შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ძველი ეგვიპტე შემაჯამებელი დავალების კონტექსტში

შემაჯამებელი დავალებები ისტორიის სწავლებაში დღეს ფართოდ გამოიყენება. ამ ტიპის დავალებებს ბევრი უპირატესობა აქვს, რის გამოც ის სასწავლო პროცესის აქტიურ კომპინენტად მიიჩნევა. პირველ რიგში ამ უპირატესობას განაპირობებს მისი ორიენტაცია მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა: კვლევა და ანალიზი, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება; ინტერდისციპლინურობა (სხვადასხვა საგნებთან – გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება და ა.შ. ინტეგრაცია, რითაც მოსწავლეები უკეთ იგებენ ისტორიულ კონტექსტს), თანამედროვეობასთან კონტაქტი (თანამედროვე თემებსა და პრობლემებთან პარალელების გავლება ხელს უწყობს მოსწავლეებს, ისტორიის გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ თანამედროვე სამყაროში); აქტიური სწავლება (პრობლემაზე ორიენტირებულობა, კრიტიკული საკითხების კვლევა), თანამშრომლობა და კომუნიკაცია (გუნდურობა, დისკუსია, პრეზენტაცია), მოტივაცია და საგნობრივი ინტერესის გაზრდა, პიროვნული ზრდა და ღირებულებითი განათლება.ამ განსაკუთრებული ხასიათის გამო შემაჯამებელი დავალებები ყოველთვის გამორჩეულია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით.

გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითს მე-7 კლასის ისტორიის სასწავლო კურსიდან:
დავალების ტიპი – ემაჯამებელი დავალება
კლასი: VII
თემა: „ძველი აღმოსავლეთი“

ცნებები: წყარო/ ინტერპრეტაცია (შედეგები: 1, 2, 5, 6) ; დრო (შედეგი: 3, 7, 8); სივრცე (შედეგი: 3, 9); საზოგადოება (შედეგი: 7.8.10,11,12); ძალაუფლება (შედეგი: 7,8,10,11,12); ისტორიული მოვლენა / პროცესი (შედეგი: 4, 5, 6, 8, 9) : მოსწავლეს შეუძლია ძველაღმოსავლურ პერიოდთან დაკავშირებული ფაქტების/მოვლენების/პროცესების სხვადასხვა ტიპის წყაროების მონაცემების საფუძველზე შესწავლა-ინტერპრეტირება; ძველაღმოსავლური პერიოდის როგორც ეპოქის მნიშვნელობის გამოკვეთა; ძველაღმოსავლური პერიოდის საზოგადოების განვითარებაზე გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენის გაანალიზება, შესაბამისი პერიოდის ისტორიულ-გეოგრაფიული ცნებებისა და ტერმინების გამოყენება; არსებითი ნიშან-თვისებების საფუძველზე (ტრადიციები, სოციალური ფენები, მეურნეობის ფორმები, მსოფლმხედველობა..) გამოკვეთა; ძველაღმოსავლურ ხანაში არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუციების აღწერა და მიმდინარე ისტორიული მოვლენების/პროცესების მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობა.

დავალების პირობა: წარმოიდგინე, რომ ძველი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევარი ხარ და პრეზენტაციისთვის მასალებს იძიებ. პრეზენტაციამ მსმენელებს შთაბეჭდილება უნდა შეუქმნას:

1. როგორ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდა ძველი ეგვიპტის მოსახლეობა? რას საქმიანობდნენ, როგორ აღქვამდნენ სამყაროს?
2. როგორი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღებით სარგებლობდნენ? როგორ იცავდნენ თავს?
3. როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა მათი საქმიანობა, საზოგადოებრივი ფენები? ხელისუფლება?
4. როგორი საცხოვრებელი და სატაძრო ნაგებობი ჰქონდათ?

ამ მიზნით შენი სამუშაო დაყავი ნაწილებად:

I ეტაპზე – შეასრულე აქტივობები:

აქტივობა 1. იმუშავე რუკაზე “შუამდინარეთი და ნილოსის აუზი. რეგიონი, სადაც პირველი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა”: მოძებნე რუკაზე, სად ცხოვრობდნენ ეგვიპტელები; ივარაუდე, როგორი ბუნებრივი გარემო პირობები ექნებოდათ სამეურნეო ცხოვრებისთვის? რამდენად განსაზღვრავდა ბუნებრივი პირობები სამეურნეო საქმიანობას?

რესურსი – სახელმძღვანელო “ისტორია”, ავტორები – ნატა ახმეტელი და ბესიკ ლორთქიფანიძე. გამომცემლობა “დიოგენე”, 2019. & 12; 13

აქტივობა N 2 – იმსჯელე, რამდენად მისაღებად მიგაჩნია მოსაზრება, რომ ეგვიპტე იყო პირველი “სამდინარო სახელმწიფო”? დაასაბუთე შენი არგუმენტი.

რესურსი: ვიდეორესურსი – “ძველი ეგვიპტე”

აქტივობა N3 – შეასრულე სავარჯიშოები სახელმძღვანელოს გვ. 39-ზე :

და გვ. 40-ზე:

აქტივობა N4 – იმუშავე კოგნიტურ სქემაზე (იხ. სურ.1): ჯერ შეავსე პირველი სვეტი – „სიტყვა/ცნება“; შემდეგ შეავსე მეორე სვეტი – „მე მგონია“ და ჩაწერე შენი იდეა/ვარაუდი მოცემულ სიტყვასთან/ცნებასთან დაკავშირებით და განმარტე, რატომ გაქვს ასეთი ვარაუდი.

