ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ბულერბიდან ფხვენისამდე

მე ანა მქვია. ფხვენისის სკოლაში ვმუშაობ. ახლა მესამე კლასის დამრიგებელი ვარ. გამოუცდელი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ეს-ესაა გადავითვალე – უკვე, არც მეტი, არც ნაკლები, ცხრამეტი წელია ვასწავლი, თუმცა რაც დრო გადის, მით მეტ აღმოჩენას ვაკეთებ და ახალბედასავით მიცემს გული, როცა რაღაც კარგად გამომდის.

ჩემი წერილის შესავალიც იმ წიგნის დასაწყისს ჰგავს, რომელმაც ჩემი მოსწავლეები პატარა მწერლებად აქცია და წერა დააწყებინა.

ვისაც გიყვართ „ბულერბიელი ბავშვები“, შესაძლოა გახსოვდეთ, როგორ გვაცნობს თავს მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ლიზა, რომელსაც ვერ გაუგია, დიდია თუ პატარა და ამის შემდეგ გვიყვება თავისი სოფლის, ოჯახისა და მეგობრების ისტორიებს. გვიყვება სახალისოდ, მარტივი ენით, გულწრფელად. გვიყვება ისე, რომ შეუძლებელია, პირველი წინადადებიდან კავშირების ქსელში არ გაება, საკუთარი ცხოვრებიდან გამოძახილი არ უპოვო.

ყველაფერი დაიწყო ასე:

წასაკითხად ასტრიდ ლინდგრენის „ბულერბიელი ბავშვები“ შევარჩიეთ და კიდეც გამოვიწერეთ. ჩვენი შეკვეთა სულ რამდენიმე დღეში მოვიდა. მანამდე მოვასწარით, ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას გავცნობოდით და შვედეთშიც გვემოგზაურა, სხვენებიანი სახლებიც გვენახა, ხიდებიც და იუნიბაკენიც დაგვეთვალიერებინა. ვირტუალურად, რაღა თქმა უნდა.

ისღა დაგვრჩენოდა, კითხვის სტრატეგია შეგვერჩია. ვფიქრობდით, დაგვესურათებინა ეპიზოდები თუ სამახსოვრო ჩანაწერები გაგვეკეთებინა, კითხვები დაგვესვა თუ პერსონაჟები შეგვეგროვებინა, ან სულაც ყურადღებიანი მკითხველის გამოსავლენი თამაში ხომ არ მოგვეწყო, როგორც აქამდე.

გადავწყვიტეთ, კითხვა დაგვეწყო და მერე აგვერჩია გამოხმაურების ფორმა.

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეთ პირველი თავი. ვხედავთ, რომ წიგნში გასაფერადებელი ილუსტრაციებია. ძნელია, გაუძლო ცდუნებას და არ შემოგეფერადოს. დედიკოებისგან ნებართვა ავიღეთ, ყველა თანახმაა. ასე რომ, გადაწყდა. გზადაგზა ვაფერადებთ ილუსტრაციებს.

ვგრძნობთ, რომ ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ ლაპარაკის საღერღელი გვეშლება, ყველა  იხსენებს რაღაც მსგავსს ან განსხვავებულს. ჩნდება იდეა, ჩვენც ხომ არ დაგვეწერა ლიზის მსგავსი ამბები, ხომ არ გვექცია საკუთარი ისტორიები წიგნად.

ვის უნდა, დღეიდან მწერალი გახდეს? იქნებ გამოსცეს კიდეც წიგნი, როგორც ერთ დროს ასტრიდმა. რა დავარქვათ წიგნს?

კითხვები იქცევა იდეად, იდეა – სტრატეგიად და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვწერთ საავტორო წიგნებს. წიგნის სათაური ყველასთვის საერთოა – „ფხვენისელი ბავშვები“, თუმცა ზოგს „ფხვენელი ბავშვები“ უფრო მოსწონს და ასეც არქმევს.

თავების სათაურები შეიძლება ლინდგრენის წიგნისას ემთხვეოდეს ან სრულიად განსხვავდებოდეს მათგან – გააჩნია, რას დაწერ, სათაურსაც იმის მიხედვით მიუსადაგებ.

ასე იწყება მწერლობანა ჩვენს კლასში. წერს ყველა, ზოგი – ინტენსიურად, ზოგი – დროგამოშვებით, ზოგიც – იშვიათად. ვწერ მეც… ბავშვები უფრო და უფრო თამამდებიან. ნინის უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ როცა დიდი გაიზრდება, თავისი ამბები წიგნად გამოსცეს, ჯერჯერობით კი ყველა ამბის წაკითხვის ნებას არ გვაძლევს. მხოლოდ მე მაქვს ამის უფლება. თავიდანვე ასე შევთანხმდით: მასწავლებელს ყველა ამბის წაკითხვის უფლება ექნებოდა, ხოლო ავტორის თანხმობის შემთხვევაში საჯაროდაც წავიკითხავდით.

ერთად გულიანად ვიცინეთ ბარბარეს ისტორიებზე, სანდროს პაპის ახალგაზრდობის მოგონებებზე, ლუკას თხებზე…

არც კი ვიცით, გვიხარია თუ გვწყინს, რომ წიგნი თვალსა და ხელს შუა მთავრდება. არც მეტი, არც ნაკლები – 268 ვერდი წავიკითხეთ. თავიდან ეს რიცხვი ძალიან დიდი გვეგონა, ახლა კი ყველას გვეღიმება და თავდაჯერებასაც გვმატებს.

ჰო, მართლა – ბოლოსკენ ასეთი რამ მოვიგონეთ: წიგნიდან უნდა შეგვერჩია ერთი პერსონაჟი, დაგვეხატა და კლასისთვის წარმოგვედგინა გამოსაცნობად. ისეთი მინიშნებები უნდა მოგვეფიქრებინა, რომ ბავშვებს მყისიერად გამოცნობა გასჭირვებოდათ, თუმცა საბოლოოდ გამოეცნოთ. ასე შევქმენით პერსონაჟების პოსტერი. მგონი, ერთი ეპიზოდური პერსონაჟიც კი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, პოსტერზე ყველაზე ბოლოს მთავარი პერსონაჟები გაჩნდნენ, რადგან ყველა ცდილობდა, მივიწყებული, უმნიშვნელო პერსონაჟი გაეხსენებინა, რომ თანაკლასელები დიდხანს ეწვალებინა. თავიდანაც კი გადაიკითხეს ზოგიერთი თავი. ძალიან სახალისო იყო.

ეს ჩემი კლასის მკითხველთა კლუბის ერთი ისტორიაა. მკითხველთა და მწერალთა კლუბის – ეს სახელი უფრო უხდება. მომინდა, ამის შესახებ დამეწერა. მე სამახსოვროდ დამრჩება ეს წერილი, ბავშვებს კი – თავიანთი ისტორიები. ვინ იცის, რომელიმემ, ბულერბის მსგავსად, მთელ ქვეყანასაც გააცნოს თავისი მშობლიური სოფლის სახელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“