სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

Hello, Barbra! (ნაწილი II)

60-იანი წლების დასაწყისში ბარბრა მშობლიურ სახლს ტოვებს. მისი კარიერა მანჰეტენის სხვადასხვა კლუბებში სიმღერით დაიწყო. პარალელურად კასტინგებში მონაწილეობდა. ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ სტრეიზანდი ღამის კლუბში მომღერლად აიყვანეს. ამ სასაცილო გოგონამ კარიერის დასაწყისში თავის წარსადგენად ორიგინალური სცენური სახე მოიფიქრა: წითურთმიანი ქუდი, ეგზოტიკური მოკაზმულობა, მკვეთრი კოსმეტიკა, ექსტრავაგანტული სიმღერები, სცენაზე ექსცენტრული საქციელი და ამასთან კონტრასტში უნიკალური ჟღერადობის დიდებული ხმა… ეს ყველაფერი მაყურებელზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

თავიდან, როგორც მომღერალი, ბარბრა ჯაზურ ნაწარმოებებს მიეძალა. მომდევნო წლებში კი რეპერტუარის უდიდეს ნაწილს პოპ კომპოზიციები შეადგენდა მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში როკ მუსიკა იწყებდა ბატონობას. მალევე, 1962 წელს ხმის ჩამწერმა უმსხვილესმა კომპანიამ 20 წლის ბარბრასთან კონტრაქტი გააფორმა. ერთ წელიწადში გამოვიდა სადებიუტო ალბომი „The Barbra Streisand Album”, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომისთვის და საუკეთესო ვოკალისთვის პრემია „გრემი” დაიმსახურა. 

ამავე წელს ბარბრამ ეპიზოდური როლი მიიღო ბროდვეის ერთ-ერთ სპექტაკლში, ხოლო ორი წლის შემდეგ მთავარი როლი მიუზიკლში „სასაცილო გოგონა”. ახალი შოუს „სასაცილო გოგონას” რეპეტიციებზე სრულად გამოვლინდა ბარბრას ბრწყინვალე შემოქმედებითი ინდივიდუალობა. აღფრთოვანებული ცნობილი რეჟისორი ჯერომ რობინსი აღნიშნავდა: „ბარბრასთან მუშაობა ძალზე რთულია, რადგან ბევრი მავნე ჩვევა აქვს. მაგრამ მე არასოდეს მომისმენია ასე ვინმე მღეროდეს”. უშუალოდ ამ მიუზიკლის რეჟისორი გარსონ კენინი კი აცხადებდა: „პირველი რეპეტიციიდანვე ცხადი გახდა, რომ სტრეიზანდი თეატრის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. ის ანგელოზია, გენიალური ქალი, რომელიც მუდამ გულუბრყვილო გეჩვენება”.

ლირიკული  სიმღერა „People” (კომპ. ჯულ სტაინი), გაჟღერებული ბარბრას მიერ, უმალ ჰიტად გადაიქცა. მან სცენაზე შთამბეჭდავი, მსუბუქი იუმორით გამსჭვალული სახე შექმნა. მაყურებელი ხარხარებდა, მხოლოდ ბარბრას არ ჰქონდა საქმე სასაცილოდ! ეს მისი როლი კი არა, თვითონ იყო – გრძელცხვირა, მოუქნელი სასაცილო გოგონა, რომელსაც დიდება და სიყვარული ძალიან სჭირდებოდა. პრემიერაზე აღფრთოვანებულმა პუბლიკამ ბარბრა „ბისზე” 23-ჯერ გამოიძახა. 

ბარბრა ფონოგრამის შესახებ: „სასწაულად რთულია ფონოგრამაზე სიმღერა, რადგან უნდა გავიხსენო თვეების წინ როგორ და რა გრძნობით ჩავწერე. თან პირი ზუსტად ავაყოლო მაშინ, როცა სიმღერა აბსოლუტურად მიტაცებს  და კონტროლს ვკარგავ ამ ყველაფერზე. მე ხომ ყოველ ჯერზე სულ სხვადასხვაგვარად ვმღერი”.

რაც შეეხება „სასაცილო გოგონას” კინოვერსიას, რომელიც ეკრანებზე 1968 წელს გამოვიდა, ყოვლად უცნაური ისტორია უძღოდა წინ. სტუდიაში „Columbia Pictures” ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი-დესპოტი უილიამ უაილერი მუშაობდა. ის მთავარი როლის შესარჩევად ქასთინგს ატარებდა აღნიშნული მიუზიკლისთვის. ასობით ლამაზმანმა გაიარა რეჟისორის თვალწინ. დაღლილი უილიამი სასტიკად ბრაზობდა და ილანძღებოდა, ხოლო დაქანცული ასისტენტები იმ დღეს წყევლიდნენ, როდესაც ამ საქმეს მოკიდეს ხელი. ფილმის წარმატების 80% მთავარი როლის შემსრულებელზე იყო დამოკიდებული და ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავარი გმირი იდეალური უნდა ყოფილიყო, ანუ ისეთი, როგორსაც რეჟისორი თავის წარმოდგენაში ხედავდა.

