სასწავლო გაჩერებებით ლეპბუკის (Lapbook) შექმნა მათემატიკაში თემის შესაჯამებლად გამოვიყენე.
გაჩერებებით სწავლება გულისხმობს საკლასო გარემოს იმგვარად მოწყობას, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კლასში გადაადგილება და გაჩერებებზე შესაბამისი დავალების შესრულება.
ლეპბუკი (Lapbook) – სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „დასაკეცი წიგნი“,
„კალთის წიგნი“, სხვანაირად მას საგანმანათლებლო წიგნაკსაც უწოდებენ. ეს არის ხელნაკეთი ინტერაქციული და შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი ხელით ქმნიან.
გთავაზობთ ინოვაციური მეთოდით ჩატარებული ღია გაკვეთილის სცენარსა და გამოყენებულ რესურსებს:
საგანი: მათემატიკა
კლასი: III
თემა: გამრავლება-გაყოფა
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
გამოყენებული ინოვაციური მეთოდი: გაჩერებებით სწავლება და Lapbook-ის (საგანმანათლებლო წიგნაკი) შექმნა
მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით ოთხ ჯგუფად განაწილდნენ, ორი ჯგუფი წარმოადგენდა „გაყოფას“, ორი კი „გამრავლებას“.
კლასში წარმოდგენილი იყო ოთხი გაჩერება, რაც გულისხმობს ჯგუფური მუშაობისთვის მოწყობილ სივრცეებს. მაგიდებთან მოსწავლეებს ჩემ მიერ წინასწარ გამზადებული დავალებები ხვდებოდათ. წარმოდგენილი დავალებები ამოწმებდა როგორც დეკლარაციულ, ისე პროცედურულ და პირობისეულ ცოდნას და, რაც მთავარია, მასში გათვალისწინებული იყო დიფერენცირების პრინციპები.
გაჩერებები წარმოვადგინე შემდეგნაირად:
გაჩერება N1 – რა არის გაყოფა? (დეკლარაციული ცოდნა)
გაჩერება N2 – რა არის გამრავლება? (დეკლარაციული ცოდნა)
გაჩერება N3 – გაყოფის გამოყენება (პროცედურული და პირობისეული)
გაჩერება N4 – გამრავლების გამოყენება (პროცედურული და პირობისეული)
თითოეული ჯგუფი ჩერდებოდა ორ გაჩერებაზე და ასრულებდა შესაბამის დავალებას. მაგალითად, „გაყოფის“ ჯგუფი დავალებებს ასრულებდა N1 და N3 გაჩერებებზე, „გამრავლების“ ჯგუფი კი – N2 და N4 გაჩერებებზე.
თითოეულ გაჩერებაზე მუშაობისთვის მოსწავლეებს გამოყოფილი ჰქონდათ 9-10 წუთი. მასწავლებელი უწყვეტად აკვირდებოდა მოსწავლეთა ჩართულობას Lapbook-ის შექმნის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინსტრუქციებს იძლეოდა. ჯგუფის ლიდერი უზრუნველყოფდა სამუშაოს განაწილებას ჯგუფის წევრებს შორის და ზრუნავდა გამოყოფილ დროში დავალების ეფექტიანად შესრულებაზე.
გაკვეთილის ბოლოს, ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაცია კლასის წინაშე. მასწავლებელმა დამხმარე შეკითხვებით შეამოწმა მოსწავლეთა ცოდნა. მოსწავლეები შეფასდნენ განმავითარებელი შეფასებით წინასწარ შექმნილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
გთავაზობთ მოსწავლეთა ნამუშევრებს:
რატომ არის აღნიშნული მეთოდი ეფექტიანი?
- ლეპბუკი ეძღვნება კონკრეტულად ერთ რომელიმე თემატიკას, მოსწავლეები ამთლიანებენ სხვადასხვა გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას და აჯამებენ თემას;
- მოსწავლეებს გაჩერებებზე ხვდებათ დავალებების ბანკი, საიდანაც თითოეული მოსწავლე თავად ირჩევს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამის დავალებას. შესაბამისად, პროცესში ყველა მოსწავლე ჩართულია;
- მოსწავლეები სწავლობენ ჯგუფში თანამშრომლობას, სამუშაოს გადანაწილებას საერთო საქმისთვის და სხვისი შრომის პატივისცემას;
- შემდგომში, ლეპბუკის გადახედვისას, მოსწავლე ადვილად გაიხსენებს გავლილ საკითხს/თემას და მარტივად მოიძიებს საჭირო და მნიშვნელოვან კონკრეტულ მასალას.
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები სასწავლო გაჩერებების მიხედვით:
- გაყოფის რაობა
- გამრავლების რაობა
- მოქმედებები გაყოფაზე
- მოქმედებები გამრავლებაზე
- შეფასების რუბრიკა
- სასწავლო გაჩერებები
ბიბლიოგრაფია:
- ბლიაძე, მ. „რა არის და როგორ შევქმნათ ლეპბუკი?“ https://mastsavlebeli.ge/?p=34888
- USAID საბაზისო განათლების პროგრამის რესურსები მათემატიკაში https://chemiskola.emis.ge/
- ლეპბუკის შექმნის ვიდეოინსტრუქცია https://www.youtube.com/watch?v=1GSboJTIwSE



