სქოლიო – [ბერძ.] შენიშვნა, განმარტება რაიმე ტექსტში; იწერება, ჩვეულებრივ, გვერდის ბოლოს ან კიდეზე, – ასეა განმარტებული ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა „სქოლიო“, რომლის შესახებ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.
საკითხავი ლიტერატურა, წიგნების ხარისხი, შრიფტის ზომა, ილუსტრაციები დროსთან ერთად იცვლება. ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, როგორი ნებისყოფა გვქონდა ადრე, სქელტანიან, წვრილი შრიფტით ნაბეჭდ, ფურცლებგაყვითლებულ წიგნებს გამალებით რომ ვკითხულობდით.
თანამედროვე სამყაროში გაწაფული კითხვის უნარი იმდენად გაიშვიათდა, რომ გამომცემლობები ხშირად ამჯობინებენ მრავალილუსტრაციიან და მცირეტექსტიან წიგნებს და ეს სულაც არ არის ცუდი, რადგან დროსთან ერთად მკითხველის გემოვნებაც იცვლება. ამავე დროს, ჩნდება კითხვა: რა ელით საოჯახო ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ წიგნებს?
კარგ მკითხველს გაწაფულ კითხვასთან ერთად უნდა შეეძლოს/სურდეს თავფურცელზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა (გამომცემლობა, მთარგმნელი, გამოცემის თარიღი, ილუსტრატორი, რედაქტორი), ანოტაციის, შესავალი წერილის, სარჩევის გულდასმით გაცნობა, ჟანრის განსაზღვრა, ავტორის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სქოლიოში გატანილი ინფორმაციისთვის დროის დათმობა. ვფიქრობ, საგანგებოდ დაგეგმილი აქტივობებით პატარა მკითხველს ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლით ჩამოთვლილი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევას და ტექსტთან კავშირის დამყარებას.
სქოლიოს ჩემს ბავშვობაში ვიკიპედიის ფუნქცია ჰქონდა. კლასიკური ლიტერატურის კითხვისას მისი წყალობით ვიგებდი ახალ ინფორმაციას. ფრანგულ ლიტერატურაში ხშირად მხვდებოდა ფრანგულენოვანი ფრაზები, რომელთა ქართული მნიშვნელობა სქოლიოში იყო გატანილი. რამდენიმე ფრაზა სწორედ სქოლიოებიდან ვისწავლე და ახლაც მახსოვს. ამ პროცესმა ისე გამიტაცა, რომ ჩემს მეზობელ მაიასთან ფრანგულის სწავლასაც შევუდექი, თუმცა მოტივაცია მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილზე მეყო.
Homo homini lupus est – ეს ლათინური გამოთქმა („ადამიანი ადამიანისთვის მგელია“) ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „კაცი, რომელიც იცინის“ დამამახსოვრდა, ალბათ, მოზარდი ასაკისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმის გამო მომეწონა და მრავლისმეტყველი სახით წარმოვთქვამდი ხოლმე.
სიგრძის საზომი ერთეულები (იარდი, მილი, დუიმი…), ფულის ერთეულები (პენი, ფარტინგი, სტერლინგი…) და სხვა რეალიები უცხო ქვეყნის კულტურასთან მაახლოებდა.
კიდევ ერთი მოგონება მაჩუქა სქოლიომ. მეშვიდე კლასი რომ დავასრულე, სკოლამ ბანაკის საგზური მაჩუქა. მაშინ პირველად ვიმგზავრე მატარებლით და პირველად ვნახე ზღვა. ურეკში გამართულ ბანაკში თავი მოვიყარეთ ბავშვებმა თბილისის სკოლებიდან. ერთ საღამოს ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ახლაც მახსოვს, როგორი ემოციებით ვიყავი მოცული. ერთ-ერთი კითხვა ამგვარი იყო: უნდა გამოგვეცნო, რომელ კონტინენტზე გადაჰყავდათ ევროპიდან დამნაშავეები დასასჯელად. მაინ რიდისა და ჟიულ ვერნის წიგნებზე გაზრდილმა, მყისვე ვთქვი პასუხი. ჩვენს ბანაკს „ელდორადო“ ერქვა და ამ სიტყვის მნიშვნელობაც სქოლიოში მქონდა ამოკითხული.
მოსწავლეებისთვის სქოლიოზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. ერთი, რომ ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება, მეორეც, ინფორმაციის გაცნობისა და ცოდნის დაგროვების გზაა.
ლილიბულეროდან ოლივერ ტვისტამდე
ხუთი წლის წინ შვილებთან ერთად წავიკითხე სტივენსონის „განძის კუნძული“. ხმამაღალმა კითხვამ და ჩახლართულმა სიუჟეტმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. ერთ საღამოს სქოლიოში ამოვიკითხეთ, რომ „ლილიბულერო“ მეკობრეთა სიმღერას ერქვა, კითხვა შევწყვიტეთ, სიმღერა youtube-ში მოვძებნეთ და მხიარულმა რიტმმა ყველა აგვაცეკვა. მას შემდეგ წიგნებში სქოლიოებს უფრო მეტი გულმოდგინებით ვიკვლევთ.
ზაფხულის სტატიაში გიამბეთ, როგორ წამოვიწყეთ მე და ჩემმა 11 წლის ბიჭმა ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის“ კითხვა და პარალელურად დღიურის წერა. სამი თვე გავიდა და მეორასე გვერდამდე ძლივს მივაღწიეთ. თუკი რამე გულს მიხარებს, ეს იმის მოლოდინია, რომ დროდადრო გაბრიელი მკითხავს: დედა, გინდა, „ოლივერ ტვისტი“ წავიკითხოთო? ბოლო დროს დღიურის წერასაც იშვიათად ვახერხებთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმამაღლა წაკითხვის რიტუალის ერთგულები ვრჩებით.
ეკატერინე სუმბათაშვილის თარგმნილ წიგნში, რომელიც 2014 წელს გამოსცა „პალიტრა L-მა“, ბევრი სქოლიოა. ახალი თავის წაკითხვამდე სქოლიოების გაცნობა მე და გაბრიელს ჩვევად გვექცა.
ებრაელი საიკსს რომ მიუყვანს ოლივერს და სახლის გასაქურდად წაიყოლებენ, ამ ეპიზოდზე ვართ. გაბრიელი ხმამაღლა მიკითხავს, მე ჭურჭელს ვრეცხავ. სანამ შვიდი თვის ბიჭს სძინავს, ბევრი რამ უნდა მოვასწრო. წყალი ჩხრიალებს, გაბრიელის ხმა რომ გავიგონო, სმენას ვძაბავ. უეცრად გაბრიელი კითხვას წყვეტს და მეკითხება, დეზები რას ნიშნავსო. პასუხის გასაცემად ონკანს ვკეტავ, მაგრამ გაბრიელი ამბობს, რომ ეს სიტყვა სქოლიოშია განმარტებული და კითხულობს: „დეზები (ინგლ. persuaders) – (აქ) ამ ტერმინით აღინიშნება ქლიბები“. ჭურჭლის რეცხვა დავასრულე და ხაჭაპურისთვის ცომის გაბრტყელებას შევუდექი. ფქვილით გადათეთრებული მაგიდა, გვიანი შემოდგომის დილა, ჩემთვის აჟღერებული შვილის ხმა ცხოვრების სირთულეებს მავიწყებს და ვფიქრობ, რომ ლიტერატურის ამ უდიდესი ძალის შესახებ აუცილებლად დავწერ.
