ამას წინად, ავტობუსით დაღლილ-დაქანცული სახლისკენ მივდიოდი. ლაბორატორიაში საკმაოდ შემომაღამდა, პიკი საათმაც გადაიარა და ამიტომაც გავბედე ავტობუსში ასვლა, თორემ, სხვანაირად გამბედაობა არ მეყოფოდა. გადავსებულ ხალხში მაშინვე სუნთქვის რიტმი მერღვევა და დახრჩობას ვიწყებ.
მძღოლი ერთ ადგილას გაჩერდა, თურმე ხუთ წუთიანი შესვენება ჰქონდა. გაღებულ კარებში ბებო და შვილიშვილი ამოვიდნენ და ზუსტად ჩემს წინ ცარიელი სავარძლები დაიკავეს.
-მერე? მოუთმენლად იკითხა პატარა ბიჭმა, რა გააკეთა მგელმა?
-ჰოო, მგელმა წითელქუდას მოტყუება განიზრახა, ბები.
არ დაგიმალავთ და მეც ყურები ვცქვიტე. ისეთი გადაღლილი ვიყავი, ზუსტადაც ერთი ზღაპარი წითელქუდაზე, წამადგებოდა.
ეს ზღაპარი ყველას გვახსოვს, არა? თუმცა, ის რაც ბავშვობაში წაგვიკითხეს, სინამდვილეში „ძმები გრიმების“ მოყოლილი ვერსია გახლდათ. თუმცა, ჩვენ ავტორად შარლ პიერო გაგვაცნეს. „ძმებმა“ ზღაპრის თავისებური, შემოკლებული ვერსია 1812 წელს „საშინაო ზღაპრების“ წიგნში გამოაქვეყნეს. ზღაპრის ამ ვერსიას კეთილი დასასრული აქვს. ბებია და წითელქუდა მონადირეებს უვნებლები ამოჰყავთ მგლის მუცლიდან. ისტორიის მკვლევრები წერენ, რომ „ძმებმა“ ეს ამბავი რომელიღაც სალონურ წვეულებაზე, ვინმე ფროილინ მარიამ ჰასენფლუგისგან მოისმინეს. საინტერესოა, რომ ჰასენფლუგების გვარი ფრანგ ჰუგენოტებს ენათესავებოდა. ჰოდა, სავარაუდოდ, ეს ფრანგული ზღაპარი გერმანიაში გამოქცეულ ჰუგენოტებთან ერთად შემოვიდა. ის პირვანდელი ვერსია, მართლაც შარლ პიეროს ეკუთვნის, ოღონდ უფრო დიდების ზღაპარია და პატარებთან არ წაიკითხება. ლუდოვიკო მე-14-ე ხომ გახსოვთ? მეფე -მზე… ახალ მიწაზე, ტაიტიზე გაშენებული შაქრის პლანტაციებისგან უზრუნველი ფული, რომ შემოსდიოდა… ჰოდა, სწორედ მისი დასის მხიარული ცხოვრების ერთ-ერთი ჩვეულება სალონებში „ზღაპრები დიდებისთვის“ მოყოლა და მოსმენა ყოფილა. პიეროს ზღაპრებსაც ასეთ სალონებში უსმენდნენ. ამბებ-ზღაპრებიც ახალგაზრდა გოგონებზე გახლდათ, რომლებიც დედებს არ უსმენდნენ. წითელქუდამაც აკი არ მოუსმინა და სრულიად უცნობ მგელს გამოელაპარაკა გზად. თან გეგმებიც გააცნო, სად მიდიოდა და რატომ. პიეროს ამ ვერსიის მორალი ისიც არის, რომ „მგელი“ მრავალნაირია, მათ შორის ტკბილმოსაუბრენიც არიან და სწორედ ისინი გახლავთ საშიში. პიეროს ვერსიაში მგელი ბებია-შვილიშვილს ჭამს და მორჩა, ზღაპარი მთავრდება. არავითარი მონადირე იმ ზღაპარში არ არის. მონადირე და კეთილი დასასრული „ძმებმა“ დაამატეს.
ზღაპრის სალონურ ვერსიაში მგელს პირიდან ქაფიღა სდის, ისე სურს, რომ წითელქუდა და ბებია მალე შესანსლოს.
ქიმიაში „მგლის ქაფს“ ვოლფრამს ეძახდნენ… თუმცა, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ გადავინაცვლოთ.
პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფში განთავსებული ელემენტებია-ქრომი, მოლიბდენი და ვოლფრამი. ამ ელემენტების აღმოჩენა მე-18-ე საუკუნის ბოლოს მოხდა. პირველი ორი ელემენტი შვედმა ქიმიკოსმა და აფთიაქარმა შეელემ აღმოაჩინა. მისი თანამედროვენი ხუმრობდნენ, შეელე თუ რამეს შეეხო, უეჭველი ახალ ელემენტს იპოვისო. ჟანგბადი (პრისტლის პარალელურად), ბარიუმი, მანგანუმი, ქლორი- დიახ, შეელეს აღმოჩენების არასრული სია გახლავთ.
1778 წელს მინერალ მოლიბდენიტს იკვლევდა. მისი სახელწოდება ბერძნული „მოლიბდესი“-დან მოდის, რაც ტყვიას ნიშნავდა. არადა, ტყვია და მოლიბდენი საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, იმ დროისათვის ყველა იმ მინერალს, რომელიც ქაღალდზე კვალს ტოვებდა „მოლიბდენს“ უწოდებდნენ. გრაფიტს (C) გალინიტს (PbS) და მოლიბდენიტს(MoS2) მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებამდე ერთმანეთისგან საერთოდ ვერ ასხვავებდნენ. ჰოდა, შეელემ გადაწყვიტა ენახა, როგორ იმოქმედებდნენ მოლიბდენიტზე მჟავები. კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან რეაქციაში შევიდა და თეთრი ფერის ნალექიც გამოიყო. ამ ნალექის შესწავლისას შეელემ დაასკვნა, რომ ის რომელიღაც უცნობი ელემენტის ოქსიდი იყო.
MoS2+18HNO3=MoO3+18NO2+2H2SO4+7H2O
სამი წლის შემდეგ, ანალოგიური მეთოდით ვოფრამიც აღმოაჩინა. ანუ, უცნობი მინერალი დაამუშავა აზოტმჟავათი. დღეს ამ მინერალს, მის პატივსაცემად შეელიტი ეწოდება.
CaWo+2HNO3=WO3+Ca(NO3)2+H2O
რეაქციით მიიღო ვოლფრამის ოქსიდი და კალციუმის ვოლფრამატი. სახელი „ვოლფრამი“ გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „მგლის ქაფი“. ვოლფრამი ხშირად კალას საბადოებს ახლავს თან და დამუშავებისას დამახასიათებელ ქაფს წარმოქმნის. გამოთქმაც არსებობს-„სანსლავს კალას, როგორც მგელი ცხვარს“ (ან, „წითელქუდას“).
სუფთა სახით, შეელემ ვერც მოლიბდენი და ვერც ვოლფრამი, ვერ მიიღო. ამისთვის, საჭირო იყო ღუმელი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურდებოდა. მე-18-ე საუკუნის ბოლოს ასეთი ღუმლის ქონა ფუფუნება გახლდათ. ამიტომ, თხოვნით მიმართა კოლეგას და მეგობარს პიტერ იაკობ გიელემს. სწორედ მან გამოყო თავისუფალი სახით მოლიბდენი, ხოლო ვოლფრამი, ესპანელმა ქიმიკოსმა ძმებმა ელუარებმა მიიღეს.
რაც შეეხება ქრომს, 1766 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს მინერალი, რომელსაც „ტყვიის წითელი კრიალა ” უწოდეს, თუმცა ტყვიის გარდა მინერალი კიდევ რაღაცას შეიცავდა. მეცნიერები 30 წელი ეძებდნენ და ბოლოს 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ნიკოლა ლუი ვაკლენმა მისგან ახალი მეტალი მიიღო და ქრომი უწოდა. ბერძნულად „ქრომა” ფერს ნიშნავს. თვითონ მეტალი შეფერილი არ არის, თუმცა მისი ნაერთები მკვეთრი ფერის არიან. ქრომის მთავარი ღირსება მდგრადობაა ჟანგბადისა და მჟავების მიმართ. ამიტომაც, ქრომი მშვენივრად იცავს ფოლადს დაჟანგვისგან და მას ბრწყინვალე იერს აძლევს. ანუ ფოლადის ქრომირებას აკეთებენ. თუმცა, როგორც წესი, ქრომით დაფენვა სხვა მეტალზე ხორციელდება და ეს ყველაზე ხშირად სპილენძია. რკინას ჯერ სპილენძით ფარავენ და უკვე შემდეგ მის ქრომირებას ახდენენ. ქრომი ძალიან მაგარიცაა და მას მინის გაჭრაც შეუძლია.
