კვირა, სექტემბერი 8, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

როგორ დავიწყოთ წერა

(პირველი ნაწილი)

მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ქართულის მასწავლებელმა დასაწერად თავისუფალი თემა დაგვავალა. თემის სათაური არ მახსოვს, სამაგიეროდ მახსოვს ის ღამე თეთრად რომ დამათენდა. დავყურებდი ცარიელ ფურცელს და ჯიუტად ველოდი პირველ სიტყვას, რომელიც ამბავს მოიყოლებდა. მაშინ ვფიქრობდი, წერა ჩემთვის დაუძლეველი სირთულე იყო და ამ გამოწვევას მხოლოდ „კარგი“ ან „კიდევ უფრო კარგი“ მოსწავლეები უმკლავდებოდნენ. იმ დროს არავის უთქვამს, რომ სათქმელს, არათუ 45 წუთი, ხშირად, ბევრად მეტი დრო და მუშაობა სჭირდება, სანამ გონებაში მომწიფდება და ტექსტად გადაიქცევა.

 

„როგორ დავიწყოთ წერა” – არცთუ მარტივად დასაძლევი დილემაა მოზარდებისთვის. წერითი დავალების სირთულეც, ხშირად, ძნელად მოსახელთებელი “დასაბამიდან” მოდის. „მას, დასაწყისი მიკარნახეთ და გავაგრძელებ..“; „როგორ დავიწყო, მას?“ „პირველი სიტყვა თქვენ მითხარით”… – მსგავსი ფრაზები ხშირად მოგვისმენია გაკვეთილზე. ამ დროს მოსწავლეებს, როგორც წესი, ვთავაზობთ არაერთ აქტივობასა და რუტინული დავალებას, როგორც აუცილებელ პირობას წერითი უნარების გასააქტიურებლად, თუმცა, დავალებებთან ერთად, მათ ხშირად მხარდაჭერა, მოტივაცია და შთაგონება სჭირდებათ. ამიტომაც, გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა თანამედროვე ავტორების გამოცდილება, თუ რა გზას გადიან ისინი ფიქრიდან სიტყვამდე, როგორ უმკლავდებიან სირთულეებს შემოქმედებით გზაზე, ელიან, თუ არა პირველ ფრაზას და როგორ ქმნიან ტექსტებს. მჯერა, საყვარელი ავტორების გულწრფელი წერილები გამბედაობას შემატებს მოზარდებს (არა მხოლოდ) და თვითრწმენას გაუღვივებს მათ.

ყველა ავტორს ერთი და იმავე შეკითხვით მივმართე, მათგან კი განსხვავებული, საინტერესო პასუხები დამიბრუნდა.

ვიდრე წერილებს გაგიზიარებთ, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ავტორს გამოხმაურებისა და თანამზრახველობისთვის.

 

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?
  2. რა გეხმარებათ, ვიდრე წიგნის (მოთხრობის, სტატიის) წერას დაიწყებთ?
  3. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი (რიტუალი, ჩვევა), რასაც მიმართავთ წერის დაწყებამდე?

 

ნატო დავითაშვილი

(იროელთა ქრონიკები, „ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“)

 

  1. ამბის წერის ბიძგი შესაძლებელია რაღაც მოვლენა, საგანი ან წარმოსახვაში გაჩენილი კადრი გახდეს. დავარქვათ მას მარცვალი. შემდეგ ეს მარცვალი ღივდება, იკეთებს ფესვებს, თან მოაქვს მასთან დაკავშირებული მოვლენები, სამყარო, იდეები. აუცილებელი არ არის მთელი სიუჟეტი დამანახოს… და როდესაც გონება ვეღარ იტევს, ვიწყებ წერას. როგორც წესი, ფინალი წინასწარ ვიცი და ნელ-ნელა მივდივარ ფინალისკენ.
  2. წერის დაწყებაში მეხმარება ამ წიგნის სიუჟეტზე და პერსონაჟებზე საუბარი. მყავს ასეთი ადამიანი, რომელსაც მონახაზს ვუყვები ხოლმე. თხრობისას ბევრად უკეთ ვიგონებ. ამ დროს ვხვდები, მზად ვარ თუ არა, რომ წერა დავიწყო. სიუჟეტის თხრობა, მთავარი გმირისა და მისი ცხოვრების მოყოლა თუ შემიძლია, ეს ნიშნავს, რომ მის დაწერასაც მოვახერხებ.
  3. არავითარი რიტუალი არ მაქვს. დაწყების შემდეგ პირველ რამდენიმე გვერდს ძალიან ბევრჯერ ვკითხულობ. ხმამაღლაც კი. თხრობის ტემპი, სტილი თუ ლექსიკა რომ გავითავისო.

