა ქართველი მასწავლებლის ემოციურ სიჯანსაღეზე არ არის მორგებული, თუმცა, რადგან ბავშვებს ვასწავლით, აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ კომუნიკაციის სწორი ფორმები და ამჯერად საუბრის ტონის მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება.
საუბრის ტონს ურთიერთობისას დიდი ძალა აქვს. ამ თემაზე დამაფიქრა ჰაიმ ჯ. ჯინოტის წიგნმა „მშობელსა და შვილს შორის“ (გამომცემლობა „პალიტრა L”). ავტორი მიმოიხილავს ბავშვის აღზრდის მრავალ საკითხს: დიალოგს, სიტყვის ძალას, ქცევას, პასუხისმგებლობას, დისციპლინას, ეჭვიანობას, შიშს… – ყოველივეს აერთიანებს მოსმენასა და პატივისცემაზე აკინძული ურთიერთობა. პატივისცემა კი სწორედ ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვების ტონში გამოიხატება.
შეუძლებელია, წიგნში მარგალიტებივით გაბნეულმა, ავტორის მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე დამყარებულმა შეგონებებმა აღზრდის ურთულესი პროცესი არ შეგიმსუბუქოთ:
„არ შეიძლება უხეში იყოთ, როცა ბავშვს თავაზიანობას ასწავლით“. [ჯინოტი 2021, 92]
„ბუნებაში არ არსებობს არც ერთი ღირსეული მიზანი, რომლის სწავლება შვილის მიმართ მშობლის უხეშ დამოკიდებულებას გაამართლებს“. [ჯინოტი 2021, 95]
„თანაგრძნობით ნათქვამმა თქვენმა სიტყვებმა ბავშვს ხასიათი თუნდაც მაშინვე არ გამოუკეთოს, იგი ამ სიტყვებსა და მათში ჩამალულ სითბოს აუცილებლად დაიმახსოვრებს“. [ჯინოტი 2021, 95]
„რით დავიწყოთ, თუკი გადავწყვეტთ, რომ დროა, შვილებთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ? საკუთარი თავით. უნდა შევისწავლოთ ჩვენი რეაქციები, პასუხები“. [ჯინოტი 2021, 11]
სწორედ მაშინ გადავწყვიტე, წიგნში ამოკითხულის გაცნობიერება საკუთარი თავის შეცნობით დამეწყო.
ჩემი დაკვირვებით, საუბრის ტონის ცვლილებას იწვევს გამოუძინებლობა, გადაღლა, შიმშილი, გაღიზიანება, ბრაზი. სხეულის რეაქციებზე დაკვირვების შესახებ შვილებსაც ვესაუბრები. ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელობებით, რაც ასევე მოქმედებს ჩვენს ხასიათზე. როდესაც შვილებმა და მშობლებმა ვიცით ერთმანეთის ხასიათი, ქცევის ცვლილების მოტივის ამოცნობას ადვილად ვახერხებთ, რაც მოსალოდნელი წყენისა და გაუგებრობის თავიდან აცილებაში გვეხმარება.
საუბრის ტონში გამოიხატება ემოციები, დამოკიდებულებები, განწყობა. ტონი შეიძლება იყოს მშვიდი ან აგრესიული, მშრალი, უხეში, ცინიკური, გულისხმიერი, თბილი, გაღიზიანებული, პათეტიკური, გულწრფელი… ჩვენი განწყობა აირეკლება საუბრის ტონში და მსმენელზე გადამდებად მოქმედებს. იგივე შეიძლება ითქვას ნაწერზეც, კითხვისას გვეუფლება ის ემოცია, რომელსაც ავტორი წერისას განიცდიდა.
რაც შეეხება სასკოლო გარემოს, სწორედ საუბრის ტონი განსაზღვრავს ბავშვების განვითარების ძირითად მიმართულებას. რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა საინტერესო აქტივობებით აკინძული გაკვეთილი, ბედნიერი დღე ერთი უხეშად, თავშეუკავებლად ნათქვამი სიტყვით გაუფერულებულა ან ჩემი საუბრის ტონი ჩემი შვილების ქცევაზე არეკლილა. სწავლების მიდგომებიც განსაზღვრავს ტონს, მაგალითად, ავტორიტარული აღზრდის სტილი მშობლის/მასწავლებლის საუბრის ტონზეც აისახება და, როგორც წესი, ხისტი, უხეში, თანაგანცდისგან დაცლილია. ბავშვები ყველაფერს ისრუტავენ. სწორედ ამიტომ, უზარმაზარი ყურადღება და გულისხმიერება გვჭირდება უფროსებს მათთან ურთიერთობისას. თავად ჩვენ როგორ განვიცდით ხელმძღვანელის, კოლეგის, ოჯახის წევრისა თუ მაღაზიის რიგში შემხვედრი უცნობის მიერ უხეშად ნათქვამ სიტყვას, ახლა წარმოვიდგინოთ ბავშვების ემოციები, როდესაც მათ არასასურველი ტონით ვესაუბრებით. ურთიერთობის ფორმები, რომლებსაც მათ ვთავაზობთ, შემდეგ ერთმანეთთან კომუნიკაციისას გადააქვთ და მათ ირგვლივ არაჯანსაღი გარემო იქმნება.
