საენათმეცნიერო ლიტერატურტაში ენობრივი სიტუაცია სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთ საბაზისო ცნებად მოიაზრება [ნიკოლსკი, 1976; ბარნეტი, 1988; ფერგიუსონი1995][1]. ენის მკვლევრები მის რამდენიმე განმარტებას გვთავაზობენ. ჩარლზ ფერგიუსონი ენობრივი სიტუაციას უწოდებს მოცემულ დროსა და მოცემულ ადგილზე ენის გამოყენების საერთო კონფიგურაციის აღმნიშვნელს, რომელიც მოიცავს შემდეგნაირ მონაცემებს:
- რამდენი ენაა და რომელი ენები გამოიყენება მოცემულ არეალში?
- რამდენი ადამიანი გამოიყენებს თითოეულს და რა ვითარებაში?
რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული საზოგადოების წევრებს ამ ენების მიმართ? [ფერგიუსონი, 1971:157].
ევროპელი სოციოლინგვისტები ენობრივ სიტუაციას სინქრონულ ენათმეცნიერებას მიაკუთვნებენ, თუმცა ამბობენ, რომ იგი ისტორიულ-დინამიკური პროცესის შედეგია. ამ მიმართულებით კვლევა კი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ენათა გავრცელებულობისა და ფუნქციონირების კვლევა უნდა იყოს, კონკრეტულ დროსა და სივრცეში ენის მატარებელთა დამოკიდებულებისა და ფუნქციონირების იურიდიული საფუძვლის გათვალისწინებით.
საქართველოს ენობრივი სიტუაციის აღწერისას (2010)[2] საქართველოს ლინგვისტურ მრავალფეროვნებას ახასიათებენ ეთნიკური მრავალფეროვნების კვალდაკვალ და ქართულ ენას, მეგრულ-ლაზურ და სვანურთან ერთად, მიაკუთვნებენ ქართველურ ენათა ჯგუფს[3]. ინდოევროპული ენების სხვადასხვა ჯგუფს მიაკუთვნებენ საქართველოში არსებულ ენებს: რუსულს (სლავური ჯგუფი), სომხურს, ბერძნულს (ჯგუფები ინდოევროპულ ენათა ოჯახიდან), ოსურს (ირანულ ენათა ჯგუფი), აზერბაიჯანულს (თურქულ ენობრივ ჯგუფს ალათაურ ენათა ოჯახში).
დასახელებულ ნაშრომში საგანგებოდ გამოყოფენ 4 რეგიონს, რომელშიც კომპაქტურად არიან განსახლებულნი უმცირესობათა წარმომადგენლები: აფხაზები (აფხაზეთი), ოსები (სამხრეთ ოსეთი), აზერბაიჯანელები (ქვემო ქართლი) და სომხები (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლიდან – წალკის რაიონი) და მიუთითებენ, რომ კომპაქტური განსახლების გარდა, საქართველოში გვხვდება ისეთი ეთნიკური ჯგუფების დისპერსიული განსახლებები, როგორებიცაა რუსები, ბერძნები, უკრაინელები, პოლონელები, ქურთები, იეზიდები, ებრაელები, ასირიელები, აგრეთვე ჩრდილო-კავკასიურ ენათა წარმომადგენლები: ქისტები, ჩეჩნები, ლეკები, უდიები, ყაბარდოელები, ჩერქეზები და სხვა. სამწუხაროდ, მათ გვერდით ქართულ ნიშანთა/ჟესტურ ენაზე მეტყველი ენობრივი უმცირესობისათვის (ყრუთა თემისათვის) ადგილი ვერ გამოიძებნა.
საქართველოში არსებული ენობრივი სიტუაციის ერთგვარი გზამკვლევია ევროპის საჭოს მიერ მომზადებული კრებული „Minority Languages in Georgia, Expressions of Cultural Wealth“ (ენობრივი უმცირესობები საქართველოში, კულტურული სიმდიდრის გამოხატულებანი“)[4]. არც ამ კრებულშია ქართულ ნიშანთა/ჟესტურ ენაზე მეტყველი ენობრივი უმცირესობისათვის ადგილი და ენობრივი სიტუაციის არც სხვა ფილოლოგიურ კვლევათა გეოგრაფიაში[5] ფიგურირებს ქართული ჟესტური ენა.
როგორც ცნობილია, ენობრივ სივრცეს, ანუ, ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას იკვლევს ლინგვისტური გეოგრაფია, რომელიც, თავის მხრივ, იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. ეს კი რუკაზე ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალის დაზუსტებას გულისხმობს. იზოგლოსების[6] მეშვეობით რუკებზე სხვადასხვა ენობრივი მოვლენის გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს, რომელიც არის რუკების სისტემატიზებული ერთობლიობა და მასში რაიმე პირობითი ნიშნით აღნიშნულია გარკვეულ ტერიტორიაზე რომელიმე ერთი ენობრივი (ფონეტიკური მორფოლოგიური, სინტაქსური თუ ლექსიკური) თავისებურების ნაირსახეობათა განლაგება, დასახლებული პუნქტების მიხედვით, (ერთი ენის გავრცელების შესაბამისად, ერთ სახელმწიფოში, ერთ კონტინენტზე, მონათესავე ენათა გავრცელების საზღვრებში და ა.შ.). დღეისათვის უკვე არსებობს მრავალი ენისა თუ ენათა ჯგუფის ლინგვისტური ატლასები[7]. იუნესკო მიიჩნევს, რომ ატლასი ენობრივი სიტუაციის დოკუმენტირების ერთგვარი ინსტრუმენტია, ენების მსოფლიო ატლასი კი არის ონლაინპლატფორმა, რომელიც ასახავს გლობალური ლინგვისტური მრავალფეროვნების დინამიკასა და სიღრმეებს. ის უზრუნველყოფს მსოფლიოს ენათა შესახებ ზუსტ, სანდო, განახლებულ და მყარ მონაცემებს. მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენებით და სანდო წყაროების, მათ შორის, ეროვნული მთავრობების, აკადემიური წრეებისა და ენობრივ თემთა მიერ შემოთავაზებული მონაცემების გამოყენებით, ენების მსოფლიო ატლასს შეუძლია სწრაფად ასახოს ლინგვისტური მრავალფეროვნების ცვლილებები. 1996, 2001 და 2010 წლებში იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მოწყვლადი ენების დადგენის კარგი გამოცდილების საფუძველზე, ენების მსოფლიო ატლასი წარმოადგენს მთავარ ნაბიჯს ენის მიმართ უფრო ინკლუზიური, ყოვლისმომცველი და ინტერდისციპლინური მიდგომების დასადასტურებლად[8]. იუნესკო, ენობრივი სიტუაციის აღწერისას აღიარებს ქართული ნიშანთა/ჟესტური ენის, როგორც მოწყვლადი ენის არსებობის ფატს, თუმცა მითითებულ გვერდზე ამ ენის შესახებ რაიმე სხვა მონაცემი არ არის დატანილი.
ქართული ჟესტური ენის შესახებ რაიმე სახის ცნობა არ მოიპოვება ნიშანთა/ჟესტური ენების საერთაშორისო ჩამონათვალსა[9] თუ ნიშანთა/ჟესტური ენის მსოფლიო ატლასებში[10],
და არც ამ ენის კლასიფიკაციისადმი მიძღვნილ უცხოურ, საეტაპო სახელმძღვანელოებში[11].
არადა, ქართული ჟესტური ენის შესწავლის მხრივ ბევრია გაკეთებული. საქართველოს ყრუთა კავშირის ეგიდით შექმნილია ჟესტური ენის ლექსიკონი[12], პროფესორ თამარ მახარობლიძის მიერ[13] შექმნილია საკუთრივ ქართულ ანბანურ ასო-ნიშნებზე მორგებული, მშვენიერი დაქტილური ანბანი; მის მიერვე წამოჭრილია ქართული ჟესტური ენის ნაციონალიზაციის საკითხი და ეს პროცესი უკვე, წარმატებით, კიდეც მიმდინარეობს[14]. გამოცემულია არაერთი მონოგრაფია თუ ბეჭდური პუბლიკაცია, შედგენილია ქართული ჟესტური ენის აკადემიური ლექსიკონი[15], რომლის ლექსიკის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამ ენის მთელი აქტიური ფონდი გამოკვლეულია წყაროებთან მუშაობის მეთოდით. დამუშავებულია ლექსიკონის ტექსტური ნაწილი, გამთლიანებულია ვიზუალურ-ვერბალური მასალა და გაციფრულებულია თითოეული ერთეული. აქტიურად მიმდინარეობს ქართული ჟესტური ენის მორფოლოგიის კვლევა, ქართული ჟესტური ენის მორფოლოგიის სხვადასხვა საკითხის კვლევისადმი მიძღვნილი სტატიების ნაწილი გაერთიანებულია წიგნში „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“ [მახარობლიძე 2019], რომელშიც მიმოხილულია, როგორც ჟესტურ ენათა მორფოლოგია, ასევე — ქართული ჟესტური ენის ზმნის მახასიათებლები, ზმნური აქტანტები, ვერსიისა და კაუზაციის კატეგორიები, დრო, კილო, ასპექტი და მოდალობა. დასახელებული და სხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ქართული ჟესტური ენა „ნამდვილად დამოუკიდებელი ბუნებრივი ენაა და მისი სამომავლო შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟესტური, არამედ — სამეტყველო ენების კროსლინგვისტური კვლევებისთვისაც“[16].
იმდენად, რამდენადაც დღესდღეობით ენის დაგეგმვა[17] აქტუალური ცნებაა და მოიცავს ადამიანთა არსებობის უმთავრესი ნაწილის — ენის — მიმართ ფრთხილ მიდგომასა და სოციოლინგვისტიკურ გარემოებათა გათვალისწინებას, ხოლო ენობრივი ურთიერთობის დაგეგმვა გულისხმობს ენის დაგეგმვასა და ადამიანებს შორის ენობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაგეგმვით საქმიანობას (ვიწრო მნიშვნელობით, ის უფრო მეტად ენასთანაა დაკავშირებული, ფართო მნიშვნელობით კი ორგანიზაციული, ტექნიკური და მოწყობითი ღონისძიებაა), — ვფიქრობთ, სამომავლოდ საქართველოში წარმოებული ენობრივი პოლიტიკა ქართული ენობრივი სიტუაციის ზუსტი, ინკლუზიური მიდგომებით წარიმართება და ქართული ნიშანთა/ჟესტური ენა ღირსეულ ადგილს იპოვის, როგორც ნაციონალურ, ისე — საერთაშორისო ლინგვისტურ ატლასებში. ამ მხრივ კი იმედისმომცემია ენის სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება, რაც ერთი ათად შეუწყობს ხელს ჟესტური ენის პოპულარიზაციასა და აღიარებას სმენის დეფიციტის მქონე ბავშვთა მშობლების, მათ განათლებაში ჩართული პირების, მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან. ამავდროულად, ვიტოვებთ იმედს, რომ, 2024 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ ზუსტი სტატისტიკური ჩანაწერი გაჩნდება ენობრივი უმცირესობების, მათ შორის, ყრუთა და ყრუ-უსინათლო პირთა რიცხოვნობის შესახებ მათი ასაკის, სქესის, განათლებისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც ენობრივი სიტუაციის კვლევისა და ამ პირთა განათლების დაგეგმვისათვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტრუმენტი გახდება.
გამოყენებული რესურსები:
- ბატატუნაშვილი ა. „მოლაპარაკე ხელები” ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი. თბილისი 2008
- კახა გაბუნია, ლალი ეზუგბაია, ჭაბუკი ქირია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, მანანა თანდაშვილის საერთო რედაქციით, თბილისი, 2010 (წიგნი შექმნილია „ფოლკსვაგენის“ ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კვლევის მონაცემების საფუძველზე;
- კახა გაბუნია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, საერთაშორისო მულტილინგვური განათლებისათვის, Ν3, 45-69;
- Kakha Gabunia, The Language Situation in Contemporary Georgia; 2. Caucasian and Non-Caucasian Languages# 4, 2014pp. 1-21. https://multilingualeducation.openjournals.ge/index.php/ijml/article/view/6672/6659; https://www.coe.int/t/dg4/education/minlang/AboutCharter/Minority%20languages%20in%20Georgia_EN.pdf
- მანანა თანდაშვილი, http://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
- ნათია კენჭიაშვილი,ენობრივი სიტუაცია საქართველოში აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე, http://sciencejournals.ge/index.php/NJ/article/view/51/34;
- თამარ მახარობლიძე,(2012) ქართული ჟესტური ენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი თ. მახარობლიძე, ქართული დაქტილური ანბანი. იკე, ტ. 42. ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი. 2014 § თ. მახარობლიძე, “დროის კატეგორია ქართულ ჟესტურ ენაში”. ქუთაისის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ ქუთაისი, 2013 294-302 გვ. 24 § თ. მახარობლიძე, “ზმნათა უღვლილება ქართულ ჟესტურ ენაში”, კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“. თსუ. თბილისი. 2013 231-233 გვ §T. Makharoblidze. On Georgian Dactyl Alphabet. INDIAN JOURNAL OF APPLIED LINGUISTICS – IJOAL (Vol. 40, No. 1-2, Jan-Dec 2014)C/o BAHRI PUBLICATIONS, Kalkaji, New Delhi. 2013 § T. Makharoblidze. Georgian Sign Language Electronic Dictionary. International Journal of Computer and Information Technology. ISSN 2279-0764. vol. XX issue XX –XXXXXXXX 201X www.ijcit.com (miRebulia dasabeWdad) 2013 § T. Makharoblidze. The Georgian Dactyl Alphabet. Disability studies Quarterly. DSQ, Vol. 33, No.3 2013 http://dsq-sds.org/article/view/3318 § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ. § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტური ენები. თსუ, ქართული ენის ინსტიტუტის შრომები #2 გვ.159- 171 § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ..
- სოფიკო ჭაავა, საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იანი წლებში, თბილისი, 2021.
- https://www.vox.com/2014/11/17/7082317/language-maps-charts
- https://projekt.ht.lu.se/georgia/;
- https://en.wal.unesco.org/discover/languages
- https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages
- https://wfdeaf.org/news/the-legal-recognition-of-national-sign-languages/
- https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages
- ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი (rustaveli.org.ge)
- ენის დაგეგმვა, ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელო,2022. file:///C:/Users/mariam.goduadze/Downloads/95232020.pdf
[1] მანანა თანდაშვილი, http://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
[2] კახა გაბუნია, ლალი ეზუგბაია, ჭაბუკი ქირია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, მანანა თანდაშვილის საერთო რედაქციით, თბილისი, 2010 (წიგნი შექმნილია „ფოლკსვაგენის“ ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კვლევის მონაცემების საფუძველზე;
[3] დასახელებულ ნაშრომში მკვლევრები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სპეციფიკურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე ზანურ-სვანურ-ქართული სოციოლინგვისტური ურთიერთმიმართებების თვალსაზრისით; ტრადიციულად, ქართველურ ენებში აერთიანებენ საკუთრივ ქართულს, მეგრულ-ლაზურს (მათ საერთო სახელწოდებად გამოიყენება ზანური, აგრეთვე კოლხური); მკვლევართა ერთი ნაწილი ლაზურს (უწოდებენ აგრეთვე ჭანურს) ცალკე ენადგანიხილავს. ზანურის მეგრულ დიალექტზე მოლაპარაკე ჯგუფი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა განსახლებული. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და ოდიშის ზეგანზე, ისტორიულ სამეგრელოსა და სამურზაყანოში, მდინარეებს – ცხენისწყალსა და ღალიძგას შორის. ისტორიული სამურზაყანო (გალისა და ოჩამჩირის რაიონები) ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, რაც, სოციოლინგვისტური თვალსაზრისით, სპეციფიკურ სიტუაციას ქმნის. ლაზებით კომპაქტურად დასახლებული მხოლოდ ერთი სოფელია (სარფი) საქართველოს ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ლაზების ძირითადი ნაწილი განსახლებულია თურქეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვისპირა ზოლში, თითქმის ქალაქ რიზემდე. სვანები კომპაქტურად სახლობენ დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების – ენგურისა და რიონის ზემო წელზე. დასავლეთით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოლივითაა შეჭრილი სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა (ე. წ. დალსვანეთი). აღმოსავლეთით სვანეთს რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით – სამეგრელო და ლეჩხუმი. სვანების, მეგრელებისა და ლაზების რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ამჟამად შეუძლებელია: ჯერ ერთი, დღემდე ჩატარებული არც ერთი სახელმწიფო აღწერა არ ითვალისწინებდა შიდაქართველურ ენობრივ დიფერენციაციას; გარდა ამისა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და ურბანიზაციის შეუქცევადი პროცესის მოქმედებით, სრულიად შეიცვალა ამ ეთნიკურ ჯგუფთა განსახლების სურათი.
