სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სამეცნიერო ენის მეტაფორა- გრამატიკული თხრობის თავგადასავალი და იდეები გრამატიკის გაკვეთილისათვის

როგორ ვსაუბრობთ მეცნიერებაზე? როგორი ენით ვწერთ და ვკითხულობთ სამეცნიერო აღმოჩენებისა და თეორიების შესახებ? როგორი ენით ვესაუბრებით ჩვენს მოსწავლეებს, რა არის ის სამეცნიერო მეტაენა, მეტაქსოვილი, რომლის გარკვეული ენობრივი ფორმა ჩვენს სახელმძღვანელოებში შეტანილი თეორიული ტექსტებით გადმოიცემა?

რა არის სამეცნიერო მეტაენა? სამეცნიერო თუ სოციალური დიალექტი თუ ნიშანთა სპეციფიკური სისტემა, თავისებური ენობრივი მოვლენა თუ ენის პრაგმატიკის ფორმა?

რა განასხვავებს მას სამეტყველო ენის, მხატვრული ტექსტების ენის, ინტერნეტნარატივის ენის და ენობრივი არსებობის სხვა ფორმებისგან?

სამეცნიერო იდეების გადმოსაცემად სამეტყველო ენის გამოყენება ცვლის თუ არა ლექსიკური ერთეულის გამოყენების კონოტაციას? შეიძლება თუ არა, გამოვყოთ სამეცნიერო მეტაენისთვის დამახასიათებელი მორფოსინტაქსური ნიშნები და სემანტიკური ფუნქცია?

რით გამოირჩევა სამეცნიერო მეტაენა ბუნებრივი ენისაგან ტერმინების, სპეციფიკური აფიქსების, ბერძნული და ლათინური სიტყვებისა თუ ძირების,  ფორმულებისა და რიცხვების გამოყენების გარდა? რა არის  ნიშანი სამეცნიერო დისკურსის ენისათვის?

სამეცნიერო დისკურსი ენობრივი გამომსახველობის ყველა ფორმასა და საშუალებას უხვად იყენებს. თუ  სამეცნიერო ენის განვითარებას დავაკვირდებით, ჩვენამდე მოღწეული პირველი სამეცნიერო ტექსტებიდან დღემდე, უახლესი კვლევების ტექსტობრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სამეცნიერო მეტაენა ისეთივე მეტაფორულია, როგორც  მხატვრული ლიტერატურის ენა, მეტიც, ხშირად უფრო კონცეპტუალური და ხატოვანიც კი.

თავისი არსით, მეცნიერების ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა სამყაროს მეტაფორაში წვდომის ცდაა, მეორე მხრივ კი, აბსტრაქტული სამეცნიერო იდეებისა და საკითხების თვალსაჩინოების, ხედვისა და გაგების საუკეთესო საშუალება მისი მეტაფორიზაცია,  ანუ, ფართო გაგებით ლოგიკური ანალოგების მოძებნაა.  ეს ეხება ლინგვისტიკასაც, მიუხედავად იმისა, რომ  ენათმეცნიერების საკვლევი ობიექტი – ენა, კონკრეტული მოცემულობაა, განზოგადებისა და თეორიული წანამძღვრების გარეშე ნებისმიერი ენობრივი მოვლენისა  თუ კატეგორიის კვლევა რთულია. აქციო სიტყვა – ლინგვისტური კვლევის ელემენტად, მასალად თუ საშუალებად, წარმოიდგინო იგი მორფოლოგის, სინტაქსის, სემანტიკის თუ სემიოტიკის საკვლევ ფოკუსად, გაიტანო კონტექსტის გარეთ ან პირიქით, მოაქციო კონკრეტულ საკვლევ კონტექსტში – ეს მეტაფორული, განზოგადებითი ანალიზის სფეროა.

ქართული სამეცნიერო მეტაენა, ისევე, როგორც სალიტერატურო ენა, საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა და ვითარდებოდა. იცვლებოდა მისი მეტაფორული გამომსახველობის სტრუქტურა, ერთგვარად, სამეცნიერო ნარატივის ესთეტიკა, თავისებურება. ისევე, როგორც მხატვრულ ქსოვილს, სამეცნიერო ტექსტსაც აქვს თავისი პოპულარული, ხშირად განმეორებადი, ერთგვარად კლიშედ ქცეული მეტაფორები, ის, რაც კონკრეტული პერიოდის სამეცნიერო ტექსტის დამახასიათებელი ნიშანი, ერთგვარი ესთეტიკური აუცილებლობაა.

სამეცნიერო ტექსტის სისტემური ქსოვილი ერთგვარი სოციოლინგვისტური მოვლენაა, რომელიც დროსა და სივრცეში იცვლება. გემოვნება, იდეოლოგია, კონიუნქტურა, ცენზურა, მიმდინარეობები, აზროვნების ფორმა, ფილოსოფიური თუ სხვა სახის იდეოლოგია  – ეს და არამხოლოდ ეს ფაქტორები განაპირობებენ სამეცნიერო ტექსტის სტილისტიკას.

ტექნოლოგიების განვითარების, კვლევის მეთოდების ცვლის,სტატიკური ანალიზის  მეთოდოლოგიის კვალდაკვალ იცვლება ტექსტის აგებისა და სტრუქტურირების ფორმები და, რასაკვირველია, სამეცნიერო მეტაფორა, მისი აგებულება, დანიშნულება, სემანტიკური და პრაგმატიკული ნიუანსები.

სხვადასხვა ეპოქის სამეცნიერო ტექსტების შედარებისას ძალიან საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება, სამეცნიერო მეტაფორის სტრუქტურა თანდათან იცვლება, ისევე, როგორც ენობრივი რეალობის სხვა გამოვლინებები, როგორიცაა ზეპირი მეტყველება, მხატვრული ლიტერატურა და სხვა. მაგალითისთვის, გაკვეთილზე შეგვიძლია მოვიხმოთ რამდენიმე ამონარიდი სხვადასხვა დროის გრამატიკებიდან, ვთქვათ, ზურაბ შანშოვანის,  სულხან-საბას ორბელიანის,  ანტონ პირველის,  დიმიტრი ყიფიანის, აკაკი შანიძის გრამატიკა და რომელიმე თანამედროვე გრამატიკის წიგნი, ვთქვათ, ზინა გაბიჩვაძის „გრამატიკა ზარმაცებისთვის“ ან სულაც ჩვენი სახელმძღვანელო. ტექსტების ესთეტიკის განსხვავებებზე საუბრისას ეპოქის სტილზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვეცდებით, რომელიმე გრამატიკული წესი თუ კატეგორია ჩვენი მოსწავლეების ენაზეც ვთარგმნოთ.

როდესაც მოსწავლეებს გრამატიკაზე ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ მისი მნიშვნელობა. გრამატიკა მხოლოდ გარკვეული წესების ზეპირი და სქემატური ერთობლიობა კი არაა, მეცნიერებაა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და ენის შენახვისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურება.

როგორც უკვე ვთქვი, ლინგვისტური აზროვნება აუცილებლად გულისხმობს მეტაფორულს, საერთოდაც, ნებისმიერი სამეცნიერო მოვლენის აღწერა, სახელდება და ტერმინოლოგიის მოფიქრება, უკვე მეტაფორული აზროვნების შედეგია, განსაკუთრებით ეს ეხება ენობრივი მოვლენების აღწერასა და შეფასებას. ფიზიკური მოვლენებისგან განსხვავებით, ენობრივი მოვლენების სახელდება ან მიმსგავსების ან მეტაფორების საშუალებით ხდება. თავისთავად უკვე მეტაფორაა სახელის მორფოლოგიური ცვლილებისთვის ბრუნვის დარქმევა, მეტაფორაა „სახელობითი“, „მოთხრობითი“ და ბრუნვის ყველა დასახელება, სერიებისა და მწკრივების დასახელება, გვარის დასახელება და ა.შ.

გაკვეთილზე ამა თუ იმ კატეგორიის შესწავლისას, ფუნქციის უკეთ გაგებისა და სტრუქტურის უკეთ ათვისების მიზნით, საინტერესო აქტივობაა ალტერნატიული დასახელებების მოფიქრება, მაგალითად, რას დავარქმევდით არსებით სახელს, არსებითი რომ არ ერქვას, რა ტერმინს შემოგვთავაზებდით ქცევის კატეგორიისათვის და ა.შ.

ეს სახელდების, ტერმინოლოგიის თამაში  რამდენიმე კურდღელს დაგაჭერინებთ. ჯერ ერთი, შემოქმედებით, მხატვრულ აზროვნებას წაახალისებს, მეორე – გრამატიკულ კატეგორიებში წვდომასა და უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. გაკვეთილის ბოლოს შეგიძლიათ მხიარული თამაშიც მოიფიქროთ – გამოაცნობინოთ მოსწავლეებს ალტერნატიული გრამატიკული ტერმინოლოგია, ხოლო თუ მარტივ და მხიარულ ამბებს მოიფიქრებთ, საერთოდ მშვენიერი იქნება.

მაგალითად ასე:

„ იყო და არა იყო ერთი სოფელი, სადაც ცხოვრობდა სამი ძმა, ერთი სულ თავის თავზე ფიქრობდა, რასაც ნახავდა, სულ სახლში მოათრევდა, მეორე- სხვებზე იყო გადაგებული, ხოლო მესამე, მთელი დღის განმავლობაში დივანზე გორავდა, ჭერს მისჩერებოდა და დედამიწის ზურგზე არაფერი აინტერესებდა“ – როგორ ფიქრობთ, ცუდი ფაბულაა ქცევის კატეგორიის ილუსტრაციისათვის?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“