პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

საშინაო დავალების რვეული -დათოს გემი

მეშვიდეკლასელების საშინაო დავალების რვეულებთან ერთად გავატარე ზაფხული. აკოკოლავებული რვეულების ყოველი დანახვისას თითქოს ჩემი მოსწავლეებიც ჩემთან ერთად იყვნენ. გიფიქრიათ, რამდენ გაკვეთილს, ფიქრს, შიშს, შეცდომას, სიხარულს, იმედგაცრუებას, სევდასა და აღმოჩენას იტევს ბავშვის საშინაო დავალების რვეული?

მაღალმთიანი რაჭიდან ზღვაზეც თან გავიყოლე რვეულების გროვა. ორი სექტემბრის დილას ვარდისფერ ზურგჩანთაში ხელი ჩავყავი და გავიფიქრე, რომელი მოსწავლის რვეულიც ამოჰყვება ხელს, სანაპიროზე თან წავიღებ-მეთქი. ჯერ დათოს რვეული ამოვიღე, შემდეგ – თამარის.

სავარჯიშო ხალიჩა, ცხელი ყავა თერმოსით, ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ და ორი მოსწავლის რვეული – ამ ყოველივესთან ერთად ზღვისკენ გავწიე. ორი საათი მქონდა საკუთარ თავთან განმარტოებისთვის და უნდა მომესწრო კითხვა, წერა, ვარჯიში და ცურვა.

ულამაზესი დილა იყო. ზღვა ლივლივებდა, ცა კრიალებდა, სანაპიროზე გამორიყულ ხის გამხმარ ფესვებთან განვმარტოვდი. სავარჯიშო ხალიჩაზე მოვკალათდი. ადამიანები კანტიკუნტად მიმოდიოდნენ. იქვე მდინარე სეფა ზღვას უერთდებოდა და მეთევზეები ანკესებთან გაყუჩებულიყვნენ.

მერე ნაძვების ძირას ჩამოვჯექი. ბალახების ფონზე ზღვას ფოტოს  ვუღებდი, თეთრმა პეპელამ რომ ჩამიფრინა. გული დამწყდა, ფოტო რომ ვერ გადავუღე. თითქოს ჩემი ფიქრების პასუხად პეპელა მალევე დაბრუნდა და მოულოდნელად კადრშიც გაოჩნდა. ის დილა გულის ფიქრების მოსმენისა და სამყაროსთან მინიშნებებით საუბრისა იყო.

წიგნის კითხვა დავიწყე. სალტკროკაზეც სრულდებოდა ზაფხული და სექტემბერი დამდგარიყო. „რატომ მთავრდება ზაფხული ასე სწრაფად?“ – ასე ერქვა თავს, რომელსაც ვკითხულობდი.

„ზაფხულის ყველაზე უცნაური თვისება ის არის, რომ სწრაფად მთავრდება – წერდა მალინი თავის დღიურში“. – ეს ფრაზა წავიკითხე და მიწურულ ზაფხულზე დავფიქრდი.

„თითქოს გუშინ ჩამოვედით და ახლა ყველაფერი უნდა მივატოვოთ. რა ძნელია“. – ჩვენც იმ დღეს ვტოვებდით ზღვისპირეთს.

„რატომ მთავრდება ყველაფერი? ნაღებისკრემიანი ტორტი, ზაფხულები და თვით სიცოცხლეც?“ – ბოლო დროს მეც სულ დროის წარმავლობაზე ვფიქრობ-მეთქი, მივაწერე წიგნის არშიას.

შემდეგ თამარის რვეული შევარჩიე. თამარის ნაწერები 14 მაისს წავიკითხე, ზუსტად მის დაბადების დღეს. მაშინ შემაჯამებელი კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე. თვალი გადავავლე თამარის დავალებებს და წერას შევუდექი. „ეს რვეული ჩვენს ერთად ყოფნას ინახავს. საუბარი რომ შეეძლოს, ნეტავ, რომელ დღეს შეარჩევდა?

შენ რას ფიქრობ ადამიანებზე, შენს შესაძლებლობებსა და გატაცებებზე? რისი კეთება მოგწონს? გიხარია სკოლის დაწყება? ნეტავ, კროსენსის ამბებად რას შეარჩევდი ამ ზაფხულიდან? გინახავს ოფოფი? რა გახსენდება ჩვენი გაკვეთილებიდან?“ – ეს ამონარიდია თამარისთვის მიწერილი წერილიდან.

მერე დათოს რვეული გადმოვიღე. ჩემი კომენტარები მხვდებოდა დროდადრო. მივადექი 19 ოქტომბრის დავალებას.  მაშინ დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ ვკითხულობდით. გიო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, მამის მოსაძებნად შინიდან იპარება. ზურგჩანთაში თან წასაღებ ნივთებს ჩაალაგებს  და ამ ეპიზოდის შთაგონებით კლასშივე შემდეგი დავალების ინსტრუქციაც ჩამოვაყალიბეთ:

წარმოიდგინე, რომ გემით მიემგზავრები და მხოლოდ ათი ნივთის წაღების უფლება გაქვს. რომელ ნივთებს შეარჩევდი?

ეს დავალება მთელმა კლასმა ხალისით შეასრულა. დათუნას შავი ფანქრით გემიც დაუხატავს და სულ რამდენიმე ნივთი ჩამოუწერია. თავდავიწყებით უყვარს კალათბურთი და ძირითადად ამ სპორტული თამაშისთვის საჭირო ნივთები შეურჩევია.

ვიდექი ზღვის პირას, ვკითხულობდი 13 წლის ბიჭის ნაწერს და უეცრად ისეთი რამ შევნიშნე, სიხარულის ტალღებმა წამლეკა. როგორც აღვნიშნე, დათუნას რვეულში გემი დაეხატა და ჩემ წინ, შუა ზღვაში, ჰორიზონტზე თეთრი გემი უძრავად იდგა. წარმოიდგინეთ, ხელში მეჭირა დათუნას რვეული, 19 ოქტომბრის საშინაო დავალებას თითქმის ერთი წლის შემდეგ ვკითხულობდი, საშინაო დავალების ქვემოთ ხატია გემი და რვეულის მიღმა ზღვაში თეთრი გემი დგას. „მე ჩემს გემს დავარქმევდი „გემს“. – წერს დავალების ბოლოს დათუნა.

რა იყო ეს? როგორი ფიქრები აღმიძრა? რა დასკვნამდე მიმიყვანა?

ვაიოლეტ ოკლანდერი გამახსენდა. წიგნში „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ის წერს: „ვფიქრობ, ბავშვებს ხშირად ეზარებათ წერა, რადგან სკოლები პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ მართლწერას, ფორმას, წინადადებების აგებულებას და ხელწერასაც კი. ეს ახრჩობს და გუდავს ბავშვის შემოქმედებით ნაკადს. ჩემი აზრით, გრამატიკა და მართლწერა უნდა განცალკევდებოდეს ნამდვილი წერისგან, ცალკე ან, შესაძლოა, მოგვიანებით უნდა ისწავლებოდეს, მას მერე, რაც ბავშვი წერას გაუშინაურდება“.

დათუნა მთელი სემესტრი უკანა მერხზე იჯდა. მისი დავალებები შეიძლება არ იყოს მოწესრიგებული, მაგრამ განა სწავლებისას მთავარი ის არის, ბავშვის ნაწერი იდეალური, ჩაწიკწიკებული, უშეცდომო იყოს?

არა, ეს არ არის მთავარი და თეთრი გემის დანახვამ სწორედ ამაზე მიმანიშნა. ამ ტექსტს კი იმისთვის ვწერ, რომ სხვასაც გავუზიარო ჩემი დაკვირვება და სხვის გულამდეც მივიტანო სათქმელი.

სწორედ ორი სექტემბრის დილას უნდა წამეკითხა კიდევ ერთხელ დათოს დავალება, რათა ბავშვის სათუთ სამყაროსთან ურთიერთობისას გამეცნობიერებინა მასწავლებლის ფხიზელი თვალის მნიშვნელობა

დათუნას რვეული 18 სექტემბრის დავალებით იწყება. ზაფხულის 9 ამბავი კროსენსით აქვს გაცოცხლებული, კერძოდ, 9 კვადრატში 9 მნიშვნელოვანი მოვლენა დაუხატავს, ქვემოთ კი წერილობითი ტექსტი დაურთავს: „დღეს ადრე გავიღვიძე და ვიცოდი, რომ დღეს ყველაზე მაგარი დღე იქნებოდა“. 13 წლის ბიჭის წინადადებები ჩემი დღის მოკლე აღწერაც იყო.

კროსენსს საკლასო ჩანაწერები მოჰყვება, დავალების ინსტრუქციაც ჩაუნიშნავს – თავისუფალი თემა სახელად „ჩემი სახლის წინ“ და მოკლე, მაგრამ ულამაზესი თხზულება დაუწერია. 19 სექტემბერს რედაქტირებაზე გვიმუშავია: აბზაცი, სასვენი ნიშნები, მართლწერა, წინადადებების აზრობრივად გამართვა, მხატვრული ხერხები, დეტალები, ხმამაღალი წაკითხვა – ყველაფერი გულისხმიერად გადაუწერია დაფიდან ბოლო მერხზე მჯდომს.

რამდენიმე დღეში მთელ კლასს დავავალე ერთმანეთის ფიქრების შესახებ დაწერა. დათოს სწორად გაუგია ინსტრუქცია და ნატალის ფიქრები გაუცოცხლებია.

თავისუფალი თემის „ბავშვობის დღეები“ ინსტრუქციას, რომელიც ერთად შევიმუშავეთ კლასში, მოჰყვება დათოს თემა. იქვე ჩემი კომენტარიც ვიპოვე.

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდის სქემა, გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიის გაცნობისას მინილექციის ჩანაწერი, მეტყველების ნაწილების ამსახველი ცხრილი და ახალი სიტყვები „ეთერიანიდან“: ყმა, აბჟანდი, ფეტვი, ბროლი, გულისწადილი, ალვის ხე, კომლი, მკბენარი, გამტკიცული, ხვინჭა, ყორანი ბანი, ყაჭ-აბრეშუმი… Corbus Corax, Panicum miliaceum – ყორნისა და ფეტვის ლათინური სახელწოდებები – გაკვეთილზევე ვიპოვეთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში.

19 ოქტომბერს კლასში ფრაზეოლოგიზმებზე გვიმუშავია: სულს ებრძოდა, სული დალია, ერთი სული მაქვს, სულით დაეცა, სულმა წასძლია… ვკითხულობ დათოს რვეულს და თვალწინ ჩამირბინა ბავშვებისთვის გაღებულმა ძალისხმევამ, აღმოჩენებისა და ცოდნის გაზიარების ულამაზესმა პროცესმა. დათოს რვეულში დრო 26 ოქტომბერს ჩერდება. საქმე ის არის, რომ ბავშვებს ქართულის დავალებებისთვის ორი რვეული აქვთ. მაშინ მთელი კლასის რვეულები შინ წამოვიღე და დროულად ვერ დავაბრუნე. მუშაობა მეორე რვეულში განაგრძეს. სამაგიეროდ, ასეთი დაუვიწყარი თავგადასავლები გადაგვხდა თავს მე და ჩემი მოსწავლის რვეულებს.

ორი სექტემბრის დილა დათოს და თამარის რვეულებთან ურთიერთობამ დაუვიწყარი გახადა. იმ დილას დათოს რვეულს ვიდეო გადავუღე. გადავწყვიტე, ეს წერილი ვიდეოს ფონზე წავიკითხო, ამგვარად ამბის მულტიმედიური ასახვა ვცადო და თქვენც გაგიზიაროთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“