კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

იისფერი ათწლეული

ნისლიანი დღეა. რა იცის მაინც ლონდონში ამ ამინდმა, მზეს დაგანატრებს.  იმ ვიწრო ქუჩას თუ გაუყვებით და მერე მარცხნივ გაუხვევთ, პირდაპირ მოაჯირიან ხვეულ კიბეს მიადგებით. კიბის თავზე ლამაზად გამოყვანილი ნომერი – 23 წერია. მოიცა, ვინ არის ეს  ახალგაზრდა კაცი, გახვითქული მორბის და კისრისტეხით არბის კიბეზე. არა, ასე უკანიდან ვერ ვცნობ, ცოტა თუ არ მივყევი და კარგად არ დავინახე, ისე მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ. 

უჰ, უილიამ პერკინი ყოფილა, ჯერ სრულიად ახალგაზრდა  ღარიბი ქიმიკოსია. ეჭვადაც კი არ აქვს, რომ სულ მალე ზღაპრული სიმდიდრის პატრონი გახდება. ეს მერე იქნება, ჯერ კი მხოლოდ ავგუსტ ჰოფმანის თანაშემწეა და სწორედ მის ლაბორატორიაში მირბის ასე თავგამეტებით. იცის, ჰოფმანს დაგვიანება არ უყვარს. არც მე მიყვარს დაგვიანება. ლაბორატორიაში  ასაკოვანი კაცი ბოლთას სცემს და თავისსავე თავს ესაუბრება. არც კი აინტერესებს, ვინმე შევიდა თუ არა. პერკინიც იქვე კუთხეში ჯდება და უსმენს.  ჰოფმანი ასე  თავის თავს ესაუბრება, ხმამაღლა მსჯელობს. პერკინს მისი მოსმენა უყვარს. იმ დღეს  ჰოფმანის საწუხარი ლაბორატორიაში ქინინის სინთეზი ყოფილა. ქინინს მცენარიდან გამოყოფდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მწარე ნივთიერებაა. ანტიმალარიული პრეპარატის ქინაქინას აქტიური კომპონენტია. ჰოდა, როგორც მალარიის წამალი, ევროპაში შემოჰქონდათ. ჰოფმანს კიდევ მისი ხელოვნური გზით მიღება და ამით წამლის გაიაფება სურდა. ჰოდა, დადიოდა წინ და უკან ლაბორატორიაში და სინთეზის გეგმას სახავდა. 

სახლში დაბრუნებული პერკინი მაშინვე თავის პატარა ლაბორატორიაში ჩაიკეტა. დიდი ხანია ანილინთან მუშაობდა. ზეთისებრი, სპეციფიკური სუნის მქონე, წყალში მცირედ ხსნადი მომწამლავი სითხეა. ჰაერზე სწრაფად იჟანგება და იისფერში გადასულ მოწითალო შეფერილობას იღებს. სახელი „ანილინი” ინდიგოს შემცველი ერთ-ერთი მცენარისგან მიიღო.  ჰოდა, ანილინი კალიუმის ბიქრომატით დაამუშავა და შედეგით იმედგაცრუებულმა ის-ის იყო მისი გადაგდება დააპირა, რომ  დაინახა, როგორ მიიღო მასამ წითელი ფერი. სპირტი დაამატა და სარეაქციო არიდან მოწითალო-მოიისფრო შეფერილობის ნივთიერება გამოიყო. ეს ის საღებავი აღმოჩნდა, რომლის წყალობითაც პერკინი გამდიდრდა. ააშენა ქარხანა და „ანილინის მეწამულის” გამოშვება დაიწყო.  საღებავი ფრანგ მღებავებს ძალიან მოეწონათ, მას ”იისფერი” უწოდეს და იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ამ პერიოდს ქიმიის ისტორიაში ”იისფერი ათწლეული”  ეწოდა. 35 წლის ასაკში კი პერკინი ისე გამდიდრდა, რომ ქარხნების (დიახ, უკვე ქარხნების) მართვა სხვებს გადააბარა და თვითონ მხოლოდ ცხოვრებით ტკბობას მიჰყო ხელი.

იისფერი… იების ფერი… 

იები რობერტ ბოილს უყვარდა. სხვადასხვა ჯიშის იებს ახარებდა ბაღში და ამ საქმისთვის მებაღეც ჰყავდა შერჩეული. სამუშაოდ ყოველ დილით იების ახლად დაკრეფილი კონა სჭირდებოდა მაგიდაზე. ეს ეტყობა შთაგონებას აძლევდა. რუდოლფ გლაუბერმა ამსტერდამიდან მარილმჟავა გამოუგზავნა და ზუსტად იმ დილით მიუტანეს. ჰოდა, ამ მჟავას რამდენიმე წვეთი  იების კონას  დაეცა. იებმა ფერი იცვალეს.  გაოცებულმა ბოილმა მებაღეს მთელი კალათი იები შემოატანინა და მარილმჟავა მათ კვლავ დაასხა. შედეგი იგივე იყო: მჟავასთან იისფერი წითელ ფერს იღებდა, ტუტესთან კი ლურჯს. იგივე სხვადასხვა ყვავილზეც მოსინჯა, მაგრამ ზემოთ აღწერილი შედეგი მხოლოდ იაზე იყო.  ბოილი იის სპირტს ან წყალხსნარს ამზადებდა, ქაღალდებს ამ ხნარით ჟღენთავდა და აშრობდა. ხვდებით ხომ, რასაც აკეთებდა… დიახ, ინდიკატორის ქაღალს ამზადებდა.

თუ ინდიკატორების თემას გავაგრძელებთ, მჟავა-ფუძე ინდიკატორი ლაკმუსი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში  იყო ცნობილი და მას იისფერ საღებავს ეძახდნენ. სახელწოდება „ლაკმუსი” კი 1704 წელს გერმანელმა მეცნიერმა მ. ვალენტინომ უბოძა.

ქიმიის დიდაქტიკაში იაფი ტექნოლოგიების მიმდინარეობა არსებობს. ესეც ქვეყნის ხელმოკლეობას რა ვუთხარი, თორემ ქიმიის სწავლებისთვის (ისევე, როგორც ზოგადად განათლებისთვის) ფულის დაზოგვა ან დანანება იქნება?
ჰოდა, ჩვენც იაფად შეგვიძლია იისფერი კომბოსტოსგან ინდიკატორი დავამზადოთ. სიმართლე გითხრათ, იგივე შეიძლება ბოლოკისგან, ჩაისგან და ვარდისგანაც გავაკეთოთ, მაგრამ  რადგან აქცენტს იისფერზე ვაკეთებ, ამიტომ კომბოსტოს ავირჩევ.

ინდიკატორის დამზადების საქმეში დაგჭირდებათ იისფერი კომბოსტო, სპირტი და ქვაბი. კომბოსტო წვრილად დაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ, სადაც სამედიცინო სპირტი ასხია. წყლის აბაზანაზე ადუღეთ  5-10 წუთი. ამის შემდეგ,  გადაწურეთ და წითელი სპირტხსნარი  ინდიკატორად გამოიყენეთ. დამზადებული თვითნაკეთი ინდიკატორის მეშვეობით შეიძლება ოჯახში მოხმარებული სითხეების (საპნის ხსნარი, სუფრის მარილის ხსნარი, განზავებული ძმარმჟავა ან ობის საწინააღმდეგო ხსნარში) pH-ის შემოწმება. 

დღეს იისფერზე ვსაუბრობთ. 

პოეზიაში „იისფერი თოვლი”,  „იისფერი მთები”,  „იისფერი ზარებიც” გვაქვს. გალაკტიონი თოვლთან ერთად დღის შუქსაც იისფრად ხედავდა.

 ასე ამბობდა: „ღვრის იისფერი დღე ლბილ  ოცნებას ცისფერ რამეზე” .

იისფერს სატრფიალო პოეზიაშიც ოსტატურად იყენებდნენ. 1909 წელს აპოლინერი გიიომი საოცნებო ქალბატონის კაბას აღწერდა:

„ემოსა კაბა
 იისფერი აღმოსავლური 
და კიდევ მხარზე დამაგრებული
 ამოქარგული ოქროს ძაფით 
ეცვა ტუნიკა…”

იქნებ ქალის კაბის ქსოვილი, პოეტი რომ ასე აუღელვებია, სწორედ პერკინის მიერ მიღებული საღებავით იყო შეღებილი. იისფერი საღებავით…
ქიმიაში რაღა გვაქვს კიდევ იისფერი?
რა და … ანტოციანიდები… 

ფერადი გლიკოზიდებია, მონოსაქარიდულ ნაშთად შეიძლება ჰქონდეთ გლუკოზა, რამნოზა, გალაკტოზა.  მცენარეების ციტოპლაზმის შემადგენლობაში შედიან და მათი შეფერილობა ხშირად უჯრედში არსებულ pH-ზეა  დამოკიდებული.  ამიტომ ფერიც   ყვითლიდან მოწითალომდე და იისფრამდე მერყეობს. კარგად იხსნებიან წყალში, ძნელად – სპირტსა და ბენზოლში.

ანტოციანიდები ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნივთიერებებია. სხვათა შორის, კიბოს უჯრედების  ბლოკირებასაც  ახერხებენ. ასე რომ, იისფერი ბოსტნეული და ხილი ნამდვილი ჯანმრთელობის ელექსირია. 

ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში ვნახე,  ქიმიური ცდა – „ფარაონის გველი” გააკეთეს და შემდეგ რეაქციის შედეგად გაზრდილ მასას ჩაქუჩი დაარტყეს. გვითხრეს, სიმსივნური უჯრედები ისე იზრდება, როგორც ამ რეაქციის პროდუქტი გაიზარდაო და ანტოციანიდები კიდევ მათ ჩაქუჩივით უსწორდებიანო. 

„ფარაონის გველი” იისფერი არ არის, მაგრამ მოდი აქ მაინც აღვწერ.

ამ სახელწოდების ქვეშ რეაქციების ერთობლიობას აერთიანებენ, რომელთა შედეგადაც მცირე საწყისი რეაქტივისგან პროდუქტის სახით გაზი გამოიყოფა, ფოროვანი მასა კი ისე სწრაფად იზრდება და  გამოდის, თითქოს სარეაქციო მაგიდაზე „გველი”  მიიკლაკნებაო.

„ფარაონის გველი” შეგვიძლია ვერცხლისწყლის როდანიდის დაშლით გამოვუშვათ გარეთ.

2Hg(SCN)2=2HgS+Cs2+C3N4
CS2+3O2=CO2+2SO2

აიღეთ როდანიდის 1-გრამიანი ნაჭერი და ცეცხლი მოუკიდეთ, საკმაოდ დიდი ზომის „გველი”  გამოძვრება.
რეაქცია პირველად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სტუდენტმა ფრიდრიხ ველერმა მიიღო. 1820 წლის შემოდგომაზე ამონიუმის თიოციანატის და ვერცხლისწყლის ნიტრატის წყალხსნარები შეურევია ერთმანეთთან. შედეგად თეთრი ნალექი გამოიყო. ველერმა ხსნარი  გაფილტრა და მიღებული ვერცხლისწყლის თიოციანატი  გააშრო. ცნობისმოყვარეობის გამო მიღებულ მასას ცეცხლი მოუკიდა და  საოცრება მოხდა, იქაურობა „გველებით გაივსო”. ამიტომ, ამ რეაქციას ველერის რეაქციას უწოდებენ. 

თუმცა ვერცხლისწყალთან და მის მარილებთან ყოველთვის სიფრთხილე გვმართებს. მით უმეტეს მაშინ, როცა  მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებთ ცდას. ამიტომ იმავე „ფარაონის გველის” უსაფრთხო ვერსიას გთავაზობთ.
აფთიაქში ნაყიდი კალციუმის გლუკონატის აბი  მშრალ სპირტზე დადეთ და  ცეცხლი მოუკიდეთ. აბიდან ღია მორუხო „გველი” გამოძვრება.

 
ამ წერილს ვწერ და უცებ გარეთ გასვლა მომინდა.  ბოლო დროს ვცდილობ ხშირად  ვიყო ბუნებაში, თორემ კომპიუტერის ეკრანს მიმსხდრები ფაქტობრივად მჯდომარე სიკვდილს ვიახლოვებთ. მჯდომარე სიკვდილი რა არის? ჰმ, ცოცხალი ხარ, აზროვნებ, აკეთებ, მაგრამ შიგნით სულში მკვდარი ხარ. გარედან აქ ხარ, მაგრამ შიგნიდან უკვე „იმათი” ნაწილი ხდები, რადგან ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებული ყველაზე მნიშვნელოვანს, ადამიანურ ურთიერთობებს ან სულაც ბუნებასთან კავშირს კარგავ.

ჰოდა, გარეთ გავედი-მეთქი…  იისფერი საღამო იდგა… 

გარეთ გასული, მჯდომარე სიკვდილიდან განთავისუფლებული

„სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ 
თოვლიან ქუჩებს, კვამლს რუხს და მწარეს,
 თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,
 დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს; 

იისფერ ზეცას _ ამ ბრძენ წიგნთაწიგნს…” (ალექსანდრე ბლოკი; თარგმნა ნათია ორმოცაძემ).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი