(თაფლო ზარიძის პოეზიაზე)
„პოეტის სული დროსა და სივრცეში არ განისაზღვრება“
ვისაუბრებთ შემოქმედზე, რომლის ნიჭიერებისთვისაც უნივერსალურობაა დამახასიათებელი: ხატავს, წერს პოეზიასა თუ პროზას, ზოგადად, მხატვრულად აღიქვამს და გადმოსცემს სამყაროს. როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, თაფლოს ყოველი ნახატი სიცოცხლის პოეტური დითირამბივითაა, ხოლო ყოველი ლექსი „დახატულია“, ანუ აქ აზრით მხატვრობაცაა, არა მარტო სიტყვით. ესაა „ფერწერა“, ფერების მისტიციზმით – მზის ჟანგი და „ძილბურანში წასული“ ლურჯი; ყვითელი, როგორც პოეტის მზიური ჩრდილი და „მზიანი დამიწებაც“, როცა მზე „მკვდრისაა“, ანუ ჩამავალი; „უშობელ ბავშვთა მიწისადმი გრავიტაცია; რკინის წითელი და ანწლების „ვენების სილურჯით“ მწიფობა; ესაა „გრაფიკაც“ – „მტკვარში მეტეხის სველი ნეკნები მეჩვენებიან უფლის თითებად“; თოვლის ძაძები; სიცივის სისხლიანი ლუკმა და ღამეთა ქარვა; ყვითელი სერების სილუეტებით დასერილი ლურჯი მთები და თვალთა ნესტიანი მღვიმეები, ღამურებმა რომ დაისაკუთრეს; ბინდბუნდისფერი ჩიტები, მხრებზე დამსხდრები და დავიწყებისკენ მიმავალი სიყვარულის მწვანე შუქი…
თაფლოს პოეზიაში, თანამედროვეობასთან ერთად, ძირძველი მითოსურ-ბიბლიური სევდაცაა:
„თიხისფერ ფურებს ვუვლიდე…
თიხიდან კი ამოისახებოდნენ ადამიანები,
ჩემგან შორს,
მიაშურებდნენ უდაბნოებს
თაკარა მზეში გამოსაწვავად
და ჩიტების საჩრდილობლებად იქცეოდნენ…“
(„ნეტავ, შემოდგომა ვიქნებოდე“)
ესაა ახალგაზრდა პოეტის უმძაფრესი, უფაქიზესი და ურთულესი, საოცრად ტკივილიანი აღქმა, შეგრძნება სიცოცხლისა, რომელიც თითქოს უგრძესი გზაა, გამოვლილი ადამიანად ყოფნიდან, ღვთისკენ ხელების გაწვდენით, სულის შესაცნობად… არადა, ყველაფერი „ალბათაა“ ამ წუთისოფელში, არა? ვერ გავრკვეულვართ, სად ცხადია და სად სიზმარი („იპარებიან, როგორც ქურდები,/დრონი, გრძნობები და ადგილები,/სავარაუდო არსებობს მხოლოდ და არაფერი – დანამდვილებით…“). „ვიღაც“ ამ შინა თუ გარე ომების ნანგრევებსაც „ხატავს“. უზარმაზარი, მარადიული, პასუხგაუცემელი „რატომ?!“ ჰოდა, გადაგვაქვს ეს ომები – ჩვენ შიგნით თუ ჩვენ გარეთ. ამ საბედისწერო ორომტრიალში კი „არაფერია იმაზე მწარე, ახლა ადგე და ღიმილი მთხოვო“, ამბობს პოეტი, – თუნდაც ჩვენი დღევანდელობა.
თაფლოს პოეზიაში ერთმანეთს შერეული ფერებიცაა, ხანდახან თეთრად „გაციებული, მინავლული“: „ნეტავ, სად მიდიან ის ფერები, / უსიყვარულოდ რომ თოვდებიან?/ ფანჯრებს ეფაკლებათ ლოყები და/ კედლებს ფოთოლივით ვეხეთქები/ და მზეს ვაოცნებებ, კონკებიანს…“ ეს არ არის გაზაფხულის მოუსვენრობა, – თაფლოსთან აზროვნების, მისი ასაკისთვის თითქოს ნაადრევი შემოდგომის სისავსეა. თუმცა განცდათა ეს სიმძაფრე დროზე გამარჯვების საწინდარიცაა ხშირად („ვიღაც იცვლება წლებით,/ ვიღაც დროებას ცვლის…“).
ყველას გვინახავს ვან გოგის ნახატები, ფერები, სავსე სიცოცხლის ვნებით; იგივეა თაფლოს ამ ლექსში:
„ვიპარავ
ვარდისფერ განთიადს
და
ხელისგულებში ვინახავ,
შიშველი ღრუბლები მაცვია
და წვიმის სუნთქვაში ბინა მაქვს…
ვაწებებ
გაცრეცილ მზის ტილოს,
ცისფერი ტალახის ნარჩენებს…
მე უნდა ვიფიფქო თოვლივით,
დამღალოს სამყაროს ტრიალმა.
რომ მქონდეს საზეო მოვლილი…“
(* * *)
ობოლი ცრემლის მესაიდუმლე, „ყოფნისა და არყოფნის სიო“ თუ „მანძილი გადაფრენიდან გადაფრენამდე“, თაკარა სხივების ყველასთვის გამნაწილებელი, ქვეყნად გაჩენის სინანულით სავსე ლექსები თაფლო ზარიძისა… რომელ ჩვენგანს არ უფიქრია სიკვდილზე? თაფლოსთან უცნაურია „წუთისოფლის ამ მშვენებისადმი“ დამოკიდებულებაც – თამამიც, მსუბუქიცა და დარდიმანდულიც („მოვა უნაზესი/შავი ტიტასავით/ თხელმხრებმოკანკალე/სიკვდილი…“) – მისთვის „სასაცილოა – გარდაიცვალო“, ამ კოწახურივით დღეთა ცვენაში, მზის რკალს გაქცეული, „სხივნაჭამი მოლაღურების“ ქალაქში, თუმცა „ფრთები ცის კიდესთან შევაჩეროთო“, ესეც მისი ნათქვამია… ასეთი განწყობებით ერთი ნაბიჯიღაა თავგანწირვამდე – „მე ჩემი სული სისხლად დავღვარე,/რომ გამეზარდა შენი ჩინარი…“. ესაა ობოლი ფიქრებით სავსე ლექსთა კელია (მომნუსხველი სულიერი ასკეტიზმი საგრძნობია, აშკარად); ტრაგიკულობა – „ვინც მიყვარს, რატომღაც ის ჩემი მკვლელია“; ყოფასთან შეჭიდებული ფაქიზი სული და სხეული: „ო, როგორ მინდოდა, მიწაზე გამეძლო… ვის შეაკედლებ ცარიელ თვალებს“. ხშირად გგონია, რომ მარცხდები და „უგონოდ შორია საოცარ ზღაპრამდე“, ჩამოყრი „მომავალივით დაღლილ ხელებს“, თითქოს ყველაფერი ამაოა. მაგრამ ასეთ დროს ღმერთი გაჩვენებს, რა არ არის ამაო:
„ვერ ვუმკლავდები – ფიქრები ვჩენჩო,
მოდის ბანცალით მოხუცი გლახა,
- რა ლამაზია, ღმერთო ჩემოო! –
თქვა და პირჯვარი გადაისახა.“
(„მეტეხთან“)
„სიზმრისლოდება სიცხადეაო“ წუთისოფელი; „მზად ხარ, გაიქცე დედამიწიდან“; აქ მითოსური, ნესტიანი წყლების სიღმეებიდან მოფრინდებიან სიმბოლოები, განწყობები, მარადი პარადიგმები. პოეტი გვაუწყებს, რომ არა სხეული – სულის, არამედ სულია მისი სხეულის ტვირთი, ბედნიერებასაც ყოველი ჩვენგანის ფერი აქვს და ჩვენს „სასახლეში დახტის კვიცივით“. სიყვარულიც ხომ ხდება ხოლმე ზოგჯერ ცვილის ბომონივით უტყვი და გოროზი? – „და გზა, რომელსაც გაქცევით მალავ, ისევ ჩემამდე მოგიყვანს, ოღონდ,/საუბედუროდ, ვერ გადაგარჩენ,/ უკვე გამახმო ქარმა გირჩივით,/ვითვლი ნაგროვალ ცრემლიან ფარჩებს/და გამოფიტულ თვალებს ვიჩიჩქნი“ („უჩემოობა“); „ნეტავ, არც დამენახა, სხვისთვის როგორ მიგქონდა ჩემით გულანთებული პოეზიის ყვავილი“. ქრისტიანული სენტენციებით, ტანჯვას მონაქროლი სიხარულის სიმსუბუქეც აქვს – „და ფანჯრებიდან, როგორც მერცხლები, /ჩემი ტანჯული წლები მიქრიან…“ თოვლისფერი ლექსები (ყველა ფერის ერთობაა თეთრი) სისხლის ცრემლებით მტირალ ლირიკულ გმირს ფეხქვეშ უფენს წითელ ყვავილებად ნაქცევ საკუთარ ცრემლებს.
„საარსებეთი“ – ასე უწოდებს თაფლო წუთისოფელს, ჩვენ კი – გაშვილებული შვილები სამშობლოსი, რომელსაც პოეტი ასე მოიხსენიებს: „სასიმღერეთი, ანუ ჩემი და თქვენი ქვეყანა“; აქ არის „ფრთიან ბეჭებზე დახლილი ცეცხლისფერი ტყვიები“, თრიმლიანი ჭრილობები, დამშრალი ზღვები, დამწვარ სულთაგან ავარდნილი ცეცხლით რომ ივსებიან. თუმცა ამ ტრაგიზმში მარად განახლებადი სიცოცხლეცაა:
„მარადიული ხე ვარ –
ყველაფრის ამტანი,
დალეწილი,
დამპალი,
დაობებული,
და მაინც ახალი ყლორტები ამომდიან…
რა დავაშავე…“
ბოროტი ოქსიმორონებიც: „ყველანი რა კარგად არიან,/ ვისაც ჩემი სულის სისხლში/ხელები აქვს ამოსვრილი…“ პოეზიაც ხშირად ჰგავს „ვირებთან ვიოლინოს დაკვრას“, გულწრფელობამორგებული ყალბი ადამიანები რომ ისმენენ და ისე იფერებენ, როგორც „დედოფლობას – ვინმე გონჯი“. ქვეყნისა და, საზოგადოდ, ყოფიერების ტრაგიზმიცაა ეს. თუმცა ამ ტრაგიკულობასაც უდიდესი ძალა მოაქვს სიცოცხლისა, თუნდაც ისეთი, როგორც თაფლო ზარიძისთვის საყვარელ და სანიმუშო ფრიდა კალოს ჰქონდა: „ფრიდა ერთადერთია, რომელიც საკუთარი ძვლებით ხატავდა“; „რად მინდა ფეხები, როდესაც ფრთები მაქვს“ – ეს კი ფრიდას სიტყვებია. მისი წოლისგან დაღლილი სხეულის სილურჯეში ერთგვარი სიგიჟეცაა, ურომლისოდაც „ცხოვრება მუნჯია“… ცხოვრების „თებერვალიც“, „მკვდარი ჩიტების სეზონიც“, ხომ გაივლის, არა?! დროის ბუნება კარგად იცის თაფლომ: ის, დრო, კი არ მიდის – გადის ან იყინება, ან გიჟურად, „ფლოქვების ცვეთამდე, ფეხების მტვრევამდე, კისრის ტეხამდე“, საზარელი, სულისშემძვრელი ჭიხვინით მიგვაჭენებს. ჩვენც ავყვებით ხოლმე ამ სიგიჟეში; ვიცინით, ვიჯერებთ იმას, რაც გვინდა, გვჯეროდეს:
„პეპლებივით აფრინდნენ მინდვრებიდან ყვავილების გოგოები,
ჭეშმარიტი რაინდები კი რკოს კაცუნები არიან…
ხელში ამიყვანე და წამიყვანე,
მეგონა, ვარდ-ყვავილთა ტკბილი სარეცელი მელოდა.
გმადლობ, სიცოცხლევ, ჯოჯოხეთისთვის…
გიჟი ხარ – გიჟი!!!“
თაფლო ზარიძის პოეზიაში ვიპოვით აფორისტულობასაც, რომელსაც პოეტი თავს არ გახვევს, სიმსუბუქით გაწვდის, მაგრამ შენ გჯერა მათი სიბრძნე და გულწრფელობა:
„საჭირო არაა, ფეხებით დაეკიდო,
ისედაც შეგიძლია, ხედავდე უკუღმა…“
„საზარლად ტკბილია ტყუილი“;
„უბედურია მტყუანიც და მართალიც,
ბედნიერება მარადიული სიმართლეა…“
„მთავარია, ისწავლო მარტომ სიარული“;
„ვერაფერი ისწავლა კაცობრიობამ, ღალატის გარდა“.
