შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ჩემი ოთახი -ჯადოსნური სამყარო

სივრცული აზროვნება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ის საფუძველს უყრის მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს სამყაროს შესახებ უფრო ღრმა გააზრებას. სწორედ ამიტომ, სივრცული აზროვნების განვითარება დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია სივრცული აზროვნების განვითარება პირველკლასელებში, შემოქმედებითი დავალებების დახმარებით. კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებთ დავალებაზე “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ განავითარონ სივრცითი წარმოდგენები, არამედ გამოხატონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი.

თემატური ბლოკი: გეომეტრია და სივრცის აღქმა

თემა: ორიენტირება

  • წინ, უკან, ზევით, ქვევით, შორის, მაღალი, დაბალი;
  • ობიექტების ურთიერთგანლაგება; რეალურ ვითარებაში ურთიერთგანლაგების აღწერა

მათემატიკის სტანდარტის შედეგები

მათ.დაწ.(I).4 ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას.

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორები : 

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა-

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სივრცეში საგნების მდებარეობის და მიმართულების აღწერა;
  • სიბრტყეზე და სივრცეში  ობიექტების ურთიერთმდებარეობის  განსაზღვრა/გარკვევა;

შემოქმედებითი დავალება:

მიზანი: ბავშვებმა ისწავლონ სივრცითი მიმართებების აღწერა, განავითარონ წარმოსახვა და სხვადასხვა საშუალებით გამოხატონ თავიანთი იდეები.

ჩემი ოთახი -ჯადოსნური სამყარო

მასალები: (შესაძლოა დასჭირდეთ) ფანქარი, ფლომასტერები, ქაღალდი, საღებავები, პლასტილინი, ლენტები, ყუთები, ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი მასალები.

ინსტრუქცია: (ბავშვებისათვის!)

1.     ჩემი ჯადოსნური ოთახი: წარმოიდგინე, რომ შენი ოთახი ჯადოსნური სამყაროა! ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს საინტერესო.

  1. დახატე, ააწყვე ან მოყევი

შენი ჯადოსნური ოთახი შეგიძლია წარმოაჩინო სხვადასხვა გზით:

    • ნახატი: დახატე შენი ოთახი ისე, როგორც წარმოგიდგენია. დაამატე დეტალები, ფერები და ჯადოსნური ელემენტები.
    • მოდელი: გამოიყენე პლასტილინი, ყუთები ან სხვა მასალები, რომ ააწყო შენი ოთახის მოდელი. შეგიძლია გამოიყენო ლენტები, ძაფები ან სხვა მასალები, რომ დააკავშირო სხვადასხვა ობიექტები.
    • მოთხრობა: მოუყევი შენს მეგობრებს შენი ჯადოსნური ოთახის შესახებ. აღწერე რა არის შენს ოთახში, რა ხდება და რას გრძნობ.
  1. სიტყვებით აღწერა: როცა შენს ოთახს წარმოაჩენ, გამოიყენე შემდეგი სიტყვები:
    • ზემოთ, ქვემოთ: მაგალითად, რა დევს შენს საწოლზე? რა დევს მაგიდის ქვეშ?
    • წინ, უკან: მაგალითად, რომელი სათამაშოა შენი მაგიდის წინ? რომელი კედლის უკან არის შენი კარადა?
    • შორის: მაგალითად, რა დგას შენს საწოლსა და მაგიდას შორის?
    • მაღალი, დაბალი: მაგალითად, რა არის შენს ოთახში ყველაზე მაღალი? რა არის ყველაზე დაბალი?
  2. ჯადოსნური შეხება: დაამატე შენს ოთახს ცოტა ჯადოსნობა! შეგიძლია დაახატო ფრთები საწოლს, რომ ის ჰაერში აფრინდეს, ან მაგიდაზე დადო ჯადოსნური წიგნი, რომელიც ყველა შენს კითხვას უპასუხებს ან სურვილებს აგისრულებს.

