კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

„ვინ“ იმალება E-ს უკან? (ჩანაწერები საკვები დანამატების შესახებ)

სადმე სუპერმარკეტში კალათასთან ჩამოყრდნობილ და პროდუქტების ეტიკეტების მკითხველ ქალბატონს თუ მოჰკარით თვალი, დიდი ალბათობით მე ვარ. შერჩევის პროცესს დიდ დროს ვანდომებ. ამიტომ საყიდლებზე წასვლა, ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეზარება.

არა, არც მთლად ასე ფრთხილი ვარ და ზოგჯერ „ნაგავს“ სრულიად შეგნებულად გეახლებით. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში ვენეციაში პროექტის ფარგლებში ვიყავი. ჩვენი ჯგუფი ხუთ მონაწილეს ითვლიდა. ისე დავგეგმეთ, რომ ორი დღე სრულად თავისუფალი გვქონოდა. ერთი – შეხვედრის დასაწყისში, მეორე კი – ბოლოში. ჰოდა, იმ პირველივე დღეს, მთელი დღის ფეხით ნასიარულები, სასტუმროს წინ, წყლის ნაპირას ჩამოვსხედით და ვახშმამდე რაღაც ადგილობრივი კოქტეილის წრუპვა დავიწყეთ. მერე ერთი ჩვენიანი გაიქცა (არავის უთხოვია, თავისით) და იქვე სუპერმარკეტიდან ყველას სათითაოდ ჩიფსი მოგვიტანა. ამითაც შევიქციოთ თავი და ჩვენი დაჯავშნილი ვახშმის დროც მოვაო.

და რას ფიქრობთ, რა გავაკეთე? ის ერთი შეკვრა ჩიფსი სრულიად შეგნებულად მივირთვი… უბრალოდ, როდესაც ასეთ ჯგუფურ სიტუაციაში ხვდები და უმრავლესობას „არაჯანსაღი“ პროდუქტის ჭამა სურს, თან მთელი გულით გეპატიჟებიან, უხერხულია „შეხტე“ რომელიმე ამაღლებულ ადგილას და მინი-ლექცია წაუკითხო, რა ცუდია არაჯანსაღი კვება. ამას სჯობს, ყველასთან ერთად შენც გემრიელად მიირთვა. ოღონდ, ნახეთ, ეს ამბავი 2022 წელს იყო. ახლა 2024 წელია და მას შემდეგ მე ჩიფსს აღარ გავკარებივარ. რის თქმა მსურს, მიხვდით ალბათ. ძალიან იშვიათად, ორგანიზმი როგორმე „ნაგავსაც“ გადაიტანს.

თუმცა, მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ. დღეს პროდუქტების უმეტესობას ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და ეს კონსერვანტების წყალობით ხდება. ამ მიზნით უამრავი ქიმიური ნივთიერება ემატება საკვებს და ეტიკეტზე E სიმბოლოთი გამოისახება, რომელსაც ნომერი-კოდი მოსდევს.

E100-109-მდე საკვების ყვითელი საღებავია; E110-119-მდე – საკვების ნარინჯისფერი საღებავი; E120-129 – წითელი;E130-139 – ლურჯი და იისფერი; E140-149 მწვანეა, E150-159-ყავისფერი და შავია; E160-199 კი ყველა სხვა დარჩენილ ფერს მოიცავს.

გამოდის, რომ ერთი და იმავე ფერის მისაღებად სხვადასხვა ნივთიერების გამოყენებაა შესაძლებელი. მაგ. E100 ბუნებრივი საღებავია და კურკუმინი ეწოდება. მას კურკუმის ფესვიდან იღებენ.

ავიღოთ სუპერმარკეტში ნაყიდი კურკუმას ფხვნილი და დავასხათ სპირტი. დაყოვნებისა და მორევის შედეგად საღებავი გამხსნელში გადაინაცვლებს. გავფილტროთ, სითხე გავაცხელოთ და დაველოდოთ სპირტის აორთქლებას. შედეგად დაგვრჩება სწორედ ის საღებავი, რომელსაც E100 შეიცავს და რომლის მეშვეობითაც ყვითელ შეფერილობას აძლევენ ყველეულს, ნაყინს, ტორტებს, კანფეტებს. სუფთა სახით კურკუმინი აფთიაქებში იყიდება, ის ძალიან სასარგებლო ანტიოქსიდანტია და მეც წლებია, მისი მომხმარებელი ვარ.

სხვათა შორის, ასევე აფთიაქში იპოვით შემდეგ საღებავს – E101-რიბოფლავინს, იმავე B2 ვიტამინს. ჩვენს ორგანიზმს ის ძირითადად ერითროციტების სინთეზისთვის ესაჭიროება. ის ფლავინდამოკიდებული ფერმენტების კოფერმენტების შემადგენლობაშიც შედის. გვხვდება კვერცხში, ხაჭოში, ღვიძლში. ამ პროდუქტებს თავად ბუნებამ დაუმატა. სპეციალურად კი ამატებენ კარაქს, საბავშვო კვებას.

ავიღოთ ამპულა ვიტამინ B2-ით, გავხსნათ წყალში. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორ შეიფერება წყალი მომწვანო-მოყვითალოდ. თუ ულტრაიისფერ სინათლეს დავასხივებთ, მკვეთრი ყვითელი უფრო ნათლად გამოჩნდება.

თუმცა… E101-ს დანამატად იშვიათად იყენებენ, ძვირი ჯდება. უფრო ხშირად E102-ს შევხვდებით. ეს სინთეზური საღებავი ტარტრაზინია. ყვითელი ფერის გაზიანი სასმელები, ჟელე, მდოგვი, ნაყინი, იოგურტი, კონფეტები და კრემიანი ნამცხვრები, სწრაფი მომზადების პიურე, დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული-ყველაფერი ძირითადად ტარტრაზინს შეიცავს.

არადა, ბავშვებში ჰიპერაქტიურობას იწვევს… მაგრამ იაფია.

არადა, ასთმისა და ალერგიის მიზეზადაც შეიძლება იქცეს… არადა იაფია.

ბევრ ქვეყანაში ერთი პერიოდი აკრძალეს კიდეც, მაგრამ სამეცნიერო კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, აკრძალვა გაუქმდა. უბრალოდ, სავალდებულოა, რომ ეტიკეტზე მწარმოებელმა მიაწეროს პროდუქტში მისი არსებობის შესახებ.

E103-ალკანინი, მისი ფერი pH გარემოზეა დამოკიდებული და შეიძლება იყოს ოქროსფერი, წითელი და იისფერიც კი. ახლა მისი გამოყენება იკრძალება, რადგან დამტკიცდა, რომ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. თუმცა, ადრე იაფფასიან ღვინოებში იყენებდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი სახეობის ფურისულას ფესვებიდან მოიპოვებენ.

ახლა აგვისტოა და ყველაზე მეტად ნაყინზეა მოთხოვნა. ბევრი ფერადი ნაყინი იყიდება, არა? რას უმატებენ ფერის მისაცემად? ავიღოთ თბილი წყალი და მასში გავხსნათ სოდა, ანუ შევქმენით ტუტე გარემო. დავამატოთ ოდნავ გამდნარი წითელი ფერის ნაყინი. თუ წითელი ფერი ლურჯით შეიცვალა, ნაყინში ანტოციანები ყოფილა. ანუ, მართლაც ხილის ექსტრაქტით ყოფილა შეღებილი. E163 ასევე ანტოციანია, ესეც ბუნებრივი გზით მიღებული. თუმცა, თუ მწარმოებელს იაფად სურს თავის დაძვრენა, მაშინ E124-ს დაამატებს (პონსო) ან E122-ს (აზორუბინი/კარმაზინი) გამოიყენებს. პონსო ყოველთვის წითელია, აზორუბინი კი ტუტე არეში ყავისფერ შეფერილობას იღებს.

ნამცხვრების თეთრი კრემის, საღეჭი რეზინის კაშკაშა თეთრ ფერს E171 უზრუნველყოფს და ეს ტიტანის დიოქსიდია. ავიღოთ სამი ჭიქა, ერთში დაქუცმაცებული თეთრი საღეჭი რეზინი მოვათავსოთ, მეორეში თეთრი კრემი, მესამეში კი არაჟანი, თითოეულს დავამატოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ტიტანის დიოქსიდი გოგირდმჟავასთან ნელა შევა რეაქციაში და წარმოიქმნება ტიტანის სულფატი:

TiO2+2H2SO4=Ti(SO4)2+2H2O

მჟავასთან ასევე რეაქციაში შევა პროდუქტებში არსებული სხვა ორგანული ნივთიერებებიც, მაგ. შაქარი. შედეგად წარმოიქმნება ნახშირი, გოგირდის დიოქსიდი, წყალი და ნახშირორჟანგი. ამიტომ, ჭიქების შიგთავსი ჯერ ყვითლდება, შემდეგ ნელ-ნელა მუქდება, შავ ფერამდე. სამივე ჭიქის შემცველობა გავფილტროთ, მიღებულ სითხეს დავუმატოთ სისხლის წითელი მარილი. წარმოიქმნება მუქი ყავისფერი ნალექი, რადგან ოთხვალენტიანი ტიტანი კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატთან შევა რეაქციაში:

Ti4++K4[Fe(CN6)]=Ti[Fe(CN6)]+4K+

თუ ფილტრატს სისხლის წითელი მარილის ნაცვლად, ნატრიუმის თიოსულფატს დავამატებთ, მაშინ შავი ფერის მეტატიტანის მჟავა წარმოიქმნება. გამოდის, რომ საცდელად აღებულ ყველა პროდუქტში ტიტანის დიოქსიდი შედის.

Ti(SO4)2+2Na2S2O3+H2O=H2TiO3+2SO2+2S+2Na2SO4

 რამდენად უვნებელია ტიტანის დიოქსიდი, საკამათოა. არსებობს მონაცემები, რომ ის ვნებს თირკმელებს და ღვიძლს (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3423755/ https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2666911023000114).

ჰოდა, ხომ შეიძლება საღეჭ რეზინს თეთრი ფერი E170-ით შესძინონ? ეს ცარცი, იგივე კალციუმის კარბონატი გახლავთ. ხასხასა თეთრი ვერ, თუმცა უსაფრთხო იქნება.

ახლა, კიდევ ერთი ცდა. ჭიქაში მოვათავსოთ ორი კვერცხის ნაჭუჭი და დავამატოთ ტკბილი, მუქი, გაზიანი სასმელი. მოკლედ, ხვდებით, რომელიც… დავივიწყოთ ეს ჭიქა 24 საათით და მეორე დღეს ნაჭუჭი ამოვიღოთ. დავინახავთ, რომ ის შეიფერება. ზუსტად ასე ფერავს მუქი გაზიანი სასმელების უმრავლესობა ჩვენს კბილებსაც. ამ ტიპის სასმელებში კონსერვანტებსაც მოვიძიებთ – E200-299. ამ დანამატების მიზანია, მიკროორგანიზმების პროდუქტში გამრავლების შეფერხება და ვარგისიანობის გაზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნახშირორჟანგიც კონსერვანტია E 290, თუმცა ძლიერი ვერ არის და ამიტომ უმატებენ სხვა ნებადართულ დანამატებს. მაგ. E202 კალიუმის სორბიტი, E211 ნატრიუმის ბენზოატი. ამ უკანასკნელის აღმოჩენა შემდეგი რეაქციით შეგვიძლია. ავიღოთ სინჯარა, ჩავასხათ რაიმე გაზიანი სასმელი და დავამატოთ რკინის (III) ქლორიდის ნაჯერი ხსნარი. შეინიშნება ოქროსფერი ნალექის წარმოქმნა. ეს რკინის ბენზოატია.

FeCl3+3C6H5COONa=Fe(C6H5COO)3+3NaCl

აი, ეს ნატრიუმის ბენზოატი კვლევების თანახმად, შეიძლება ნეიროდეგენერაციული დაავადებების გამომწვევი იყოს. არადა, იგივე ნივთიერება მოცვსა და სხვა კენკროვანებში შედის და ეს პროდუქტი ვიცით, რომ სასარგებლოა. საქმე რაოდენობაშია. ანუ, ამ უდავოდ სასარგებლო კენკროვანებში მცირე რაოდენობით არის და გაზიან სასმელებში უკვე ბევრი გამოდის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი უკონტროლოდაც მიირთმევს.

E240 ფორმალდეჰიდი აკრძალულია. ადრე ძეხვეულსა და შებოლილ პროდუქტებში იყენებდნენ, ახლა აღარ, თუმცა იაფფასიან წითელ ხიზილალაში შესაძლოა შეგვხვდეს.

E260 ჩვეულებრივი ძმარია. ასევე ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც დანამატებში არ შედის, თუმცა უდავოდ ეფექტური კონსერვანტია. ბევრი მარილი პროდუქტს ინახავს, თუმცა ბევრი მარილი დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აქვე ისიც უნდა დავწერო, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ თანამედროვე კვების წარმოება დანამატების გარეშე ვერ იარსებებს. თუმცა, ალბათ ზომიერებაა დასაცავი და სანამ მწარმოებელი ამაზე იფიქრებს, მანამდე თავად ვიფიქროთ – რა, როგორ და რამდენი ვჭამოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“