დღეს მორალური აღზრდა უმეტესად მარტივი ეთიკური საუბრებითა და მშრალი მორალიზებით შემოიფარგლება.
წინამდებარე სტატია ეხება იმას, რა გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნების ზნეობრივ ფორმირებაზე ის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონცეფციები, რომლებიც სკოლაში შესასწავლ ლიტერატურულ ტექსტებშია გადმოცემული.
ცოდნის გადაცემა და ინტელექტის განვითარება საკმარისი არ არის; აუცილებელია, სწავლა-სწავლებაში გრძნობა-ემოციიც კომპონენტიც იყოს ჩართული. უამისოდ მოსწავლეთა პასუხებსა თუ წერით ნამუშევრებში ვერ გამოიხატება მათი საკუთარი პოზიცია.
პრობლემის აღმოფხვრის ხელშემწყობ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს ლიტერატურის გაკვეთილები.
ლიტერატურა პირდაპირ მიემართება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა ზნეობა, ესთეტიკა, მშვენიერების აღქმა.
ქართული პედაგოგიკის ისტორია მდიდარია ქართველ მწერალთა ღვაწლით. ამ მწერლებს შორის სამართლიანად მოაზრებიან სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი – მათი დიდაქტიკურ-ზნეობრივი კონცეფციები მუდამ იყო კვლევის საგანი და აქტუალურია დღესაც. თამამად შეიძლება, ამ კრებულს შეემატოს თანამედროვე მწერლობის კლასიკოსი – ოტია იოსელიანი. მის პროზაში არ არის არცერთი ასპექტი, ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს რომ არ ითვალისწინებდეს. ოტია იოსელიანი ორიგინალური პედაგოგიური იდეებით გამოირჩევა. ის ბავშვში უკვე პიროვნებას ხედავს. მისი პედაგოგიკური მრწამსია: „ბავშვი ანგელოზია“.
მოზარდის პიროვნების ზნეობრივი ფორმირების მიზნით სკოლაში და განსაკუთრებით ლიტერატურის გაკვეთილებზე ისეთი საკითხები უნდა წამოვწიოთ წინ, რომლებსაც ექნება პრობლემური, შემოქმედებითი, შეფასებითი ხასიათი.
ოტია იოსელიანი პირველია, ვინც ამას ცხოვრების ცოდნით დააკვირდა და მკითხველის წარმოსახვა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გაამდიდრა. მწერალი სულის უფაქიზეს ხვეულებამდე სწვდება ბავშვის ძნელად ამოსაცნობ სამყაროს, გაუთვითცნობიერებელ აღქმებს და გვიმხელს მათ.
შეუძლებელია, გულგრილი დავრჩეთ იმ ორიგინალური კონცეფციების მიმართ, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს: რომ მთავარია, კარგი აღზრდითა და განათლებით ადამიანში სიკეთე ვამრავლოთ, რომ სიკეთე მაშინ არის უმაღლესი სათნოება, როცა უანგაროა.
ვეცადე გამერკვია, მოზარდთა პიროვნების ფორმირებაზე რა გავლენა ექნებოდა ოტია იოსელიანის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ კონცეფციებს. ამისთვის სამუშაოდ და ღრმად გასააზრებლად მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შევთავაზე მწერლის რამდენიმე ტექსტი.
როდესაც მოსწავლეებს გავაცანი ნოველა „ტყვეობის ამბავი“, გადაწყვეტილი მქონდა, აქტივობად გამომეყენებინა ე.წ. ბასქეთ-მეთოდი. ამ მეთოდს თამაშის ფორმა აქვს. მოსწავლეებს დაევალათ ისეთი კითხვების შედგენა, რომლებიც ტექსტში წამოჭრილ ზნეობრივ პრობლემას უნდა დაკავშირებოდა. ფურცელზე დაწერილი კითხვები მოთავსდა კონვერტში ანუ „კალათში“ და გადაეცა თამაშის წამყვანს. ამ კითხვებში წამოჭრილი საკითხები გახდა მსჯელობის საგანი, ხოლო თავად კითხვები შეფასდა „ექსპერტების“ (ექსპერტებიც თავად მოსწავლეები არიან) მიერ, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
მინდოდა, ოტია იოსელიანის ამ ნოველაზე დაყრდნობით:
- გამომეწვია მოსწავლეებში სხვადასხვა გრძნობა – წყენა, სიხარული, სევდა;
- მიმეღო მათგან სწორი ზნეობრივი შეფასებები;
- ხელი შემეწყო ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებისთვის.
კითხვები ზნეობრივი ცოდნის, ზნეობრივი გრძნობისა და ქცევის ასპექტების მიხედვით დავაჯგუფე.
