სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჯორჯ ორუელი –­­ ფიქრები, გზაზე

ტლონთან კონტაქტმა და მასთან გაშინაურებამ ამ სამყაროს საფუძველი შეურყია. მისი უზადობით მოხიბლულ კაცობრიობას თანდათანობით სულ უფრო და უფრო ავიწყდება, რომ ტლონის წესრიგი მოჭადრაკეთა ჩანაფიქრია და არა — ანგელოზთა. უკვე შეაღწია სკოლებში ტლონის (სავარაუდო) „ენობრივმა ერთეულებმა“; ტლონის ჰარმონიული (და ამაღელვებელი ეპიზოდებით აღსავსე) ისტორიის სწავლებამ აღგავა პირისაგან მიწისა ისტორია, რომელიც ჩემს ბავშვობას უძღვებოდა; ადამიანთა ხსოვნაში მოჩვენებითმა წარსულმა დაიკავა ადგილი იმ წარსულისა, რომელზეც დარწმუნებით აღარაფერი ვიცით — ისიც კი, რომ ყალბია.“   ხორხე ლუის ბორხესი, „ტლონი, უქბარი, ორბის ტერციუსი“

 

მოდით, ავყვეთ „თვით კულტურაზე ადრინდელ ფენომენს[1]“ — თამაშს, დღევანდელ სასკოლო ამოცანად კი ვაქციოთ ისტორიის გეზის ცვლა ისე, რომ შვილებმა მაინც არ დაკარგონ ყველაზე ადამიანური თვისებები და ჩვენს ხელში უსულო ავტომატებად არ გადაიქცნენ. გამოიცნობდით, ცხრამეტი ოთხმოცდაოთხის შესახებ არ მოგახსენებთ, არც წინასწარმეტყველებაზე, რომლის თანახმადაც, ფერი უნდა იცვალოს ნუმიზმატიკამ, ფარმაკოლოგიამ, არქეოლოგიამ, მათემატიკამაც, პლანეტიდან კი გაქრეს ინგლისური და ფრანგული ენები, თვით ესპანურიც, სახელოვანმა მწერლებმა კი ესე ამბები აინუნშიაც აღარ ჩააგდონ და რომელიმე სასტუმროს სავანეში მშვიდი დღეები დასამარხ ურნებზე უკვე არსებული ტექსტების კევედოს ან რომელიმე სხვა სტილზე გადაკეთებაში გაიყვანონ. არა! ბავშვობის მოგონებებზე მინდოდა მეთქვა, ოღონდ ორუელისეული ბავშვობის, როცა თეფშზე მურაბის წუწნისას კრაზანა შუაზე გადაჭრა. მწერმა ყურადღებაც არ მიაქცია, ჭამას ისე განაგრძობდა, მოწყვეტილი საყლაპავიდან კი მურაბის პატარა ნაკადი გადმოუდიოდა და მხოლოდ გაფრენის მცდელობისას გაიაზრა ის საშინელება, რომელიც შეემთხვა.

ბავშვობის ამ „ვერაგ ხრიკს“ ჯორჯ ორუელი ინგლისელი ჟურნალისტის,  მალკოლმ მუგერიჯის დამთრგუნველ წიგნს, „ოცდაათიანებს“ უკავშირებს. მუგერიჯმა, ერთ-ერთმა პირველმა, გამოაქვეყნა სსრკ-ში შიმშილობის შესახებ. მან  1933 წლის დეკემბერში გაზეთ მანჩესტერ გარდიანის სამ სტატიაში აღწერა საკუთარი შემაძრწუნებელი შთაბეჭდილებები უკრაინასა და ყუბანში მოგზაურობისა და გლეხთა შიმშილობის შესახებ, ისაუბრა გლეხების მასობრივ სიკვდილზე. სწორედ მისი პირველივე სტატიის შემდეგ აუკრძალა საბჭოთა მთავრობამ  უცხოელ ჟურნალისტებს მოგზაურობა ქვეყნის შიმშილით დაზარალებულ ტერიტორიებზე. არადა, შიმშილი შიმშილს გააჩნდა. კომუნისტური მთავრობის მიერ ატარებული  იძულებითი და რეპრესიული მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკის შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ჰოლოდომორი[2] უკრაინელი ერის გენოციდი იყო,[3] რომელიც ბევრმა სახელმწიფომ აღიარა, რუსეთმა კი — არ და არა[4].

გადახვევა გამოგვივიდა. ისევ გადაჭრილ კრაზანას და ორუელს მივუბრუნდეთ. იგივეა თანამედროვე ადამიანის შემთხვევაშიცო, — ამბობს ავტორი, — მოკვეთილი ნაწილი მისი სულია და იყო პერიოდი, ალბათ ოცი წელიწადი, რომლის დროსაც მან ეს ვერ შეამჩნიაო. 30-იანი წლების  ჰოლოდომორი კი ვერც დანარჩენმა საბჭოთა სხეულმა და ვერც მსოფლიომ შეამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ კიდევ 1933 წლის მარტში 27 წლის ბრიტანელი ჟურნალისტის, გარეტ ჯონსის სსრკ-ში მოგზაურობისა და სტალინთან გასაუბრების შემდეგ მან სამყაროს ამცნო საშინელება, რომელიც უკრაინაში მანქანით სიარულისას საკუთარი თვალით იხილა. ყველაფერი კი ხუთი ყურის შესახებ კანონით დაიწყო.

