სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ – ეფუძნება იაკობ გოგებაშვილისეულ მემკვიდრეობას და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; კონსულტანტი – ნინო რამიშვილი; მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე; თანაავტორი – ლელა მანგოშვილი; რედაქტორი – მარიამ გოჩიტაშვილი – სულაკაურის გამომცემლობა).
სწავლა-სწავლების პროცესი აგებულია ცოდნის კონსტრუირებაზე, პრინციპით – მარტივიდან რთულისაკენ და ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე.
სახელმძღვანელოს თემები შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოთავაზებულ სავალდებულო თემებს:
- ჩვენ და ბუნება; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა;
- გართობა (ურთიერთობა თანატოლებთან და მათი სურვილები);
- თამაში, სპორტი, გართობა;
- ჩვენი სკოლა; სწავლის სიყვარული;
- ფასეულობები (ოჯახი, ზრუნვა, თანაგანცდა, სიკეთე და ბოროტება);
- ჩვენი სამშობლო;
სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (ცვლილებები) და პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უმთავრეს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დაკვეთას, მოსწავლეს შეუქმნას „ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო“.
წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული თემები, შესაბამისი ილუსტრაციები, მოსასმენი და წასაკითხი ტექსტები ხელს უწყობს: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ზეპირმეტყველების, ფუნქციური სამეტყველო უნარების (აღწერა, თხრობა, შედარება, პირადი თვალსაზრისი დასაბუთება) განვითარებას.
შერჩეული თემატიკა უკავშირდება ბუნებას, ფასეულობებს, სამშობლოს სიყვარულს, სწავლას, ოჯახს, თამაშს, სპორტს, თანატოლების ცხოვრებას. ყველა თემა დამუშავებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
თითოეულ თემას ახლავს გრძელვადიანი სამიზნე ცნების მისაღწევი შუალედური მიზნების (შემოქმედებითი დავალებების) სარეკომენდაციო დეტალიზებული დანართები.
მოსწავლის წიგნში, რვეულსა და მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი მასალა სინქრონიზებული და ურთიერთდაკავშირებულია.
მასწავლებლის წიგნს თანდართული აქვს წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდომი პერიოდის სარეკომენდაციო კურიკულუმები და 24 შემოქმედებითი დავალების სარეკომენდაციო სცენარი.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით რესურსი პასუხობს შეკითხვებს:
- რა მიზნით ვასწავლი?
- რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი?
- რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებ?
- როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს?
წინასაანბანო პერიოდს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, 10 – 12 კვირა ეთმობა, რადგან ამ პერიოდში ხდება მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება, მათი მომზადება საანბანო პერიოდისთვის და ეს დრო ნამდვილად სწორად არის განსაზღვრული.
ნახატების დახმარებით გააქტიურებულია სიტყვა, შემდეგ – წინადადება და ბოლოს აღწერა. მოსწავლეებმა ნახატის მიხედვით შესაბამისი სიტყვა უნდა ამოიცნონ, „ნახატი-წინადადების“ მიხედვით წინადადება შეადგინონ, ბოლოს კი ამბად გადააქციონ და დაუბრუნდნენ ძირითად დიდ სურათს.
ფონოლოგიური უნარის განვითარებისთვის რვეულში შემოთავაზებულია მარცვლებისა და ბგერების სავარჯიშოები.
მოტორული უნარების განვითარებისთვის მოსწავლის რვეულში მრავლად არის, როგორც ბადეში ჩასაწერი, ასევე – „სახალისო სავარჯიშოები“. მოსწავლეებს მოსწონთ ნახატების გაფერადება, საგნებისა და ბგერების რაოდენობის შესაბამისი უჯრების ერთმანეთთან დაკავშირება.
საანბანო პერიოდში დაცულია იაკობ გოგებაშვილისეული ასოთა თანამიმდევრობა (მარტივიდან რთულისკენ).
შემოქმედებითი დავალებები მრავალფეროვანი და ძალზედ სახალისოა.
ილუსტრაციების მიხედვით ეპიზოდების თანამიმდევრობით დალაგება
დაბადების დღის პოსტერის შექმნა
ჩემი სურათებიანი ლექსიკონი
ანბანის შემდგომი პერიოდის ტექსტებს ახლავს ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი გამოცდილებით ააგოს ცოდნა – თავად გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რა არის სიკეთე, ბოროტება, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, დაუკავშიროს პირად გამოცდილებას. შეაფასოს პერსონაჟის ქმედება, როგორი იყო და როგორ შეიცვალა. შეძლოს ამბის სამნაწილიანი ფორმის გააზრება მოსწავლის რვეულში მოცემული არაჩვეულებრივი სქემებით.
ზამთრისა და ზაფხულის შედარება
აღსანიშნავია, რომ ანბანის შემდგომ პერიოდში, მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად, შერჩეულია სახალისო, პრაქტიკული გრამატიკული სავარჯიშოები: ხმოვანი, თანხმოვანი, მარცვალი, სიტყვა და წინადადება, წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი.
სახელმძღვანელოს თანდართული აქვს თავისუფალ დროს წასაკითხი მასალა.
წიგნის ეს ნაწილი მშობელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს, რადგან საზაფხულო არდადეგებზე მოსწავლეებს შეუძლიათ, წაიკითხონ გემოვნებით შერჩეული საყმაწვილო ნაწარმოებები.