ზნეობრივი ცოდნის კითხვები: შეეხება როგორც პერსონაჟის, ისე მოსწავლის
ღირებულებათა გაცნობიერებას.
ზნეობრივი გრძნობის კითხვები: ამ კითხვების საშუალებით შეიძლება გაიმიჯნოს შესაძლებლობები და თავისუფალი არჩევანი.
ქცევის ასპექტი: კითხვები, რომლებიც მიემართება ღირებულებითი ქცევის
გამოვლენას.
- ეთანხმები პერსონაჟის საქციელს?
- შენ როგორ დააღწევდი თავს მსგავს სიტუაციას?
- ნამდვილად პრობლემური იყო თუ არა ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხი?
- ამართლებ თუ არა დამნაშავის დასჯას?
- რომელ პერსონაჟს ეთანხმები?
- როგორ დაასრულებდი ამ მოთხრობას?
- ნაწარმოების რომელი პასაჟია შენთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი?
მოსწავლეთა კითხვები „ბასქეთ მეთოდისთვის“:
- რომელი ჯობია – ადამიანმა საკუთარ თავზე ტყუილი თქვას თუ მართალი?
- რატომ ჰყავდათ დამნაშავე საუკეთესო პირობებში იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც მოგზაური მოხვდა?
- როგორ მიხვდა ტყვე, რომ ფუფუნებაში ცხოვრებით ადამიანის სახეს დაკარგავდა?
კითხვების შეფასების კრიტერიუმები ექსპერტებისთვის:
- რამდენად ზნეობრივი და საინტერესოა შეკითხვა?
- სწორად გაიაზრა თუ არა კითხვის ავტორმა ზნეობრივი ღირებულება?
- კითხვაში საკუთარი თვალთახედვა წარმოაჩინა თუ სხვისი აზრი გაიმეორა?
მოთხრობა „ტყვეობის ამბის“ პირველი წაკითხვისას გაისმა მოწონების შეძახილები, რომ კარგია ფუფუნებით ცხოვრება, სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია, ნაირ-ნაირი სასმელ-საჭმელი მოითხოვო, იყო ძვირფასი ნივთების გარემოცვაში, თუმცა თანდათან, კითხვებზე პასუხის გასაცემად რომ დაიწყეს ფიქრი, მიხვდნენ, რომ ადამიანმა საქმე თუ არ აკეთა, თუკი არ გახდა ღირსეული მოქალაქე, არ მიიღო განათლება, დაკარგავს ადამიანის სახეს და პირუტყვს დაემსგავსება. ამის შემდეგ ადვილად იპოვეს ნაწარმოების მთავარი სათქმელიც – ის, რომ:
„წოლა, ძილი, ჭამა და ოქრო კი არა, საქმეა კაცის სამკაული და მშვენება“.
მოთხრობაზე „თავლაფდასხმის ამბავი“ საგაკვეთილო აქტივობად გამოვიყენე რაფტის მეთოდი. ეს მეთოდი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ ობიექტიც და ფორმაც საკუთარი მოსაზრების სხვებისთვის გასაცნობად.
თავდაპირველად მოსწავლეების დიდი გულისწყრომა გამოიწვია პერსონაჟის მიმართ სხვა პერსონაჟების უხეშმა მოპყრობამ, თუმცა როდესაც გადავედით აქტივობაზე „კომენტირებული კითხვა“, მსჯელობის შედეგად ბავშვები უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ საკითხს და „გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე“ – მათ გაიაზრეს ტექსტში მხატვრული ოსტატობით გადმოცემული სახარებისეული შეგონება „გიყვარდეს მტერი შენი“ და თავიანთ ნამუშევრებში სწორედ ამ იდეის მატარებელი თეზისების წინა პლანზე წამოწევით განავითარეს საკუთარი მსჯელობა.
ლიტერატურის მასწავლებელს ყველაზე მეტად ხელეწიფება, დაეხმაროს მოსწავლეს მორალურ, ზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ჩვენს შემთხვევაში არაჩვეულებრივი მწერლის, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის – ოტია იოსელიანის უაღრესად მაღალზნეობრივი ნაწარმოებების სწავლებით, მრავალფეროვანი აქტივობებითა და სხვადასხვა პედაგოგიური საქმიანობითაც, ვფიქრობ, ეს შედეგი ნამდვილად დადგა.
მოსწავლეებს შევთავაზე ცხრილი, რომლის მიხედვითაც თვითონ გააკეთებდნენ არჩევანს:
როლი | მოგზაური, ოჩოფეხებიანი კაცი, დამნაშავე, წვეროსანი მოხუცი |
აუდიტორია | ავტორი, დამნაშავე, მოგზაური, მოხუცი
|
ფორმატი | წერილი, ინტერვიუ, დღიური, ტელეშოუ
|
თემა | უსიყვარულობის ტრაგედია
|
მოსწავლეთა ნამუშევრები (სახელები შეცვლილია)
რეპორტაჟი
ამ ამბავს ერთ უცხო ქვეყანაში შევესწარი და ძალიან გაკვირვებული დავრჩი. კი ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ტრადიცია და ზნე-ჩვეულებები აქვს, მაგრამ ნანახმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს. ურემზე თოკით მიბმული ჰყავთ 10-11 წლის ბიჭი და უშენენ დამპალ ვაშლებს, ლაყე კვერცხებს და პომიდორს, ხალხი კი ყაყანებს, ქაქანებს. თურმე ამ ბიჭს არ ჰყვარებია კლასელი, რომელიც მერხზე მის გვერდით ზის და ამ უსიყვარულობას დიდ დანაშაულად უთვლიან, იუდასაც კი უწოდებენ. ბობოქრობენ და უფრო დიდი სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.
ბიჭს თავის გასამართლებელი საბუთი აქვს: თურმე მისი კლასელი, ის, ვინც არ უყვარს, ოხერია, მუდრეგი, იგინება, არ სწავლობს და გოგონებს თმას აწიწკნის. მაგრამ იქ მაცხოვრებლების თვალში ეს მას არ ამართლებს. ისინი ფიქრობენ, რომ ცუდსა და ხელიდან წასულ ბავშვს უფრო მეტად უნდა სიყვარული და თანადგომა. საოცარია პირდაპირ!
/სანდრო/
ინტერვიუ წვეროსან მოხუცთან
გამარჯობა, მოგესალმებით! მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით.
– ბატონო მოხუცო, თქვენ გადაწყვიტეთ, მკაცრად დაგესაჯათ მოსწავლე, რომელსაც თურმე არ უყვარს ამხანაგი, რომლის გვერდითაც ზის მერხზე, სკოლაში. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
– დიახ, ასეა, მისგან კაცი არ გამოვა, დაღუპავს ქვეყანას!
– თანაკლასელის მიმართ უსიყვარულობის გამოხატვისთვის იუდა უწოდეთ, ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, ამას მერხის მეგობარი არ უყვარს და მტერს შეიყვარებს?
– კი მაგრამ, რა აუცილებელია მტრის სიყვარული?
– მტერი უნდა გიყვარდეს კაცს და გადამთიელი, თორემ დედა ხბოსაც კი უყვარს.
– მოსწავლე ამბობს, იმიტომ არ მიყვარს რომ ოხერია, იგინება და გოგოებს თმებს აგლეჯსო, მგონი არცაა დამნაშავე, რომ არ უყვარს!
– ანგელოზი უნდა იყოს, რომ უყვარდეს? ამისთანა ხელიდან წასულს უნდა სიყვარული და მხარში ამოდგომა!
– ნამდვილად ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
/თინათინი/
წერილი დამნაშავე მოსწავლეს
გამარჯობა, (არც კი ვიცი როგორ მოგმართო, მეგობარო, თანატოლო… იყოს მხოლოდ „გამარჯობა“). არ მინდა, მივკიბ-მოვკიბო, ჯობია პირდაპირ გითხრა ჩემი სათქმელი. არ დაგიმალავ, თავიდან შენ მხარეზე ვიყავი და გამაბრაზა შენ მიმართ ცუდად მოპყრობამ, თუმცა ახლა გაბრაზებულიც კი ვარ შენს საქციელზე. როგორ შეგიძლია, შენი ტოლი, შენი კლასელი, შენს მერხზე გვერდით მჯდომი ადამიანი, რომელიც შენი მეგობარი უნდა იყოს, არ გიყვარდეს, პატივს არ სცემდე? მერე რა, რომ ის არ გამოირჩევა კარგი სწავლითა და ქცევით? შენ თუკი ხარ კარგი, მიეცი მაგალითი, რომ მოგბაძოს, დაანახე სიყვარული და პატივისცემა და მისგანაც იმავეს მიიღებ. იქნებ აგრძნობინო, რომ უკეთესია დადებითი ურთიერთობები, შენ კი ამძაფრებ სიტუაციას და უსიყვარულობას უცხადებ, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ. იმედია, ჩემი წერილით მიხვდები, რომ შენ მიმართ ასე მოქცევა მთლად უსამართლო არ ყოფილა.
/ანასტასია/