კვირა, აგვისტო 25, 2024
25 აგვისტო, კვირა, 2024

ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი

ჩვენ მიგრანტთა კრიზისის ეპოქაში ვცხოვრობთ. 2023 წლის მონაცემებით დედამიწაზე 110 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. ადამიანებს მშობლიური გარემოსა და სახლის დატოვება პოლიტიკური ან ეკოლოგიური მიზეზების გამო უწევთ. ჩრდილოეთ აფრიკიდან, სირიიდან და ავღანეთიდან ადამიანები გაუთავებელი სამოქალაქო ომებისა და ქვეყნებს შორის მიმდინარე სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტების გამო გამორბიან. თუმცა, გლობალურ სამხრეთში მრავალ რეგიონს აღმოაჩენთ, საიდანაც ადამიანების მიგრაციის წინაპირობა შიმშილი, სუფთა წყლის, ნიადაგისა და ჰაერის არარსებობაა.

ბუნებრივია, ლტოლვილებს ყველგან სიხარულით არ ხვდებიან. კულტურული და რელიგიური სხვაობა, შრომის ბაზარზე კონკურენციის გამძაფრება, სახელმწიფოს სოციალური ტვირთის დამძიმება ბევრ კეთილდღეობაში მცხოვრებ ადამიანს მიგრანტთა წინააღმდეგ განაწყობს. ევროპასა და შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია გამოჩნდნენ პოპულისტური და რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყველაფერს დევნილებს აბრალებენ, ყველა პრობლემის გასაღებს გაუბედურებული ადამიანების გასახლებაში ხედავენ. არაერთ საზოგადოებაში ყალიბდება რასისტული სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაც ყველა ლტოლვილი მუსლიმია, ყველა მუსლიმი კი – ტერორისტი, რომელთაც დასავლური წესრიგის აფეთქება სურთ. ამავე რწმენა-წარმოდგენებს თუ დავუჯერებთ, დევნილები უპირობოდ მიდრეკილნი არიან სექსუალური ძალადობისკენ, ყაჩაღობისა და სხვა შემზარავი დანაშაულებისკენ. რაც მთავარია, რადიკალებს უყვართ იმის თქმაც, რომ ომსა და ბუნებრივ კატასტროფებს გამოქცეული ადამიანები უვარგისნი არიან და არაფერი შეუძლიათ.

ცხადია, გონიერი ადამიანები ასე არ ამარტივებენ საკითხს და პრიმიტიულად არ განსჯიან მიგრაციის პრობლემას. ისინი არ ერიდებიან უკონტროლო მიგრაციის კრიტიკას, ესმით სხვა ღირებულებებით აღზრდილი ათობით ათასი ადამიანის პატარა ევროპულ სახელმწიფოში შემოდინების რისკი; ცდილობენ, მოძებნონ შუალედური გზა, რომელიც ცალკეულ სახელმწიფოში დამკვიდრებულ წესრიგსაც შეინარჩუნებს და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამგვარი გზის აღმოჩენის მიმართულებით განსაკუთრებული წინსვლა არ იგრძნობა, მაგრამ სამყაროს ბედზე დაფიქრებული ინტელექტუალები ფარ-ხმალს არ ყრიან.

2015 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს გარეშე დარჩენილ ადამიანთა გასამხნევებლად და მხარდასაჭერად საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო – ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდი. ნაკრებში ის სპორტსმენები გაწევრიანდნენ, რომელთაც შინ აღარ დაედგომებოდათ და საკუთარი სახლისგან შორს, უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მაგალითად, რიოს ოლიმპიადაზე ლტოლვილთა გუნდში სირიიდან და სუდანიდან დევნილი ათლეტები დომინირებდნენ.

ლტოლვილთა გუნდის ჩამოყალიბება რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა.

უპირველეს ყოვლისა, ოლიმპიურმა მოძრაობამ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო საზოგადოებისა და მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო მიგრაციის კრიზისსა და მისგან გამომდინარე პრობლემებს, ამ უზარმაზარი გამოწვევის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროსთვის.

მეორე ამოცანა გახლდათ თავად მოასპარეზეთა გულებში იმედის ნაპერწკლის გაღვივება. წარმოიდგინეთ, სპორტსმენი, რომელიც თავისი ქვეყნიდან გამოაძევეს, რომელსაც სახლ-კარი დაეწვა, უცხოობაში მყოფს ვარჯიშის კი არა, საკვების მოპოვების თავიც კი არ აქვს. მოულოდნელად მასთან მიდიან ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები და ეუბნებიან, რომ მისი სპორტული ცხოვრება ჯერ არ დასრულებულა, მას დევნილობის მიუხედავად. მაინც შეუძლია აკეთოს ის, რაც სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს, მაინც შეუძლია ოლიმპიადაზე ასპარეზობა.

ლტოლვილთა გუნდის კიდევ ერთი მისია რასიზმის წინააღმდეგ გაბრძოლებაა. ოლიმპიურ მოძრაობას სურს, გლობალურ ჩრდილოეთში მცხოვრებ ადამიანებს უთხრას: იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ ტერორისტები, მკვლელები და მოძალადეები არ არიან, მათ შორის ბრწყინვალე ათლეტებიც ირიცხებიან. შესაბამისად, მთელი სოციალური ჯგუფის მხოლოდ ერთი და ისიც უარყოფითი ნიშნით გამოყოფა სიბრიყვესთან ერთად წარმოუდგენელი ბოროტებაცაა.

პარიზის ოლიმპიადაზე ლტოლვილთა გუნდმა პირველი მედალი მოიპოვა (საუბედუროდ, ამის შესახებ საქართველოში არ მსჯელობენ, ჩვენთან უფრო მეტი გასაქანი პოვა ბოროტმა ჭორმა, ადამიანთა გასაცოფებლად მოფიქრებულმა Fake news-მა ერთ-ერთი სპორტსმენის გენდერული იდენტობის შესახებ). პრიზიორი კამერუნელი მოკრივე ქალი, სინდი ნგამბა გახდა, რომლის მრავალშვილიანი მშობლები ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში გამოექცნენ კამერუნში გამეფებულ სიღარიბეს, ავადმყოფობასა და პოლიტიკურ არეულობებს.

მოკრივის ერთი ინტერვიუ წავიკითხე. ცხადია, ის დიდ სიხარულს გამოხატავს მიღწეული წარმატებისა და გუნდისთვის მოპოვებული პირველი მედლის გამო. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ლტოლვილთა გუნდის წევრებისთვის ლოზუნგი „მთავარია მონაწილეობა“ ყალბ, ფარისევლურ მოწოდებას არ წარმოადგენს. იძულებით გადაადგილებული პირები ოლიმპიადაში მონაწილეობით მთელს მსოფლიოსაც და საკუთარ თავსაც უმტკიცებენ, რომ გადარჩნენ და ცხოვრების გაგრძელებას აზრი აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კითხვის სტრატეგიები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“