II ეტაპის აქტივობები:

აქტივობა N1 – გაეცანი მასალებს და მონიშნე /ამოიწერე/ჩაინიშნე ყველა ის ადგილი, რომელიც გჭირდება მესამე სვეტის – „ტექსტი ამბობს“ – შევსებისთვის. მათზე დაყრდნობით შეავსე მესამე სვეტი.

რესურსებად გამოიყენე:

• ანიმაცია – ყოველდღიური ცხოვრება ძველ ეგვიპტეში (ქართული ტიტრებით)
https://www.bbc.co.uk/bitesize/articles/zqmyydm#zj6yvwx
• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდი “ბიბლიოვიკი”
ეგვიპტის არმია – NPLG Wiki Dictionaries
• ისტორიის სახელმძღვანელო (მოსწავლის წიგნი) : &14,16,17;
• ვიდეორესურსი ძველი ეგვიპტის შესახებ

• საინფორმაციო წყარო: “ეგვიპტელები”

ეგვიპტელები

აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარე ნილოსის დაბლობში, მიწათმოქმედი ტომები სახლობდნენ. სანაპირო ვაკეებს ირგვლივ უდაბნო აკრავს. ამ რეგიონში წვიმა თითქმის არ მოდის, ამიტომ ნილოსი აქ ტენის ერთადერთი წყაროა.
ხვნა-თესვა ნოემბერში იწყებოდა, აპრილ-მაისში უკვე პირველ მოსავალს იღებდნენ. თუმცა ნათესებს ნილოსის ადიდება უქმნიდა საფრთხეს და ყანებს დაცვა სჭირდებოდა დროთა განმავლობაში ეგვიპტელებმა წყლის სარწყავი არხებით რეგულირება ისწავლეს: ძირითადი არხი მათ მდინარის კალაპოტის გ

ასწვრივ გაჰყავდათ, მისგან პატარ-პატარა არხებით კი წყალი ყანებამდე მიდიოდა.
არხების გარდა, ეგვიპტელებმა ააგეს წყალსაცავებიც, რომლებიც წყლით ძირითადი არხიდან მარაგდებოდა და გვალვის დროს მოსარწყავად იყენებდნენ. თანდათან ნილოსის დაბლობი სარწყავი არხების ქსელმა დაფარა. დაბლობში დასახლებულ მიწათმოქმედთა თითოეულმა ტომმა ნილოსის გასწვრივ დამოუკიდებელი ერთეულები – ნომები. თითოეულ ნომს ჰყავდა საკუთარი მმართველი – ნომარქი, ჰქონდა გალავნით შემოზღუდული ქალაქი, სადაც ნომარქი იჯდა. იქვე იყო ადგილობრივი ღვთაების ტაძარიც. ნომები საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობდნენ: ერთი ნომი მეორეს იპყრობდა და მის მიწას იერთებდა. ერთი ნომარქის ძალაუფლება შემოერთებულ ნომზე ვრცელდებოდა. თანდათან, ნომების გაერთიანების შედეგად ძვ.წ. IV ათასწლეულში ორი სამეფო: ზემო და ქვემო ეგვიპტის სამეფოები ჩამოყალიბდა. ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულსა და III ათასწლეულის დასაწყისში კი ეს სამეფოებიც გაერთიანდა და ერთიანი სახელმწიფო შეიქმნა, როლის სათავეშიც მეფე-ფარაონი იდგა. მთელი ძალაუფლება მას ეკუთვნოდა. გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქი იყო მემფისი – ქალაქი ნილოსის დელტის სამხრეთ ნაწილში.

აქტივობა 2 – მოცემული ინფორმაციების შესაბამისი ვიზუალური მასალა – ნახატი/სიმბოლოს შექმნა – ჩაამატე ისინი მე-4 სვეტში „ილუსტრაცია“ . მოიყვანე არგუმენტი, რატომ გააკეთე ასე და არა სხვაგვარად.

III ეტაპის აქტივობები:

აქტივობა 1 – იმსჯელე: ზემოთმითითებული 6 ძირითადი ნიშნის მიხედვით (სახელმწიფო, უმაღლესი მმართველი, სოციალური ფენები, ჯარი, დამწერლობა, რელიგია და კულტურა) რა აქვთ საერთო და რა აქვთ განსხვავებული ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს თანამედროვე სახელმწიფოსგან?

მიღებული პასუხები ასახე დიაგრამაში:

აქტივობა 3: – სვეტში – “გამომაქვს დასკვნა” – ჩაწერე შენი ძირითადი დასკვნები თითოეულ – სიტყვა /ცნებებთან დაკავშირებით.

IV ეტაპის აქტივობა – შესრულებული დავალების წარდგენა/პრეზენტაცია. დავალება შეასრულე წერილობით ან PPT -ფორმით. ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 რამდენად სრულყოფილი იქნებოდა უძველესი სამდინარო ცივილიზაციის, პირველი სახელმწიფოს ისტორიის შესახებ ჩვენი წარმოდგენები რომელიმე ცნება რომ გამოგვეტოვებინა?

ბოლოს – შეფასება – სოლო ტაქსონომია

 

შემაჯამებელი  დავალებების გამოყენება ისტორიის სწავლებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს, ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უფრო სრულყოფილად და ღრმად გაიგონ ისტორიული მოვლენები და კონტექსტი, გახდნენ უფრო ინფორმირებულები, კრიტიკულად მოაზროვნეები და ჩამოუყალიბდეთ კაცნობრიობის ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“