ჩემს სულთან ძალიან ახლოს მოვიდა თაფლოს პოეზია და ეს მასაც გავუმხილე, განცდები იმდენად იდენტურია. ბევრი „მარადი კითხვა“ მომისმენია. ა) „რატომ არავინ მკითხა, რომ უნდა დავბადებულიყავი?“ – ამას იკითხავდა ახალგაზრდა ფილოსოფოსი არმაზში, ექსკურსიაზე, ღამე რომ გავათენეთ ცეცხლის გარშემო; ბ) მეც გამჩენია არარსებობის აუხდენელ-აუტანელი სურვილი; გ) „ნუ, ნუ გეყვარებით… სიყვარული სიმწარეა“ – ეს კი თაფლო ზარიძეა. სამივე ეს შემთხვევა სიცოცხლეზე შეყვარებულებზეა. სიცოცხლე კი ასეთი მტკივნეულია: „არავინ მოგკლავს, რომ შვება გაგრძნობინოს,/მხოლოდ სულს თუ ჩაგიკლავენ…“
თაფლო ზარიძის პოეზია, ხან „თოვლისფერი“ ლექსებით, ხანაც იისფერი უდაბნოებით (ისევ ამსოფლიური მეტაფორაა ფერიცა და სახელიც), სულისშემძვრელია და ამით სრულიად ამართლებს მისი ავტორის პოეტად ყოფნას: „ღმერთმა იმისთვის გვშვა, სხვა ადამიანთათვის დაგვემტკიცებინა,/ რა არის ყველაზე დიადი…“ მე ეს „დიადი“ თაფლოს ლექსებმა მაგრძნობინა, რომლებსაც „თავი შევაფარე“. „ბინდბუნდისფერი ჩქამი“, „თაკარა მზეები“, „შავ ღამეებად დახეთქილი იისფერი ბროწეულები“, „ყაყაჩოებიანი ნასახლარები“, „კეთროვანთა მიწები, მზით მოვარაყებული ქართლის სათიბები“ – ეს ჩვენთვის ასე ძვირფასი, ასე მტკივნეული, მარავალსაუკუნოვნად განცდილი და მარად ახლებურად აღქმული ქართული სულია, „სიცხისფერი ქვეყანა“, „ძოწისფერი კლდეები“ – ეს ჩვენი უცვლელი ბედისწერაა. ეს ბედისწერა უნდა ვზიდოთ, დავითმინოთ კიდეც და უნდა მივიღოთ, როგორც იდუმალი წყალობა ღვთისა. თაფლოსთვის ღვთის ფერი ცისფერია („ჰაერიდან ჟონავს სიცისფრე…/საცაა დუმილის მარწუხები გაწყალდება,/ცა გაიხსნება“; „ღმერთო, რამდენი სინათლეა/და კაცობრიობას მაინც დახუჭული აქვს თვალები“)…
ნამდვილ პოეტთან ყოველთვისაა ინიციაციური სიბრძნე: სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ერთი „ფესვი“ აქვს, ხანდახან – ერთი ფერიც: „მოლანდებებს მოაქვთ ალისფერი კუბოები…/ჩემი სიცოცხლე ალისფერი გათენებაა“. ჩვენი ცხოვრებაც, „სისხლში აზელილი ნაცარტუტა“, ზოგჯერ „ციდან პოეზიის სისხლად გამოჟონავს“. ეს წითლის ზეიმია, სიცოცხლისა და სიკვდილის ზეიმი, სიკვდილიც სხვა სიცოცხლეში გარდასვლააო, ქართველმა… ჩვენ კი ამ ბოლო „აკორდამდე“ ვდგავართ ჩვენივე „სიზმრების კარიბჭეებთან“, „ყოფნა გვტკივა“ და ეს ტკივილი შეგვაქმნევინებს მაღალ შემოქმედებასაც.
ჩვენ კი არ ვირჩევთ გზებს, გზები გვირჩევენ! სამყარო კი არ გვაქვს ფიქრებში, თავად სამყარომ გაგვიფიქრა და ესაა ჩვენი არსებობაც…
თაფლო ზარიძე ჯერ პატარაა, მაგრამ ის ბობოქარი მუხტი, პოეტი ასეთი სიფაქიზით, ასე ოსტატურად რომ გვაწვდის, პატარა სიტყვას არ იტყვის ალბათ მომავალში… წარმატებები მას, მის „თოვლისფერთვალება ლექსებს“!
ციტატები მოყვანილია წიგნიდან: თაფლო ზარიძე, „დროზე მეტი ვარ“, გამომცემლობა „კალმოსანი“, 2020