შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ენის კულტურული განზომილების მნიშვნელობა უცხოური ენის სწავლა-სწავლების პროცესში

რა არის ენის ძირითადი ფუნქცია? – კომუნიკაცია, გიპასუხებთ უმეტესობა, ვინც ამ კითხვაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა. პასუხის მართებულობას განსაკუთრებულად ამყარებს დღევანდელ საინფორმაციო ეპოქაში უაღრესად დინამიკურად მიმდინარე პროცესები, რომელთა ფონზეც ზეპირი თუ წერითი მეტყველების ინსტუმენტალიზაცია სულ უფრო თავისთავად და გლობალურ ფენომენად აღიქმება. „სიტყვის ხელოვნებამ”, რომელიც ორნახევარი ათასწლეულის ისტორიას ითვლის, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არნახული წახნაგები შეიძინა, იქცა რა – განცობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. ფართოდ გავრცელებული ვიზუალური ხატების თუ სიმბოლოების მიუხედავად, კომუნიკაციურ კონტექსტში ვერბალური ტექსტი ჯერ კიდევ დომინანტურ პოზიციას იკავებს. ამ მოცემულობის ფონზე კი ხშირად ხდება ენის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – კულტურული განზომილების უგულვებელყოფა. ცხადია, როდესაც ენა ერთგვარ  lingua franca-დ ყალიბდება, ხსენებული განზომილება გარკვეულ დეფორმაციას განიცდის, ხოლო ენა კი მეტ მოქნილობას იძენს და, ზოგადად, უფრო აქტიურად ცოცხლობს, ვიდრე ერთი ენობრივ-კულტურული სივრცით შემოფარგლული მისი თანამოძმენი. თუმცა ენის შესწავლისა თუ სწავლებისას, თუკი, რა თქმა უნდა, მის საფუძვლიან დაუფლებას ვგეგმავთ, ორიენტაცია, პირველ რიგში უნდა მოხდეს მის არა გლობალური, არამედ ლოკალური, ვიწრო გაგებით – კულტურულ, მახასიათებლებზე. ამგვარი მიდგომა, ყველაფერთან ერთად, მოგვცემს საკუთარი ენის და კულტურის უკეთ გააზრების საშუალებას. მათ შორის ესეც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უცხოური ენების მასწავლებლები უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგანან: მნიშვნელოვანწილად სწორედ ისინი უყრიან საფუძველს განსხვავებული ტრადიციების, მსოფლმხედველობის, აღმსარებლობის და ა.შ. წარმომადგენლების მიმართ პატივისცემით განწყობილი, ტოლერანტული პიროვნებების ჩამოყალიბებას. ეჭვგარეშეა, რომ ენის შესწავლა იმთავითვე უნდა გულისხმობდეს მისი მატარებლების კულტურის პატივისცემას, ეს კი შეუძლებელია მხოლოდ საკუთარ ენობრივ-კულტურულ კონტექსტზე ორიენტაციით. 

მარტივი კითხვა: თუკი ადამიანი მეტ-ნაკლებად ნაცნობ ენაზე გველაპარაკება ან წერილობითი ტექსტის ყველა სიტყვა თუ გრამატიკული კონსტრუქცია გვესმის, კომუნიკაციაც ავტომატურად შემდგარად უნდა ჩაითვალოს? რეალობა იმგვარია, რომ მშობლიურ ენაზე მეტყველების შემთხვევაშიც კი, ის, რასაც ამბობს ერთი, ყოველთვის იგივე არაა, რაც ესმის მეორეს. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოცემულობა ბევრად უფრო გამოკვეთილ სახეს არამშობლიურენოვან სამეტყველო სიტუაციაში იძენს. რა სტრატეგიას ირჩევს ადამიანი ამგვარ სიტუაციაში პირველად მოხვედრისას? შესაძლოა ნაკლებად გააზრებულად, მაგრამ სწორედ იმას, რომელსაც ხვდებოდა საკლასო ოთახში ან აუდიტორიაში: ან ამოსავალ წერტილად იღებს მშობლიურ ენას და ცდილობს გამართულად „თარგმნოს” გონებაში მშობლიურ ენაზე აწყობილი მეტად ან ნაკლებად კომპლექსური კონსტრუქციები, ან, მაგალითისთვის, იქცევა უფრო კრეატიულად – ენობრივის მიღმა იყენებს მთელს მის ფონურ ცოდნას, ვერბალურთან ერთად ააქტიურებს არავერბალურ რესურსს და ქმნის პირველად საკომუნიკაციო პროდუქტს; შესაძლოა არც ისე გამართულს და დახვეწილს -პირველ ხანებში სხვანაირად ვერც იქნება – თუმცა პირველად პროდუქტს და არა რეპროდუქციას, რომელიც ყოველთვის ნაკლებღირებულ, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საკმაოდ დამაბრკოლებელ კალკად დარჩება. 

შინაგანი თუ გარეგანი შეზღუდულობა – არ აქვს მნიშვნელობა რითი განპირობებული და რა სახის, შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელისშემშლელ ფაქტორად პრაქტიკულად ყველა, პირველ რიგში, კი პიროვნული თუ პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. უცხოური ენების გაცნობიერებული ფლობა ამ შეზღუდულობის გადალახვის ერთ-ერთი არცთუ უმნიშვნელო ინსტრუმენტია, რომლის დაუფლებაც ერთგვარი უკუქცევითობითაა ნიშანდებული: ის იძლევა „უცხოს” გასაღებს, რომლის შემეცნების პროცესშიც ხდება სტერეოტიპების, ცრუ წარმოდგენების თუ შთაგონებული მტრული განწყობების გადალახვა, რაც, თავის მხრივ, ენის ეფექტიანად დაუფლების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება მოვიაზროთ. ალბათ ამიტომაცაა, რომ უცხოური ენის მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს კომპეტენციად სწორედ კულტურათაშორის კონტექსტში ორიენტაციის უნარი მოიაზრება. ამგვარი ხედვაც გარკვეულწილად იმ გლობალური პროცესების შედეგია, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ: ჰეტეროგენული ჯგუფის პირობებში პედაგოგს, მინიმუმ, უნდა შეეძლოს კულტურულად სენსიტიურ თემებთან ჯეროვანი მოპყრობა, შესაძლო კონფლიქტების პროგნოზირება და პრევენცია. პროგრამა მაქსიმუმად კი განსხვავებული კულტურული ფონის მქონე მოსწავლეებში ხსენებულ თემებთან მოპყრობის, მათი განხილვის და ურთიერთშედარების სტიმულირება შეიძლება მოვიაზროთ. ჩვენს პირობებში ამგვარი ჯგუფები, ალბათ, უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს ხსენებული კომპეტენციების მნიშვნელობას. მოსწავლეთა მომზადება უცხო ენობრივ-კულტურულ კონტექსტში ორიენტაციისთვის  მასწავლებლისთვის შესაძლოა უფრო დიდ გამოწვევად სწორედ ერთგვაროვანი ჯგუფების პირობებში იქცეს. ამ მხრივ საგაკვეთილო თუ სალექციო პროცესში დამხმარე ინტერაქტიული და სხვა სახის ვიზუალური, აუდიო-ვიდეო მასალის, ისევე როგორც მრავალფეროვანი მიდგომების და ტექნიკების ინტეგრირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამგვარი კომპლექსური მიდგომაა იმ ყოვლისმომცველ შედეგებზე გასვლის წინაპირობა, რასაც ენის სიღრმისეული გაცნობიერება გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი