სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საზაფხულო დავალებების ნუსხა

გასულ წელს სასწავლო წლის დასრულებისას, 15 ივნისს, ჩემი ოთხი კლასისთვის სკოლის სტადიონზე კარნავალი გავმართე. ერთ-ერთ აქტივობად მოვიფიქრე საზაფხულო დავალებები, რომლებიც თითოეული კლასის ხასიათის გათვალისწინებით ავკინძე, ფურცელზე გადავიტანე და შინ გამომცხვარ მაფინებში მოვათავსე. დავალებები იყო შემეცნებითი და სახალისო ხასიათის. წერა, კითხვა, კვლევა-ძიება, ფიზიკური აქტივობები ერთმანეთს ცვლიდა.  მუსიკა, წიგნები, ანიმეები, მითები, ჰერბარიუმი, პოეზია, მუზეუმში სტუმრობა – დროის ნაყოფიერად გასატარებლად მრავალფეროვანი იდეები არ ილეოდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაფინების გამოცხობაში ჩემი სამი მოსწავლე მეხმარებოდა. სწორედ იმ დროს ვწერდი დავალებების ნუსხას და მათაც გაუჩნდათ რამდენიმე აქტივობის  მოფიქრების სურვილი.

100-მდე მოსწავლისთვის გამომცხვარ მაფინში მოვათავსე ერთი დავალება და როდესაც საკუთარ პერსონაჟს აცნობდნენ აუდიტორიას, საუბრის დასრულების შემდეგ დავალებიან მაფინს იღებდნენ.

გიზიარებთ მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ აქტივობების ნუსხას. შეგიძლიათ, საკუთარი კლასის საჭიროებებისა და ცოდნის გათვალისწინებით, დავალებები შეცვალოთ. ჩემ მიერ შედგენილი აქტივობები მთელი წლის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესში დაგროვებულ ცოდნასა და გამომუშავებულ უნარებზე დაყრდნობით ავაგე.

თავისუფალი არჩევანი, სასურველი აქტივობის შერჩევა მოსწავლეებს ქმედებისკენ განაწყობს. სასწავლო წლის დასაწყისის პირველი შეხვედრაც შეიძლება საზაფხულო დავალების პრეზენტაციას დავუთმოთ.

 

  1. დღიური – ეს სიტყვა გეცნობა? ზაფხული მშვენიერი დროა დღიურის შესაქმნელად. აიღე რვეული, გააფორმე ყდა და დაწერე ყოველდღიური ამბები: როგორ გაატარე დღე? ვინ შეგხვდა? ვის ესაუბრე? ვისთან ითამაშე? რას უყურე? რა მოისმინე? რა დაინახე? როგორი ამინდი იყო? რა წაიკითხე? როგორ ხასიათზე იყავი?
  2. უყურე ჰაიაო მიაძაკის ანიმეებს: „ჩემი მეზობელი ტოტორო“, „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, „არიეტე“, „პრინცესა მონონოკე“, „გულის ჩურჩული“.

 

ანიმეს ყურების შემდეგ:

  • ერთი აბზაცით დაწერე შენი შთაბეჭდილებები;
  • დახატე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა;
  • მისწერე პირადი წერილი შენს საყვარელ პერსონაჟს.
  1. მოიძიე ქართული ხალხური მითები და გაეცანი მითურ გმირებს: ამირანს, კოპალას, დალის, წყარიშდიდას, პირქუშს, დალის…
  • საყვარელი მითური გმირების მიხედვით შექმენი კომიქსი.
  1. მისწერე პირადი წერილები შენს თითოეულ კლასელს. უამბე შენი ყოველდღიურობის შესახებ. წერილები გააფორმე ნახატებითა და გამხმარი ყვავილებით.
  2. ზაფხულის ფოტოებიდან შეარჩიე 10 მნიშვნელოვანი ფოტო:

 

  • დაწერე პატარა ამბავი თითოეული ფოტოს შესახებ: სად გადაიღე? რატომ გაგიჩნდა გადაღების სურვილი? რას გახსენებს ახლა? როგორ ემოციებს აღძრავს?
  1. იკითხე „ვეფხისტყაოსანი“ ხმამაღლა.
  2. მოაგროვე ჰერბარიუმი – დაკრიფე ყვავილები, გაახმე და ერთ სახატავ რვეულში მოუყარე თავი (ჩააკარი). თითოეულ ყვავილს ქვეშ მიუწერე სად იპოვე, რა ჰქვია (თუ სახელი არ იცი, შენ დაარქვი).
  3. მოინახულე რომელიმე მუზეუმი შენი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. ჩაიხატე რამდენიმე ექსპონატი. შინ დაბრუნებულმა შექმენი მუზეუმის დღიური. დაწერე შთაბეჭდილებები.
  4. უყურე ქართულ მულტფილმებს. დაწერე რომელი პერსონაჟი ან ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად.
  5. შექმენი პოეზიის რვეული და ჩაწერე 10 ლექსი. ლექსების მოსაგროვებლად ჩაატარე პატარა კვლევა – ჰკითხე შენს საყვარელ ადამიანებს, მასწავლებლებს საყვარელი ლექსების შესახებ, მოიძიე მათი შერჩეული ლექსები და ჩაწერე შენს დღიურში.
  6. შენს მობილურ ტელეფონში მოძებნე აპლიკაცია Note და ყოველდღიურად ჩაწერე დღის ჩანაწერი.
  7. რამდენიმე ბებოსთან ან ბაბუასთან ჩაწერე ინტერვიუ. შეადგინე 10 კითხვა, დაითანხმე ინტერვიუზე და მობილური ტელეფონის ხმისჩამწერით ჩაიწერე თქვენი საუბარი, შემდეგ ფურცელზე გადაიტანე თქვენი საუბარი და ინტერვიუსთვის მოიფიქრე შესავალი აბზაცი, რომელშიც გამოთქვამ შენს მოსაზრებას ინტერვიუს შესახებ.
  8. ესტუმრე უბნის ან სოფლის ბიბლიოთეკას. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი მოძებნე და ამოწერე 33 სიტყვა. მიუწერე განმარტებები.
  9. დაწერე ერთი დღის გეგმა და დღის ბოლოს გააკეთე ჩანაწერი, რა შეასრულე და რისი გაკეთება ვერ მოასწარი.
  10. ერთი კვირის განმავლობაში უყურე მზის ამოსვლას და ჩაინიშნე დრო, როდის ამოდის მზე.
  11. გადაუღე ვიდეო შენი ოჯახის წევრებს, შეარჩიე მუსიკა და ააწყე რილსი.
  12. მოძებნე ინტერნეტში ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“. წაიკითხე ხმამაღლა.
  13. მოაწყვე პერსონაჟის დღე
  14. ითამაშე სამაგიდო თამაშები, მაგალითად, „დურაკა“ და წაგებული გამურეთ.
  15. „სალამურას თავგადასავლის“ მიხედვით მოიფიქრე სამაგიდო თამაში შენი მეგობრებისთვის.
  16. მოაწყვეთ მკითხველთა თეატრი.
  17. ჩრდილების თეატრში გააცოცხლე შენი საყვარელი წიგნის პერსონაჟები.
  18. წადი წიგნის მაღაზიაში და შეარჩიე ერთი წიგნი შენი საყვარელი მეგობრისთვის. ყდაზე დაწერე დღის ჩანაწერი და აჩუქე მეგობარს.
  19. მოძებნე ბებიის ან დედის რეცეპტების წიგნი ან რვეული და უფროსების დახმარებით გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი.
  20. იკითხე ქართული ხალხური ლექსები.
  21. ისწავლე ქართული ხალხური ანდაზები.
  22. ცარიელი კვერცხის კოლოფში ჩაასხი წყალი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ჩაყავი საწრუპი, ჩაბერე და გაბერე ბუშტები.

VI კლასი

  1. აიღე ერთი რვეული ჩანაწერებისთვის. შენ ამჯერად ნივთები უნდა აალაპარაკო. მე გთავაზობ ჩამონათვალს, შენ სურვილისამებრ შეარჩიე:
  • შენი კედები;
  • შენი სავარცხელი;
  • შენი სახლის სარეცხი მანქანა;
  • შენი სახლის მაცივარი;
  • სახლის რომელიმე დიდი სარკე.
  1. დაგეგმე ტური ძველ თბილისში.

დაიწყე მეტრო რუსთაველიდან, ფეხით დაუყევი ქუჩას, მოძებნე ოპერის შენობა, ცისფერი გალერეა, ქაშვეთის ტაძარი, 9 აპრილის ბაღი, ეროვნული მუზეუმი, პირველი კლასიკური გიმნაზია, მოსწავლეთა სასახლე, გადადი ლესელიძის ქუჩაზე, ინახულე სიონის ტაძარი, იქვე მოიკითხე სომხური ეკლესია, სინაგოგა და შემდეგ მოძებნე ჭრელი აბანოები. იქიდან ერთი ქუჩა ადის ბოტანიკური ბაღისკენ. გზად შეგხვდება მეჩეთი და მოინახულე. მეჩეთში შესვლისას ფეხზე გახდა არ დაგავიწყდეს.

