ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

მსოფლიო რელიგიები – ზოროასტრიზმი

გამოცხადების რელიგიებს შორის (ასე უწოდებენ სამეცნიერო ლიტერატურაში რელიგიებს, რომლებიც მოციქულებმა ღმერთის ზეშთაგონებით მიიღეს) ზოროასტრიზმი უძველესია. მან, პირდაპირ თუ ირიბად, დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე. ზოროასტრიზმი იმ სამი დიდი ირანული იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო, რომლებიც თითქმის უწყვეტად არსებობდა ძვ. წ. VI-დან ახ. წ VII საუკუნემდე. ირანული იმპერიების ძლიერება განაპირობებდა ამ რელიგიის დიდ პრესტიჟსა და გავლენას მთელი მახლობელი აღმოსავლეთის კულტურაზე, განსაკუთრებით კი ამ რეგიონში წარმოშობილ რელიგიებზე: იუდაიზმზე, ქრისტიანობასა და ისლამზე, ასევე – გნოსტიკურ სექტებსა და ბუდიზმზე.

ზოროასტრიზმი უნიკალური რელიგიაა. მისი მრავალი დებულება კეთილშობილური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელია. ამიტომაც, როგორც ზემოთ ვთქვით, არ არის გასაკვირი, რომ გვიანდელმა რელიგიებმა ბევრი რამ ისესხეს მისგან. მაგალითად, მონოთეისტური სისტემა, რწმენა მოციქულთა არსებობისა და მესიის (მხსნელის) მოვლინებისა. არ არის გამორიცხული, სწავლება საიქიო სამყაროს – სამოთხისა და ჯოჯოხეთის, სულის უკვდავების, მიცვალებულთა აღდგომისა და განკითხვის დღის შესახებ მსოფლიო რელიგიებში სწორედ ზოროასტიზმიდან იყოს ნასესხები.

სამწუხაროდ, დღემდე დაუზუსტებელია, სად და როდის წარმოიშვა ეს რელიგია. მეცნიერები სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ. ზოგიერთის აზრით, ხალხი, რომლის წიაღშიც ჩაისახა ზოროასტრიზმი, ირანის ჩრდილო-დასავლეთით ცხოვრობდა, ზოგიერთის აზრით – ჩრდილო-აღმოსავლეთით. ინგლისელი მეცნიერი მერი ბოისი ვარაუდობს, რომ ამ რელიგიის დასაბამი მდ. ვოლგის აღმოსავლეთით, დღევანდელი სამხრეთ რუსეთის სტეპებში უნდა ვეძებოთ. ეს თეორიები უმთავრესად ზოროასტრიზმის წმინდა წიგნებში დაცული ენათმეცნიერული მონაცემების საფუძველზე წარმოიშვა, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი ჭეშმარიტება ეჭვს ბადებს.

ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების ლინგვისტური ანალიზი და მათი შინაარსი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ რელიგიის შემქმნელი ხალხი უძველეს ინდოევროპულ მომთაბარე ტომებს განეკუთვნებოდა, რომლებსაც დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს უნდა ეცხოვრათ. ეს დრო მეტად არასტაბილური იყო, რაზეც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იარაღი და საომარი ეტლები მიუთითებს. მწყემსებს ხშირად უწევდათ მეომრებად ქცევა. მათი ბელადები ხელმძღვანელობდნენ საომარ კამპანიებს და ძარცვავდნენ მეტოქე ტომებს. სწორედ ამ რთულ ვითარებაში გამოდის ასპარეზზე მოციქული ზარატუშტრა (ამ სახელის ბერძნული ვარიანტია ზოროასტრი), ძე პოურუშასპისა, სპიტამას გვარიდან, რომლის სახელისგანაც მომდინარეობს რელიგიის სახელწოდება – ზოროასტრიზმი. „ზარატუშტრა” ძველი ირანული წარმოშობის სახელია და „ოქროსფერი აქლემის მფლობელს” ნიშნავს. ავესტას მიხედვით, ზარატუშტრა ქურუმი იყო, ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.
 

ავესტა

ზოროასტრელთა წმინდა წიგნებს ავესტა ეწოდება. მასში გადმოცემულია სპიტამა ზარატუშტრას გამოცხადებები – სწავლება, რომელიც აჰურა მაზდამ (ზოროასტრიზმის უზენაესმა ღვთაებამ) ხალხს მოციქულის პირით გადასცა.
როგორც ლეგენდა გვამცნობს, ავესტა ზეციდან ღვთაებრივმა ფრინველმა კარშიპტმა ჩამოიტანა ციხე-ქალაქ იიმკარდში, რომელიც მეფე იიმამ ააგო სიცივისა და წყალდიდობებისგან ქვეშევრდომთა დასაცავად, მაგრამ მეფემ უარი თქვა აჰურა მაზდას წინადადებაზე, „კეთილი რწმენის” მქადაგებელი გამხდარიყო. პირველი და ერთადერთი მოციქული „კეთილი რწმენისა” გახდა ყველაზე მართალი ადამიანთა შორის – სპიტამა ზარატუშტრა. მოციქულის მიერ გამოცხადების მიღებიდან იწყება მიწიერი სამყაროსთვის ახალი ეპოქა ვიზარიშნი – ეპოქა სიკეთისა და ბოროტების გაყოფისა.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ავესტა ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ამ სიბრძნის მატარებელნი ზოროასტრელი ქურუმები – მოგვები იყვნენ. მოგვიანებით, არშაკელთა დინასტიის ზეობისას (ძვ. წ. 250 წ. – ახ. წ. 224 წ.), პართიის სამეფოში წმინდა წიგნების წერილობითი ვერსია შეიქმნა, ხოლო მათი საბოლოო რედაქცია უკვე სასანელი შაჰის შაბურ II-ის (ახ. წ. VI ს.) ეპოქაში დასტურდება.

გადმოცემით, დიდი ავესტა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელამდე უარსებია, შეიცავდა 21 წიგნს – ნასკს. დღეისათვის შემოჩენილია ავესტას შემდეგი ნაწილები:

·იასნა – (ავესტ. ლოცვა, თაყვანისცემა) ძირითადი ლიტურგიკული ნაწილი. მასში განსაკუთრებული ადგილი უკავია გათებს – საგალობლებს, რომლებიც თვით ზარატუშტრას მიეწერება;

·ვისპრედი – (ავესტ. ყველა მსაჯული, ყველა უფალი) შეიცავს სხვადასხვა ღვთაებისადმი მიძღვნილ ლოცვებს;

·ვიდევდატი – (ავესტ. დევთა საწინააღმდეგო კანონი), რომელშიც გადმოცემულია აჰურა მაზდას მიერ ქვეყნიერების შექნისა და ოქროს ხანის მითები. მასში ასევე აღწერილია ზოროასტრელთათვის სავალდებულო ქცევის ნორმები;

·იაშტა – (ავესტ. ქება) შინაარსობრივად ავესტას უძველესი ნაწილია, შედგება ბუნების ძალებისა და ციური სხეულებისადმი მიძღვნილი ჰიმნებისგან. მასში შემონახულია ძველი ინდოევროპული მითოლოგიური პერსონაჟები და ღვთაებები (მითრა, ანაჰიტა და სხვა);

·ქორდა ავესტა – (საშ. სპარს. მცირე ავესტა) მოიცავს იმ ლოცვებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საერო ზოროასტრელებისთვის და რომელთაც იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საყურადღებოა, რომ ავესტა დაწერილია ერთ-ერთ უძველეს ირანულ დიალექტზე, რომელიც მხოლოდ ამ წმინდა წიგნებში შემორჩა ამიტომაც ზოროასტრელი ქურუმობის მსურველნი ხანგრძლივ და სპეციალურ განათლებას იღებდნენ მომავალი საქმიანობისთვის.

ზოროასტრული ღვთაებები
 
გადმოცემის თანახმად, ზარატუშტრამ „ჭეშმარიტი რწმენის” გამოცხადება 30 წლის ასაკში მიიღო. ერთხელ, გამთენიისას, ის მდინარისკენ გაემართა წმინდა სასმლის – ჰაომას მოსამზადებლად. დაბრუნებისას ზარატუშტრას გამოეცხადა ბრწყინვალე არსება – ვოჰუ მანა (ავესტ. კეთილი აზრი), რომელმაც ის ღმერთთან – აჰურა მაზდასთან (წესრიგის, სიმართლისა და სამართლიანობის ღმერთი) მიიყვანა. გამოცხადება შემთხვევითი როდი იყო. მისი სათავეები ზოროასტრიზმზე უფრო ადრეულ რელიგიაში უნდა ვეძებოთ. ახალი მოძღვრების ქადაგებამდე დიდი ხნით ადრე ძველი ირანული ტომები თაყვანს სცემდნენ ღვთაება მითრას – ხელშეკრულების (პირობის დადების) განსახიერებას, ანაჰიტას – წყლისა და ნაყოფიერების ქალღმერთს, ვარუნას – ომისა და გამარჯვების ღმერთს და სხვა. ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა რელიგიური წეს-ჩვეულებები, რომლებიც ცეცხლის თაყვანისცემასა და ქურუმების მიერ რელიგიური ცერემონიებისთვის ჰაომას მომზადებას გულისხმობდნენ. მრავალი წეს-ჩვეულება, რიტუალი თუ მითოლოგიური გმირი „ინდოარიელთა ერთობის” ეპოქას განეკუთვნებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღვთაება თუ გმირი ორგანულად შეერწყა ახალ რელიგიას – ზოროასტრიზმს.

