სასიკვდილო ბედნიერება თუ წყლის სიღრმეში ჩავარდნილი კენჭების ტურბულენტობა?
(ფროიდის ფსიქოანალიზი და შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“)
როგორც გერმანიაში ამბობენ, ძნელია, წარმოვიდგინოთ მე-20 საუკუნე ფროიდის გარეშე. მან დაამკვიდრა ტერმინი-აღმოჩენა „არაცნობიერი“, რომელსაც თუმცა ჰიპოთეზად თვლიდა, მაგრამ ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით შეეცადა იგი ადამიანის ცნობიერების თავისებურებათა, თვითონ ადამიანის ქცევისა და შემოქმედების – კულტურის ფენომენის ახსნასა და გაგებას.
ზიგმუნდ ფროიდის მსოფლმხედველობა ფსიქოლოგიზმებია: ფიზიკური და ფსიქიკური, სოციალური და გონითი სინამდვილე, მისი გაგებით, ფსიქიკას წარმოადგენს.
ფროიდმა ადამიანის რაობა ფსიქიკის სახით წარმოადგინა და ადამიანის ფსიქიკური ფენების – „იგი“, „მე“, „ზე-მე“ – ურთიერთმიმართებაზე დაყრდნობით შეეცადა, ჩასწვდომოდა სპეციფიკურ-ადამიანური მოვლენების არსს…
ფისქოანალიზის ნარკვევი (ფსიქიკურის ბუნება; ფსიქიკის აპარატი)
ორი რამაა, რამაც, აპრიორი, შეიძლება ჩვენი ფსიქიკური „ამინდი“ განაპირობოსო, – იგივე სულიერი ცხოვრება, როგორც მას ფროიდი უწოდებს. ესაა სხეული, მისი მოქმედების არე, ტვინი (ნერვული სისტემა) და ცნობიერების აქტები, რომლებიც ჩვენთვის ხშირად ისე ნაცნობი და შინაგანი არაა, როგორც გვგონია. რა ურთიერთმიმართებაა ამ წერტილებს შორის, ძნელი დასადგენია, რადგან „ცნობიერების პროცესების ზუსტი ლოკალიზაცია შეუძლებელია“. მოდი, ვთქვათ, რომ სულიერი ცხოვრება არის ფუნქცია იმ აპარატისა, მრავალი ნაწილისგან რომ შედგება, ანუ სხეულისა.
ფსიქიკური აპარატის ცოდნამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანური არსების ინდივიდუალური განვითარების შესწავლამ. ფროიდთან ამ „უძველეს პროვინციასა თუ ინსტანციას“ ეწოდება იგი. მისი შინაარსია ყველაფერი, რაც მემკვიდრეობითია, დაბადებიდან თანდაყოლილი – ძირითადად, ესაა სხეულის ორგანიზაციიდან მომდინარე ლტოლვები, რომლებიც ჩვენთვის უცნობ ფსიქიკურ გამოხატულებასაც პოულობენ.
გარემომცველი, რეალური სამყარო ზემოქმედებს იგი-ს ერთ ნაწილზე და ავითარებს მას. ქერქის ფენამ, რომელიც მოიაზრებს გამღიზიანებლების მიმღებ ორგანოებსა და გაღიზიანების დაცვით ორგანიზაციას, შექმნა განსაკუთრებული სტრუქტურა, ამიერიდან შუამავლობა რომ დაეკისრა იგი-სა და გარე სამყაროს შორის; ჩვენი სულიერი სამყაროს აღნიშნულ სფეროს ფროიდი უწოდებს მე-ს.
რა არის მე-ს მახასიათებლები? მის განკარგულებაშია ნებისმიერი მოძრაობანი, რომლებიც წარმოიქმნება გრძნობად აღქმასა და კუნთურ აქტივობას შორის. ამას ის თავად როდი ახორციელებს, – ეცნობა გამღიზიანებლებს, მათ შესახებ გამოცდილებას აგროვებს (მეხსიერებაში – ზეინტენსიურ გამღიზიანებელს თავს არიდებს, მისგან გაქცევით; ზომიერ გამღიზიანებლებს ხვდება შეგუებით) და ბოლოს სწავლობს, მიზანდასახულად უკეთესობისკენ როგორ შეცვალოს გარე სამყარო (აქტივობა). შინაგანად იგი-სთან დაპირისპირებულია იმით, რომ აღწევს პრეტენზიებზე ბატონობას; მე წყვეტს, შეიძლება თუ არა მათი დაკმაყოფილება ან, საერთოდ, უნდა დათრგუნოს მათი აღგზნებანი. მათი (გამღიზიანებლების ინტენსივობის) ზრდა შეიგრძნობა, როგორც უ ს ი ა მ ოვ ნ ე ბ ა, მათი შემცირება კი – როგორც ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ა. მე მიისწრაფვის სიამოვნებისკენ და განერიდება უსიამოვნებას. მოსალოდნელ, განჭვრეტილ უსიამოვნების ზრდას პასუხი გაეცემა შიშის სიგნალით. დროდადრო მე წყვეტს გარე სამყაროსთან კავშირს და გადადის ძილის მდგომარეობაში, რათა გაანაწილოს სულიერი ენერგია განსაკუთრებული გზით.
ბავშვობის პერიოდის, რომელშიც არსებობს მშობელთა ზემოქმედება, ნალექი ქმნის განსაკუთრებულ ინსტანციას, რომელსაც ფროიდი უწოდებს ზე-მე-ს და ესაა მესამე ძალა, რომელიც უპირისპირდება მე-ს, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში უნდა გაუწიოს მას.
მე-ს მოქმედება მაშინაა სწორი, როცა ის ერთდროულად აკმაყოფილებს იგი-ს, ზე-მე-სა და რეალობის მოთხოვნებს, მაშასადამე, ერთმანეთთან ათანხმებს მათ პრეტენზიებს.
„მშობელთა ზემოქმედებაში“ იგულისხმება, ბუნებრივია, არა მხოლოდ მშობელთა პიროვნება, არამედ გავლენა, ზემოქმედება ოჯახისა, რასისა თუ ხალხისა; ასევე სულიერი გარემოს შესატყვისი მოთხოვნები. ასე რომ, ზე-მე ინდივიდუალური განვითარების მსვლელობაში იძენს ე.წ. „ზნეობრივი ცენზორის“, მშობელთა მოგვიანო გამგრძელებლისა და შემცვლელის მნიშვნელობას, როგორც აღმზრდელი, საზოგადოებრივი მორალის ნიმუში, მასში არსებული იდეალი. გამოდის, იგი და ზე-მე, ფუნდამენტური სხვაობების მიუხედავად, ამჟღავნებენ მსგავსებასაც: ისინი წარმოადგენენ წარსულის ზეგავლენას, განსაზღვრულნი არიან თანშობილით, – ზე-მე, არსებითად, სხვისგან გადმოღებულით, ხოლო მე, უმთავრესად, თვითონ განცდილით, ე.ი. აქციდენტალურითა და აქტუალურით.
ფსიქიკური აპარატის სქემა აქვთ უმაღლეს, ადამიანთან სულიერად მსგავს ცხოველებსაც. ზე-მე
ყველგანაა დასაშვები, სადაც კი ადამიანის მსგავსად მოცემულია ბავშვური დამოკიდებულებების გრძელი გზა. ხოლო გამოყოფა, მე-სი და იგი-ს აუცილებელი დაშვებაა.
იგი-ს ძალა, რომელიც გამოხატავს ცალკეულ არსებათა სიცოცხლის თავდაპირველ მიზანს, მდგომარეობს თანდაყოლილ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში. სიცოცხლის შენარჩუნებისა და საშიშროებისაგან შიშის საშუალებით თავის დაცვა იგი-ს არ მიეწერება. ეს მე-ს ამოცანაა, რომელიც ამოზრდილია გარე სამყაროსადმი ანგარიშის გაწევით. მე-ს შეუძლია, ახალი მოთხოვნილებები რეალობად აქციოს, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შეზღუდვაა.
იგი-ს მოთხოვნილებათა დაძაბულობის საფუძველ ძალებს ეწოდებათ სწორედ ლტოლვები.
ეს უკანასკნელნი სულიერ ცხოვრებაში წარმოადგენს სხეულებრივ მოთხოვნებს. განუსაზღვრელია მათი რაოდენობა ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მოდი, გავარკვიოთ, ეს დიდი რაოდენობა შეიძლება თუ არა, რომ ზოგიერთ ძირითად ლტოლვაზე დავიყვანოთ. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ფროიდი უშვებს მხოლოდ ორ ძირითად ლტოლვას – ეროსი და დესტრუქციის ლტოლვა (თვითდამკვიდრებისა და გვარის დამკვიდრების ლტოლვების დაპირისპირება). პირველის მიზანია დაკავშირება, მეორისა – კავშირების დარღვევა. ამ უკანასკნელს სიკვდილის ლტოლვასაც უწოდებენ, რადგან მისი საბოლოო მიზანი ორგანულის, სიცოცხლის, არაორგანულ მდგომარეობაში გადაყვანაა. როცა მატერიალიზმი უშვებს, რომ სიცოცხლე არაცოცხალზე გვიანდელი და მეტიც, მისგან წარმომავალია, ეს ნიშნავს ფორმულას: ლტოლვა მიისწრაფვის საწყისი მდგომარეობის აღდგენისკენ. თვითგანადგურების რაღაცა ნაწილი, ინსტინქტი, ყველა ვითარებაში რჩება სუბიექტის შიგნით, სანამ საბოლოოდ არ მოკლავს ინდივიდს. ეს კი ხდება შინაგანი კონფლიქტებით ან უშედეგო ბრძოლით გარე სამყაროს წინააღმდეგ.
ჩემი აზრით, ფროიდის ამ სქემით, შეგვიძლია, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად შევაფასოთ ერთ-ერთი ლიტერატურული, არაჩვეულებრივი პერსონაჟის ქცევის მოტივაციაცა და შინაარსიც. შეძლებისდაგვარად კი იმიტომ, რომ ადამიანზე, სულიერების ამ ურთულეს „მექანიზმზეა“ საუბარი.
ესაა დიდი გერმანელი მწერლის, მსოფლიო კლასიკოსის, შედევრი-მოთხრობა „უცნობი ქალის წერილები“, რომლის მთავარი გმირის სულისშემძვრელი ისტორია და განცდები, სწორედაც რომ, ერთი პატარა, მშიშარა, მორიდებული ბავშვის მოგონებებით იწყება…
მოთხრობის დასაწყისში ცნობილი მწერალი რ., 41 წელში გადამდგარი კაცი, იღებს აკანკალებული ხელით დაწერილ წერილს, 50 გვერდამდე, რომელზეც არც ხელმოწერაა, არც გამომგზავნის მისამართი, სათაურით: „შენ, ვინც არც კი მიცნობდი“. თხრობა ბავშვის, ადრესანტის შვილის, ბიჭუნას სიკვდილით იწყება და ეს სიკვდილის „სუნთქვა“ გასდევს წერილს ბოლომდე; – „ახლა მხოლოდ შენღა დამრჩი ამ სამყაროში, მხოლოდ შენ, ვინც არაფერი იცის ჩემ შესახებ, ვინც უდრტვინველად ეთამაშება საგნებსა და ადამიანებს, მხოლოდ შენ, ვინც არ მიცნობდა და ვინც ასე მიყვარდა“ (4-5).
საიდუმლო ინკოგნიტო ქალბატონის სიკვდილის შემდეგ უნდა გამჟღავნდეს, რადგან თუ ცოცხალი დავრჩები, წერილს დავხევ, თუ მიიღებ, უკვე გარდაცვლილი გესაუბრებაო. შვილის ცხედართან არ ცრუობენო და ქალი ნდობას ითხოვს… და იწყება ისტორია სიყვარულით შეპყრობილობისა ადრეული ბავშვობიდან; სიყვარული პატარა, ღატაკი გოგონასი სიმდიდრით, განსაკუთრებულობისა და საიდუმლო შარავანდედით მოსილი მწერლის მიმართ. აი, ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური პორტრეტი, „პორტრეტისტი“ შეყვარებული ქალია: „შენ ორმაგი ბუნების ადამიანი ხარ, მგზნებარე, სიცოცხლის მოყვარული, მთლიანად თამაშსა და ფათერაკებს თავმიცემული ახალგაზრდა და ამავე დროს, შენს შემოქმედებაში აუცილებლად სერიოზული, მოვალეობის გრძნობით აღსავსე, უზომოდ ნაკითხი და განათლებული“(11). ეს დორიან გრეის პორტრეტივითაა, გაორებული სულიერების ადამიანისა, მწერლის ორსახოვნების საიდუმლოთი – ერთი ნაწილი სამყაროსთვის გახსნილია; მეორე – ძალიან ბნელია, რომლის შესახებ მხოლოდ მან იცის.
ქალი ჰყვება თავის ბავშვობის საბედისწერო შთაბეჭდილებაზე: „მე თითქოს ცეცხლში შევაბიჯე“ – რა არის ეს, ებადება დასაწყისში მკითხველს კითხვა – უცნაური ვნება თუ სიყვარული? „დამიჯერე, არავის ჰყვარებიხარ ასე მონურად, ძაღლური ერთგულებით, ასე თავდავიწყებით, როგორც იმ მხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი“. სიმხდალეა ეს თუ, პირიქით, სიმამაცე, რა შთაბეჭდილებაც ნაწარმოების ბოლოს გვრჩება? ეს შეუმჩნეველი სიყვარული ამ მარტოსული ბავშვისა, „ასე უიმედო, მორჩილი და ვნებიანი. არასოდეს იქნება ასეთი მოწიფული ქალის, მართალია, გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც მომთხოვნი სიყვარული“, წერს ცვაიგის გმირი. მამა გოგონას მკვდარი ჰყავს დიდი ხანია, დედა მწუხარებით შეპყრობილი, შიშით დათრგუნული და შვილთან გაუცხოებულია. მეგობარი თავქარიანი გოგონები მისი სულით თამაშობენ, ამიტომ ბავშვის სიცოცხლეს მხოლოდ ამ სიყვარულის ობიექტთან თუ განსხეულებულ იდეასთან კავშირით აქვს აზრი, სატრფო-მწერალი მისი იდუმალი სულის თანაზიარია, ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს ქალის სიკვდილამდე… გოგონა სწავლას მოუმატებს, საუკეთესო ხდება, უამრავ წიგნს კითხულობს, პიანინოზე დაკვრას სწავლობს, წმენდს და კემსავს ძველ კაბებს.
დრო გარბის, დედა ქვრივ ვაჭარზე თხოვდება და გოგონას სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვა ქალაქში გადადიან… მაგრამ წერილის ავტორს თავის იდუმალ სატრფოსთან შეხვედრა არაერთხელ უწერია ბედისწერისა თუ განგების „წიგნში“.