ბოტანიკურ ბაღამდე ნარიყალას ციხეს ესტუმრე. ბოტანიკურ ბაღში დააკვირდი ხეებსა და ბუჩქებზე მიკრულ პაწია განმარტებებს.

შინ დაბრუნებულმა დაწერე 10 რამ, რაც მოგეწონა.

  1. მოუსმინე Nick cave-ის სიმღერას „O’children. სიმღერის მოსმენისას დაწერე თავისუფალი თემა სახელად – ბავშვები.
  2. წადი ეროვნულ გალერეაში, მოძებნე ფიროსმანის ნახატები და აალაპარაკე მითი ნახატების პერსონაჟები.
  3. იკითხე მურმან ლებანიძის ლექსები. ლექსიდან შეარჩიეთ ერთი სტრიქონი და დახატე.
  4. იკითხეთ შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
  5. წაიკითხე მირზა გელოვანის პირადი წერილები
  6. იწუწავეთ შენ და შენმა მეგობრებმა.
  7. აალაპარაკე საპნის ბუშტი/ბუშტები.
  8. აალაპარაკე შენი საყვარელი ნაყინის ქაღალდი.
  9. წაიკითხე „ცნობილი ხუთეულის“ რომელიმე ნაწილი და გააცანი შენს მეგობრებს.
  10. წაიკითხე თეა თოფურიას „უჩინარი სახლი“ და წაკითხვის შემდეგ დაწერე შენი შთაბეჭდილებები.
  11. გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი შენს მეგობრებთან ერთად, გადაუღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  12. აალაპარაკე მაცივრის მაგნიტი.
  13. ჩაიცვი ბებია-ბაბუის ან მშობლების ტანსაცმელი, გადაიღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  14. შექმენი განძის რუკაა, დამალე და აპოვნინე შენს მეგობარს.
  15. დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.
  16. კანფეტის ქაღალდში გაახვიე: ანდაზები, წიგნის ციტატები, ფრაზები, ლექსები…. და დაურიგე ბავშვებს.
  17. აალაპარაკე შენი სახლის კედელი.
  18. მოუსმინე Сheers Elephant-ის სიმღერას „people“.
  19. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე საყვარელი კუთხე.
  20. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე ჭაღი.
  21. ჩაყარე ბუშტში კანფეტები და საყვარელი წიგნის ციტატები, გაბერე და შენ მეგობარს გაუხეთქე თავზე.
  22. დაწერე შენი საყვარელი წიგნის სათაურები, ჩაყარე ბუშტში, გაბერე და აჩუქე მეგობარს. ამოარჩიოს და წაიკითხოს.
  23. შენ და შენმა მეგობრებმა მოიგონეთ სამაგიდო თამაში და ითამაშეთ.

 

