ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

გულის ენა

ამ წიგნის ყიდვისას ვფიქრობდი, რომ სხვისთვის გაყოფა არ მომიწევდა, სოფელში, ივლის-აგვისტოს გრილ საღამოებში მშვიდად წავიკითხავდი. არადა, დავიწყე თუ არა, მაშინვე მომინდა, უხილავი მსმენელის ყურამდე ყველაზე ლამაზი თუ ყველაზე საგულისხმო ფრაზები მიმეწვდინა, სადღაც გამეტყუებინა.

კრებულში კითხვები განგებაა გამოტოვებული. მხოლოდ პასუხებია, რომლებმაც შეწინააღმდეგებაც შეიძლება გაგაბედვინოს და სიხარულიც გაგრძნობინოს: თურმე სწორ ბილიკს გაჰყოლიხარ, გადახვევაც დროულად მოგიხერხებია.

„გაუზავებლად“. მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე. ავტორი – კახა თოლორდავა წინასიტყვაობაში შენიშნავს, რომ ნამდვილ ავტორებად ამ წიგნის 31 რესპონდენტს მიიჩნევს, ჯო ზავინულიდან ჰერბი ჰენკოკამდე. მერე რა, თუ ხანდახან კითხვა მეტად მარტივად ამოსაცნობია, მუქი, განიერი ჩრდილით.

ჯო ზავინული: „მე უკვე ბავშვობაში ვიყავი მუსიკოსი“; „ჩემი პირველი ინსტრუმენტი აკორდეონი იყო, რომელზე დაკვრაც სულ რაღაც წამებში ვისწავლე. უბრალოდ, ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი, რა უნდა მექნა“.

რიჩარდ ბონა: „სამი წლის ვიყავი, როდესაც ის [ბაბუა] მიხვდა, რომ სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე, როდესაც მუსიკას მოვკრავდი ყურს. როცა ჩემ გარშემო მუსიკა არ ისმოდა, აუტანელი ვხდებოდი. ამ დროს ჭამაც კი მავიწყდებოდა“; „ჯერ კიდევ ბავშვობაში ვახერხებდი ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრას ყოველგვარი სწავლების გარეშე. ერთხელ სანაგვეზე ნაპოვნ საქსოფონზე დავუკარი. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, რომელ კლავიშებზე უნდა დამეჭირა თითები“.

მარკუს მილერი: „ჩემებს ვეუბნებოდი, მუსიკოსი მინდა გამოვიდე-მეთქი. დამცინოდნენ. მუსიკოსი ან კალათბურთელი – ეს ყველა ჩემი უბნელი ბიჭის ოცნება იყო. ისე მიყვარდა მუსიკა, რომ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეუბნებოდნენ, მარკუს, შენი მუსიკოსობა თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ არც კი ვუსმენდი. […] საკუთარ თავს ვარწმუნებდი, ეს შესაძლებელია და მე ეს ვიცი-მეთქი“.

მუსიკის გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებად იქცევა. სამუსიკო სასწავლებლებში თუ მის მიღმა წესებს სწავლობენ, მაგრამ იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაარღვიონ.

მონტი ალექსანდერი: „მე მუსიკოსად მილტ ჯექსონმა, რეი ბრაუნმა და დიზი გილესპიმ მაქციეს. მათი მეშვეობით გავიზარდე, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი. სწორად გამიგეთ, ქედს ვიხრი მუსიკალური სასწავლებლებისა და მათი ძალისხმევის წინაშე, მაგრამ ყველამ იცის, რომ მონტი ალექსანდერი მათ ხელში გაუვლელი მუსიკოსია“.

კურტ ელინგი: „ჯონ ჰენდრიქსი მიყვებოდა, როგორ სწავლობდა სიმღერას ათი თუ თერთმეტი წლის ასაკში. არტ ტეიტუმი, დიდი ჯაზ პიანისტი, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა და ჯონს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. როდესაც ჯონი გაკვეთილზე მიდიოდა, ტეიტუმი რთულ, არპეჯირებულ ფრაზას უკრავდა და ეუბნებოდა: „აბა, მიდი და გაიმეორე, რაც დავუკარი“.

მუსიკოსები რჩევებსაც უშურველად იძლევიან – თავისას თუ სხვისგან გაგონილს და დამახსოვრებულს.

კრის პოტერი: „ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამეების კეთებაც მოგიწიოს, რაც მსმენელს არ მოეწონება. შეიძლება შენი გაკეთებული არც არავის მოეწონოს, მაგრამ თუ შენ მოგწონს, ბოლომდე უნდა გაჰყვე ამ გზას“.

კრისტიან სკოტი: „ერთხელ დენი ბარკერმა, დიდმა მუსიკოსმა, მითხრა: „შენზე უკეთესად ვერავინ მოახერხებს შენადვე გახდომას!“

მაიკ სტერნი: „ყველაფერთან ერთად, მუსიკა გულის ენაა. რა თქმა უნდა, მუსიკალური ენის შესწავლისას მუსიკას მის ყველა გამოვლინებაში სწავლობ, მაგრამ მთავარი არ უნდა დაივიწყო – გული! მუსიკა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა, ხოლო ადამიანებს გულიდან გამომავალი ბილიკებით უნდა მიუახლოვდე“.

დასასრულს კი ჰერბი ჰენკოკის მომნუსხველი, გაკვეთილებზე ხშირად გასამეორებელი ახსნა: „ამერიკა ადგილობრივი ინდიელებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მონების ძვლებსა და სისხლზეა აშენებული. სწორედ მათ შექმნეს ის, რასაც ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ. ჯაზი ის მუსიკაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა. მართალია, მონათმფლობელობის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ მონობაზე კი არ გესაუბრებათ, არამედ ადამიანის იმ საოცარ უნარზე, როდესაც ის ყველაზე მძიმე სიტუაციას სასარგებლო გამოცდილებად აქცევს. ჯაზი გესაუბრება პრობლემის შემოქმედებით ენერგიად გარდასახვის შესაძლებლობებზე, საწამლავის წამლად გადაქცევის აუცილებლობაზე“.

მთავარი აქ ითქვა. სხვას გულის ენით გამოხატავენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“