სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გმირის მოგზაურობა – გზამკვლევი მომავალი გმირებისთვის

სიტყვა „გმირი“ ამ ტექსტში გამოყენებულია ყველა მნიშვნელობით. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, გმირი არის: 1. ბრძოლასა და შრომაში თავდადებული, მამაცობითა და გამბედაობით გამოჩენილი, სიძნელეთა ვაჟკაცურად დამძლევი პირი. 2. მითოლ. ძველი ეპიკური პოემებისა და მითების მთავარი მოქმედი პირი, რომელიც დაჯილდოებული იყო ზეკაცური ძალით. ჯერ არავინ უწყის, თუ ვინ ყოფილა უფრო დიდი გმირი, ჰომეროსი თუ აქილევსი (კ. გამს.). 3. ლიტ. მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირი, პერსონაჟი.

მაშ, ვინ არის გმირი?

ის, ვისი მთავარი მახასიათებელი მოქმედებაა.

მოძრაობა.

წინსვლა. უკანდახევა და შემოვლითი გზების ძიება. პოვნა. გაკაფვა.

მოძრაობა შიგნით (საკუთარ არსებაში, არსებობაში, შიგანში, შინაგანში) და მოძრაობა გარეთ.

მაინტერესებს იშტა, გაბედულება ადამიანისა, რომელიც ტოვებს სამოსახლოს და მიდის შეუცნობელ სამყაროში ან იღებს თამამ გადაწყვეტილებას და აბიჯებს განუსაზღვრელ მომავალში. არ უშინდება ან უშინდება, მაგრამ მაინც მიდის, მაინც წყვეტს მოქმედებას, არჩევს – იმოქმედოს.

მაინტერესებს, როგორ შეიძლება იქცეს ასეთი გმირების ქმედება შთამაგონებლად იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დღემუდამ სიჩუმეს, უმოქმედობას, უქნარობას, სტაგნაციას ირჩევენ.

ირჩევენ შინაგან ემიგრაციას თვითგადარჩენის ფორმად.

არ უშვებენ არავის და არაფერს ამ წიაღში – არც ცოდნის სხივებს, არც მასწავლებლის მცდელობებს, არც თანატოლების ყიჟინას.

არაფერს.

იქმნიან გარსს, იყუჟებიან ამ გარსში, არიან იქ და არ ცდილობენ სამყაროს გააგონონ – მე აქ ვარ! მე ვარსებობ.

არჩევენ სიჩუმეს, მდუმარებას, არყოფნას, არაფრობას. ეშინიათ ყოველგვარი გამოვლინებისა, პიროვნული იმპულსების გამომჟღავნებისა. უფრთხიან ყველას და ყველაფერს, რაც ირგვლივაა. ემიჯნებიან გარემოს.

მოკუნტული. შეუმჩნეველი

ასეთი გმირები სხეულებრივი მონაცემებითაც ამოიცნობიან: მხრებში აწურულები, მოკუნტულები, მოხრილები, საუბრისას ძალაუნებურად იხევენ უკან ან ცდილობენ კიდევ უფრო მოიკუნტონ, მოიხარონ. თავი დახრილი, თვალები – იატაკს ჩასობილი. საუბრისას – ლოყები შეფაკლული ან ფერი – დაკარგული. თვალებით კონტაქტს გაურბიან. დააკვირდით, რამდენად ხშირად მიემართება მზერა გვერდით ან ქვევით. და სხეულებრივი გამოვლინებები საინტერესო სიმპტომებია –

საჭირო, მნიშვნელოვანი. სასარგებლოა მათზე დაკვირვება, რადგან ცვლილებებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი სწორედ სხეულზე ზემოქმედება უნდა გახდეს. გმირებმა ეს იციან – ხანგრძლივი მოგზაურობისთვის აბგაა ჩასალაგებელი, კუნთებია მოსამაგრებელი, გამძლეობაა მოსაპოვებელი.