ლონდონში წვიმიანი დილა თენდება. პატარა, გალეული ოლივერი ვერაგ საიკსს ბნელი საქმეების ჩასადენად მიჰყავს. ქუჩებში ხალხი უკვე საქმეს შესდგომია. ბაზრობა დღეა:
„გლეხები, ბიჭები, ქურდები, უსაქმურები და ყველა ჯურის მათხოვარი ბრბოს შერეოდა; მესაქონლეების სტვენა, ძაღლების ყეფა, ხარების ზმუილი, ბატკნების კიკინი, ღორების ჭყვიტინი და ღრუტუნი, ხორცის დამტარებლების ღრიალი, ყველა მხრიდან წყევლა და კრულვა; ეჟვნების წკარუნი, ლუდხანიდან გამომავალი ხმები, მუჯლუგუნების კვრა, ჭყლეტა, ჩხუბი, ღრიალი, გულისწამღები ბღავილი ბაზრის ყოველი კუთხიდან მოისმოდა; აქეთ-იქით დარბოდნენ დაუბანელი, საბრალო და ტურტლიანი ადამიანები და ეს ყველაფერი ერთობლივად გამაოგნებელ და განსაცვიფრებელ შთაბეჭდილებას ახდენდა“.
საიკსი და ოლივერი შორდიჩს, ფინსბერი-სკვერს, ბარბაკანს, ლონგ-ლეინს გაივლიან და ჰოლბორნისკენ გაემართებიან.
კითხვას ვწყვეტთ და Google map-ში ლონდონის ქუჩებსა და უბნებს ვეძებთ. წიგნის დაწერიდან თითქმის ორას წელს ჩაუვლია. მობილური ტელეფონის ეკრანიდან თანამედროვე ლონდონის გაწკრიალებული ქუჩები ამონათდა.
„ჰოლბორნი – ლონდონის ძველი ქუჩა, რომელიც კვეთს სიტის, კემდენსა და უესტმინსტერს. წარსულში აქ სახლობდნენ სასამართლოების მოხელეები, რომლებიც ახლომდებარე ოლდ-ბეილიში მუშაობდნენ, ასევე ადვოკატები. აქვე მდებარეობდა იუველირებით ცნობილი ჰატონ-გარდენის ცენტრი. ამ ქუჩის ყველაზე სახელგანთქმული მცხოვრები ჩარლზ დიკენსი იყო“, – ვკითხულობთ სქოლიოს და ისევ Google map-ში ვძვრებით, ჰოლბორნში „დავხეტიალობთ“ და ეს ვირტუალური მოგზაურობა სიხარულით გვავსებს. მე და ჩემი 11 წლის ბიჭი ვამბობთ, რომ ერთ დღესაც ერთად მოვივლით „ოლივერ ტვისტში“ ნახსენებ ქუჩებს.
ასე მოვიარეთ გროსვენორ-სკვერი, კენინგტონი, რეტკლიფი, ჰოკლი-ინ-ზი-ჰოული, პენტონვილი და განსაკუთრებულად შევიყვარეთ იზლინგტონი (ინგლ. Islington), რომლის შესახებ სქოლიოში ამოვიკითხეთ, რომ ძველად ლონდონის შემოგარენი ყოფილა, ახლა კი შიდა ლონდონის საცხოვრებელი ადგილია და აქ მდებარეობს საფეხბურთო გუნდ „არსენალის“ კუთვნილი ჰაიბერის მოედანი. სქოლიოში გაჟღერებულმა „არსენალმა“ ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭის ყურადღება სულ სხვაგვარად მიიზიდა.
„ოლივერ ტვისტის“ სქოლიოებმა ლონდონის ქუჩებთან ერთად გაგვაცნო შემდეგი სიტყვები: ვოლანი, პანჩი, ბიდლი, „დაფის ელექსირი“, შრომის სახლი, გირვანქა სტერლინგი, შილინგი, სოვერენი, გინეა, კრონა, ფუტი, მილი, იარდი, დუიმი, პინტი… კიდევ 300 გვერდი გვაქვს წასაკითხი და ახალი სიტყვების გაცნობას კვლავ სიხარულით შევეგებებით.
ამგვარად, შეგვიძლია, სქოლიო პატარა მკითხველის ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად გამოვიყენოთ და ასე თამაშ-თამაშით კითხვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას შევუწყოთ ხე