მოვდივარ 5 ნომერი ავტობუსით, რომელიც ჩემს სახლთან ადის. ვზივარ და თვალი მარჯვნივ გამექცა – ზის ქალი, აი, მის დახატვაზე პიკასოც რომ არ იტყოდა უარს, ხოლო მის პერსონაჟად გამოყვანას დოსტოევსკის ნებისმიერი ნაწარმოები მოიხდენდა. ზის ძალიან ფაქიზი, სევდიანი და ჩაფიქრებული, თითქოს, ამოვარდნილი დროის კონტექსტიდან და, მართლაც, შემოქმედებითი, მხატვრული, ზედროული სინამდვილე.
ვფიქრობ: ნეტა, შემეძლოს ფოტოს გადაღება, ფოტო-ნოველა იქნებოდა-მეთქი. მაგრამ ჩუმად ვერ ვიკისრე; აშკარად კი – ქალის ფიქრებში შეჭრასავით გამოდიოდა და… მოკლედ, ჩემი გაჩერებაც მოვიდა.
ის ყვავილივით ქალი სადღაც, ბაზრობაზე მიდიოდა ალბათ, წინ ტრადიციული კუბოკრული ჩანთა ედო, ამ სოციუმის წყევლასავით.
მოვედი სახლში ამ სხვადასხვა რეალობაში „ნამოგზაურები“. უჭმელი ვიყავი, ცოტა კონიაკიც მქონდა და პაწაწინა ჭიქით ასეთი სადღეგრძელო ვთქვი:
– ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, თავისი სული „ყვავილივით რომ მოჰქონდა“ ჩვენთვის, იქნებ იმ ერთისთვისაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ააცდინა საწუთრომ, – არ გადაიკვეთა მათი გზები. თუმცა პარალელური წრფეებიც ერთდებიანო რომელიღაც განზომილებაში, გამიგონია…
როცა ადამიანი ვერ ხდება თავშესაფარი, წერა შეიძლება გახდეს.
ორი პერსონაჟი მახსენდება ამ კონტექსტში.
ერთი ინგრიდ ბერგმანის კინოგმირია, მაღალი საზოგადოების, ფუფუნებაში მცხოვრები ულამაზესი ქალბატონი. ყველაფერი ყირამალა ტრიალდება მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ლაზარეთსა თუ უპატრონო ბავშვთა (ზუსტად ვერ ვიხსენებ) თავშესაფარს ეწვევა ჰუმანიტარული მიზნებით. თავიდან ეს მისი საქციელი ჩვეულებრივი „რევერანსია“, ასე რომ სჩვევია მაღალ წრეს, მდაბალთა ამა ქვეყნისათა, იმავე ცხოვრების ფსკერზე, სიბინძურეში მცურავთა მიმართ, ანუ სიკეთისა და ჰუმანიზმის ნიღბის მორგება კაცისა თუ ღვთის წინაშე თავის მოსაწონებლად, ერთგვარ ფსონად თუ სატყუარად, იგივე ფეხის ხმის აყოლა, პოპულიზმი, რაც გინდათ უწოდეთ, ერთია არსობრივად.
მაგრამ ფილმის გმირ ქალში რაღაც უცნაური მეტამორფოზი იწყება, ისეთი სიძლიერისა, როგორიც თუნდაც ვაჟას ალუდას შემთხვევაშია. იგი იწყებს ამ თავშესაფარში გამუდმებულ სიარულს, არ იშურებს ფინანსებს, ყოფიერების სიღრმეების წვდომითაა შეძრული მისი სული, სამყაროს დიდი უსამართლობის, ტრაგიზმის შეგრძნებით.
ახლობლები ჯერ უსიამოდ იჩეჩავენ მხრებს, მერე აფრთხილებენ, რომ საკუთარი მდგომარეობის შესაფერისად მოიქცეს. ქალი არ ეპუება მანამდე, სანამ მის ფსიქიატრიულში დაწვენას არ განიზრახავენ და შემდგომ განახორციელებენ კიდეც. ქალი შოკირებულია, დათრგუნული, რომ ვერავის აგებინებს, რა უნდა, თუმცა ბედთან მშვიდად შეგუებული – თითქოს, მან უნდა ზღოს მსოფლიო გაუმართაობასა და უსამართლობებზე, როგორც მსხვერპლმა, წუთისოფლის „განტევების ვაცმა“.
მეორე „უდანაშაულო დამნაშავეზე“ კი მოკლედ მოგახსენებთ უფრო – ესაა ჩეხოვის ნოველის, „პალატა N6-ის“, მთავარი გმირი ექიმი, რომელიც თავისი ფეხით მიდის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ცხოვრების „საგიჟეთს“ რომ გაექცეს განდეგილივით.
ორივე ამ პერსონაჟმა ვერ იპოვა საერთო ენა, გაგება, ნაღდი თანაგრძნობა ადამიანებთან, რომელთაგან „თეთრი ყვავივით“ განირჩეოდა. პირველ, გმირი ქალის, შემთხვევაში ეს დაჭერაა, რომელიც გაქცევასაც ჰგავს; ხოლო მეორე შემთხვევაში – გაქცევა, ოღონდ გისოსებში, ანუ დაჭერას მიმსგავსებული.
თუმცა ორივე შემთხვევაში ჩერდება წუთისოფლის ყველაზე დიდი პირობითობა – დრო და წრფივი მდინარებიდან, წრებრუნვად იქცევა – ადამიანი გაურბის თავს, სამყაროს, ისე, რომ ისევ მათ უბრუნდება, რასაც ვერ გაექცევი.
წუთისოფლის „ტუსაღობის“ ამბავია „(გა)თავისუფლებაზე მგალობელი შაშვებისა თუ ყვავებისა“…
ორი ტიპის ადამიანი არსებობს:
- „მატერიისა“, ანუ ყოფიერების ზედაპირზე მოტივტივე სულ, ამ „ზედაპირის“ ზედმიწევნით კარგად მცოდნე, შესაბამისად, ცხოვრების „დინებებშიც“ კარგი ლავირების უნარების მქონე. მან იცის „რა“, „როგორ“, მაგრამ ნაკლებს ფიქრობს „რისთვის?“ ან „რატომ?“. მას ჰგონია, რომ იცის ცხოვრება, მაგრამ სიღრმეებში თუ ჩაუშვი, ჩლუნგდება მისი აღქმის უნარი, რომელიც „ზედაპირზე“ ასე სხარტია. ასეთებმა იციან ანგარიში, გრძნობისა, ფიქრისა თუ ფულისა, „გიყიდიან და გაგყიდიან“ უპრობლემოდ. მათ აქვთ ლოგიკა, მაგრამ არ აქვთ ინტუიციური წვდომის ნიჭი ცხოვრებისა, ანუ იციან ამსოფლიურ მოვლენათა მერკანტილიზმი, სამწუხარო ადამიანური კანონზომიერებები, მაგრამ არ „იციან“ არსი, სად იმალება ჭეშმარიტება, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად აინტერესებთ. ისინი კაცთა სიმართლეებით კმაყოფილდებიან და საუკეთესოდ „არჩევენ“ სიტუაციებსა და ადამიანებს. მოკლედ, გადაჭარბებული, მდაბიური პრაგმატიზმი მათი „კოზირიცაა“ და „აქილევსის ქუსლიც“ – მედალს ხომ ორი მხარე აქვს?
- იდეის, ყოფას (ყოფით ინტელექტს) აცდენილი, ადამიანები – მათ არ იციან „ცურვა“, არც ზედაპირზე ტივტივი, მაინცდამაინც, მაგრამ სიღრმეებში ამფიბიებივით არიან. მათ იციან მიახლოებული პასუხები მარადიულ კითხვებზე, მაგრამ უჭირთ ცხოვრება სხვათა დახმარების გარეშე. ისინი არიან „მარადი ბავშვები“, მათზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს, რომ ყოფისგან არ „ჩაიყლაპონ“. თუ გადარჩნენ, ოკეანის სიღრმიდან ამოტანილ მარგალიტებს გადაგიშლიან. მათ არ იციან „ანგარიში“, მაგრამ იციან, რა არის ამაზე მნიშვნელოვანი. მათ შეუძლიათ თავგანწირვაც ამ მნიშვნელოვნისთვის. მათთვის არასდროს ისმება სიორენ კირკეგორისეული არჩევანი „ან – ან“. მათ არასდროს ერევათ ესთეტიკურ-ეთიკური და მათში თავიდანვე ჩადებულ ამ წონასწორობას ვერაფერი დაარღვევს, ყოფის შემოტევების გარდა. არადა, ყოფის მსხვერპლია მათი უმეტესობა, ნუ, თუ, მაინცდამაინც, ვაჟად ან ვან გოგად არ არიან დაბადებულნი, დიდი შემოქმედებით არა მარტო ყოფის, დროის, ბედისწერის, წუთისოფლის დამმარცხებლები. ყოფის უცოდინრობა და ყოფიერების ცოდნა მათი სისუსტეცაა და ძალაც. მედალს ხომ აქაც ორი მხარე აქვს?
სატანას არსებობის დაშვებით ღმერთმა კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანიც დაუშვა (იგივე „ან – ან“ კირკეგორისა, რომელიც ამ თხზულებაში ეშმას მიმართავს; ეს უკანასკნელი კი ისეთი „მეგობრული, უბრალო და მაცდურია“, როგორც „ძმები კარამაზოვების“ ივანთან საუბრისას). ადამიანების არჩევანიც იმითაა განპირობებული, როგორ ძლევენ ისინი საკუთარ ბუნებას, ყოფას, ყოფიერების ტრაგიზმს და რა რჩება ბოლოს მათთვის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა ამსოფლიურ პერიპეტიებში, ხშირად „გამოუსადეგარია“ ის, რაც ღვთისთვის მნიშვნელოვანია, ანუ ოსკარ უაილდის ერთ-ერთი ზღაპრისა არ იყოს („ბედნიერი უფლისწული“), ადამიანის გული და მის სიყვარულს შეწირული მკვდარი მერცხალი, მეტწილად, სანაგვეზე აღმოჩნდებიან ხოლმე…დიდებულმა სერვანტესმა თავისი „მოდელი“ შემოგვთავაზა ამ ზემოთქმული ორი კატეგორიის ურთიერთმორგებისა – თქვა, რომ სანჩო კია მცოდნე ცხოვრების ავ-კარგისა, თუმცა ბრიყვია, სულის თვალი არ გააჩნია. მრავლისგან მასხარად აგდებული დონ კიხოტი კი ღმერთს ხედავს, ამიტომ სწორედ მასშია იმავე ცხოვრების პრაგმატიზაციის ჭუჭყისგან ამაღლების მარადი სულისკვეთება…ახლა გაიღიმეთ, მოდუნდით და გულის „ყურიც“ გაახალისეთ – აი, „მარქშეიდერები“, მგონი, ამ ორი კატეგორიის ბალანსია, მაგრამ სად არის ბევრი მარქშეიდერი და კარგი ცხოვრება?!
მართლაც, რა არის თავისუფალი, ანუ ჭეშმარიტი აზროვნება?
ადამიანების წესია, „გაქვავებული“ სქემებით, სტერეოტიპებით, „კლიშეებით“ აზროვნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიდრეკილები ვართ განზოგადებისკენ, ყველას „ერთ ტაფაში მოხრაკვისკენ“, რაც სწორედ იმ ღვთაებრივი ინდივიდუალურობის, იმავე საკუთარი თავის წინააღმდეგ სვლაა.
განაზოგადეთ სიმართლე ჭეშმარიტების ძიებაში, მაგრამ „დააკონკრეტეთ“ ადამიანი; ნუ მოარგებთ მას სხვასთან „მოსულ“ ქცევებსა თუ ფიქრებს. მე აღმიქვით და მეც აღგიქვამთ, როგორც სრულიად განუმეორებელ მოცემულობას. არ არსებობს „ფორმულები“ თუ „ინსტრუქციები“ ცხოვრებისა, რადგან ბევრი და ყველაზე ნაღდი რამ ისაა, რაც ინტუიციურია, არცერთ წიგნში არ წერია და ჩვენი აღმოსაჩენია თავიდან.
აღმოვაჩინოთ ერთმანეთი!
ვისწავლოთ და ნაკლებად დავგეგმოთ ცხოვრება!
ეს უდიდესი სიამოვნებაა: როგორც ყველაფერი ის, რაც პირველად გვეძლევა წუთისოფელში.
ჩვენ „მარადი“ ბავშვები ვართ, ყველანი „საკუთარი ბავშვობიდან წამოსულები“. ბავშვი კი არ ანგარიშობს თუ ზომავს, არ ადარებს და ორჭოფობს გამუდმებით. მან იცის, ვინ უყვარდეს, ამიტომ მან „იცის“ ცხოვრებაც.
ვისწავლოთ ბავშვებისგან, როგორ არ ვიყოთ დაშტამპული, როგორ ვიგემოთ ნამდვილი და არა გამუდმებით გეგმაზომიერი ცხოვრება…
გიკვირს?! ნუ გეშინია, – ეს ყველაზე ადამიანური თვისებაა, რომლითაც სამყარო სწორად შეიცნობა!
P.S. გვახსოვდეს, რომ ყოველივე ბოლოს ერთი საყოველთაო სიბრძნისკენ მიდის: ადამიანი ადამიანისთვის „პურია“, ორივე კი „მიწის პური“…და „ამაოებაც ამაოებათა“…