ზარატუშტრა ქადაგებდა, რომ უზენაესი ღვთაებაა აჰურა მაზდა. ყველა სხვა ღვთაება იერაქიულ კიბეზე მის ქვემოთ დგას და მას ემორჩილება. მეცნიერთა აზრით, აჰურა მაზდას სახე მომდინარეობს ძველი ირანული ტომების ღვთაებებისგან, რომლებსაც „აჰურად” (ავესტ. ბატონი, ბრძანებელი) მოიხსენიებდნენ. ასევე იწოდებოდნენ მითრა და ვარუნაც, ხოლო უზენაესი აჰურას ეპითეტი „მაზდა” (ავესტ. ბრძენი) იყო.

გარდა აჰურა-ღვთაებებისა, რომლებიც დაჯილდოებულნი იყვნენ უზენაესი საკრალური თვისებებით, ძველი ირანელი ტომები ასევე თაყვანს სცემდნენ დევებს (დაივებს) – დაბალი რანგის ღვთაებებს, თუმცა უმრავლესობა ამ ტომებისა მათ ბოროტი და ბნელი ძალების წარმომადგენლებად მიიჩნევდა.

აჰურა მაზდა განასახიერებდა უმაღლეს და ყოვლისმცოდნე ღმერთს, ყოველივე არსებულის შემოქმედს, ღვთაებას ცის თაღისა. ის დაკავშირებული იყო ძირითად რელიგიურ ცნებებთან – ღვთაებრივ სამართლიანობასა და წესრიგთან (ავესტ. აშა), კეთილ სიტყვასა და კეთილ ქმედებებთან. 

მოგვიანებით ხმარებაში შემოვიდა ზოროასტრიზმის სხვა სახელწოდება – მაზდეიზმი.

ზარატუშტრა ქადაგებდა, რომ ყოველი ღვთაება აჰურა მაზდასგანაა ნაშობი. ეს ქადაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირას ბრწყინვალე ზმანება ჰქონდა. ზმანებამ მოციქულს აჰურა მაზდასა და სხვა ღვთებების ხილვის საშუალება მისცა.

მაზდეანობის მიხედვით, სამყაროში მეფობენ არა მარტო სიკეთე და სინათლე, არამედ ბოროტება და სიბნელეც. აჰურა მაზდას უპირისპირდება ბოროტი ღვთაება ანჰრა მაინიუ (აჰრიმანი ან არიმანი). აჰურა მაზდასა და აჰრიმანის მუდმივი დაპირისპირება განასახიერებს კეთილისა და ბოროტის ბრძოლას. ამრიგად, მაზდეანობისთვის დამახასიათებელია ორი საწყისის არსებობა: „ჭეშმარიტად არსებობს ორი პირველადი სული, განთქმული ურთიერთდაპირისპირებით… აზრით, სიტყვითა და ქმედებით თითოეული მათგანი კეთილი და ბოროტია… როდესაც ეს ორი სული პირველად შეება ერთურთს, მაშინ შეიქმნა ყოფიერება და არმყოფობა და ვინც მისდევს სიცრუის გზას, მას ელის ყველაზე უარესი, ხოლო ვისი გზაც სიკეთეა, მისი ხვედრი საუკეთესოა”.

აჰრიმანის მხედრობას წარმოადგენენ დევები. ზოროასტრელები სწამთ, რომ ეს ბოროტი სულები და მბრძანებლები ზიანს აყენებენ ბუნების ოთხ წმინდა სტიქიას: ცეცხლს, მიწას, წყალს და ცის თაღს. ამასთანავე, მათში გამოხატულია ყველაზე უარესი ადამიანური თვისებები: შური, სიზარმაცე, სიცრუე და სხვა.

უზენაესმა ღმერთმა აჰურა მაზდამ შექმნა სიცოცხლე, სითბო და სინათლე, რის საპასუხოდაც აჰრიმანმა შექმნა სიკვდილი, ზამთარი, სიცივე, ყინვა, მავნე ცხოველები და მწერები. მაგრამ საბოლოოდ, ზოროასტრული სწავლების მიხედვით, ორი საწყისის ამ ბრძოლაში აჰურა მაზდა გაიმარჯვებს და სამუდამოდ გაანადგურებს ბოროტებას.

ზოროასტრიზმის მიხედვით, აჰურა მაზდამ სპენტა მაინიუს (წმინდა სული) დახმარებით შექმნა ექვსი „უკვდავი წმინდანი”, რომლებიც უზენაეს ღმერთთან ერთად ქმნიან შვიდი ღვთაების პანთეონს. სწორედ ეს შვიდი ღმერთის იდეა იყო ზოროასტრიზმის ერთ-ერთი სიახლე. ეს ექვსი „უკვდავი წმინდანი” განასახიერებს აბსტრაქტულ ყოფიერებას. მაგალითად,

ვოჰუ მანა – იყო საქონლის მფარველს და, ამავე დროს, კეთილ აზრს;
აშა ვაჰიშტა – ცეცხლის მფარველს და და საუკეთესო სიმართლეს;
ჰშატრა ვარია – ლითონთა მფარველს და რჩეულ ხელისუფლებას;
სპენტა არმატი – მიწის მფარველს და ღვთისმოსაობას;
ჰაურვატატი – წყლის მფარველს და მთლიანობას;
ამერტატი – მცენარეთა მფარველს და უკვდავებას.

მათ გარდა აჰურა მაზდას ღვთაება-თანამგზავრებად ითვლებოდნენ მითრა, აპამ ნაპატი – წყალთა შვილიშვილი, სრაოში – მორჩილება, ყურადღება და დისციპლინა – და აში – ბედისწერის ქალღმერთი. ზოროასტრიზმის მიხედვით, ყველა აჰურა მაზდას ნაშობია და მისი მეთაურობით ცდილობს ბოროტი ძალების დამარცხებას.
კოსმოგონია

ზოროასტრული კონცეფციის მიხედვით, სამყარო 12 ათასი წელი იარსებებს. მთელი მისი ისტორია პირობითად დაყოფილია ოთხ პერიოდად. თითოეულის ხანგრძლივობა 3 ათასი წელიწადია.

პირველი პერიოდი წინ უძღვოდა მატერიალურ სამყაროში არსებულ ყველა იდეასა და საგანს. ეს იყო პერიოდი, როდესაც აჰურა მაზდა ქმნიდა აბსტრაქტული ცნებების იდეალურ სამყაროს. ამ დროს უკვე არსებობდა ყოველივე იმის პირველსახე, რამაც მოგვიანებით მატრიალური სახე მიიღო. კოსმოსის ასეთ მდგომარეობას მენოკი (ავესტ. უხილავი, სულიერი) ეწოდება.

მეორე პერიოდში ხორცს ისხამს მატერიალური, რეალური, ხილული სამყარო. აჰურა მაზდა ქმნის ცას, ვარსკვლავებს, მთვარეს და მზეს. მზის სფეროს მიღმა თვით უზენაესი ღმერთის სამყოფელია.

იმავდროულად მოქმედებას იწყებს აჰრიმანი. ის იჭრება ცის თაღის ფარგლებში, ქმნის პლანეტებსა და კომეტებს, რომლთა მოძრაობაც ეწინააღმდეგება აჰურა მაზდას მიერ დაწესებულ კოსმიურ წესრიგს. აჰრიმანი აბინძურებს წყალს და სიკვდილს მოუვლენს გაიომარტას – პირველ ადამიანს. თუმცა ადამიანთა მამამთავრისგან იშვნენ ქალი და კაცი, რომლებმაც დასაბამი მისცეს კაცთა მოდგმას. ორი ურთიერთდაპირისპირებული საწყისის დაჯახებისგან მთელი სამყარო ამოძრავდა: წყლებმა დაიწყო მდინარება, აღმოცენდა მთები, ამოძრავდა ციური სხეულები. ქაოსურად მოძრავი, „მავნე” პლანეტები რომ გაენეიტრალებინა, აჰურა მაზდამ თითოეულ მათგანს კეთილი სული მიუჩინა.
მესამე პერიოდი სამყაროს არსებობისა ზარატუშტრამდელი ეპოქიდან იწყება. ამ დროს ჩნდებიან ავესტას მითოლოგიური გმირები. ერთ-ერთი მათგანია ოქროს ხანის მეფე იიმა ბრწყინვალე. მის სამეფოში არ არის „არც სიცხე და არც სიცივე, არც სიბერე და არც შური”. ეს მეფე აუშენებს ადამიანებსა და საქონელს სპეციალურ ციხე-ქალაქს და ასე იხსნის მათ წარღვნისგან. ამ ეპოქის წმინდათა შორის მოიხსენიება ვიშტასპა, რომელიღაც ტერიტორიის მმართველი. სწორედ ის ხდება ზარატუშტრას მფარველი.