კანონი ხუთი ყურის შესახებ

1932 წლის აგვისტოში, იმ საბაბით, რომ განდევნილი გლეხები და „სხვა ანტისოციალური ელემენტები“ იპარავდნენ ტვირთებს სატვირთო მატარებლებიდან, ასევე კოლმეურნეობისა და კოოპერატივის საკუთრებაში, სტალინმა სახელმწიფო საკუთრების დაცვის მიზნით შესთავაზა ახალი რეპრესიული კანონი. კანონი დარღვევებისას ითვალისწინებდა აღსრულებას ქონების ჩამორთმევით, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებისას — 10 წლით თავისუფლების აღკვეთას. მსჯავრდადებულები ამნისტიას არ ექვემდებარებოდნენ. სადამსჯელო დოკუმენტის მიხედვით, დამკვიდრდა პოპულარული სახელწოდება „ხუთი ყურის კანონი“, რადგან ფაქტობრივად, ვინც კოლმეურნეობის მინდორზე ნებართვის გარეშე შეაგროვებდა რაიმეს, იყო დამნაშავე სახელმწიფო ქონების ქურდობაში. ახალი კანონის პირველ წელს, მის საფუძველზე, 150 ათასი ადამიანი გასამართლდა. კანონი მოქმედებდა 1947 წლამდე, მაგრამ მისი გამოყენების პიკი ზუსტად 1932-1933 წლებში იყო. ამერიკელი ჟურნალისტების და საზოგადოების ერთი ნაწილის მცდელობამ ვერაფერი შეცვალა[5].

ორუელის „ფიქრები გზაზე“[6] ბევრი წლის წინ ჩემს ქალაქში საუკეთესო ინგლისურის ლექტორ-მასწავლებელმა, იოსებ ასათიანმა წამაკითხა, ეს მხატვრული სათაურიც მისივე თარგმანიდანაა. ნებისმიერ დროში მოსვენებას რომ დაგიკარგავს, ისეთი ტექსტია, და ყველაზე საჭირო შიშიც — მურაბასდაწაფებულ კრაზანასავით არ მოგკვეთონ სული საკუთარ სხეულს — მიგყვება ცხოვრების გზაზე, რომელზეც ხედავ, რომ მრავალთა სულის „ამპუტაცია“ — მდიდრების სიმდიდრისა და ღარიბების სიღარიბის შენარჩუნების რელიგიურ-კაპიტალისტურ დოქტრინაზე საშიში მოთხოვნილება — დღესაც აქვს მავანს, რომელსაც გიბონი, ვოლტერი, რუსო, შელი, ბაირონი, დიკენსი, სტენდალი, სამუელ ბატლერი, იბსენი, ზოლა, ფლობერი, შოუ, ჯოისი და, ალბათ, ორუელიც დღესაც კი ხეზე გადასარჩენად შემუდრული გამანადგურებლები, დამღუპველები, დივერსანტები ჰგონია, თუმცა იცის, როგორ დააჯილდოოს მათ დამჯერთა ძალისხმევა, როგორ ალაგმოს წარმოსახვის ლაღი და უპასუხისმგებლო ნავარდი და სამაგალითოდ დაგვაჯეროს, რომ ყველა ადამიანი, სინამდვილეში, ორი ადამიანია. მართლად შენიშნავს ჯორჯ ორუელი, „სულის ამპუტაცია არ არის მხოლოდ მარტივი ქირურგიული სამუშაო, როგორიცაა აპენდიქსის ამოღება. ჭრილობას აქვს სეპტიკური მიდრეკილება“ და მას კოლექტიური რელიგია იმდენად შველის, რამდენადაც ოპიუმია, ზღურბლი კი, რომელზეც მანამდე ღატაკი აბიჯებდა, ლპობისგან საერთოდ გამქრალია. ამფითეატრის ნანგრევების გაქრობისაგან გადარჩენაც მხოლოდ რამდენიმე ჩიტსა და ცხენს შესძლებია.

 

 

[1] აჰა, იოჰან ჰაიზინგაც გავიხსენეთ.

[2]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98

[3] ექსპერტების აზრით, მთელ სსრკ-ში მსხვერპლთა რაოდენობა, დაახლოებით, შვიდი მილიონია.

[4] მათი თქმით, იძულებითი კოლექტივიზაცია შიმშილობის მიზეზი იყო, რაც სსრკ-ს ბევრმა რეგიონმა განიცადა. თუმცა „ამ ტრაგედიას არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს გენოციდის საერთაშორისოდ დამკვიდრებული ნიშნები და არ უნდა იყოს თანამედროვე პოლიტიკური სპეკულაციის საგანი“,  — ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებაში. 2008 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჰოლოდომორს უწოდა „საშინელი დანაშაული უკრაინის ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“. დოკუმენტი ასევე შეიცავს მითითებებს გაეროს გენოციდის კონვენციაზე.

 

[5] 1933 წლის მარტის ბოლოს ჯონსმა გამოაქვეყნა სტატია “აქ პური არ არის”, უკრაინაში შიმშილის შესახებ, რომელიც ხელახლა გამოქვეყნდა Manchester Guardian-სა და New York Evening Post-ში. 2039 წელს აგნიესკა ჰოლანდის ფილმიც გამოვიდა, სახელწოდებით —” შიმშილის ფასი“, გარეტ ჯონსის ტრაგიკულ ბედსა და შიმშილობაზე.

 

[6]Notes on the Way’ First published: Time and Tide. — GB, London. — March 30 and April 6, 1940.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“