პრეტენდენტებს მეორე მთავარი გმირის შემსრულებლისთვის (ომარ შარიფი) ისე უნდა ეკოცნათ, რომ დესპოტ რეჟისორს მოსწონებოდა. ამის მსურველი გოგონები ულამაზესი სამოსითა და ტუჩზე მბრწყინავი პომადით თვინიერად იდგნენ რიგში. თითოეული მათგანი ცდილობდა დაუვიწყარი ჰოლივუდური კოცნის განსახიერებას. ამ დროს სექს-სიმბოლო ომარ შარიფი მთავარ მსხვერპლს მშვიდად და ცივსისხლიანად ელოდა. კონვეიერი დაუღალავად მუშაობდა, უკმაყოფილო და გადაღლილი რეჟისორი კი ნერვულად გაიძახდა: „ეს ის არ არის. ეს ის არ არის”. 

მოწყენისა და ერთგვაროვნებისგან მთვლემარე უილიამსი კულისებიდან ხმაურმა და ლანძღვა-გინებამ გამოაფხიზლა. ასისტენტმა რეჟისორს მოახსენა, რომ ვიღაც მაღალ ქუსლებზე შემდგარი მოუქნელი გოგონა ფარდაში გაეხვა. უილიამსმა თავი დააქნია და თქვა: – „შემდეგი”. შემდეგი შემოვიდა და ისევ საშინელი ყვირილი გაისმა. ამჯერად ეს ომარ შარფი იყო, რომელიც ბოლო ხმით ყვიროდა – „მომაშორეთ ეს ისტერიჩკა”. ომარს ნაკბენი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ხოლო მოუქნელ გოგონას ხუთი მომსახურე პერსონალი ვერ ერეოდა… ის ფეხებს აბაკუნებდა, მუშტებს იქნევდა და საშინლად იგინებოდა. „ო პაააა”, ეს არის, რაც მჭირდება!” – ჩაილაპარაკა რეჟისორმა – „მგონი თქვენ ერთმანეთს კარგად შეეწყობით, ჩემო შვილებო” და მთავარი როლის შემსრულებელი ნაპოვნი იქნა. ეს სკანდალური გოგონა ბარბრა სტრეიზანდი იყო. ამ ფილმმა სტრეიზანდის პირად კოლექციას პირველი „ოსკარი” მოუტანა. 

გაოცებული გრიმიორები და კოსტიუმერები ბარბრას ასე ახასიათებდნენ: „რა ცუდად გამოიყურება… გაღუნულფეხებიანი მოხრილი ზურგით, მაგრამ ამას რა უჭირს, გრძელი კაბით შესაძლებელია მათი დაფარვა. მაღალ ქუსლებზე სიარულიც არ შეუძლია. ოი, ჩაცმულობა! უფრო საცოდავს ვერაფერს მოიფიქრებდა კაცი. მაგრამ სახეეე… ამ გრძელი ცხვირის მოშორება რომ შეიძლებოდეს. პირში მუდმივად საღეჭი რეზინი აქვს, რომელსაც მიკროფონს დაუფიქრებლად აწებებს. ხარხარებს როგორც ცხენი! ილანძღება და ცხვირს სახელოებით ისუფთავებს”. 

სტრეიზანდის ფენომენი ყველაზე უკეთ ულამაზესმა და ქალების მიერ განებივრებულმა ომარ შარიფმა აღწერა: „თავიდან მახინჯი მომეჩვენა, მაგრამ შთაბეჭდილება თანდათან გამიქარწყლდა. ბოლოსდაბოლოს მისი ტალანტი და თვითონ სიგიჟემდე შემიყვარდა”. ამ სიტყვებს უამრავი მამაკაცი გაიზიარებდა (უ. ბიტტსი, რ. გირი, ს. სტილბერგი, ლ. ნისონი, რ. ბარტონი, ე. პრესლი, რ. ბასკეტი. ბარბრას გამო კანადის პრემიერ–მინისტრი მზად იყო თანამდებობაზე უარი ეთქვა. პრინც ჩარლზისთვის და აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვისაც ბარბრა ზედმეტად მომხიბლავი აღმოჩნდა).  

საყოველთაო აღიარება ბარბრას პირველივე მიუზიკლმა მოუტანა. ნიუ-იორკი დაპყრობილია ებრაელი უშნო გოგონას მიერ ისევე, როგორც ბარბრას პირველი მეუღლე ელიოტ გულდი. ამ სიმპათიური მამაკაცისგან შეეძინა ვაჟი, დღეს ცნობილი მსახიობი. 