უკანასკნელი, მეოთხე პერიოდი (ზარატუშტრას შემდეგ) 4 ათასი წელი გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ხალხს უნდა გამოეცხადოს სამი მესია (თითო ყოველი ათასწლეულის დასრულებისას). უკანასკნელი იქნება მხსნელი საოშიანტი – აჰურა მაზდას ძე, ისევე როგორც ორი მისი წინამორბედი. სწორედ ეს მესია გადაწყვეტს კოსმოსისა და კაცობრიობის ბედს. ის მკვდრეთით აღადგენს ყველას, დაამარცხებს აჰრიმანს, რის შემდეგაც დაიწყება სამყაროს განწმენდა „გამდნარი ლითონის ნაკადით” და ყველაფერი, რაც ამის შემდეგ დარჩება, შეიძენს უკვდავებას. 

ზოროასტრელები „აპოკალიფსის ხალხია”. ისინი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ვინ უშიშრად ელის სამყაროს აღსასრულს.
ადამიანი და ზოროასტრიზმი

ზორასტრიზმში დიდი როლი ენიჭება ადამიანის სულიერ სრულყოფილებას. ამ რელიგიის ეთიკური დოქტრინის მთავარ პოსტულატს წარმოადგენს პიროვნების ქმედება, რომელიც შემდეგ ტრიადას ემყარება: კეთილი აზრი, კეთილი სიტყვა, კეთილი საქმე. ზოროასტრიზმი უნერგავდა ადამიანს სისუფთავისა და წესრიგის ჩვევას, ასწავლიდა მოყვასის თანაგრძნობას და მადლიერებას მშობლებისა და ოჯახის მიმართ. რელიგია ითხოვდა მორწმუნეებისგან, მოეხადათ მოვალეობა შვილების წინაშე, დახმარებოდნენ ერთმორწმუნეებს, მზრუნველობა არ მოეკლოთ მიწისა და საძოვრებისთვის. ამ მცნებების თაობიდან თაობისთვი გადაცემამ შეაძლებინა ზოროასტრელებს, გამოემუშავებინათ ცხოვრებისადმი სტოიკური დამოკიდებულება, რომელიც მათ მრავალი განსაცდელის გადალახვაში ეხმარებოდა.

ეს რელიგია ადამიანს არ ზღუდავდა, გაეკეთებინა არჩევანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მოუწოდებდა, განრიდებოდა ბოროტებას. ამასთანავე, ზოროასტრიზმის მიხედვით, ადამიანის ბედი ბედისწერითაა განსაზღვრული, თუმცა მხოლოდ პიროვნების საქციელით გადაწყდება, სად მოხვდება მისი სული სიკვდილის შემდეგ – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. 

ზარატუშტრა გათებში უფრო მოციქულად არის წარმოდგენილი, ვიდრე კანონმდებლად. მიუხედავად ამისა, მეფე ვიშტასპას კარზე გატარებული ხნის განმავლობაში მას უნდა შეექმნა საკუთარი რელიგიური თემი და დაეწესებინა ცერემონიები და რიტუალები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძველ ინდო-არიულ წეს-ჩვეულებას წარმოადგენდა სრულწლოვანი მამაკაცისთვის დაწნული ზონრის შებმა, რაც რელიგიური თემის წევრად მიღების ნიშანი იყო. ეს ძველი ჩვეულება ზარატუშტრამ საკუთარი მიმდევრების საიდენტიფიკაციოდ გამოიყენა. ყველა ზოროასტრელი, ქალი თუ კაცი, წელზე შეკრულ ზონარს (სპარს. კუსტი) ატარებს. თემში ხელდასხმა 15 წლიდან შეიძლება. ამის შემდეგ მორწმუნე ვალდებულია, ყოველდღე, ყოველი ლოცვის წინ შეიხსნას, მერე კი ხელახლა შეიბას ეს ზონარი. მისი სიმბოლური დატვირთვა ასეთია: ზონარი, რომელიც სამი ხვეულასგან შედგება, განასახიერებს ზორასტრელთა ზემოთხსენებულ ეთიკურ ტრიადას – კეთილ აზრს, კეთილ სიტყვას, კეთილ საქმეს. კუსტის იკრავენ თეთრი ხალათის ზემოდან, რომელსაც სუდრა (შდრ. ქართული სუდარა) ეწოდება. სუდრაში პატარა ჯიბეა ჩაკერებული. ის უნდა ახსენებდეს მორწმუნეს, რომ ადამიანი ვალდებულია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდეს კეთილ აზრებს, კეთილ სიტყვებს და კეთილ საქმეებს, რომლებიც მას სამოთხისკენ გაუკვალავს გზას.
ლოცვები 