[4] https://www.coe.int/t/dg4/education/minlang/AboutCharter/Minority%20languages%20in%20Georgia_EN.pdf
[5] ნათია კენჭიაშვილი,ენობრივი სიტუაცია საქართველოში აზრბაიჯანულ და სომხურ ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე, http://sciencejournals.ge/index.php/NJ/article/view/51/34; ასევე, იხ.კახა გაბუნია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, საერთაშორისო მულტილინგვური განათლებისათვის, Ν3, 45-69;მისივე— Kakha Gabunia, The Language Situation in Contemporary Georgia; 2. Caucasian and Non-Caucasian Languages# 4, 2014pp. 1-21. https://multilingualeducation.openjournals.ge/index.php/ijml/article/view/6672/6659;
ასევე იხ. ლუნდსის უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ენობრივი სიტუაციის კვლევა, რომელიც ასევე არსად ფიგურირებს ქართული ჟესტური ენის კვლევის კომპონენტი: https://projekt.ht.lu.se/georgia/;
ასევე — სოფიკო ჭაავა საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იანი წლებში, თბილისი, 2021.
[6] იზოგლოსები — ერთი და იმავე ენობრივი თავისებურების გავრცელებისშემაერთებელი ხაზები
[7] https://www.vox.com/2014/11/17/7082317/language-maps-charts
[8] https://en.wal.unesco.org/discover/languages
[9] https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages
[10] https://wfdeaf.org/news/the-legal-recognition-of-national-sign-languages/
[11]https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages
[12] ბატატუნაშვილი ა. “მოლაპარაკე ხელები” ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი. თბილისი 2008
[13] მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი § მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. ტრენინგის სახელმძღვანელო. მესამე საფეხური, გზამკვლევი ტრენერისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი § მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. ტრენინგის სახელმძღვანელო. მესამე საფეხური, რვეული ტრენინგის მონაწილეებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი § თ. მახარობლიძე, ქართული დაქტილური ანბანი. იკე, ტ. 42. ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი. 2014 § თ. მახარობლიძე, “დროის კატეგორია ქართულ ჟესტურ ენაში”. ქუთაისის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ ქუთაისი, 2013 294-302 გვ. 24 § თ. მახარობლიძე, “ზმნათა უღვლილება ქართულ ჟესტურ ენაში”, კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“. თსუ. თბილისი. 2013 231-233 გვ § თ. მახარობლიძე, „ტერმინთა პრობლემა ქართულ ჟესტურ ენაში.“ კრებულში ”ტერმინოლოგია – ქართული ენის ხვალინდელი დღე”. ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თსუ, თბილისი 2013. § T. Makharoblidze. Electronic Dictionary of Georgian Sign Language. GMLT. A. Chikobava Institute of Linguistics. Tbilisi. 2013 (accepted for print) § T. Makharoblidze. On Georgian Dactyl Alphabet. INDIAN JOURNAL OF APPLIED LINGUISTICS – IJOAL (Vol. 40, No. 1-2, Jan-Dec 2014)C/o BAHRI PUBLICATIONS, Kalkaji, New Delhi. 2013 § T. Makharoblidze. Georgian Sign Language Electronic Dictionary. International Journal of Computer and Information Technology. ISSN 2279-0764. vol. XX issue XX –XXXXXXXX 201X www.ijcit.com (miRebulia dasabeWdad) 2013 § T. Makharoblidze. The Georgian Dactyl Alphabet. Disability studies Quarterly. DSQ, Vol. 33, No.3 2013 http://dsq-sds.org/article/view/3318 § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ. § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტური ენები. თსუ, ქართული ენის ინსტიტუტის შრომები #2 გვ.159- 171 § მახარობლიძე თ. (2012) მოქმედების დრო ქართულ ჟესტურ ენაში. “კავკასიოლოგიური ძიებები” – IV; თსუ, თბილისი. 2012 და სხვა.
[14]მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კკავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ. გვ..
[15] ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი (rustaveli.org.ge)
[16] ეკატერინე ნანიტაშვილი, ქართული ჟესტური ენის ლინგვისტიკის ისტორია, the-history-of-georgian-sign-language-gesl-linguistics-19ph3h95.pdf
[17] ენის დაგეგმვა, ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელო,2022, file:///C:/Users/mariam.goduadze/Downloads/95232020.pdf