1998 წელს 56 წლის ჭირვეული ბარბრასთვის ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა ის ერთადერთი მამაკაცი (რეჟისორი და მსახიობი ჯეიმს ბროლინი), რომელმაც დაუმორჩილებელი ჰოლივუდის ექსტრავაგანტული ქალბატონი უერთგულეს მეუღლედ აქცია. 

*** 
ბარბრას ეკითხებიან: „მომღერალი ხარ, რომელიც თამაშობს, თუ მსახიობი, რომელიც მღერის?” 

ბარბრა ასე პასუხობს: „მსახიობი, რომელიც მღერის. მე ხომ არასდროს მიფიქრია მომღერლობაზე. ყოველთვის კლასიკურ თეატრზე ვოცნებობდი. არსებობისთვის ბრძოლა მიწევდა, რის გამოც ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ამ გამარჯვებამ საბოლოოდ განაპირობა ჩემი მომღერლობა”.

ბარბრა სტრეიზანდს დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ. ჯიუტმა, შეუპოვარმა და გამბედავმა ბარბრამ შეძლო უარის, უნდობლობის, სკეპტიციზმის, გულგატეხილობისა და სხვა უამრავი დაბრკოლების გადალახვა. ბარბრა კანონებისა და ტრადიციების დარღვევით საკუთარ პატარ-პატარა რევოლუციებს ახდენდა. მან არა მხოლოდ უდიდეს წარმატებას მიაღწია, არამედ ლამაზის რეპუტაციაც კი მოიპოვა. და ეს მართლაც ნამდვილი სილამაზეა – ნიჭიერების სილამაზე. 

ბარბრა სტრეიზანდი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ წარმატების მიღწევა მაშინაც შესაძლებელია, როცა ირგვლივ ყველა შენს დამარცხებაშია დარწმუნებული. ტალანტი, დასამახსოვრებელი ხმა, არანორმალური სწრაფვა გამარჯვებისკენ, ნებისყოფა, საქმის ბოლომდე მიყვანა და სითამამე წარმოადგენს ბარბრას უპირატესობას. მიუხედავად უდიდესი წარმატებებისა, თავად ბარბრა მის მიღწევად მიიჩნევს, რომ ბევრ ულამაზო გოგონას მაგალითი აჩვენა და თვითდაჯერებულობაში დაეხმარა. „ჰოლივუდში ჩამოვედი უცვლელი კბილებით, ცხვირით და გვარით. ეს მე ღირსების გრძნობას მანიჭებს”, – ამბობს ბარბრა. 

70 წლის შემდეგ ბარბრამ მის არცთუ მცირე შემოქმედებით მემკვიდრეობაში (897 მუსიკალური მონოლოგი) აღმოაჩინა მხიარული კომპოზიციების სრული არარსებობა. დაფიქრდა, რატომ გამოვიდა ასე. „ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მრავლადაა ცრემლი, მწუხარება, დაცინვა, აბუჩად აგდება, მაგრამ საკუთარი თავის მჯეროდა და მე გადავცურე მდინარე. არ ჩავიძირე”. ახლაც კი, როცა ბარბრამ 70 წელს გადააბიჯა, მასზე არავინ ამბობს რომ ულამაზოა. პირიქით, ყველა ამბობს რომ ის მშვენიერია.

საინტერესოა, ბარბარას საკუთარ სახელში „ა” ასოსთან საწინააღმდეგო რა ჰქონდა. „ორი „ა” სრულიად საკმარისია” – განაცხადა მან – „მე ბარბრა ვარ და გთხოვთ სწორად წეროთ ჩემი სახელი”. მისმა სახელმა ეს ასო 18 წლის ასაკში დაკარგა. მიზეზი: რაღა თქმა უნდა, მისი სახელი აუცილებლად გამორჩეულად უნდა აჟღერებულიყო! დროთა განმავლობაში ასო სუვენირად გადაიქცა. ის ხეში ამოჭრილ ოქროთი დაფარულ ასო „ა”-ს წარმოადგენდა. წლების შემდეგ ბარბრამ საქველმოქმედო აუქციონზე სხვა ნივთებთან ერთად ეს ასოც გაიტანა, რომელიც 8.750 დოლარად გაიყიდა.


 

ბარბრამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მისი დაპყრობა არც ისე რთული ყოფილა. 

ეს იყო მთავარი და რთული გაკვეთილი, რომელიც ბარბრამ ცხოვრებისგან ისწავლა და ამას ასწავლის ყველას, ვინც მზადაა სიმაღლეების დასაპყრობად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი