ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

ვინ არის კვაჭი კვაჭანტირაძის შესაძლო პროტოტიპი ვასილ დუმბაძე – აფერისტი თუ პატრიოტი?!

“კვაჭი კვაჭანტირაძე” მიხეილ ჯავახიშვილის პიკარესკული რომანია, რომელიც მწერალს თავიდან მოთხრობების ციკლად ჰქონდა ჩაფიქრებული. ასეთი სახით გამოაქვეყნა კიდეც 1924 წელს ლიტერატურულ პერიოდიკაში, მაგრამ შემდეგ ავტორმა ცალკეული სათავგადასავლო-ავანტიურისტული ეპიზოდები ერთ სიუჟეტად გააერთიანა და მთლიანი რომანის სახე მისცა. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილი, რუსეთის სახელმწიფო მოხელე, ცნობილი ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და თანამშრომლობდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაქნილ ავანტიურისტთან და გარყვნილ რუსთან გრიგორი რასპუტინთან, შეიძლება იყოს კვაჭის პროტოტიპი. თუმცა, გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით არსებობს მეორე მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე, რომლის ბიოგრაფიული დეტალებიც მჭიდრო კავშირშია ჯავახიშვილის გმირთან. ვასილ დუმბაძისადმი საზოგადოებას, მათ შორის თვითმხილველებსაც კი, ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდათ და ვერ გადაეწყვიტათ,  ვინ იყო იგი სინამდვილეში.

ვასილ დუმბაძე დაიბადა 1882 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამამისი სოფლის მღვდელი და ცნობილი მგალობელი დავით დუმბაძე იყო. ვასილ დუმბაძეს 10 დედმამიშვილი ჰყავდა, ერთი ძმა და ცხრა და. 16 წლისამ  ოზურგეთის გიმნაზია დაამთავრა, ხოლო  21 წლისამ თბილისის გიმნაზია. შემდეგ ლაიფციგში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა საინტერესო დისერტაციებზე: “ქართველები – ეთნოგრაფიული მიმოხილვა” და “ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება”. 1906 წელს დაიცვა დიპლომი, თუმცა,  მას შემდეგ  სამეცნიერო საქმიანობა არ გაუგრძელებია. მალევე სამშობლოში დაბრუნდა და ბევრ საქმეში სცადა ბედი. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კომერციულ საქმიანობაში ჩაება და იმდენად გაითქვა სახელი, რომ ქართველებმა იმედიანი მზერა მიაპყრეს მას და მის  კაპიტალს.

ვასილ დუმბაძე პირველი მსოფლიო ომის დროს ჩართული იყო სამხედრო საქმიანობაშიც. რეზო გაბაშვილის მოგონებებში ნახსენები არიან ივანე მაჩაბლის ძმისშვილი და ამერიკული პარფიუმერული ფირმა “Prince Matchabelli”-ს დამაარსე­ბე­ლი გიორგი მაჩაბელი, ვასილ დუმბაძე, სამხედრო მინისტრი ვლადიმერ სუხომლინოვი და მინისტრის მეუღლე, რომელთაც რამდენიმე სამხედრო საქმის მოგვარება ჰქონდათ დავალებული. მსოფლიო მასშტაბით, ამ საქმეებიდან, ზოგიერთს   დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუკი გავიხსენებთ მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან ორ თავს, “ამბავი საიდუმლო ვალდებულობისა” და “ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის გაიმასქნებისა”, რომლებიც ეხება I მსოფლიო ომის ამბებს, შეიძლება დავუშვათ, რომ ვასილ დუმბაძე და ზემოთ ხსენებული სამხედრო საქმეები შეიძლება ინსპირაცია გამხდარიყო მიხეილ ჯავახიშვილისთვის კვაჭის პერსონაჟისა და მისი თავგადასავლების შექმნისას.

სუხომლინოვთან ერთად ვასილ დუმბაძეს კიდევ რამდენიმე სამხედრო საქმე დაევალა. რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად დაჯილდოებული იყო დიპლომატიური ნიჭით და ცხოვრების რაღაც ეტაპზე გერმანიაშიც ცხოვრობდა, ნიკოლოზ II-ის დროს გაგზავნეს გერმანელებთან ზავის დასადებად. თუმცა, მან ზემდგომთა დავალებებს გვერდი აურა და თვითნებურად მოქმედებდა. ამის გამო მას და სუხომლინოვს თავიდან სიკვდილი, შემდეგ კი კატორღა მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ დუმბაძის საქმე გადაისინჯა და ილო მაჩაბლის თავდებით ციხიდან გაათავისუფლეს.

1920-იან წლებში დუმბაძეს  რუსეთში აღარ დაედგომებოდა, ამის გამო ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად  და იქ დიდ წარმატებას მიაღწია. შეირთო ცოლი, რომელსაც გაზეთ “Chicago Tribune”-ში წილი ჰქონდა. გავლენიანი ცოლის, საკუთარი გამჭრიახობის, გარეგნობისა და ენაწყლიანობის დახმარებით დუმბაძისთვის ბევრი ისეთი კარი გაიღო, რომელთა არსებობის შესახებ თავად ამერიკელებმაც არაფერი იცოდნენ. ერთნი ამბობენ, რომ ამერიკაში, და არა მხოლოდ, ვასილ დუმბაძემ დიდი შრომა გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 1931 წელს დააარსა ნიუ-იორკის სათვისტომო და ოთხჯერ იყო მისი თავმჯდომარე. დუმბაძის დახმარებით ამერიკაში ჩავიდა არაერთი ქართველი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ვასილ დუმბაძე იყო გაქნილი მატყუარა. საზოგადოებაში ვასილ დუმბაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა გერონტი ქიქოძის მოგონებამ “აფერისტი დუმბაძე”. თუმცა, ბოლო დროს ქველი ჩხატარაიშვილის ნარკვევის, ალეკო ასლანიშვილის წერილებისა და რუსუდან დაუშვილის სტატიების დახმარებით, ვასილ დუმბაძის პიროვნება რეაბილიტირდა და მისი მეორე მხარეც გამოჩნდა. ვასილ დუმბაძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. ამბობენ, რომ არსებობდა ანდერძი, რომ­ლის მიხედვითაც მან დედას და დებს 27 მილიონი დაუტოვა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული.

საერთო ჯამში ვასილ დუმბაძე ძალიან საინტერესო და მრავალშრიანი პიროვნებაა, რომელიც შესაძლოა,  ყოფილიყო მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მთავარი გმირის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. არ არის გამორიცხული, პერსონაჟის შექმნისას, ჯავახიშვილმა მისი ხასიათის გარკვეული თვისებები გამოიყენა და, გერონტი ქიქოძის მოგონებებთან ერთად, ეს გახდა მიზეზი საზოგადოების ცნობიერებაში ვასილ დუმბაძის პიროვნების ცალსახად უარყოფით პერსონად აღქმის.

რომანის მიხედვით, სამტრედიაში კვაჭი კვაჭანტირაძის დაბადებისას, მამამისი ამბობს: “ბავშვის ასეთი ტირილი ჯერ არ გამიგია. სულ “მე-მეს” იძახის. ეტყობა, სხვას არაფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დაიჩემებს”. თუმცა, დროა, მივეჩვიოთ სხვადასხვა წყაროს მოძიება-გაცნობას, გაანალიზებას და მათზე მსჯელობას, რომელთა საფუძველზეც დავასკვნით –  მართლა კვაჭივით არასანდო ადამიანი იყო ვასილ დუმბაძე თუ პატრიოტი და თავისი ქვეყნისა და ნაცნობ-მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი.

როდესაც მოსწავლეებს კვაჭის პროტოტიპზე ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა გავუზიაროთ არსებული მოსაზრებები, გავაცნოთ ვასილ დუმბაძის ბიოგრაფია და გერონტი ქიქოძის მოგონებაც. ასევე, რუსუდან დაუშვილისა და სხვათა ნარკვევები, რომლებიც ვასილ დუმბაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოიპოვება. ეს ყველაფერი კი ჩვენს მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, თავად იმსჯელონ, იკვლიონ და არგუმენტირებულად დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრება. ვფიქრობთ, ამ ფორმით პერსონაჟის, ავტორის ჩანაფიქრისა და ზოგადად, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ბევრად უფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის.

აქვე გიზიარებთ ლიტერატურის მუზეუმში დაცულ გერონტი ქიქოძის მოგონებას “აფერისტი დუმბაძე”, რომელმაც თავის დროზე საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია  და რომელიც ერთ-ერთ წყაროდ მიგვაჩნია კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპზე მსჯელობისას.

აფერისტი დუმბაძე  გერონტი ქიქოძე

                                                                                                                       

– ლაიპციგში სწავლის დროს ჩვენთან ერთად სტუდენტად იყო გურული ახალგაზრდა, გვარად დუმბაძე. დიდი მოხერხებული ყმაწვილი იყო.  დაუმეგობრდა გერმანელ სტუდენტებს. ერთი გვარად კურტი იყო, მეორე კორტი. კურტი მდიდარი მექარხნის შვილი იყო. დუმბაძეს სამი ბიძა ყავდა, ორი მათგანი – გენერლები. ისინი თვეში თორმეტ-თორმეტ მანეთს უგზავნიდნენ. ეს ფული, ცხადია, საკმარისი არ იყო ლაიპციგში საცხოვრებლად.

ერთხელ ამ დუმბაძემ დიდი სადილი გამართა, უკანასკნელი ფულები დახარჯა, მოიწვია მთელი თავისი ამხანაგები, მათ შორის გერმანელი სტუდენტი კურტი. შუა სადილზე მასპინძელს დეპეშა მოუვიდა. ის მოიღუშა, მაგრამ არაფერი თქვა. ყველანი დაინტერესდნენ. კურტი ჩააცივდა, გვითხარი დეპეშის შინაარსიო. ბოლოს, როგორც იქნა, ვითომ იძულებით, დუმბაძემ გააცნო მას დეპეშის შინაარსი: ზუგდიდიდან სწერდნენ, შენს ქარხნებში მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მუშაობა შეჩერდაო ( ეს ამბავი1905 წელს ხდებოდა). დუმბაძემ მქუხარედ თქვა, ეხლა ფულიც არ მაქვს, რომ სასწრაფოდ გავემგზავრო და საქმეები მოვარიგოო. კურტი შეცდა და უთხრა, არ შეწუხდე, ჩემს სიმამრს გამოვართმევ და გასესხებო. მართლაც მეორე დღეს დიდძალი თანხის საბანკო ჩეკი მიუტანა. ამ ფულით გაემგზავრა საქართველოში დუმბაძე . ცხადია, მას ზუგდიდში არავითარი ქარხნები არ ჰქონდა. დეპეშა ლაიპციგიდანვე გაუგზავნა მისმავე ამხანაგმა იასონ მენაბდემ, რომელიც წინასწარ იყო განზრახული.

ქვიშხეთში

20 აგვ. 1959.

გოგა გუგავა

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის

სახელმწიფო მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების რედაქტორი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“