შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

შიში, როგორც საზოგადოების მართვის აპრობირებული ხელოვნება

 

XXI საუკუნეში მედიის ყველა (ტრადიციული თუ სოციალური) ტიპის საშუალება აქტიურად გამოიყენება შიშების დანერგვის ინსტრუმენტად. პანდემიის პერიოდში, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შემდეგ, მოსახლეობაში ინერგებოდა  ვაქცინისადმი შიშები. ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არ არის, რელიგიის, ტრადიციებისა თუ იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულაცია. ამ მითების დასამსხვრევად, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აქტიურად ავრცელებდა პუბლიკაციას „10 მითი ევროკავშირის შესახებ“.

შიშს უდიდესი ისტორია აქვს. მისი აღმოჩენის შემდეგ, მეფეები თუ დიდგვაროვნები, შიშის დათესვას აქტიურად იყენებდნენ მაშინდელი საზოგადოების სამართავად. ძველად და ახლაც, მასების მართვის ერთ-ერთ წარმატებულ ხერხად ომის შიშის გავრცელება წარმოადგენს.

სად არის შიში? შიში ჩვენს ტვინშია და აქედან მთელს სხეულზე ვრცელდება. უფრო კონკრეტულად შიში იწყება ტვინის იმ რეგიონში, რომელსაც ამიგდალა ეწოდება. ეს ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურაა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინში საფეთქლის წილის სიღრმეში და აქვს ნუშისებრი ფორმა.  ეს სისტემა მონაწილეობს არაცნობიერი ემოციური სტიმულების გადამუშავებაში და განსაზღვრავს ადამიანის ემოციებს: აგრესიას, შფოთს და შიშს.[1]

მედიის კრიტიკული გააზრება არის გზა, რომელიც გამოგვიმუშავებს  ერთგვარ „იმუნიტეტს“ მედიის მიერ დაგებული ხაფანგებისგან თავის ასარიდებლად. ამ მიზნამდე მისასვლელი რამდენიმე გზა არსებობს. სტატიაში განვიხილავ ცნობილ მხატვრულ ფილმებს, რომლებიც დააფიქრებს მოსწავლეებს იმაზე თუ როგორ შეიძლება ტელეარხმა დათესოს ომის შიში, შექმნას საზოგადოებრივი აზრი, შეცვალოს განწყობები, დამოკიდებულებები, მოიპოვოს პოპულარობა, ბოროტად გამოიყენოს მაყურებელთა ნდობა და ა.შ.

ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის, აქვე, განვმარტავ, რომ ამ სტატიის მიზანია ვიმსჯელოთ თუ რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ მედია პროდუქტის შემქმნელებს, სხვადასხვა გზავნილების გამხმოვანებლებს, დავფიქრდეთ მით დღის წესრიგზე და ავყვეთ ემოციებს…

კუდის ქიცინი

სკანდალები და რეიტინგ დაქვეითებული  აშშ-ს პრეზიდენტი, მოახლოებული არჩევნები და მისი წაგების რეალური საფრთხე. რა გამოსავალია ამ შემთხვევაში? მედია კამპანია და ომის ინსპირაცია. ომს სჭირდება მოწინააღმდეგე. რეჟისორი კი, ამ დროს, საინტერესო გამოსავალს გვთავაზობს – ალბანეთი მოწინააღმდეგის სახით. კუდის ქიცინი პოლიტიკური მანიპულაციის ეკრანზე გადმოტანის კარგი მაგალითია. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტობის კანდიდატის რეიტინგის გაზრდას სპეციალურად დაქირავებული ადამიანების ჯგუფები.

ნელ-ნელა პრესის ფურცლებზე თუ ტელევიზიაში პრეზიდენტის სკანდალი იხსნება მთავარი გვერდებიდან და მთავარი თემა ხდება ალბანეთთან მოსალოდნელი ომის საფრთხე. იქმნება, პატრიოტული ჟანრის სიმღერები, ამ ყველაფერს წარმატებულად უბამს მხარს მედია. ისინი მყისიერად ავრცელებენ კონსპირაციული ჯგუფის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალას თუ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

CIA-ის (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) წარმომადგენლები, აღმოაჩენენ რომ ალბანეთთან ამერიკის შეერთებული შტატების ომი გამოგონილია. ამიტომ, მოსახლეობას მის დასრულებას აუწყებენ. ამის გამო, კონსპირაციული ჯგუფების წევრებს უხდებათ დღის წესრიგის შეცვლა.  ტყვეობაში დარჩენილი ჯარისკაცი და მისი დაბრუნების ოპერაცია – ეს არის საკითხი რომლის ირგვლივაც კეთდება მთელი აქცენტი.

ფილმი ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება გამოიყენოს მედია  ხელისუფლებამ საკუთარი თავის გადასარჩენად, ხოლო ამისთვის არ მოერიდოს კონფლიქტების გამოგონებას.

სადისკუსიო კითხვები:

  • რამდენად რეალისტურია დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ასეთი მასშტაბის დეზინფორმაციის გავრცელება და შენარჩუნება, როდესაც ინფორმაციის გადამოწმება გაცილებით უფრო ადვილია ვიდრე 90-იან წლებში?
  • რას გვეუბნება ფილმი საზოგადოების პასიურობისა და მედიის მიმართ ბრმა ნდობის შესახებ? არის თუ არა მაყურებელი საკმარისად კრიტიკული მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიმართ?
  • როგორ შეიცვალა ფილმში ნაჩვენები მედია-მანიპულაციის მეთოდები თანამედროვე სოციალური მედიის ეპოქაში და რა ახალი გამოწვევები გაჩნდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით?
  • რა გავლენას ახდენს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნაკადი მოსახლეობის განწყობებზე?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს არსებობა და რატომ არ უნდა იყოს თავმოყრილი ძალაუფლება ერთი ადამიანის/ჯგუფის ხელში?

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შიში საზოგადოების მართვის ერთ-ერთი უძველესი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება მედიის საშუალებით. ფილმი „კუდის ქიცინი“ გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედია გახდეს მანიპულაციის იარაღი და პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელება და შიშების დანერგვა კიდევ უფრო გამარტივდა სოციალური მედიის მეშვეობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების განვითარება და კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავება. მხოლოდ ინფორმირებულ და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას შეუძლია დაიცვას თავი მანიპულაციებისგან და არ გახდეს შიშზე დაფუძნებული საზოგადოების წევრი.

 

[1] შიშის მეცნიერება: რატომ გვეშინია და რა ხდება ამ დროს ჩვენში

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“