კვირა, ოქტომბერი 27, 2024
27 ოქტომბერი, კვირა, 2024

ესაუბრე სხეულს – პეზეშკიანის ტექნიკა

ჰოლისტური ადამიანი – ნაწილი 2

„გამოსამშვიდობებელი  წერილი სიმპტომთან“

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გამუდმებულად გესაუბრებათ, სხვადასხვა ნიშანს გაძლევთ და ცდილობს, მიიქციოს თქვენი ყურადღება, თქვენ კი ან ვერ ამჩნევთ მას, ან მისი ენა არ გესმით, ან გაბუტული ხართ… ის კი უბრალოდ გთხოვთ, რომ დაელაპარაკოთ, ჰოდა, ეს ორივე: მოსაუბრეც და დადუმებულიც თქვენ ხართ! მთლიანობისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. და კომუნიკაციას შეუძლია გააქროს სიმპტომი.

ახლა მოგიყვებით ერთი ცნობილი მეთოდის შესახებ, რომელშიც თქვენ დაინახავთ კომუნიკაციის ძალას. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა ესაუბროთ „სიმპტომს“. სხეული ხომ გველაპარაკება ტკივილის/ემოციების  ენაზე, ჰოდა, სწორედ მასთან უნდა გავაბათ საუბარი.

ამ მეთოდს ეწოდება „გამოსამშვიდობებელი  წერილი სიმპტომთან“. ეს არის ირანული წარმოშობის გერმანელი ნევროლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის – პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებლის ნოსრატ პეზეშკიანის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა.

ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანია, დაანახოს ადამიანს, როგორი მნიშვნელოვანია  სიმპტომის მიღება. სიმპტომში იგულისხმება ტრავმული გამოცდილებები: როცა რაღაც გვაწუხებს, როგორც ჩანს, მხოლოდ მას ვხედავთ ცხოვრებაში და სხვას ვეღარაფერს ვამჩნევთ.  წერითი კომუნიკაცია  საშუალებას მოგცემთ, შეისწავლოთ სიმპტომი, როგორც თქვენი სხეულის  ნაწილი და იპოვოთ რეაგირების ახალი გზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ტვინის “კონტრპროგრამა”.  ეს მეთოდი სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეუძლიათ გამოიყენონ მასწავლებლებმა ლიტერატურის გაკვეთილზე.

სიმპტომზე “გამოსამშვიდობებელი წერილის”  ინსტრუქცია

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ სიმპტომი-მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში (მაგალითად, “იტანჯებით უპასუხო სიყვარულით”, “ურთიერთობაზე დამოკიდებულება“, “დაავადება, რომელიც იწვევს გარკვეულ გრძნობებს/ემოციებს” და ა.შ.). ამ „მეგობართან“ კომუნიკაციამ და ურთიერთობამ რაღაც გასწავლათ ცხოვრებაში,  მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ამ კონტაქტმა ამოწურა თავი. თქვენ გადაწყვიტეთ დაშორდეთ ამ მეგობარს.

ახლა თქვენ უნდა დაწეროთ მასთან გამოსამშვიდობებელი წერილი. თქვენი შეტყობინება უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან: პირველ ნაწილში – მადლობა უნდა გადაუხადოთ სიმპტომს იმისთვის, რაც მან გასწავლათ. მეორეში – დაასაბუთეთ, რატომ გადაწყვიტეთ მასთან დაშორება. მესამეში – აღწერეთ, როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება ამ სიმპტომის გარეშე, რა ქმედებები მოგცემთ საშუალებას, შექმნათ უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა გარემოსთან და სხვა ადამიანებთან.

ფსიქოსომატური აშლილობის შემთხვევაში წერილის წერისას უნდა მივმართოთ არა დიაგნოზს, როგორც ასეთს, არამედ იმ ემოციას, განცდას, რწმენას ან გამოცდილებას, რომელსაც გრძნობს ადამიანი მასზე ფიქრისას.

წერილი – ნიმუში

გამარჯობა, ჩემო ძვირფასო რწმენა – “მე ვარ დამნაშავე”! მე პირველად გწერთ და ეს არის ჩემი გამოსამშვიდობებელი წერილი. მრავალი წელი ჩვენ ერთად ვიყავით, თქვენ მეხმარებოდით, მხარს მიჭერდით და მჭირდებოდით. ვაღიარებ, თქვენი მადლობელი ვარ. შენ მასწავლე, კრიტიკული თვალით შემეხედა ჩემი თავისთვის და ჩემი მოქმედებებისთვის;  მასწავლე ცხოვრებაში უმცირესი დეტალებისთვის მიმექცია ყურადღება და შემემჩნია ჩემი ხასიათის ყველა თვისება. შენი წყალობით ვისწავლე სხვა ადამიანების პრობლემებისა და წუხილის გაგება, გავხდი უფრო ემპათიური და მზრუნველი გარშემომყოფთა მიმართ. შენი წყალობით გავიგე, რომ ის, რაც მოხდა, მოხდა და მისი შეცვლა შეუძლებელია,  ვისწავლე თვითანალიზი, დროის სტრუქტურირება და მოვლენათა შეფასება.

ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ შენი წასვლის დროც მოვიდა. შენთან ერთად ყოფნისას, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ. შენი დახმარებით სტრუქტურირებული დრო არ არის კრეატიული, ის არ იხარჯება შემოქმედებითად. გამუდმებით უკან ვიხედები, ზურგი ვაქციე მომავალს და დავკარგე პერსპექტივა. შენთან ერთად ვარ ილუზიებში, მგონია, რომ წარსულში რაღაცის შეცვლა შემიძლია, თუმცა ეს შეუძლებელია. წარსულის თხრა მაკარგვინებს განვითარების შესაძლებლობას და ეს გზა არსაით არ მიდის. მუდმივი თვითგანსჯის რეჟიმში დავკარგე საკუთარი თავის სიყვარული, შესაბამისად, მე მას ვერ ვუნაწილებ საყვარელ ადამიანებს.

მადლობელი ვარ, რომ ბევრი რამ მასწავლე, მაგრამ ახლა სხვა არჩევანის დრო დადგა. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს შესამეცნებელი, რომელშიც შენ უკვე ვეღარ მეხმარები. მე უნდა ვიპოვო ჩემი ადგილი ამ სამყაროში და სხვა ადამიანთა ცხოვრებაში, ამისთვის კი საჭიროა, წარსულთან მიჯაჭვულობა გავწყვიტო. ახალი გამოცდილებებით მე შევძლებ განსხვავებულ ურთიერთქმედებას ჩემს გარშემომყოფებზე. ასე რომ, მშვიდობით!

P.S. ძვირფასო მასწავლებლებო, დააწერინეთ მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი წერილი იმ რწმუნებულებებსა თუ სიმპტომებზე, რომლებიც ხელს უშლიან ბავშვებს განვითარებაში. მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“