გოგო ქალი ხდება, ნაღვლიანი და უმშვენიერესი; იგი მარტოა ადამიანებს შორის; ყმაწვილებს, რომლებიც თავს ევლებიან, ხელს კრავს; ქუჩაში იშვიათად გადის და ნაყიდ ჭრელ კაბებს არ იცვამს. მე გამახსენდა სახარებისეული სენტენცია და თქვენი არ ვიცი: „ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“. ასე ვარდება იგი საკუთარ, როგორც ამბობს, „მიტოვებული ბავშვის ტრაგიკულ, უიმედო ფანატიზმში“ ამოზრდილ სატრფოსგან ვერცნობის ბედისწერაში, რომლითაც იცხოვრებს და კვდება…
ისინი ხვდებიან ჯერ პატარა რესტორანში, შემდეგაც, ეყოლებათ საერთო შვილი, ულამაზესი ბიჭუნა, რომელიც კაცის უდარდელი, წუთიერი გრძნობის შედეგია და მოთხრობის ბოლოს იღუპება („რა უნდა ყვავილებს კუბოზე?“). ქალს არ უნდოდა შვილიანად ტვირთად ქცეულიყო და არ გაამხელს შვილის არსებობას. „არა, შენ არაფერში გადანაშაულებ, საყვარელო“, – იქნებ ეს მსხვერპლშეწირვაა, მაგრამ რატომ?! ეს არგუმენტად გამოდგება, ვითომ? – „მე კი იმდენად ამაყი ვიყავი, რომ მინდოდა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემზე უდარდელად, მსუბუქად გეფიქრა. მერჩია, მთელი სიმძიმე ჩემს თავზე ამეღო…“(36). იქნებ ქალის გრძნობა შიშთანაა თანაზიარი? („სიმართლე რომ გითხრა, შენ გაჭირვებული ადამიანები ნაკლებად გიყვარს, ვიდრე ბედნიერებაში მყოფი თანამოძმეები“). აი, როგორ აძლევს მოთხრობის გმირი, უმწველესი ტრფობის ობიექტი მწერალი, მათხოვარს მოწყალებას: „სწრაფად და უხვად დაეხმარე, თხოვნაც ვერ მოასწრო, მაგრამ მიცემისას სახეზე შიში და სიძულვილი გეტყობოდა… თითქოს მისთვის თვალებში ჩახედვის გეშინოდა“(37). ესაა ნერვული, ზიზღნარევი, შეცბუნებული დახმარება, ისე, კარში ხურდას რომ მოგაწვდიან და სასწრაფოდ მოგიხურავენ, სიღატაკე არ „გადმოგვედოსო“. ქალიც სიღარიბეშია დაბადებული, მისი „შვილია“ და იქნებ ეშინია, რომ ისიც ამ ამრეზილობას დაიმსახურებს, თუ თავს გაამხელს?
იმშობიარებს მარტოდმარტო, სამშობიარო თავშესაფარში, რადგან მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე, კარადიდან მრეცხავი ქალი დარჩენილ ფულს მოიპარავს. ესაა სირცხვილის სასაკლაო, ჯოჯოხეთი, ყოველთვის გაჭედილი და აქოთებული პალატა, „სავსე კვნესით, განწირული ყვირილითა და ვულგარული სიცილით“(39), გვიყვება მწერალი ქალის პირით… ქალიც გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად, უარი თქვას სიღარიბეზე, თავს ყიდის, თავის სილამაზეს, სხეულს, მაგრამ სული არ ღალატობს, სიყვარულის ერთგული რჩება. ამას იგი აკეთებს არა მარტო ფარული სატრფოსთვის (მოტივაციაა შიში – მ.ი.), არამედ შვილისთვისაც, რომ მას არაფერი მოაკლდეს, სიღარიბის სიოც კი არ იგრძნოს; შვილისა, რომელიც ასე ჰგავს მამას – „საათობით შეეძლო საგნებთან ეთამაშა, ისე, როგორც შენ ცხოვრებას ეთამაშებოდი და შემდეგ სერიოზულად, აჭიმული წარბებით მისჯდომოდა წიგნებს“(41), ანუ ბავშვი მამის ორეულია, ორმაგი ბუნებით მასავით: სერიოზულობისა და თავქარიანობის ნარევი პატარა არსება, უნიფორმასა და პატარა ხმალს მეთვრამეტე საუკუნის პაჟივით რომ ატარებს.
მთელ მოთხრობას, როგორც სიკვდილის აჩრდილი, გასდევს ქალი-პერსონაჟის ცხოვრების ფილოსოფია – „ვიცოდი, რომ ამ სამყაროში ღარიბი ყოველთვის გათელილი, დამცირებული და მსხვერპლია“(42). ამიტომ არ უნდა მისი მშვენიერი შვილი საზოგადოების ფსკერზე გაიზარდოს, სიბნელესა და ქუჩის სასტიკ უხამსობაში; „შენი შვილის ბაგეს არ უნდა შეხებოდა უწმაწური სიტყვები, მის თეთრ სხეულს არ უნდა შეხებოდა ღარიბული, უხეში სამოსი – შენს შვილს ყველაფერი უნდა ჰქონოდა, სამყაროს ყველა სიკეთე, სიხალისე და შენამდე უნდა ამაღლებულიყო“(43).
მოთხრობის განმავლობაში ქალი ამაოდ ელის, თუმცა ვერ მიიღებს ვერცერთ სტრიქონს სატრფოსგან; რამდენჯერმე ხვდებიან (ქალი სხვადასხვა ასაკშია ამ დროს), კაცი კი ვერ ცნობს, მისი მსახურის, მოხუცი იოჰანისგან განსხვავებით, რომელიც ქალში მათთან სახლში ცნობისმოყვარეობის გამო არაერთხელ მისულ გოგონას ამოიცნობს („მინდოდა, მუხლი მომეყარა მის წინაშე და ხელები დამეკოცნა“), ქალი თავისთვის მიცემულ ბანკნოტებს მას ჩაუკუჭავს ხელში, აკანკალებული მოხუციც მთელი სიცხადით გრძნობს მის უბედურ ცხოვრებას („ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილად მექცეოდა – შენ, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ ვერ მიცანი“).
რა არის ეს?! იქნებ ისინი არ იყვნენ „ერთისთვის ერთნი“, ანუ ერთმანეთისთვის დაბადებულნი? აბა, მწერალს, რომელმაც ცხოვრების „სული“ უნდა ამოიცნოს, გვერდით ასეთი მოსიყვარულე არსება როგორ ვერ უნდა ეგრძნო?! იქნებ მისი მწერლობა იდეალური ხელოსნობა იყო და არა ხელოვნება, მაღალი შემოქმედება, ღვთაებრივთან წილნაყარი?
ქალი ტოვებს ანდერძს… „შეიძლება სიკვდილის შემდეგ დამიძახო და პირველად მაშინ გიღალატებ, სიკვდილის შემდეგ ვეღარ გავიგონებ შენს ძახილს… ყველაფერია კარგია, რაც იყო“. ბოლო სიტყვები საფლავის ეპიტაფიასავითაა, მართლაც.
ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის შევნატრით ცხოველებს, რადგან მათ ჩვენი უპირობო სიყვარული შეუძლიათ, ჩვენ კი – არა, რადგან პირობითობების ნებითა თუ უნებური მსხვერპლნი ვართ. აგერ დიდი მწერლის ამ შესანიშნავ მოთხრობაში ჩვენ წინაშე ასეთი უპირობო სიყვარულია. რეალური გვეჩვენება ის? მოგვწონს? მგონი, ნაკლებად… სადღაც აუცილებლად უნდა ჩანდეს ადამიანის პიროვნება, საკუთარი მოვალეობებითაც, მსხვერპლობითაც თუნდაც, მაგრამ უფლებებითაც, სულიერი საჭიროებებითაც, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილოს, თორემ ისე უინტერესოა, მხოლოდ ტანჯვაა, კრახია ცხოვრება, ისე სამყაროს გვირგვინი ადამიანს არ ეკადრება; თორემ ჩვენი სიცოცხლის პატარა ქროლა, როგორც ამბობს შტეფან ცვაიგი, უცბად, თვალსა და ხელს შუა, გაიფანტება, როგორც ტბორში ჩავარდნილი კენჭების ვიბრაცია – პაწაწინა, საოცარი, სუსტი გეომეტრიული სიზუსტის წრეები…
ციტატები წიგნებიდან: „ლარი“ (ფროიდი, კირკეგორი, ბერგსონი, ჰაიდეგერი), გამომცემლობა „ხელოვნება“, 1991; შტეფან ცვაიგი „უცნობი ქალის წერილები“, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2021