საუბრის ტონი რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას განსაზღვრავს ამის მაგალითად გავიხსენებ თამარ გეგეშიძის რომანიდან „ჩუმად უნდა იჯდე“ ერთ ეპიზოდს, რომელიც აღწერს კონფლიქტის კულმინაციას.
36 წლის ქართულის მასწავლებელი, მაკო, კლასში შესვლამდე ფიქრობს:
„მაკო, დაიმახსოვრე, არასდროს აჰყვე მოსწავლის გამოწვევას, არც პროვოკაციას! ის ეცდება, მაგრამ შენ უფრო მეტად ეცდები. სხვანაირად იფიქრე, სხვანაირად შეხედე, ამას არ ასწავლი? სხვა კუთხიდან მოუარე! სკოლაში ასეთია, მაგრამ შეიძლება, სახლში დედას ეხმარება, პატარა დას ეთამაშება, მეგობრებს უყვართ. შეიძლება, კარგი ადამიანია და შენ ვერ ამჩნევ!“ [გეგეშიძე 2022, 56]
მაკოს ფიქრებს მეცხრეკლასელი მოსწავლის საქციელი ავიწყებს. სხვა დროს ჩუმად მყოფი შიო იმ დღეს უჩვეულოდ მოუსვენრად იქცევა და მაკო მას უხეშად მიმართავს. მასწავლებლის შენიშვნას შიოც უპასუხობს და ურთიერთობა იძაბება.
ამ ეპიზოდში შიოსა და მაკოს შორის გამართული დიალოგი საუბრის ტონის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს:
„- შიო, ეს არასდროს დამთავრდება? – ამოვხეთქე ბოლოს, როცა სიბრაზე გულში აღარ დამეტია.
-რა?- მაშინვე სიჩუმემ დაისადგურა, როგორც დიდი ბრძოლის დასაწყისში. თითქოს წრე შემოგვარტყეს და არენაზე გაგვიშვეს.
-შენი მხიარულება! გავიწყდება, რომ გაკვეთილზე ხარ და არა წვეულებაზე?
– არ მავიწყდება!
-მაშინ რატომ ჩუმდები?
-არ მიცდია! – ვიგრძენი, როგორ დამიწვრილდა თვალები და წამომიწითლდა სახე. გადამწყვეტი მომენტი იყო! თუ ახლა დავთმობდი, მერეც მომიწევდა დათმობა, თუ ერთ მათგანთან დავთმობდი, სხვებიც იმავეს მოითხოვდნენ, მერე უბრალოდ არარაობად გადავიქცეოდი“. [გეგეშიძე 2022, 58]
როგორც ვხედავთ, კონფლიქტი მასწავლებლის უხეშმა ტონმა გამოიწვია. საკუთარი ავტორიტეტის დაკარგვის შიშით მაკომ შიოს კლასის დატოვება მოსთხოვა და მოზარდმა ბიჭმაც აგრესიულად უპასუხა.
ამ ეპიზოდმა შემახსენა ის ცოდნა, რაც საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, კერძოდ, როდესაც უხეში, აგრესიული ტონით ვსაუბრობ, თავად ვხდები ძალიან ცუდად და, პირიქით, რაც უფრო ხშირად გამოვხატავ სიყვარულს საუბრის ტონით, რაც უფრო ხშირად ვამბობ საალერსო სიტყვებს, მით უფრო დადებითი აურა იქმნება ჩემ ირგვლივ.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსწავლეების კომუნიკაციის ფორმებზეც. ჩემი დაკვირვებით, საუბრის უხეში ტონი ხშირად შემინიშნავს არა მარტო რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის, არამედ – მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც. თითქოს ნორმად იქცა საკუთარი აზრის ყვირილით, აგრესიულად გამოხატვა. ცხადია, ამასაც თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. თუკი მასწავლებლები მოსწავლეებს დავაფიქრებთ საუბრის ტონის მნიშვნელობაზე, ხშირად შევთავაზებთ ემოციური ინტელექტის განმავითარებელ აქტივობებს, მათი საუბრის ტონზე დადებითად აისახება ცვლილებები.
როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, საუბრის ტონზე ჯერ მშობლებსა და მასწავლებლებს გვაქვს სამუშაო. თუკი, განგრძობითად ვაქცევთ სიყვარულით, გულისხმიერებით გაჯერებული ხმით საუბარს, ბავშვებიც იმავე ტონით გვიპასუხებენ მერეც, როცა დრო გავა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გეგეშიძე, თამარ. 2022. ჩუმად უნდა იჯდე. რედ. ზვიად კვარაცხელია. თბილისი: ინტელექტი
- ჯინოტი, ჰაიმ ჯ. 2021. მშობელსა და შვილს შორის. თარგ. დოდო ყვავილაშვილი. თბილისი: პალიტრა L