დამატებითი იდეები:

  • შეგიძლია მოიფიქრო შენი ოთახისთვის ჯადოსნური სახელი.
  • დახატე პატარა არსებები, რომლებიც შენს ოთახში ცხოვრობენ.
  • მოიფიქრო ისტორია შენი ჯადოსნური ოთახის შესახებ.

დავალება არჩევითია, მოსწავლემ სამი ვარიანტიდან უნდა აირჩიონ ერთ-ერთი. ან ნახატით წარმოაჩინოს, ან ააწყოს ან მოგვითხროს. მნიშვნელოვანია რომ დავალების არჩევაში თავად ბევშვმა მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ მასწავლებელი მოსწავლეებს უკუთხავს დავალების პირობას, დეტალურად არჩევს ინსტრუქციას, როგორ უნდა გააკეთონ ბავშვებმა დავალება, ახალისებს დამოუკუდებელ გადაწყვეტილებებს, შემოქმედობითობას, აძლევს თავისუფლებას. აქვე ახსენებს რომ მნიშვნელოვანია როცა ნამუშევრს წარმოაჩენს, აღწერისას გამოიყენოს შემდეგი სიტყვები :

    • ზემოთ, ქვემოთ: მაგალითად, რა დევს შენს საწოლზე? რა დევს მაგიდის ქვეშ?
    • წინ, უკან: მაგალითად, რომელი სათამაშოა შენი მაგიდის წინ? რომელი კედლის უკან არის შენი კარადა?
    • შორის: მაგალითად, რა დგას შენს საწოლსა და მაგიდას შორის?
    • მაღალი, დაბალი: მაგალითად, რა არის შენს ოთახში ყველაზე მაღალი? რა არის ყველაზე დაბალი?

ამ დავალებით მოსწავლეები სწავლობენ/ უვითარდებათ

  • სივრცითი მიმართებების აღწერას.
  • წარმოსახვას და შემოქმედებით აზროვნებას.
  • სხვადასხვა საშუალებით  თავიანთი იდეების გამოხატვას.

დავალებას ახლავს შეფასების რუბრიკა, რომელზე დაყრდნობით მივეცი მოსწავლეებს უკუკავშირი

შეფასების რუბრიკა: “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”

კრიტერიუმი საუკეთესო კარგი საშუალო საშუალოზე დაბალი
სივრცითი მიმართებების გამოყენება ზუსტად იყენებს სიტყვებს: “ზემოთ”, “ქვემოთ”, “წინ”, “უკან”, “შორის”, “მაღალი”, “დაბალი” სივრცითი მიმართებების აღსაწერად. უმეტესწილად სწორად იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად. ზოგჯერ იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად. არ იყენებს სიტყვებს სივრცითი მიმართებების აღსაწერად.
შემოქმედებითი გამოხატვა იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით საშუალებას და აერთიანებს მათ ჰარმონიულად. იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით საშუალებას, მაგრამ შეიძლება ყველა მათგანი ერთმანეთთან იყოს ნაკლებად დაკავშირებული. ძირითადად იყენებს ერთ შემოქმედებით საშუალებას. ნაკლებად იყენებს შემოქმედებით საშუალებებს.
წარმოსახვის გამოვლინება წარმოადგენს ძალიან ორიგინალურ და დეტალურ ჯადოსნურ სამყაროს. წარმოადგენს ორიგინალურ ჯადოსნურ სამყაროს. წარმოადგენს ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ ის ნაკლებად დეტალურია. ჯადოსნური სამყარო ნაკლებად ორიგინალურია.
სიტყვიერი აღწერა- პრეზენტაცია ნათლად და დამაჯერებლად წარმოადგენს თავის იდეას, იყენებს შესაბამის ლექსიკას წარმოადგენს თავის იდეას, მაგრამ შეიძლება ნაკლებად ნათელი იყოს. ზოგჯერ უჭირს იდეის წარმოდგენა. ვერ ახერხებს იდეის წარმოდგენას.

რუბრიკის საფუძველზე შემუშავებული განმავითარებელი კომენტარები ხელს უწყობს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს და მათთვის მიზნობრივი დახმარების გაწევას. განმავითარებელი შეფასება არის დიალოგის პროცესი. მეხმარება მოსწავლესთან ერთად განვიხილო მისი მიღწევები და დავისახოთ მომავალი მიზნები.

უკუკავშირის მიცემის დროს ყოველთვის ვითვალისწინებ განმავითარებელი შეფასების ზოგად ფორმულირებას

  • დადებითი ასპექტების აღნიშვნა: ყოველთვის დაიწყეთ დადებითი შეფასებით, რათა მოსწავლემ იგრძნოს მხარდაჭერა და მოტივაცია.
  • კონკრეტული მაგალითები: მიეცით მოსწავლეს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა გააკეთა კარგად და რაში შეიძლება გაუმჯობესდეს.
  • შემდგომი განვითარების მიმართულებები: მიუთითეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება გააუმჯობესოს შედეგები.
  • პოზიტიური ფორმულირება: გამოიყენეთ პოზიტიური ფორმულირებები, რომლებიც მოსწავლეს წაახალისებს.

 

გთავაზობთ განმავითარებელი კომენტარის ნიმუშებს:

მაღალი მზაობის მოსწავლისთვის:

  • მშვენიერია! შენი ჯადოსნური ოთახი ძალიან დეტალურად და ორიგინალურადაა წარმოდგენილი. სივრცითი მიმართებების აღწერა ძალიან ზუსტია. შეგიძლია შენი ოთახის ისტორიაც მოყვე, რა ხდება მასში.

საშუალოზე მაღალი მზაობს მოსწავლისთვის:

  • შენი ჯადოსნური ოთახი საინტერესოა! სივრცითი მიმართებების აღწერაში უმეტესად სიტყვები სწორად გამოიყენე. შეეცადე, შენი ოთახი კიდევ უფრო დეტალურად აღწერო და ყველა სიტყვა გამოიყენო (“ზემოთ”, “ქვემოთ”, “წინ”, “უკან”, “შორის”, მაღალი, დაბალი“ ).სივრცითი მიმართებების აღსაწერად. ~

საშუალოზე მზაობის მოსწავლისთვის:

  • შენი ოთახი ჯადოსნური სამყაროა! შეეცადე, შენი ოთახი უფრო დეტალურად დახატო ან ააწყო. გამოიყენე სხვადასხვა ფერები და ფორმები. როცა აღწერ შენს ოთახს, ნუ დაგავიწყდება გამოიყენო სიტყვები, რომლებიც გვიჩვენებს, სად მდებარეობს ნივთები (მაგალითად, “ზემოთ”, “ქვემოთ”).

დაბალი მზაობის მოსწავლისთვის:

  • შენი ნახატი ძალიან ლამაზია! შეეცადე დაამატო შენს ოთახში რამდენიმე ჯადოსნური ნივთი და აღწერო, თუ რას აკეთებენ ისინი. როცა აღწერ შენს ოთახს, დამეხმარე გავიგო, სად დგას შენი საწოლი, მაგიდა და სხვა ნივთები.

შემოქმედებითი დავალება, როგორიცაა “ჩემი ოთახი – ჯადოსნური სამყარო”, ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი წარმოსახვა და სივრცული აზროვნება. ასეთი დავალებები არა მხოლოდ მხიარული და საინტერესოა, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარების და შემოქმედებითობის განვითარებას.

განმავითარებელი შეფასება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. იგი ბავშვს აძლევს უკუკავშირს, ეხმარება მას გააანალიზოს თავისი მიღწევები და დაინახოს, რაში შეიძლება გაუმჯობესდეს. ამგვარი შეფასება არა მხოლოდ აფასებს შედეგს, არამედ აღნიშნავს მოსწავლის პროგრესს და აძლევს მას მოტივაციას, გააგრძელოს სწავლა და განვითარება.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითი დავალებები და განმავითარებელი შეფასება ერთობლივად ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ბავშვები თამაშით სწავლობენ, ავითარებენ თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს და მზადდებიან მომავალი გამოწვევებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“