„მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო! SOS! ისევ კიბერბულინგს ვებრძვით სკოლის მასშტაბით. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ბავშვებს დაატოვებინოთ ის სოცქსელები, რომლებშიც ანონიმურად წერენ. გადაამოწმეთ და მომწერეთ, მანდატურს უნდა გადავცე ინფორმაცია, რომ ნამდვილად გამოსული არიან“, – ეს კლასის სასაუბროში მიღებული ინფორმაციაა, რომელიც სკოლაში კიბერბულინგის შემთხვევაზე მშობლებს (დედებს) გვაფრთხილებს და ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას უამრავ დადებით შედეგთან ერთად ბევრი უარყოფითიც მოსდევს. ჩაგვრამ, დაცინვამ და შევიწროებამ ახლა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა, რომელსაც კიბერბულინგის სახელით ვიცნობთ. მოზარდების მიერ ინტერნეტის მოხმარებას არაერთი გამოწვევა ახლავს, როდესაც მათ ინტერნეტით გააქტიურებულ სმარტფონს ვაძლევთ, ის მრავალ შესაძლებლობასთან ერთად, შესაძლოა მისთვის პანდორას ყუთი აღმოჩნდეს. გამოუცდელი მოზარდისთვის, რომელსაც ჯერ კარგად არ აქვს გააზრებული, რა კვალს ვტოვებთ ინტერნეტსივრცის მომხმარებლები ქსელში, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე ახლა ან ცოტა მოგვიანებით, რთულია მისგან მომდინარე გამოწვევაზე ესაუბრო და ამის შესახებ დააჯერო.
რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ბულინგია, რომელიც სოციალური მედიის, შეტყობინებებისა თუ თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება. იგი განმეორებადი ქცევაა, რომელიც სამიზნე ადამიანის დაშინებას, შერცხვენას თუ გაბრაზებას ისახავს მიზნად. კიბერბულინგის მაგალითებია:
- კონკრეტული ადამიანის შესახებ ცრუ ინფორმაციის ან უხერხული ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება სოციალურ ქსელში;
- მავნე, შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების, ფოტოების ან ვიდეოს გაგზავნა შეტყობინებების პლატფორმის მეშვეობით;
- ბულინგი და კიბერბულინგი ხშირად თანადროულად ხდება ხოლმე. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ კიბერბულინგი ციფრულ კვალს ტოვებს, ერთგვარ მტკიცებულებას, რომელიც შევიწროების შესაჩერებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ხშირად მოზარდებს უჭირთ გარჩევა, სად გადის ზღვარი ხუმრობასა და ბულინგს შორის და არიან თუ არა ონლაინბულინგის მსხვერპლი. გაეროს ბავშვთა ფონდი ძალიან ეფექტურ ინდიკატორს გვთავაზობს, გავარჩიოთ, რა არის ხუმრობა, რა არის ბულინგი და სად გადის ზღვარი ამ ორ ცნებას შორის.
„თუ გულნატკენი ხართ ან გრძნობთ, რომ სხვები თქვენზე იცინიან და არა თქვენთან ერთად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხუმრობა ძალიან შორს წავიდა. თუ მსგავსი ქცევა მაშინაც კი გრძელდება, როცა სთხოვთ ადამიანს, რომ გაჩერდეს და თქვენი განაწყენებაც არ ქრება, მაშინ შეგვიძლია, რომ აღნიშნული ქმედება ბულინგად შევაფასოთ“.
გაეროს ფონდი მოზარდებს მოუწოდებს, თუ ბულინგი გრძელდება და ისინი თავს ცუდად გრძნობენ, მათ აუცილებლად უნდა ითხოვონ დახმარება შესაბამისი პირებისგან. ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდებმა გაიაზრონ, რომ კიბერბულინგის შესაჩერებლად მხოლოდ ბულერის შეჩერება არ კმარა, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ყველა ადამიანი პატივისცემას იმსახურებს, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე – ონლაინ.
„ონლაინბულინგის დროს ისეთი შეგრძნება გიპყრობთ, თითქოს ყველგან, საკუთარ სახლშიც კი, თავს გესხმიან. შეიძლება, მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს“.
კიბერბულინგის შედეგებმა ადამიანზე შესაძლოა სხვადასხვაგვარად იმოქმედოს. მოახდინოს მასზე: ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური ზემოქმედება. მოზარდმა შეიძლება ასეთ დროს თავი იგრძნოს განაწყენებულად, შერცხვენილად ან სულელად, სდევდეს შიში ან ბრაზი, დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც მანამდე აინტერესებდა და უყვარდა; ჰქონდეს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება ან თავისა და მუცლის ტკივილი.
კიბერბულინგის კიდევ ერთი გავრცელებული შედეგია სკოლის გაცდენა, რაც ასევე ნეგატიურად აისახება მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასევე არსებობს რისკები, კიბერბულინგის დროს მოზარდებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილის შესამსუბუქებლად მიმართონ ისეთ საშუალებებს, როგორიც არის ალკოჰოლი და ნარკოტიკი, ან ცუდ ყოფაქცევას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ოჯახთან, მშობლებთან და ნდობით აღჭურვილ მეგობართან ან კლასის ხელმძღვანელთან გასაუბრება, გულის გადაშლა და მათთვის დახმარების თხოვნა.
თუ ბულინგი სოციალურ პლატფორმაზე ხორციელდება, გაეროს ფონდის რეკომენდაციაა, მოზარდმა დაბლოკოს ბულერი, მომხდარის შესახებ აცნობოს პლატფორმას და ახლობელ ადამიანებს.
თუ მოზარდი სკოლაში გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი, მან ამ შემთხვევის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას, დამრიგებელს, კლასელს და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს.
მნიშვნელოვანია, მოზარდებს მივაწოდოთ ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბულინგის, შევიწროების, შფოთვის, კვებითი აშლილობის, დეპრესიის, სტრესის და სუიციდური ფიქრების შესახებ.
როგორ შევაჩეროთ კიბერბულინგი ინტერნეტზე უარის თქმის გარეშე?
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით: „ონლაინ ყოფნას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. თუმცა, როგორც არაერთი რამ ცხოვრებაში, ინტერნეტის მოხმარებასაც მრავალი რისკი ახლავს თან. კიბერბულინგის შემთხვევაში, შეიძლება, მოგინდეთ, რომ წაშალოთ გარკვეული აპლიკაციები ან რაღაც დროის განმავლობაში, საერთოდ აღარ გამოიყენოთ ციფრული პლატფორმები და საკუთარ თავზე მუშაობას მიუძღვნათ დრო. თუმცა, ინტერნეტზე უარის თქმა გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს არ გვაძლევს. შენ ხომ ცუდი არაფერი ჩაგიდენია, შესაბამისად, რატომ უნდა აღმოჩნდე ინტერნეტს მიღმა? პირიქით, შენი გაქრობით, შეიძლება, ბულერებს არასწორი სიგნალი გაუგზავნო და მათი მიუღებელი ქმედება წაახალისო“.
კიბერბულინგი სასკოლო პროცესის დამაზიანებელი მოვლენაც არის, რა დროსაც ფერხდება მოსწავლის აკადემიური განვითარების პროცესი და იზოლაციასთან ერთად მოსწავლე სწავლის კუთხითაც ჩამორჩება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, მასწავლებლებიც და მშობლებიც ხშირად ვესაუბრებოდეთ მათ როგორც ინტერნეტის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, ასევე მისგან მომდინარე საფრთხეებზეც. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი უსაფრთხო სასწავლო გარემოში იმყოფებიან, აქ მათზე ფიქრობენ და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის შეურაცხყოფა და ღირსების ხელყოფა.
გამოყენებული წყაროები: