ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლისა და მასწავლებლის “ფლეილისტი”

მოსწავლეთა ინტერესების კვლევა ჩემი მასწავლებლური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. რას უსმენენ, უყურებენ, იცვამენ, რა აწუხებთ და უხარიათ – ამ ყოველივეზე დაკვირვება მეხმარება, რომ მოზარდების სამყაროს გავეცნო და ლიტერატურული ტექსტები თუ მეთოდები სწავლების პროცესს მოვარგო. პირველ რიგში, მასწავლებლის ყურადღება ნდობას აღვივებს და გულწრფელობის ხარისხს ზრდის, ამასთანავე, საშუალება გვეძლევა სწავლა-სწავლება უფრო სახალისო გავხადოთ. სამწუხაროდ, ისედაც უამრავი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა: გადატვირთული სახელმძღვანელოები, ლექციური ხასიათის გაკვეთილები, 5-წუთიანი შესვენებები, მრავალრიცხოვანი კლასები, მცირე საგაკვეთილო დრო, სხვადასხვა საგნის საშინაო დავალებები, ქულებზე ღელვა, სასკოლო კვების არქონა…როგორ უძლებენ? – ხშირად ვფიქრობ ჩემი მოსწავლეების შემყურე.  პრობლემების აღმოსაფხვრელად არასათანადო ძალისხმევა, შედეგად, გართულებულ ქცევასა და სწავლისადმი გულგრილობას იწვევს. სწორედ ამ ყოველივეზე მუდმივმა ფიქრმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გაკვეთილების შეთავაზება სიხარულით ავსებს ბავშვებს.

ამჯერად გიზიარებთ ამბავს ერთი საინტერესო გაკვეთილის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა მეცხრეკლასელმა მოსწავლემ ერთად ჩავატარეთ. გაკვეთილის იდეამდე კი მარიამის მოხატულმა მერხმა მიმიყვანა. როგორც წესი, მერხზე გაკეთებული წარწერები თუ ნახატები მოზარდების თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ერთ დღეს მარიამის მერხთან ჩავლისას თვალში მომხვდა მომღერლებისა თუ მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებები და მათზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ მე და მარიამს ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვქონია. როცა განწყობის ასამაღლებლად თუ სამწუთიანი ჩანაწერების წერისას მუსიკა გვჭირდებოდა, მარიამის მერხიდან რომელიმე კომპოზიციას ვარჩევდით და ვრთავდით. ასე დავარქვით მარიამის მერხს „ფლეილისტი“.

შემდეგ კი გამახსენდა დღიური, რომელშიც ზუსტად მარიამის ასაკში ვწერდი ჩემი ყოველდღიურობის შესახებ.  2001 წლის ერთ მშვენიერ დღეს დღიურში ჩამიწერია:

„მე 15 წლის თინეიჯერი ვარ. მიყვარს მუსიკა. რაღაც ამ ბოლო ხანებში ჩემს მეგობარს გავებუტე თუ ისინი გამებუტნენ, არ ვიცი, წიგნს ვგულისხმობ. მე მიყვარს მუსიკა. აი, ამ წუთას ვუსმენ გორილაზის „ქლინთ ისთვუდს“. ახლა გეტყვით, ამ პერიოდში ვის ვუსმენ:

Dido – Here with me, Thank you

Gorillaz – Clint Eastwood

Geri Halliwell – It’s Raining Men

Bee gees

Red Hot Chilli Peppers

Depeche Mode – Dream on, Free Love

Shivaree – Goodnight Moon

Hooverphonik – Mad About You

Nelly Furtado – I’m Like A Birdes

Anastacia

Dastiny’s Child

John Lenon – დაუვიწყარია.

მე მიყვარს მუსიკა.“

წარმოიდგინეთ, როგორ გამახარებდა ამ ჩანაწერის მარიამის მერხთან პარალელის გავლების პერსპექტივა. მართლაც უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია, როდესაც მოსწავლეებს მათი თანატოლი მასწავლებლის მუსიკალური გემოვნების შესახებ ვესაუბრე და თვალსაჩინოებად კი ჩემი დღიური გამოვიყენე.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ვგეგმავდით მე და მარიამი გაკვეთილს. თავდაპირველად Youtube-ზე შევქმენით სიმღერების სია და ერთმანეთს გავუზიარეთ, შემდეგ შევარჩიეთ ერთი მუსიკოსი და მისი ბიოგრაფია კლასისთვის წარსადგენად მოვამზადეთ, ხოლო ერთი სიმღერის მიხედვით ჩვენი მოგონებების შესახებ დავწერეთ ტექსტი, რომელსაც საინტერესო ფორმატი შევურჩიეთ, კერძოდ, თაბახის ფურცელზე გადავხატეთ მუსიკალური ვიდეორგოლიდან კადრი და Youtube-ის მახასიათებლები (რამდენი ნახვა და კომენტარი ჰქონდა ვიდეორგოლს, როდის იყო ატვირთული…) მივუთითეთ.

ვფიქრობ, წინასაგაკვეთილო სამზადისმა 14 წლის მოსწავლესთან უფრო მეტად დამაახლოვა, ამასთანავე, დროდადრო, კლასს ვუზიარებდით ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ და მათაც გადაედოთ დადებითი მუხტი. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვები დაგვეფიქრებინა მუსიკალური გემოვნებისა და მოსწავლე-მასწავლებლის ინტერესების გადაკვეთის წერტილზე.

გაკვეთილმა შემდეგი თანმიმდევრობით ჩაიარა:

  • გაკვეთილის იდეისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაცია სლაიდშოუს სახით საყვარელი მუსიკოსის შესახებ;
  • ერთი სიმღერის მოსმენა, ვიდეორგოლის ჩვენება და ჩანაწერის წაკითხვა;
  • ვიდეორგოლის ქვეშ თანდართული კომენტარებიდან ერთი კომენტარის აუდიტორიისთვის გაცნობა;
  • კლასს საშინაო დავალებად შევთავაზეთ, მათაც გაეხსენებინათ ერთი მნიშვნელოვანი მოგონება საყვარელი სიმღერის ირგვლივ და დაეწერათ.

ჩემი შერჩეული სიმღერა დღიურის ჩანაწერში არ მქონდა მითითებული, თუმცა იმდენად ძვირფასი მოგონება ამომიტივტივდა, გულმა მისკენ გამიწია. ეს იყო ამერიკელი მომღერლის, მობის, სიმღერა სახელად – Natural Blues. ვიდეორგოლის შინაარსი ეხება ადამიანის ცხოვრებას. მთავარი გმირი თავად მომღერალია, რომელიც საავადმყოფოს მისაღებში ტელევიზორში უყურებს თავისი ცხოვრების კადრებს სიბერიდან დაბადებამდე. მუსიკას, სიმღერის ტექსტს, ვიდეორგოლის ვიზუალურ შინაარსს მსმენელში სევდიანი განწყობა შემოაქვს და თან ყოველი წუთის დაფასებისკენ გიბიძგებს, რადგან მხოლოდ მომავალზე ფიქრი აწმყოში განსაცდელ სიხარულს აუფერულებს. 14-15 წლისა ვიდეორგოლის ყურებისას სევდაზე სულ არ ვფიქრობდი, პირიქით, სიმღერა ფიქრისა და ანალიზის გარეშეც ძალიან მიყვარდა და ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად ხშირად ვუსმენდი.

ჩემმა თინეიჯერობამ კი სწორედ იმ დროში ჩაიარა, როცა მუსიკას მხოლოდ რადიოს ან ამერიკული არხის, Mtv-ის, საშუალებით ვუსმენდით. გადახვევისა და ამგვარად მრავალჯერადად მოსმენის ბედნიერება სად იყო, ამიტომ კიდევ უფრო მეტად გვიხაროდა მოულოდნელად საყვარელი სიმღერის მოსმენა.

როგორ ინახავს მუსიკა ჩვენი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტებს, ამაზეც ხშირად უნდა ვესაუბროთ, რადგან გაკვეთილის შემდეგ უკუკავშირისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვების უმრავლესობა მუსიკას არ უსმენს, არ იცნობს მუსიკალურ ჟანრებს და საერთოდ არ გამოხატავს ინტერესს. მჯერა, რომ მათთვის ჩემი და მარიამის შერჩეული მუსიკის გაცნობა უკვალოდ არ ჩაივლის და სადღაც აუცილებლად იჩენს თავს. როგორც მკითხველად ჩამოყალიბებისას ვთავაზობთ სხვადასხვა სტრატეგიას, ასევე უნდა ვიზრუნოთ ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად მუსიკის, მხატვრობის, სპორტის მიმართულებით. რაც უფრო მრავალფეროვანი ინტერესი ექნება მოზარდს, მით უფრო მშვიდად გადალახავს  პუბერტატის რთულ პერიოდს.

მოგონება ერთი სიმღერის ირგვლივ

„22 წლის წინ სააღდგომო არდადეგებზე ჩემმა მეგობარმა იმერეთის სოფელ ჩხარში დამპატიჟა. დიდი, წითელი ავტობუსით გავემგზავრეთ ტასოს დედის, ნათელა დეიდას, სოფელში. იქ ოლია – ანასტასიას გამზრდელი ბებია ცხოვრობდა. ჩემი მეგობარი გიჟდებოდა ოლიაზე, ჩხარის სახლზე. სიხარულით იყო სავსე, მეც რომ მაზიარა თავის საყვარელ გარემოს.

