შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

დედის ემოციური მდგომარეობის გავლენა ბავშვზე

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მშობლების, განსაკუთრებით კი დედის ემოციური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვზე, მის განწყობასა და ქცევაზე. უარყოფითი ემოციები, უამრავი, არცთუ იშვიათად, გადაუჭრელი პრობლემის სათავედ იქცევა, დადებითი კი, პირიქით, სასიკეთოდ აისახება ბავშვის განვითარებაზე.

დედის ემოციების გავლენა ბავშვზე მისი მუცლადყოფნის პერიოდშივე იწყება. ამიტომ ურჩევენ ექიმები ორსულებს, ამ საპასუხისგებლო პერიოდში მეტი დაისვენონ და თავი არიდონ სტრესს, რომელსაც შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

სიცოცხლის პირველ დღეებში პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ მზრუნველი და მშვიდი ატმოსფერო. დედობრივი სინაზე და სიყვარული დადებით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე, განამტკიცებს, აძლიერებს მათ ტვინს და ხელს უწყობს გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციას. სტაბილურ და მშვიდ გარემოში მცხოვრები ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ ყველაფერს, უადვილდებათ ურთიერთობები.

დედის ემოციური სტაბილურობა ბავშვის წარმატებული, შეუფერხებელი განვითარების საწინდარია. მშობლების მუდმივი უგუნებობა ბავშვის ემოციურ და კოგნიტიურ შეფერხებას იწვევს. დედა, რომელსაც აქვს ემოციების კონტროლის კარგი უნარი და, ამასთან, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებიც, დადებით გავლენას ახდენს შვილების ქცევაზე. ემოციურად სტაბილური მშობლების შვილები ნაკლებს ჩხუბობენ, არ გამოხატავენ აგრესიას, როცა რამე ისე არ ხდება, როგორც მათ სურთ. ემოციურად სტაბილური მშობელი, თავის მხრივ, შვილის არასასურველი ქცევის ცალკეულ ეპიზოდებს გადაუჭრელ სისტემურ პრობლემად არ აღიქვამს და არ ჩქარობს მათთან დაუყონებლივ გამკლავებას. გაღიზიანებული, ემოციურად არასტაბილური მშობელი კი უნებლიეთ ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც ბავშვი დაცულად ვერ გრძნობს თავს. მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, გონებაში მუდმივად უტრიალებს აზრი: „მე ცუდი ვარ!“ ყოველივე ამან შესაძლოა არა მხოლოდ ბავშვობა გაურთულოს პატარას, არამედ დიდობაშიც შეუქმნას პრობლემები. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც ემოციურად სახიფათო გარემოში იზრდებიან, შესაძლოა, განუვითარდეთ შფოთვა, შიში, დეპრესია. მაშინაც კი, როცა ზრდასრული პატარას განზრახ არ უნერგავს შიშს, მაგრამ თავად გამუდმებით ეშინია და სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, მისი ნეგატიური ემოციები ბავშვისთვის შესაძლოა შფოთვის მიზეზად იქცვეს. როდესაც ზრდასრული მუდმივად პანიკაშია და ხვდება, რომ ვერაფერს აკონტროლებს, ის შესაძლოა აფეთქდეს და თავისი უარყოფითი ემოციები ბავშვზე გადაიტანოს – ადამიანზე, რომელიც უბრალოდ მის გვერდითაა. კარგია, როცა მშობელი მართავს თავის ემოციებს და ბავშვზე არ ახდენს მათ პროეცირებას. ამ შემთხვევაში შფოთვის ნეგატიური ეფექტი მინიმალური იქნება.

კარგი იქნება, თუ არ დავივიწყებთ, რომ დედა ბავშვისთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტორია. ახალდაბადებული ადამიანი დედამიწის ბინადარ სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით სრულიად უმწეოა. დედის ან სხვა ზრდასრულის დახმარების გარეშე ის უბრალოდ ვერ გადარჩება. მაგრამ ბავშვს სჭირდება არა უბრალოდ მოვლა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ დედის ემოციური არსებობაც მის ცხოვრებაში. დედასთან ემოციური კავშირის გარეშე ბავშვი სრულყოფილად ვერ განვითარდება. მისთვის დედა მთავარი შუამავალია მასა და გარე სამყაროს შორის. მისი გავლით უყალიბდება ბავშვს სხვებისადმი დამოკიდებულება, სწავლობს ურთიერთობას. როცა დედა ყურადღებიანია, სათანადოდ ზრუნავს შვილზე, დროულად პასუხობს მის სიგნალებს, ბავშვს ექმნება შთაბეჭდილება, რომ სამყარო, რომელშიც მან შემოაბიჯა დაბადების შემდეგ, კარგია, კეთილგანწყობილია მის მიმართ. როცა დედა გადატვირთულია თავისი საზრუნავით და ხელიდან უშვებს ბავშვის ემოციური განვითარების კონტროლს, დედა-შვილის ურთიერთობაში უფსკრული ჩნდება. ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მათ ურთიერთობაზე, არამედ ბავშვის ურთიერთობაზე მთელ სამყაროსთან. მას გაუჭირდება სხვა ადამიანების ნდობა, თავს დაცულად ვერ იგრძნობს. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ბავშვის ემოციურ განვითარებას შეაფერხებს, არამედ კვალს დააჩნევს მისი პიროვნების ყველა ასპექტს:

ბავშვი, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს, ნაკლებად ცნობისმოყვარეა, კვლევითი ინტერესი კი პირდაპირ გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე და პირიქით: ბავშვს, რომელსაც მტკიცე ურთიერთკავშირი აქვს დედასთან, არ ეშინია გარე სამყაროსთან კონტაქტის, კარგად ერკვევა საკუთარ გრძნობებსა და განცდებში, შეუძლია სხვისი გრძნობების, განცდების, ემოციების ამოცნობა. ბავშვი, რომელსაც ემოციურად სტაბილური და გაწონასწორებული დად ჰყავს, მეტი სიმშვიდით და უპრობლემო ქცევით გამოირჩევა, არ მართავს ისტერიკას და არ აწუხებს გარშემო მყოფებს.

4-5 წლიდან პატარებს ისე ძლიერ უკვე აღარ სჭირდებათ დედის მზრუნველობა. მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული, საინტერესო ნივთების აღება, თავიანთი სურვილების უფროსებისთვის გასაგებად გამოხატვა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯერ კიდევ ძლიერ არიან დაკავშირებული დედასთან, დედის ემოციურ მდგომარეობას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ბავშვზე ზემოქმედების ძალა. ნერვული და მშფოთვარე მშობელი სახლში ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც ბავშვი თავს დაუცველად და დამნაშავედ გრძნობს. ის ფიქრობს, რომ მისი ბრალია დედის მუდმივი გაღიზიანება და ბრაზი. რომ არის. ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან, ზრდასრულ ასაკში თავადაც ემოციურად არასტაბილურები, მშფოთვარეები და ნევროზულები ხდებიან.

ადამიანი რობოტი არ არის. ყველას გვაწუხებს რაღაც: ფინანსური სირთულეები, დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან, შერყეული ჯანმრთელობა… შეუძლებელია, ყოველივე ამან არ იმოქმედოს ჩვენზე, ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თითოეული პრობლემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. ვეცადოთ, ისე მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, რომ ბავშვი არ დავაზიანოთ. დედა-შვილს რაღაც ამოუცნობი, ფარული ემოციური კავშირი აქვთ. როგორც დედას შეუძლია, უსიტყვოდ გაუგოს შვილს, შვილსაც აქვს მშობლის ემოციების „წაკითხვის“ უნარი, შესაძლოა, უფროსებზე უკეთესიც კი. ის „კითხულობს“ ემოციებს მზერაში, მიმიკაში, ხმის ტემბრში, პოზაში, ჩამოშვებულ მხრებში, და როდესაც მისი საყვარელი, ყოველთვის მხიარული დედა უცებ ყვირილს იწყებს, ის ბავშვი შფოთავს. მას არ ესმის, რა მოხდა და დედის აფეთქების მიზეზს საკუთარ თავში ეძებს.

რა შეიძლება დაეხმაროს დედას შვილთან მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში?

  • ურთიერთობა, კომუნიკაცია;
  • მხედველობითი კონტაქტი;
  • სხეულებრივი კონტაქტი, კანის კანთან შეხება – ვატაროთ ხელში აყვანილი, დღეში რამდენჯერმე ვაკოცოთ და ჩავეხუტოთ პატარას;
  • ჩავუღრმავდეთ, გავერკვიოთ ბავშვის პრობლემებში, ვეცადოთ დავეხმაროთ რჩევით თუ მოქმედებით;
  • ვისწავლოთ საკუთარი ემოციების ამოცნობა, რათა გაგვიადვილდეს იმის გაგება, რას გრძნობენ ამა თუ იმ მომენტში ჩვენი შვილები. სხვათა შორის, ემოციები – დადებითი თუ უარყოფითი –გადამდებია;
  • ჩვენთვის ძვირფას ადამიანთან, ახლობელთან, მეგობართან უბრალო საუბარიც კი ხელს უწყობს ემოციურ განმუხტვას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც ასევე გვეხმარება ბავშვთან თამაში უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში, ოღონდ ვეცადოთ, ვითამაშოთ გულით, სურვილით და არა თავის იძულებით აუცილებლობის გამო.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის ემოციურ აფეთქებასთან გამკლავება მხოლოდ სიყვარულით და მზრუნველობით არის შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“