 

თეა თოფურია

(„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, „უჩინარი სახლი“ ა. შ)

 

  1. როდესაც მოთხრობას, რომანს ვწერ, ვიწყებ იმით, რაც ნამდვილად ვიცი. ძირითადად ვიცი დასაწყისი და დასასრული, ვიწყებ დასაწყისით და დანარჩენს გზადაგზა ვიგონებ.
  2. წერა შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს. ხანდახან ვჩერდები, იმიტომ, რომ დრო არ მაქვს, ხანდახან – მეზარება, ხან კი უბრალოდ არ ვიცი, წერა როგორ გავაგრძელო და ველოდები, სანამ რამეს მოვიფიქრებ. ყველაზე კარგად მაშინ ვწერ, როცა სხვა საქმე არაფერი მაქვს, შვებულებაში ვარ და შემიძლია, რაც მინდა, ის ვაკეთო.
  3. სტატიის წერა გაცილებით მარტივია, ჟურნალისტიკა და მწერლობა ძალიან განსხვავდება. ჟურნალისტიკაში არაფერს იგონებ, მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობი. საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული, მთავარი ისაა, რასაც რესპონდენტები და ფაქტები გეტყვიან. მწერლობაში კი ყველა გზა ხსნილია, რაც უფრო კარგი ფანტაზია გაქვს, მით უფრო ფასეული იქნება შენი ნაწარმოები.

 

ლელა ცუცქირიძე

(„უუუ კულელე და სხვა მოთხრობები“, „მართიკოს ვაშლის ხე“, „მხიარული ოჯახი“ და ა.შ)

 

  1. ყველა ამბავი პირველი სიტყვით, ან ფრაზით იწყება. შეიძლება, რაღაც გარკვეული იდეა მქონდეს, მაგრამ წერის დროს ამ იდეამ სხვა განვითარება პოვოს, სხვა იდეები „გამოისხას“. მე კი ამ იდეებმა უფრო მომხიბლოს და ყველაფერი „თავდაყირა“ დავწერო. არ ვარ „დალაგებული“ ავტორი, ხანდახან, ნებისმიერ, თავში პირველად გაელვებულ სიტყვას შეიძლება მოჰყვეს ამბავი. ხანდახან კი არა, ყოველთვის შეიძლება, სცადეთ, კარგი ექსპერიმენტია.
  2. მეხმარება შთაგონება, რომლის წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ: ტკივილი, სიხარული, კარგი წიგნი, ადამიანი, ფოთოლი, ღრუბელი, ხმა… ჩემი „მართიკოს ვაშლის ხე“ აგვისტოს ომის გამოძახილია და გოგონა, რომელიც საბავშვო ბაღში ცხოვრობდა. „ნანომტი ამტომი“ ფურცელზე დამჩნეული ყავის ლაქის დამსახურებაა; „კაქტუსი რებუცია“ ქუჩაში ნაპოვნი კაქტუსის პაწაწინა ბურთულას, წიგნი „მხიარული ოჯახი“ მაღაზიის ვიტრინაში გამოდგმული ბატებიანი სერვიზის და ა.შ. ასევე, ძალიან, ძალიან მეხმარება ხატვა. ხანდახან წერას სულ არ ვაპირებ, მაგრამ ისეთი პერსონაჟი შემომეხატება, მასზე ამბავი რომ არ დავწერო, არც თავად მომასვენებს და ვერც მე მოვისვენებ.
  3. რიტუალი და განსაკუთრებული ჩვევები არ მაქვს. მიყვარს, როცა წერის დროს რაიმე საყვარელი ნივთი ან კომპოზიცია მიდევს ცხვირწინ. ახლა ეს პატარა აკვარიუმია, ოკეანის ქვიშით, ნიჟარებით და კერამიკის ქაღალდის ნავით.

 

ნათია როსტიაშვილი

( „სხვა სკოლა“, „სუნთქვის შემგროვებელი“ და ა.შ)

 

  1. ამბის წერას მის ფურცელზე გადატანამდე ბევრად ადრე ვიწყებ. წერის დაწყებამდე გონების ფაილში იძენს კონტურებს და იქვე ინახება. მოფიქრებული ამბავი ხან ისეთი სხმარტალა და გამჭვირვალეა, არაფრის დიდებით არ გემორჩილება, მისთვის მკვეთრი კონტურის შემოვლება არ გამოდის, მაგრამ როგორც კი გონებიდან ფურცელზე, ან ვორდში გადმოწერას ვიწყებ, ხორცს ისხამს, რეალური, დამყოლი, ხელშესახები ხდება.
  2. ჩემთვის მოთხრობის წერა და სტატიის წერა სხვადასხვა რამეა. სტატიის წერისას მეხმარება იმ თემაზე ინფორმაციის მაქსიმალური ფლობა, რაზეც ვწერ. ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია მომეძიებინა, ვიდრე ეს სტატიისთვის იყო საჭირო. როცა იცი რაზე წერ, დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია. მოთხრობების წერის დასაწყებად გონების ფაილში შენახული ,,მასალა” მეხმარება. პირველი ფრაზა თუ ისეთი გამოვა, როგორიც გინდა, მერე თავისით ეწყობა ყველაფერი. თუ არ გამოვა – უნდა განაგრძო და დანარჩენი ტექსტი თვითონ გიკარნახებს, პირველ ფრაზასთან მიბრუნებული როგორ უნდა მოიქცე.
  3. ზოგადად, რიტუალების გოგო ვარ. უბრალო ჩაის სმასაც რიტუალად ვაქცევ ხოლმე, მაგრამ წერა თვითონ იმდენად რიტუალური და ჯადოსნური ამბავია, რომ კიდევ რაიმეს დამატების მოთხოვნილებას აღარ მიჩენს.

 

ნინო ქადაგიძე

( „ცერცვის ტოლა ამბები“, „ტყუილების ქვეყანა“, „ონანა“ ა.შ)

 

  1. ალბათ რასაც ახლა დავწერ, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ქართული სიტყვის მიმართ. მინიატიურებს ვწერ ლამაზი სიტყვების დახმარებით. ჯერ მაქვს სიტყვა და სიტყვებით ვაგებ ამბავს, ეს სიტყვებია, ვთქვათ – ლაბარდანა, გულისაბა, გულგვამი, ხალთაგუდა, თვალმახარა და სხვა…. რა დააშრობს ქართული ენის მადლიან წყაროს და რა ამოწურავს ამოწურავ ქართული სიტყვის მარგალიტებს.. შემდეგ, ამ ლამაზი სიტყვებით იძერწება პერსონაჟის გარეგნობაც, ხასიათიც, თემაც და სათქმელიც. რაც შეეხება საბავშვო პროზას, აქ ძირითად აქცენტს, რის თქმა მსურს ბავშვებისთვის, იმაზე ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას და აი, ამ სათქმელს მორგებული ვიწყებ წერას. აუცილებლად ვცდილობ, ბავშვებთან უფრო ხალისით მივიტანო სათქმელი.
  2. მეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავება, სათქმელის აქტუალურობა, ან იმ კონკრეტული პრობლემის სიმძაფრე, რომელზეც უნდა დავწერო.
  3. წერის დაწყებამდე ჯერ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩავიჭყიტები ხოლმე, ან ერთ პატარა მოთხრობას წავიკითხავ ჩოხელის, ინანიშვილის, საბას სიტყვის კონიდან ან ლეონიძის, ან ლევან გოთიას შემოქმედებიდან…. სულ ლამაზი სიტყვების ძიებაში ვარ. თუ ვიპოვე ის სიტყვა, მასზე ავაგებ ამბავს, თუ არა და მერე სათქმელზე ვფიქრობ, რასაც დავწერ, რომ წაიკითხავს ამას ადამიანი, რას მისცემს, რას მოუტანს, იმაზე უკეთესი გახდება ვიდრე იყო? და რამდენად გულწრფელი ვარ? მე შემიძლია ისეთი გავხდე, როგორიც ჩემი მკითხველი მინდა იყოს? მოკლედ ბევრს ვფიქრობ ხოლმე და მერე ვწერ.

 

 

თეა ლომაძე

( „წერილი ბოთლში“, „პალომა“ ა.შ)

 

  1. მე ვწერ ძალიან იშვიათად. ძირითადად, რამე მომენტი მახსენდება ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებიდან. ზოგჯერ, რაღაც პრობლემა მაწუხებს და არ მეშვება. ვატარებ, ვატარებ დიდხანს. ზოგჯერ, ერთ წინადადებას მივაწერ სადმე, ქაღალდის ნაკუწზე. ახლა უკვე შეიძლება ტელეფონის „ნოუთებში“ და ერთხელაც, შეიძლება დავჯდე და დავიწყო ნაკუწების ძებნა და ამბად ქცევა.
  2. მუსიკა არის მნიშვნელოვანი. მუსიკა მახსენებს ამბავს. ძირითადად, ვიწყებ სიმღერების კრებულის შექმნას, რომლის ფონზეც შემიძლია დავწერო.
  3. ვცდილობ, მოვეჭიდო ჩემს განწყობას. ძირითადად, იდეა რომ გამიჩნდება „აქშას“ ვეუბნები და ვაფრთხობ. რაც გადარჩა, ვერ „გავუშვი“ და ყველა ეს პირობა შეიქმნა, დაიწერება კიდეც.

 

ვასო გულეური

(„დაბრუნებული ბგერები“, „ლუკა და ნუკა“, „ქარის მოყოლილი ზღაპრები“, „ნეტავ, მალე გავიზრდები“)

 

  1. სხვადასხვა ამბავი სხვადასხვანაირად იწერება. ლექსის შემთხვევაში შეიძლება სულ პატარა რაიმე გახდეს ინსპირაცია – ქუჩაში გაგონილი ბავშვის ნათქვამი ფრაზა, ახლობელი ბავშვის ქცევა ან მოყოლილი ამბავი, ან სულაც უბრალოდ, უცებ დაიბადოს იდეა და მერე უკვე ამაზე აეწყოს. ამიტომ ლექსი ხშირად შეიძლება სულ ერთი წინადადებით დაიწყოს და მერე ამაზე „შემოექსოვოს“ ტექსტი. პროზა უფრო სხვაგვარად იწერება – ჩემს გამოცდილებას ვგულისხმობ, ცხადია. პროზისთვის მთავარი სიუჟეტი და პერსონაჟებია. დანარჩენი – როგორ განვითარდება ამბავი, რა მოხდება – ეს უკვე წერის დროს იკვეთება. ყოფილა შემთხვევა, რომ ჯერ პერსონაჟები გაჩენილა და მერე დამიწყია ამბის თხრობა, თუ რა შეიძლება გადახდეთ ამ პერსონაჟებს.
  2. უმეტესად, რა არა, არამედ ვინ – ბავშვები! რა თქმა უნდა, განწყობა მნიშვნელოვანია – საბავშვო ტექსტზე მუშაობისას უხასიათოდ ვერ იქნები. თორემ ტექსტს აუცილებლად დაეტყობა. სადიდო ტექსტების და თარგმანის დროს – ხშირად პირიქით. როცა მოწყენილი ვარ, მაშინ უფრო მეტად ვთარგმნი. ამდენად, ყველას საკუთარი მეთოდი შეიძლება ჰქონდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უბრალოდ, სტატიაა დასაწერი – დამიკვეთეს კონკრეტულ თემაზე და უნდა დავწერო. ასეთ დროს, ცხადია, უნდა დაჯდე, მოიკრიბო გონება და იფიქრო. საერთოდ, ნებისმიერ ტექსტს მუშაობა სჭირდება და არ იფიქროთ, რომ „მუზა მოვა“ და თავისით დაიწერება. მთავარია, იდეა – იცოდე, რაზე გინდა დაწერო, დანარჩენი კი უკვე შრომის შედეგია.
  3. არა, სრულიად სხვადასხვაგვარად შემიძლია დავიწყო წერა. ყოფილა შემთხვევები, როცა უცებ, ქუჩაში მიმავალს, გამიჩნდა რაღაც იდეა, ან სულაც ლექსის მთელი სტროფი. ასეთ დროს ტელეფონში ვიწერ ხოლმე, რომ არ დამავიწყდეს. ყოფილა ისეც, რომ დამსიზმრებია ტექსტის იდეა ან ფრაზა. ამას გაღვიძებისთანავე ვიწერ. უმეტესად კი, უბრალოდ, ვჯდები საწერ მაგიდასთან (უფრო სწორად, კომპიუტერთან) და ვიწყებ ფიქრს. თუ პირველი სიტყვა, პირველი წინადადება მოვიდა, მერე უკვე ადვილია. როგორც წესი, დაწყებაა რთული და მერე – დასრულება. ამიტომ, ნუ დაელოდებით განწყობას, მუზებს – თუკი გინდათ, რომ წეროთ, უბრალოდ აიღეთ ფურცელი ან ჩართეთ კომპიუტერი და წერეთ!

 

ამ სტატიის მომზადებისას, ეს წერილები ჩემს შინაგან ბავშვს იმდენჯერ წავუკითხე და ისე გულდასმით, დარწმუნებული ვარ, გული მოეცემა და თავის გზას მონახავს, ისე როგორც, არაერთი ჩემი მოსწავლისთვის გადაიქცევა საყვარელი ავტორების წერილები გამხნევებისა და შეგულიანების ექოდ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“