დასუფთავების აქციებს სკოლებში და მის გარეთ ხშირად ვატარებთ. ხშირ შემთხვევაში სცენარი იდენტურია. დათქმულ დროს ვიკრიბებით, ვირგებთ ხელთათმანებსა და სხვა აღჭურვილობას, გავდივართ შერჩეულ ლოკაციაზე გარემოდან ნარჩენების ამოსაღებად…
მოსწავლეები დასუფთავების აქციებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევიან დაწყებითი საფეხურის ბავშვები. მოზარდებთან უკვე გვიწევს ახსნა, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ გაიზარდოს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინტერესები, ასეთ აქტივობებში მონაწილეობის თვალსაზრისით?
მიმდინარე წლის ივნისში ლიეტუვაში, პატარა ქალაქ სკაუდვილეში, პროგრამის ერაზმუს+ მოკლევადიანი ტრენინგ კურსი გაიმართა ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროგრამის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ინოვაციური გზების ძიება და მათი დამკვიდრება. ერთ-ერთ აქტივობა მოიცავდა დასუფთავების აქციის ისეთი გეგმის შემუშავებას, რომელშიც ინტეგრირებული იქნებოდა მხიარული და შემეცნებითი აქტივობები.
აქტივობები, რომლებიც დასუფთავების აქციის პარალელურად შეიძლება გამოვიყენოთ.
სტატიის ამ ნაწილში, შემოგთავაზებთ სავარაუდო აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასუფთავების აქციის/ლაშქრობის პარალელურად ჩატარდეს. გაითვალისწინეთ, რომ ისინი უნდა მოარგოთ ჯგუფის ინტერესებს, ასაკს, შესაძლებლობებს და ა.შ. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი მოფიქრებული აქტივობა, რადგან ქვემოთ მოცემული მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მისიები გუნდებისთვის
დასუფთავების აქციის დაგეგმვისას მონაწილეები გადაანაწილეთ მცირე ჯგუფებში. ჯგუფებს შეიძლება დავუსახოთ ერთნაირი, ან განსხვავებული მისია. მაგალითისათვის:
- გადაუღეთ ფოტო, დაბინძურებულ ადგილს, გაიმეორეთ აღნიშნული ნარჩენების ამოღების შემდეგ;
- შეაგროვეთ პლასტმასის ბოთლის ასი თავსახურავი;
- შეაგროვეთ 10 სხვადასხვა ნივთი, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს მეორეული გამოყენებისთვის;
- შექმენით/გააკეთეთ მარტივი აპლიკაცია მათი (შეგროვებული მეორეული ნივთების) გამოყენებით;
- შეადგინეთ ლექსი/მიმართვა/სლოგანი, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებ რომ არ დაყარონ ნარჩენები;
- შექმენით სამაჯური ხის დრეკადი ტოტებისგან, სამკაულებად გამოიყენეთ ყვავილები, ფოთლები, მცენარეების ნაყოფი/თესლი და ა.შ.
გაითვალისწინეთ არ დაუსახოთ ისეთი მისია, რომელიც სახიფათო ნარჩენთან შეხებას მოიაზრებს.
პარტიზანული მებაღეობა
ეს აქტივობა დასუფთავების აქციის მოწყობამდე სხვადასხვა სახის მცენარის (ყვავილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები) თესლების შეგროვებას მოითხოვს. სასკოლო თემის ჩართულობით შეაგროვეთ ყვავილის, ბოსტნეულის, პარკოსანი მცენარეების თესლები და დაურიგეთ ჯგუფებს. წინასწარ რუკაზე მონიშნეთ გაჩერების ადგილები და ის ლოკაციები, სადაც შეიძლება დაითესოს ისინი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შედეგების გასაცნობად ახალგაზრდებთან ერთად გადით იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და ნახეთ შედეგი.
ბინგო ბუნებაში
თამაში ბინგო სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ჩვენ შევქმენით თამაშის ისეთი ვერსია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ბუნების წიაღში სეირნობის, დასუფთავების აქციის მოწყობის დროს და ა.შ.
თამაშის წესი მარტივია. გუნდი, რომელიც პირველი იპოვის ფურცელზე განთავსებულ წარწერებს/ნახატებს იქნება გამარჯვებული. ამისათვის მათ უნდა მონიშნონ ყველა უჯრა. შესაძლებელია ტელეფონით დაფიქსირების წესის შემოტანაც.
თუ არ გვაქვს ამობეჭდვის საშუალება, შესაძლებელია მოსაძებნი ობიექტების სახელები დაწეროთ ქაღალდზე და ასეთი მარტივი ფორმატით შესთავაზოთ ახალგაზრდებს ბინგოს შევსება.
გასამხიარულებელი თამაშები
ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ერთვებიან გასამხიარულებელ და ენერგიის აღსადგენ აქტივობებში. გთავაზობთ ორ მარტივ თამაშს, რომელიც წარმატებით გამოიყენება დიდ და მცირე ჯგუფებში.
„ჰი, ჰა, ჰუ“
მონაწილეები დგებიან საერთო წრეზე. ისინი ხდებიან სამურაები და უნდა ისწავლონ რამდენიმე მარტივი მოძრაობა. მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე დაიმახსოვრებს მოძრაობებსა და პირობებს, შეგიძლიათ შემოიტანოთ გავარდნის წესი.
თამაშს იწყებს წამყვანი, რომელიც აირჩევს რომელიმე მონაწილეს, უმიზნებს შეტყუპებულ ხელებს და როგორც ხმლით, ზემოდან ქვემოთ იშვერს არჩეულისკენ და ყვირის „ჰი“. ის, ვისაც უმიზნებენ, რაც შეიძლება სწრაფად სწევს მაღლა შეტყუპებულ ხელებს და ყვირის „ჰა!“, ამავდროულად მის გვერდზე მდგომები, მარჯვნიდან და მარცხნიდან ყვირილით „ჰუ!“ და უმიზნებენ შეტყუპებულ ხელებს მუცლისკენ. შუაში მდგომი სამურაი სწრაფად იშვერს ხელს რომელიმე მონაწილისკენ და მას გადასცემს მუხტს შეძახილით – „ჰი!“ და ასე გრძელდება წრეში.
როდესაც ყველა გაერკვევა თამაშის წესებში, მონაწილეები იწყებენ თამაშს გავარდნაზე. ვისაც შეეშლება მოძრაობის გაკეთება (ან დაავიწყდება დროზე მისი გაკეთება), ან არასწორად დაიყვირებს (ან საერთოდ არ დაიყვირებს), ის ვარდება თამაშიდან; თამაში სრულდება მაშინ, როდესაც დარჩება 4 გამარჯვებული სამურაი. მეტი თვალსაჩინოებისთვის უყურეთ ვიდეოს.
„ჯეირანი“
თამაში ჯეირანი ყველას გვითამაშია. ის ძირითადად რაიმე პრობლემური საკითხის მოკლე დროში გადასაწყვეტად გამოიყენება. როგორ შეიძლება მოვაწყოთ ჯეირანის ჩემპიონატი?
თავდაპირველად მონაწილეები წყვილდებიან და თამაშობენ კლასიკურ ჯეირანს. დამარცხებული მონაწილე ხდება გამარჯვებულის გულშემატკივარი, ვაგონის პრინციპით ებმის მას ზურგიდან და ყვირის მის (გამარჯვებულის) სახელს.
გამარჯვებული ხვდება სხვა წყვილში წარმატებულს, ხოლო მათ შორის დამარცხებული, საკუთარ ქომაგთან ერთად უერთდება გამარჯვებულს. საბოლოოდ ფინალში ხვდება ორი წარმატებული მონაწილე, რომელთაც ზურგს უმაგრებს გულშემატკივრების მთელი არმია. მეტი თვალსაჩინოებისთვის უყურეთ ვიდეოს.
ასეთი ტიპის დასუფთავების აქციები წინასწარ მომზადებას, დაგეგმვას და როლების გადანაწილებას მოითხოვს. სასურველია ჩამოყალიბდეს საორგანიზაციო ჯგუფი. ჯგუფში წინასწარ გადანაწილდეს როლები, მოინიშნოს მარშრუტი, განისაზღვროს გაჩერებების ადგილები, თამაშისა და შესვენების ლოკაციები და ა.შ.
ზემოთ აღწერილი აქტივობები ასევე შეიძლება გამოიყენოთ ექსკურსიებისა და ლაშქრობების დროსაც. აქტივობების დასაფიქსირებლად გამოიყენეთ სხვადასხვა პლატფორმა. ეს შეიძლება იყოს დახურული ფეისბუქ ჯგუფი, გაზიარებული საქაღალდე რომელიმე საცავში (google drive, one drive), GooseChase (ამ პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ სტატიაში – მოდი, დავიკარგოთ, ანუ ეკოლაშქრობა ბუნების წიაღში) და ა.შ. ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ეფექტურია მისიებისა და დავალებების ერთობლივი ყურება.