ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ისეთ მნიშვნელოვან, დარდიან და ყოველდღიურ საფიქრალზე, როგორიც ოკუპაციაა, იმგვარად, რომ მათში არ გამოვიწვიოთ ყალბი პატრიოტიზმი, ნაძალადევი თანაგანცდა, გაუაზრებელი ერთსულოვნება და ვასწავლოთ იმ მიწისა თუ ზღვის სიყვარული, რომელიც არასდროს უნახავთ. ამბავი ხომ მათ შობამდელია. ალბათ, სწორედ ზღაპრის, ალეგორიული ენის სიმარტივითა და გულწრფელობით მოიყოლება ბავშვებთან ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ და გვაღელვებს.

ასეთ წიგნად მოიაზრება ნინია სადღობელაშვილის „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები”, რომელიც საგულისხმო ამბავს მოგვითხრობს. ამბავი ერთნაირად საინტერესო და გასაზიარებელ-გასააზრებელია, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა მკითხველისთვის.

წიგნის კაბადონებს მეუფე ისაიას ილუსტრაციები ამშვენებს, ნიქოზელი მღვდელმთავრის, დღემდე არილს რომ მოელის თანასოფლელებთან ერთად, როგორც აბრაამის წიაღი – გამარჯვების საყვირს.

ქართული ლაზათიანი სიტყვის ლაზარესეული მნიშვნელობა წიგნის სათაურშივე ცხადდება – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლობა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, დროსა და სივრცეში მოხეტიალე ადამიანების უსამანო მყოფობასაც მოიაზრებს, რაც ერთმანეთის შეყვარებას, თანხმობასა და თანაზიარებასაც გულისხმობს.

იგნი, რამდენიმე საგულისხმო საფიქრალს იტევს:

 

  1. ინაპრის დაშვებული შეცდომების გადაფასება;
  2. ქართული სიტყვის მოფრთხილება;
  3. მტრობა და სიყვარული;
  4. უანგარო მეგობრობა;
  5. განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობა;
  6. ომის აბსურდი;
  7. ერიგების სიამე.

 

„რად გინდა საზღვრები“ – ამ სიტყვებით მიმართავს წიგნის მთავარი პერსონაჟი ბუჩაჩი მეგობარ ზღარბუნიას, რომელიც მამის დანაბარებსა და წამოწყებულ საქმეს გულდასმით აგრძელებს – თხრის ორმოებს და საზღვარს ავლებს მაჩვების ოჯახთან, რათა ყველამ იცოდეს თავისი ადგილი; რომ „ქლიავის ფესვი“ მას ეკუთვნის და არა მეზობელს, თანაც თვალს მაჩვის ასულ მაშოსკენ აპარებს და საკუთარ თავთან ჭიდილიც სიყვარულისა და მოვალეობის ველზე ინაცვლებს.

ზღარბუნია ვერ სწვდება იმ უსაზღვრებო მდგომარეობას, რომელსაც ბუჩაჩი დაჟინებით უხსნის: „მაინცდამაინც საზღვარი გჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს რამე არ გაუფუჭო?“. ვერც იმას ხვდება ზღარბუნია, რომ თავისუფლება მხოლოდ ლაღ ფრენას არ ნიშნავს, რომ ეს უპირველესად ფიქრისა და აზროვნების თავისუფლებაა.

ზოგჯერ ისეც ხდება, წინაპრების დაშვებულ შეცდომებს ახალმა თაობამ უნდა უწამლოს. ამას კი გონიერება, გააზრება და გამბედაობა სჭირდება. არჩევანის წინაშე მდგარ ზღარბუნიას გადაწყვეტილების მიღებაში განათლებული და წიგნიერი ბუჩაჩი რომ ეხმარება, ესეც საგულისხმო ფაქტი და მწერლის მნიშვნელოვანი შეტყობინებაა უასაკო მკითხველისთვის.

ქართული სიტყვის იმგვარად შემცნობელ-გამომთქმელი მწერალი, როგორიც ნინია სადღობელაშვილია, უთუოდ ათქმევინებდა ერთ-ერთ მთავარ გმირს – მე ყველაფერი მაღელვებს, რაც ფურცელს და ანბანს უკავშირდებაო. სწორად მეტყველი და ქართული სიტყვის სადარაჯოზე მდგარი ბუჩაჩი კეთილი კაცის ეზოს სხვა ბინადრებსაც მოუწოდებს სწორად და გამართულად იმეტყველონ. განათლება კი თავის მთავარ თვისებას ამ წიგნშიც ამჟღავნებს და უხვად მოეფინება ყველას, ვისაც კი მისი სინათლის მოხელთება განუზრახავს.

ზღარბუნიაც მოინდომებს წერა-კითხვის სწავლას და მისი „კურნებაც“ აქედან იწყება. ამ ფერიცვალების გზაზე მას არცთუ იოლი გადაწყვეტილების მიღება უწევს – წინაპრის წესსა და ადათს გონების თვალი უნდა გაავლოს და მისი ავკარგიანობა ამოიცნოს. ზღარბუნიასთვის „ალუდა ქეთელაურობა“ მარტივი არჩევანი არ გახლავთ, მისი ორჭოფობაც მანამ გასტანს, სანამ თავისსავე ამოთხრილ ორმოში არ ჩავარდება და მეფსალმუნის სიტყვებს „ხნარცვ თხარა და აღმოკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა“ საკუთარ ეკლებზე არ იწვნევს. ამჯერად კი მიხვდება ზღარბუნია, საზღვრების თხრას რომ სიკეთე არ მოაქვს და შეინანებს თავის უგუნურ სიჯიუტეს.

საიდან იღებს სათავეს ბუჩაჩის გონიერება? ვისგან უსწავლია მას უსაზღვროება სიკეთისა და უძლეველობა სიყვარულისა? ამ უჩინარ მასწავლებელს წიგნში ყოვლისმჭვრეტელი რა-ბუ ჰქვია, რომელიც ცოდნას ისევე გასცემს, როგორც მზე – სინათლეს. სწორედ მისგან შეუმეცნებია ბუჩაჩის, რომ განგებას მარტოობისა და უვიცობისთვის არ გავუწირივართ და ნუგეში, ხშირად, მეგობრების პირი-სახით გვევლინება. მაშინ კი ვრწმუნდებით, რომ „პლანეტები ვართ ერთმანეთისთვის“.

ყველა ზღაპარი სიკეთესთან ერთად, განსაცდელსაც იტევს. ბუჩაჩისა და ზღარბუნიას თავგადასავალშიც ცა ომის ჯანღით შეიფერება და კეთილი კაცის ეზოში ჭურვები ცეცხლოვანი ბურთებივით ჩამოიყრება. დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, ეზოს ბინადრებმა გადაწყვიტეს მოჩხუბარი ადამიანები როგორმე შეერიგებინათ. ამ კეთილი მიზნისთვის კი ქართული ენის წიაღიდან „დაფარული საიდუმლო“ გამოითქვა და ვეებერთელა აბრაზე „საკურნებლად“ გაიშალა წარწერა „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლებისა“. სწორედ ეს „უსაზღვრო შერიგება“ იქცა დაპირისპირებული ადამიანების ერთიანობის თავკიდურ ლოდად, ამავე სიტყვებმა გადაადნო მტრისგან ჩამოყრილი ჭურვები და მშვიდობის ჰანტელებად აქცია ახალი თაობისთვის.

როდის ვიმარჯვებთ და ვხმიანდებით ერთიან ბგერად, როდის გამოგვდის ურღვეველობა? მაშინ, როდესაც ბუჩაჩისა და ზღარბუნიას მსგავსად ერთმანეთის ამარა ვრჩებით, მეგობრობას ვირჩევთ, წარსულს გადავაფასებთ და საკუთარ ადგილს ვაგნებთ სამყაროში.

მწერალი დიდ-პატარა მკითხველს ფიქრისა და მსჯელობის გადმოსახედზე აყოვნებს, საიდანაც სიკეთის, ადამიანობის, მეგობრობის მარადიული ხატება ირეკლება და გულგრილს არავის ტოვებს.

წიგნს სიყვარულის ოდა ასრულებს… ან იწყებს, ვინ იცის… ან იქნებ არც დასაწყისი აქვს ამ ამბავს და არც დასასრული, როგორც დიდ „რას“ – „სინათლის მზეს“ „რომელი აღმობრწყინდა მაღლით აღმოსავალად“ (შობის ტროპარი) და ქართულ ენაში განიფინა მარადიულ საიდუმლოდ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“