გამოვიკვლიოთ სამივე მეტალის ქიმიური თვისებები. სამ ჭიქაში ჩავასხათ კონც. გოგირდმჟავა და ჩავუშვათ აღნიშნული მეტალების ნიმუშები. რეაქცია არ წარიმართება, რადგან გოგირდმჟავაში წარმოიქმნება პასიური ოქსიდი ფენა და რეაქცია ვეღარ ვითარდება.
2Cr+H2SO4(კონც)=Cr2O3+S+H2O
Mo+2H2SO4(კონც)=MoO2+2SO2+2H2O
თუმცა, თუ ქრომის და მოლიბდენის ნიმუშიან ჭიქებს გავაცხელებთ, რეაქცია წარიმართება.
2Cr+6H2SO4=Cr2(SO4)3+3SO2+6H2O
Mo+4H2SO4=Mo(SO4)2+2SO2+4H2O
კონცენტრირებულ აზოტმჟავაში ყველა მეტალი ოქსიდის ფენით იფარება და პროცესი აღარ ვითარდება.
2Cr+6HNO3(კონც)=Cr2O3+6NO2+3H2O
Mo+6HNO3(კონც)=MoO3+6NO2+3H2O
W+6HNO3(კონც)=WO3+6NO2+3H2O
განზავებულ აზოტმჟავასთან მხოლოდ მოლიბდენი რეაგირებს.
Mo+6HNO3 =H2MoO4+6NO2+2H2O
მარილმჟავასთან მხოლოდ ქრომი რეაგირებს, ისიც გახურებისას.ვოლფრამი გაცხელებითაც კი არ ურთიერთქმედებს მასთან.
2Cr+6HCl=2CrCl3+3H2
სამივე მეტალი ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. მაგალითად, ქლორთან და წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის ქლორიდებს.
ვოლფრამის იასამნისფერი ჰექსაქლორიდი:
W+3Cl2=WCl6
ან, თუ სარეაქციო სისტემაში ჟანგბადიც იყო, წარმოიქმნება ვოლფრამის ყვითელი ოქსიქლორიდიWO2Cl2;
ან, თუ წარმოქმნილი ჰექსოქლორიდი დაიშლება, მწვანე პენტაქლორიდი წარმოიქმნება: 2WCl6=2WCl5+Cl2
WCl2-ორვალენტიანი ვოლფრამის ქლორიდი კი რუხი ფერისაა.
სტაფილოსფერი კალიუმის ბიქრომატი ალბათ ყველა ლაბორატორიაში მოიპოვება. ყოველ შემთხვევაში, ვოლფრამი შეიძლება ვერ მოიპოვოთ და ამ მარილს იპოვით. ავიღოთ და მცირე რაოდენობით სინჯარაში ჩავყაროთ. დავამატოთ მარილმჟავა და გავაცხელოთ. არა, თუ ამწოვი არ გაქვთ, არ გააკეთოთ, რადგან ქლორი გამოიყოფა.
K2Cr2O7+4HCl=2CrCl3+2KCl+7H2O+3Cl2
ამავე მარილის ხსნარის და გოგირდმჟავას ნარევს თუ ვერცხლის ნაკეთობას დავაწვეთებთ, მუქი წითელი ფერი განვითარდება, რადგან ეს ვერცხლზე თვისებითი რეაქცია გახლავთ და რაც უფრო მუქი წითელი ფერი განვითარდება, მით მაღალი იქნება ვერცხლის სინჯი.
12Ag+5K2Cr2O7+11H2SO4=6Ag2CrO4+5K2SO4+2Cr2(SO4)3+11H2O
დაახლოებით ასეთი წითელი ფერის ქუდი ეხურა წითელქუდასაც. თუმცა, ქუდი „ძმებთან“ ეხურა, თორემ პიეროსთან გოგონას თავი „შაპერონით“ (მოსასხამი „კაპიუშონით“) ჰქონდა შემოსილი. ჰოდა, რატომღაც ამეკვიატა… დღეს, რომ ტყეში შეხვედროდნენ ერთმანეთს წითელქუდა და მგელი, რა მოხდებოდა?
ალბათ, არც არაფერი. ერთმანეთს ვერ დაინახავდნენ, ტელეფონები ექნებოდათ ცხვირზე აფარებული.