ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სამოქალაქო წიგნიერება ბავშვებში

 

ერთ დღესაც ჩემმა 12 წლის შვილმა ასეთი რამ მითხრა:“მათემატიკას უკეთესად ვისწავლიდი, ჩვენს მასწავლებელს უნარი რომ ჰქონდეს, ყველა ბავშვს ღირსეულად მოექცეს. ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტი პატივისცემით ექცევა“.

საკუთარი ღირსების გააზრება ადამიანის  ის უნივერსალური უნარი და მოთხოვნილებაა, რომელზეც დაშენებულია მისი პიროვნება. საკუთარი ღირსების გააზრებით ადამიანები ქმნიან თავიანთ მომავალს, აღწევენ მიზნებს, წარმატებებს და ცხოვრობენ უკეთესი ცხოვრებით. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და მოთხოვნილება გარშემომყოფებისგან იგრძნოს  პატივისცემა, იქნას აღიარებული, დანახული და არ შეილახოს მისი ღირსება არცერთი წამით. ღირსების შეგრძნება და ამ თვისების ჩამოყალიბება ბავშვებში ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლითაც შეიძლება დავასაჩუქროთ პატარა ადამიანი და გავუჩინოთ სამყაროს მიმართ ნდობა; გავხადოთ უფრო თვითკმარი, ძლიერი და მიზანზე ორიენტირებული. ისევე როგორც ოჯახი, მასთან ერთად  სკოლაც ეხმარება და გამოუმუშავებს მოზარდს სამოქალაქო წიგნიერების უნარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მასწავლებელმა, თითოეულმა მშობელმა და ბავშვთან დაკავშირებულმა პირმა, გაიაზროს მისი როლი და მოვალეობა მათთან ურთიერთობისას. კრიტიკული აზროვნება კი ასეთ დროს ის დამხმარე ინსტრუმენტია, რომლითაც შეგვიძლია აღვჭურვოთ მოზარდები.

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, ეცვლებათ შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გარემოზე, მოვლენებზე და ურთიერთობებზე. უფრო ხშირად სვამენ კრიტიკულ კითხვებს, უფრო მძაფრად აღიქვამენ გარემოდან წამოსულ იმპულსებს; ითხოვენ პატივისცემით მოპყრობას. უფრო ხშირად აინტერესებთ სხვადასხვა ქცევის მოტივაცია  და უფრო ხშირად აფასებენ მოვლენებს, როგორც  პირუთვნელი შემფასებლები.

თანამედროვე მოზარდი მრავალი ინფორმაციის გამტარია, ეს ინფორმაციები რიგ შემთხვევებში ეხმარება მათ  უფრო კრიტიკულად გაიაზროს საკუთარი პიროვნება და მოვალეობები, საკუთარ დამოკიდებულება გარემოსამყაროსთან და მეგობრებთან.  ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე გავაძლიეროთ მათში ის უნარები, რომელიც მათ დაეხმარება  სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევების დროს თამამად გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს და სხვასაც დაეხმარონ რთულ სიტუაციებში.

სამოქალაქო წიგნიერების ერთ-ერთი კომპონენტი თანაარსებობის უნარ-ჩვევებია.  კარგი სოციალური უნარები ყველა ასაკის ადამიანისთვის, იქნება ის მოზარდი თუ ზრდასრული უმნიშვნელოვანესია. სოციალიზაციის კარგი უნარები ბავშვს ეხმარება მოიქცეს უფრო ბუნებრივად, გაბედულად და თავისუფლად უცხო გარემოში. როდესაც ბავშვი აღჭურვილია კარგი საკომუნიკაციო ჩვევებით, მას არ გაუჭირდება საკუთარი თავის წარდგენა, საუბრის წამოწყება,  ახალი ურთიერთობების გაბმა და დამეგობრება თანატოლებთანდ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია. სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. ამ დროს იქაურობას პატარა ბიჭი უახლოვდება, რომელსაც თამაში ძალიან სურს, მაგრამ მოთამაშე ბიჭებს არ იცნობს, რის გამოც ვერ ბედავს მივიდეს მათთან და შესთავაზოს ხომ არ დაიმატებდნენ კიდევ ერთ წევრს. ბიჭები ფეხბურთის თამაშს განაგრძობენ, უცნობი ბიჭი მათ ყურებას, სამწუხაროდ, მათ შორის კომუნიკაცია ვერ დგება. ასეთი სცენას ხშირად შევსწრებივარ – ხან ჩემი შვილი არის უცნობი ბიჭის როლში, ხან კიდევ სტადიონზეა თამაშში გართული და ვერ ამჩნევს, რომ იქვე მის გვერდით, ფეხბურთის თამაში შეიძლება უცნობ ბიჭსაც ძალიან უნდოდეს, რომელიც ინტერესით  ადევნებს მათ თვალს და გულაჩქარებული ელოდება იქნებ შეამჩნიონ და სათამაშოდ მიიწვიონ. წინასწარ განჭვრეტა რა შეიძლება სურდეს სტადიონზე მდგარ უცნობ ბიჭს და რისი დანახვა უნდა შეძლონ სტადიონზე მოთამაშე ბიჭებმა  ემპათიის, კარგი ემოციური ინტელექტის და  კარგი სოციო-კომუნიკაციური  გამოცდილების შედეგია. როდესაც ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ ბავშვებთან, ვასწავლით და ვაჩვენებთ, როგორ უნდა შემოვიერთოთ ახალი მეგობრები, როგორ არ გავრიყოთ ისეთი ბავშვი, რომელიც შესაძლოა ვერ ახერხებდეს ურთიერთობის სწრაფად გაბმას, ამის შემდეგ ის უფრო მეტ გამბედაობსაც გამოიჩენს მსგავს სიტუაციებში და სხვებსაც დაეხმარება თავი აგრძნობინოს შინაურად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – პასუხისმგებლობის აღებაა. ჩვენს პიროვნებაზე დადებითად მეტყველებს ის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ კონკრეტულ შემთხვევებში. ორგანიზებულობა კი გვეხმარება უკეთესად დავგეგმოთ საქმიანობები და არ დავრჩეთ იმედგაცრუებული საკუთარი თავით. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ამ უნარის განვითარებაშიც. ეს მაგალითი ყველა მშობლისთვის იქნება ნაცნობი: მშობელი შვილს სთხოვს საღამოს ჩაალაგოს სპორტული წრისთვის ჩანთა, მაგრამ ის მრავალი თხოვნის მიუხედავად ამ საქმეს დილისთვის გადადებს. დილით კი, ადრიანად ის ვერ ასწრებს საჭირო ნივთების ჩაწყობას, რადგან  სკოლის წიგნებიც აქვს ჩასალაგებელი – უნდა ჩაიცვას, მოასწროს საუზმე და სკოლაში წავიდეს. აღმოჩნდება , რომ მნიშვნელოვანი სპორტული ნივთი იმ დღეს სახლში რჩება, რადგან დილით სიჩქარეში არც გახსენებია. იმ დღეს სპორტული აქტივობა ცდება, რის გამოც ბიჭი იმედგაცრუებულია. ბიჭი ამის შემდეგ , ყოველ საღამოს წინასწარ თავად ალაგებს ჩანთას და დედაც ხვდება, რომ ამაზე ფიქრი და დაგეგმვა  ბიჭის მოვალეობაა და მეტჯერ აღარ უნდა შეახსენოს. საკუთარ მოვალეობებზე პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევაა, რომელიც მომავალში მას აუცილებლად დაეხმარება.

ჩვენს პიროვნებაზე ასევე დადებითად მეტყველებს, რამდენად გვაქვს უნარი, შევეწინააღმდეგოთ მავნე გავლენებს და დავრჩეთ მყარად ჩვენს პოზიციაზე. გავლენების მიმართ მოწყვლადობა მოზარდობის  ასაკს ახასიათებს, როდესაც მოზარდის წინაშე მრავალი გამოწვევა იჩენს თავს, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. იზრდება თანატოლთა ავტორიტეტიც  და მოზარდი უფრო მეტად მეგობრების აზრით და მათი შეფასებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი ხშირად ექცევიან მავნე ზეგავლენის ქვეშ, რაც გულისხმობს თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელის მოხმარებას. ასეთი ანტისოციალური ქცევები საკმაოდ  გავრცელებულია მოზარდებში და მისთვის რთულ გამოწვევას წარმოადგენს შეეწინააღმდეგოს ასეთ გავლენებს  და დარჩეს მყარად საკუთარ გადაწყვეტილებაში.

დაფიქრებულხართ საკუთარ თვისებებზე? გვაქვს თუ არა კრიტიკული ფილტრი, რითაც საკუთარ ქცევებს განვსჯით? რას გამოვასწორებდით პირველ ყოვლისა ამის შესაძლებლობა რომ გვქონდეს? – ხომ არ ვაგვიანებთ შეხვედრებზე? ვახერხებთ თუ არა ვიყოთ ორგანიზებული? ხომ არ ვივიწყებთ დაპირებებს? შეგვიძლია  თუ არა მრავალი საქმიდან უფრო მნიშვნელოვანი გამოვარჩიოთ და ჯერ ის შევასრულოთ? როგორ ვმართავთ ემოციებს, როდესაც ჩვენთვის სასურველ და არც ისე მისაღებ წინადადებებს ვისმენთ? რამდენად შეგვიძლია ემოციური რეგულაცია? გვაქვს თუ არა ემპათიის განცდა და რამდენად ხშირად ვიყენებთ ამ უნარს, იმის დასანახად რას ვიგრძნობდით სხვის ადგილზე? როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ნაჩქარევად და იმპულსურად, თუ დაფიქრებულად და დინჯად? როგორ ვუმკლავდებით ფინანსურ ვალდებულებებს და რამდენად სწორად ვმართავთ საოჯახო ბიუჯეტს? რას ვფიქრობთ მომავალზე ? როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას და ვზრუნავთ თუ არა მასზე? ვივიწყებთ თუ არა მავნე ჩვევებს და ვცდილობთ თუ არა დავნერგოთ ჯანსაღი ჩვევები – ვარჯიში, სეირნობა, სპორტული აქტივობები.  შეგვიძლია თუ არა მეგობრების მოსმენა, ყურადღებით ვისმენთ თუ გაფანტულად? შეგვიძლია გარდაუვალი კონფლიქტი არ გავამწვავოთ თუ პირიქით, ჩავებათ ომში და ბოლომდე ვამტკიცოთ საკუთარი აზრი? ვართ თუ არა საკუთარი თავით კმაყოფილი? შეგვიძლია თუ არა საკუთარი შემოქმედებითი ძალების გააქტიურება და მუდმივი განვითარება?  შეგვიძლია თუ არა კრიტიკულად შევხედოთ საკუთარ თვისებებს და გვაქვს თუ არა მზაობა, მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ?

ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ის უნარ-ჩვევებია, რომელიც აუცილებლად გვჭირდება ყოველდღიურობაში. სჭირდებათ  ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს. მისი ჩამოყალიბება მცირე ასაკიდან იწყება, თუმცა ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა დაგვიანებული არასდროს არ არის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“