სწორედ სხეულებრივი ცვლილებების დასაწყისი შეიძლება იქცეს საწყის იმპულსად. „მკლავთა გამამაცურება“, აღმართვა, მხრებში გაშლა. ასე ტარიელი იქცევა გადამწყვეტი მომენტის წინ, როდესაც როსტევანის გამოგზავნილი მონების აბჯრის ხმას გაიგონებს. სხეული ავტომატურად, მყისიერად გადაირთვება თავდაცვის რეჟიმზე. უცხო მოყმემ „თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა“, იარაღი მოიმარჯვა და მკლავნი გაიმამაცურნა. ეს მკლავთა შეთამაშება, სხეულის გაშლა-გაფართოება, მოჭიმვა და მომზადება ნებისმიერი მოულოდნელობისთვის ემოციურ ფონსაც ცვლის. მანამდე თუ სხვაგან ქროდა გმირის გონება, ახლა აქაა, აქ და ახლა. აკვირდება და აფასებს, რა ხდება მის თავს. იღებს გადაწყვეტილებას. იწყებს ქმედებას.

მივყვეთ გმირის მოგზაურობის ამბავს. ეს ერთგვარი მოდელია, პატერნი, ერთგვარი პროგრამა, რომელიც თითოეულში იმთავითვეა ჩადებული. იმთავითვეა „დაინსტალირებული“ ცოცხალ ორგანიზმში. იმიტომ, რომ რაც ცოცხალია, ის მოძრაობს. სხვაგვარად ლპობის პროცესი იწყება.

გასააქტიურებლად კი სხვადასხვა გარემოებები ან გარემოებათა დამთხვევაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრამის ამამოქმედებელი, „ჩამშვები“ თავად გმირია. მხოლოდ ის.

მხოლოდ მისი არჩევანი წყვეტს მომავალს, მისი გადადგმული პირველი ნაბიჯით იწყება გზა ათასი თავგადასავლისკენ. თუ ეს არ მოხდა, იქნება სტაგნაცია (სტაგნუმ – stagno ვაჩერებ, უმოძრაოს ვხდი; stagnum გაჩერებული წყალი…). არაფრობა. უმაქნისობა. უქნარობა. იქნება ის, რასაც ვაჟა ასე აფასებდა „უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა“.

კემპბელის სქემა

როგორ უნდა აქციოს ადამიანმა საკუთარი თავი გმირად – მთავარ პერსონაჟად. საკუთარი ამბის, საკუთარი ცხოვრების მოქმედ პირად? თამაშის, ფანტაზიის მოშველიებით. დავიწყოთ სწორედ ამით. წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მომავალი თავგადასავლის მთავარ გმირად. საამისო გზამკვლევი ძალიან, ძალიან ბევრს დაუწერია. როგორც თეორიულ-აკადემიური, ისე მხატვრული.

მითები, ზღაპრები, პოემები – შეთხზული ამბების უმეტესობა ამაზეა. ამ გმირების გაცნობა შვებაა. მათი ამბების კითხვა მაკურნებელია და იმედის მომცემი. გმირები ასეთებად არ იბადებიან. უმეტესწილად, ისინი ქმნიან თავიანთ თავგადასავლებს. თვითონ განსაზღვრავენ აწმყოს, მომავალს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაკვირვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მითებისა და ლეგენდების, ზღაპრებისა და თქმულებების შესწავლის საფუძველზე ეკუთვნის ამერიკელ მწერალს, მეცნიერს, შედარებითი მითოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის პროფესორს, ჯოზეფ კემპბელს.

მხატვრული ტექსტების რეალობა წრიულ სტრუქტურას ჰგავს, გმირები ერთგვარ პარადიგმაში არიან მოქცეული. კემპბელის სქემის თანახმად, გმირი ისაა, ვინც იწყებს ქმედებას და ტოვებს სამოსახლოს, თავშესაფარს, უსაფრთხო ადგილს, კომფორტის ზონას. ამ ნაბიჯს მოჰყვება მომდევნო „პუნქტები“:

„თავგადასავალი გიხმობს“, „უარყოფის ხიბლი (არ მინდა არანაირი თავგადასავალი)“, „ზებუნებრივი წახმარება“, „ზღურბლის გადაკვეთა (ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო…)“, „ვეშაპის შიგანი“ (დიდი განსაცდელი), „გამოწვევებითა და დაბრკოლებებით სავსე ბილიკები“, „საბედისწერო შეხვედრები“, „ქალი – მაცდური (ან ყოველგვარი საცდური…), მონანიების, კვლავ თავშესაფრის ძიების, წიაღში დაბრუნების სურვილი, დამხმარეებთან შეხვედრა, კომფორტის ზონაში დაბრუნების სურვილის უგულებელყოფა, ჯადოსნური აღმაფრენა, დაბრუნების სურვილის სამუდამო ქრობა, სიცოცხლისა და მოძრაობის წყურვილი…

და გმირი იწყებს თავის ამბავს, დგამს იმ პირველ ნაბიჯს, რომელსაც ათასგვარი თავგადასავალი მოჰყვება თან.