მე და ტასო ბევრს ვიცინოდით, ვვარჯიშობდით, ოლია ბებოს სახლი დავულაგეთ და ისიც გვაქებდა. მახსოვს, ფხვიერი  ნამცხვარი გამოგვიცხო უგემრიელესი ხილფაფით, მას შემდეგ სულ მენატრება იმ ნამცხვრის გემო. აღდგომის შემდეგ დღეს სასაფლაოზე გავყევი ტასოს. სოფლის შარაგზაზე მივდიოდით საკუთარი ცხოვრებითა და გარეგნობით უკმაყოფილო 15 წლის გოგოები, მაგრამ ყველაზე ლაღები და ბედნიერები. მივდიოდით და მობის სიმღერის მისამღერს ჩვენი გამოგონილი ფაზებით ვმღეროდით. ახლა, 22 წლის შემდეგ, ჩემი სახლის სამზარეულოში ვზივარ, ვწერ და ვიხსენებ იმ დღეს, ვუსმენ მობის და ისევ ჩხარში ვარ, 15 წლის, ჩემს უსაყვარლეს მეგობართან ერთად შარაგზაზე მივდივარ და გულიანად ვიცინი.

ჩემი მოგონების გამოხმობისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი, როგორი მაგიური ძალა აქვს მუსიკას – ემოციების გაცოცხლების, დროში მოგზაურობის, მოუხელთებელი განცდებისა და შეგრძნებების წამოშლის, ძვირფასი ადამიანებისადმი სიყვარულის გამძაფრების“.

 

ეს ჩანაწერი წავუკითხე კლასს, მარიამმა კი ქართული ჯგუფი Skazz გაგვაცნო და მათი ერთ-ერთი სიმღერის Egoist-ის შესახებ შემდეგი ჩანაწერი გაგვიზიარა:

„მეტროში ვარ. ნერვები მაქვს ძალიან მოშლილი. Skazz-ის სიმღერას ვუსმენ ბოლო ხმაზე ისე, რომ არაფერი მესმის. უცებ ვიღაც მთვრალი კაცი მადგება, ვერ ხედავ, აქ კაცი რომ დგას და უნდა დასვაო? მე კიდევ გაბრაზებულზე ვუპასუხე, არანაირად არ ვარ ვალდებული-მეთქი, თქვენ რა გაწუხებთ, იმას რომ პრობლემა ჰქონდეს, გაიჭირვებდა და მაინც დაჯდებოდა-მეთქი, თან იქით თავისუფალი ადგილი იყო და ვუთხარი, თუ მაინც და მაინც დაჯდომა უნდა, იქაც დაჯდებოდა-მეთქი. შემდეგ მკითხა, რამდენი წლის ხარო. ვუთხარი, 14-ის-მეთქი და თავი გადააქნია. გვერდით ქალი მეჯდა, დგებოდა, რომ დაესვა, ბავშვს შეეშვი, აგერ აქ დაჯექიო და იმ კაცმა უპასუხა, არაო, მე დაჯდომაზე არ მაქვს საუბარი, ამისთვის მშობლებს უნდა ესწავლებინათ და სათანადოდ აღეზარდათო. ვუთხარი, თქვენ ჩემს მშობლებს ნუ ეხებით, არ გაბედოთ და ჩემს მშობლებზე არ ილაპარაკოთ-მეთქი, თქვენ არ იცით და არ იცნობთ ჩემს მშობლებს, არ იცით, ვისი გაზრდილი ვარ, თორემ მაგას არ იტყოდით-მეთქი და ამის მერე ხმა ვეღარ ამოიღო. მე კიდევ ჩამოვედი მარჯანიშვილზე და წავედი. მთელი გზა იმ კაცთან საუბარზე ვფიქრობდი და თან ამ სიმღერას ვუსმენდი“.

ჩემი და მარიამის მოფიქრებულმა დავალების გაზიარებამ სხვებსაც გაუღვივა წერის სურვილი. საინტერესო იყო მათი შერჩეული სიმღერების მოსმენა და მოგონებების წაკითხვა. ამ აქტივობით კიდევ უფრო ახლოს გავიცანი თითოეული მათგანი. 14-15 წლის მოზარდების ნაწერებმა შემახსენა, თუ როგორი ფაქიზი დამოკიდებულება სჭირდებათ ურთიერთობისას და როგორ მძაფრად განიცდიან ყველაფერს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის სიმღერათა ნუსხაში შევნიშნეთ გადაკვეთის წერტილები, რადგან ის, რასაც მათ ასაკში ვუსმენდი, ისინიც უსმენენ და ჩემთვისაც ნაცნობი იყო რამდენიმე სიმღერა. ვფიქრობ, ეს გაკვეთილი დაუვიწყარი იქნება ჩემთვისაც და მარიამისთვისაც. მუსიკამ დაგვაახლოვა და ერთმანეთის სამყაროში გვამოგზაურა.

15 წლის ლელას სიმღერების სია:

https://www.youtube.com/playlist?list=PLoIliAHxgn-2nuP8kCRDSjPSm489ufBZJ

14 წლის მარიამის სიმღერების სია:

https://www.youtube.com/playlist?list=PLRC65d5x9uLBnk7-eGyaFxSTYqw5p20ww

 

 

 

14 წლის მარიამის მერხი – 2024 წელი

მოსწავლე

 

15 წლის ლელას დღიურის ჩანაწერი – 2001 წელი

მასწავლებელი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“