VIII კლასი

  1. მიიღე შხაპი ჩაცმულმა.
  2. ეზოდან მოწყვიტე ყვავილები, ჩაყარე წყალში და დატოვე ცოტა ხნით. ამის შემდეგ კი წაისვი სახეზე, დაელოდე ცოტა ხანი. შენი კანი სურნელოვანი გახდება.
  3. მოკრიფე ყვავილები, გაახმე და შემდეგ ჩააკარი რვეულში, დღიურში. მიუწერე დღის რომელიმე ამბავი.
  4. მოიფიქრე სამაგიდო თამაში და დატესტე მეგობრებთან.
  5. შენ და შენმა მეგობრებმა აავსეთ წყლით ბუშტები, დაახატეთ მარკერით რამე და შემდეგ ძირს გახეთქეთ.
  6. წყლით აავსეთ ბუშტები, დაახტით და გახეთქეთ. თან გაგრილდებით და თან იმხიარულებთ.
  7. გააფორმე შენი ოთახი მრავალფეროვნად.
  8. შექმენი პოსტერი. დაახატე/დააწერე შენთვის სასურველი პერსონაჟები ან ციტატები საყვარელი წიგნიდან.
  9. დაწერე შენი რომელიმე დღიდან სამი მნიშვნელოვანი ამბავი.
  10. დაწერე მოთხრობა(ები) თემებზე:
  • ბულინგი;
  • კიბერბულინგი;
  • გამოცდები…
  1. თიხისგან შექმენი რაიმე ნივთი/სუვენირი და გამოიყენე ან გააჩუქე.
  2. ამოარჩიე რომელიმე შენი საყვარელი ადამიანი ( წიგნიდან, მსახიობი, სპორტსმენი, მუსიკოსი…) და მოამზადე პატარა პრეზენტაცია. გააცანი შენს მეგობრებს.
  3. დაწერე წიგნი შენთვის სასურველ თემაზე. წიგნი შეგიძლია დაწერო რვეულში, დღიურში, კომპიუტერში ან ტელეფონში.
  4. იწუწავე მარტომ ან მეგობრებთან ერთად უცნაური ნივთებით ( კოვზით, სათლით, ჭიქით…).
  5. მოიფიქრე რამდენიმე სახალისო გამოცანა და დაუსვი შენს მეგობრებს.
  6. თუ სოფელში ხარ, დაათვალიერე გარემო, ისეირნე და დაწერე შთაბეჭდილებები, ხოლო თუ თბილისში ხარ, წადი თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველის პროსპექტზე (უსაფრთხოების მიზნით მშობელი ან მეგობარი გაიყოლე), მიირთვით ფერადი ნაყინები. ამ სეირნობისას რაიმე თავგადასავალი გადაგხდებათ თავს და სახლში მოსულმა დაწერე შთაბეჭდილებები.
  7. გააკეთეთ შენ და შენმა მეგობარმა ერთად ნამცხვარი. გადაუღეთ ფოტო და გადმოუგზავნეთ ლელა მასწავლებელს.
  8. მოუსმინე ჯგუფ Gorillaz-ს.
  9. წაიკითხე ლილე იროელის გაგრძელება – „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“.
  10. წაიკითხე მოირა ფაული-დოილის „უბედური შემთხვევების სეზონი“.
  11. დაუწერე შენს მეგობრებს ან მეგობარს ანონიმური წერილი და დაუტოვე სახლის კართან.
  12. მოძებნე com-ზე, კლასის მიერ წაკითხული რომელიმე წიგნი: „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, „ საშლელები“, „ ჩუმად უნდა იჯდე“, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, „ ლილე იროელი“, „ ორდროშობანა“ და დაწერე review. ბმული გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  13. სკოლის ბლოგისთვის დაწერე რომელიმე წიგნზე თავისუფალი ესე, გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს და სთხოვე, რომ ბლოგზე გამოაქვეყნოს.

სკოლის სტადიონზე გამართულმა კარნავალმა ფანტასტიკურად ჩაიარა. ხშირად ვათვალიერებდი იმ დღეს გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას და გული სიხარულით მევსებოდა. ბავშვებიც მეკითხებოდნენ, კიდევ როდის გავმართავდით კარნავალს.

მეექვსეკლასელების საზაფხულო დავალებების ნუსხაში ასეთი დავალებაა: „დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.“

კარნავალის გამართვიდან 12 დღის შემდეგ, 27 ივნისს, ჩემს ოთახში ვიყავი წამოწოლილი და ვტიროდი. რთული სასწავლო წლის შემდეგ არდადეგების დასაწყისი ჩემთვის ყოველთვის ემოციურია. ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ავადობები. თითქოს მთელი წელი ცუდად გახდომის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს და როგორც კი საგაკვეთილო რუტინას ვშორდები, დაგროვებული სტრესი, რაც მასწავლებლის ყოველდღიურობას თან ახლავს, თავს იჩენს. სწორედ ასეთ დროს გაისმა კარზე კაკუნი. კარი ჩემმა შვილმა გააღო და ცოტა ხანში ოთახში შემომიტანა ულამაზესი ანონიმური წერილი. ადრესანტის ვინაობა რამდენიმე თვის შემდეგ შევიტყვე. სევგის წერილმა სულზე მომისწრო, მანუგეშა, სევდა და ტკივილი გამიქრო. სამყარომ მეათასეჯერ გამომიგზავნა მინიშნება, რომ ბავშვებისთვის შრომას თუკი უფროსები ვერ იგებენ და გულს გტკენენ, შენ არ უნდა გაჩერდე, რადგან ბავშვების სიყვარული გიცავს. წარწერა „მიყვარხართ მას ძალიან!“ ჩემი ფარია, რომელიც ბავშვების გახარების მიზნით შერჩეულ გზაზე სიარულისას ყველა უარყოფით ენერგიას აისხლეტს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“