 

სამი აქტის თეორია

(შთაგონებულია ამერიკელი სცენარისტის, სიდ ფილდის წიგნით „სცენარი – სასცენარო ოსტატობის საფუძვლები“ . სიდ ფილდი წიგნში ნარატივის სამაქტიანი სტრუქტურის მოდელს განიხილავს).

როგორ ხდებიან გმირები – გმირები? ანუ საკუთარი პიროვნების შემოქმედები.

აქტი პირველი – სტარტი

  1. გაცხადება – პროლოგი: ასევე – წინასიტყვაობა. ეს რეალობის გაცხადების მცდელობაა. გმირი ეცნობა საკუთარ თავს. იკვლევს საწყის მონაცემებს. პირდაპირ სიტყვიერად აღწერს ამას. შეუბრალებლად, დაუფარავად, პირდაპირ. სწორ სიტყვებში აქცევს, აყალიბებს იმას – რაც არის.
  2. უთანხმოება – უთანხმოება მნიშვნელოვანი სასტარტო მონაცემია. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო. რაღაც უნდა შეიცვალოს. ასე ყოფნა, ეს ყოფა უკვე შემაწუხებელია. უმოქმედობა დამღუპველია. ცრუ მოქმედებებიც – ასევე. ვიხსენებთ ლუარსაბისა და დარეჯანის ყოფას – მთელი ტექსტი ერთ ჩაკეტილ სივრცეშია მოქცეული. „გმირები“ ერთადერთხელ ტოვებენ სამოსახლოს და ისიც მკითხავის დისტანციური მითითების საფუძველზე. სად მიდიან? შორეულ თელეთში. რისთვის? მოსალოცად, რომ „ხატს არ ეწყინოს“. სულ ესაა მათი „მოქმედება“. მთელი ცხოვრება გაილია ცრუ ქმედებებსა და ჭამაში. მთავარი „გმირის“ ბოლო კი საოცრად შთამბეჭდავია. ლუარსაბი ჭამით გასკდა. იცხოვრა იმისთვის, რომ ეჭამა და მოკვდა ჭამით.
  3. ამავე აქტშია მიზნის მოხაზვა, განუსაზღვრელი მომავლიდან თუნდაც ერთი სასურველი მისაღწევი მიზნის გამოყოფა. მიზნის გამოკვეთას მოტივაციის გააქტიურება მოჰყვება.
  4. პირველი აქტის დასასრული გზის ან ბილიკის მონიშვნაა. აი – მიმართულება. აი – გასავლელი გზა.

აქტი მეორე:

  1. სირთულეების წყება იწყება – ერთი-მეორის მიყოლებით, უსასრულოდ, გაუჩერებლად, სირთულე-სირთულეზე. ყველაფერი ისე არაა, როგორც წარმომედგინა, როგორც ფილმებსა და წიგნებშია, არ მიმართლებს, არ ლაგდება გარემო პირობები ისე, რომ შევძლო გაგრძელება – სირთულეები ზვავივითაა. ეს ზვავი არ ჩერდება.
  2. გმირი იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ჯერზე მოქმედებს. აკეთებს. მიჰყვება პატარა ნაბიჯებს. არ ნებდება. ცვლის იმას, რისი შეცვლაც იმ მომენტში შეუძლია. არ ივიწყებს მიზანს.
  3. მონიშნული გზა ნაპოვნია. ნახევარი – გავლილია – გმირი თანდათან აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევ გზაზე კარგა გვარიანი მანძილი აქვს გავლილი. რაღაცებს უკვე მიაღწია, რაღაცებს ვერა. ისწავლა ძლიერი და სუსტი მხარეები. შეეჯახა გადაულახავ და გადასალახავ სირთულეებს. ყველაფრისგან მიიღო სარგებელი. ზოგიერთი გაკვეთილი მწარე იყო. გმირმა იცის – წინ ასევე რთული გზაა. ზღაპრის კეთილი ბოლოს მოლოდინი დიდად არ უნდა ჰქონდეს. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა მაგრამ ყველაფერი ექვემდებარება მოძრაობის დაუმარცხებელ კანონს – ცხოვრება მოძრაობაა. ყველაფერი, რაც ცოცხალია, მოძრაობს. მოძრაობა სტაგნაციის საპირისპიროა. სტაგნაცია, უმოძრაობა – არაფრობაა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა ქმნის სიცოცხლის ღონეს, ძალას, თავად სიცოცხლეს.
  4. მეორე აქტის დასასრულისკენ საარაკო, დიდებული ჩავარდნა გარანტირებულია. ყველაფერი ჩამოინგრევა. იმედები გაქარწყლდება. სირთულეებს ბოლო არ უჩანს. ეს – კანონზომიერია. თუ ვიცი, რომ გმირები გადიან ამ გზას, ვიცი ისიც, რომ გმირები დგებიან და აგრძელებენ გზას. ავთანდილი იქ რომ დანებებულიყო, იმ მქისე, უდაბურ, უკაცრიელ ადგილზე, ან გულში დანა რომ ჩაეცა, ან საყვარელთან გაბრუნებულიყო, ის აღარ მოხდებოდა, რაც მოხდა. გმირი ვერ შედგებოდა. ავთანდილი არ ნებდება. იწყებს იმაზე ზრუნვას, რაზე ზრუნვაც შეუძლია – იწყებს სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. გემრიელად მიირთმევს. ისვენებს. თავს იგულიანებს. ყველაფერი კანონზომიერია. გმირები ასეთ სიტუაციაში არიან ხოლმე. ხშირადაც არიან. სიტუაცია გამოუვალი ჩანს, მაგრამ მხოლოდ ჩანს. ავთანდილი ტარიელის ბრალდებასა და წყენაში რომ ჩარჩენილიყო, მის მოსაძებნად წასასვლელი ძალა არ ეპოვა საკუთარ თავში, იმედგაცრუებისა და ბრაზის მორევში ჩამხრჩვალიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ავთანდილი ყოველ ჯერზე პოულობს გზის გაგრძელების მიზეზს, ძალას, სახავს გეგმას. იწყებს მოძრაობას. ერთი ნაბიჯი. მერე მეორე. წავიდა…
  5. მეორე აქტის ბოლოს გმირი იწრთობა გამძლეობაში. მოიპოვებს საკუთარი თავის ნდობას. იკრებს ძალებს. მიიწევს წინ. ავლენს საკუთარ პიროვნულ თვისებებს. სინჯავს ძალებს. აჩვენებს გარშემომყოფებს – მე აქ ვარ. ჩემი აქ ყოფნით რაღაც იცვლება. იცვლება გარემო. ატმოსფერო. ვიცვლები მე.

აქტი მესამე

  1. ახლოვდება ერთ-ერთ კულმინაცია და გადასხვაფერების პირველი ნიშნები ჩნდება. ასეთ დროს გმირი უყურებს და აფასებს საკუთარ მიღწევებს. ახსოვს როგორი იყო გზის დასაწყისში და შეუძლია გამოყოს განსხვავებები. გრძნობს ფიზიკურ დონეზე ცვლილებებს. გრძნობს სასიცოცხლო ძალას, ღონეს, ენერგიას. აგრძელებს მოძრაობას. განვითარებას. მცირე ნაბიჯების გადადგმას.
  2. ამ ეტაპზე – ახალი თავგადასავლის დაწყებამდე.

და ეს უსასრულო პროცესია. ხანგრძლივობა – მთელი სიცოცხლე.

ყოველ ჯერზე იწყება ახალი მოგზაურობა, ახალი თავგადასავალი, ახალი გმირის (პიროვნების) დაბადება.

მთავარია, გმირი არ იმსხვერპლოს საკუთარმა უუნარობამ, უმოქმედობამ არაფრობამ.

გმირი დარწმუნებულია:

„დევებს, ურჩხულებს, მონსტრებს, მტრებს, მოწინააღმდეგეებს გავუმკლავდები. მთავარი მტრის (უმოქმედობის) დამარცხება ამის გარანტიაა!“.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“