ზარატუშტრამ თავის მიმდევრებს დღეში ხუთჯერ ლოცვა დაუწესა. თითოეული ლოცვა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, დილის ლოცვის მფარველი ღვთაება მითრა იყო, შუადღისა – აპამ ნაპატა, ხოლო ღამის ლოცვა გარდაცვლილებს ეძღვნებოდა. გარდა ასეთი გრადაციისა, ლოცვები სეზონების მიხედვითაც იყოფოდა. ზაფხულის ლოცვა, როდესაც მბრძანებლობდნენ კეთილი ძალები და მზე ზენიტში უძრავად იდგა, მლოცველს ეხმარებოდა, ეფიქრა ჭეშმარიტების და სიკეთის საბოლოო ტრიუმფის შესახებ, ხოლო ზამთრის ლოცვას, როდესაც ბოროტი ძალები ბატონობდნენ, უნდა შეეხსენებინა ადამიანისთვის, რომ აუცილებელი იყო მათთან თავდაუზოგავი ბრძოლა. ასე რომ, ზარატუშტრამ გამოიყენა დღის პერიოდები და წელიწადის დროები, რათა მტკიცედ შთაებეჭდა მიმდევართათვის ზოროასტრიზმის ძირითადი პოსტულატები.

ჩვენ მიერ ნახსენები დღის ხუთი ლოცვა სავალდებულო იყო მორწმუნეთათვის. მათთან ერთად ზარატუშტრამ დააწესა არასავალდებულო ღამის ლოცვები და რიტუალიც. ზოროასტრიზმის მიხედვით, ღამით განსაკუთრებით აქტიურდებიან ბნელი ძალები, ამიტომ ეს რიტუალი მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. მორწმუნეს უნდა აეგიზგიზებინა ცეცხლი, მასში კეთილსურნელოვანი მცენარეები დაეწვა და ელოცა მშვიდობისა და სიკეთისთვის.
დღევანდელი ზოროასტრელები ლოცვის რიტუალს შემდეგნაირად ასრულებენ: თავდაპირველად მლოცველი ემზადება ლოცვისთვის – განიბანს სახეს, ხელებსა და ფეხებს. შემდეგ, შეიხსნის რა წმინდა ზონარს (კუსტის), წარმოიდგენს, რომ რიტუალს აჰურა მაზდა ესწრება. მისი ყურადღება მიმართულია ცეცხლისკენ – სიმართლის სიმბოლოსკენ. მლოცველი ლოცულობს აჰურა მაზდასთვის და წყევლის აჰრიმანს. ლოცვა რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებს მორწმუნე ამ რიტუალს, მით უკეთესია მისთვის. 
შვიდი დღესასწაული

პირდაპირი ვალდებულება, რომელიც ზარატუშტრამ დააკისრა მორწმუნეებს, არის შვიდი ყოველწლიური დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც აჰურა მაზდას და მის მიერ შექმნილ ექვს „უკვდავ წმინდანს” (ღვთაებას) ეძღვნება. როგორც ჩანს, ეს დღესასწაულები ინდოარიელ მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა უძველესი წეს-ჩვეულებებისგან უნდა მომდინარეობდეს, რაზეც მათი სახელწოდებები მიუთითებს. ესენია: 1. „შუა გაზაფხულის დღესასწაული”; 2. „შუა ზაფხულის დღესასწაული”; 3. „მოსავლის აღების დღესასწაული”; 4. „საზაფხულო საძოვრებიდან საქონლის დაბრუნების დღესასწაული”; 5. „შუა ზამთრის დღესასწაული”; 6. მეცნიერებისთვის ძნელად ასახსნელი წეს-ჩვეულება, რომელიც ფრავაშის (სული, რომელიც ადამიანის დაბადებამდე და მისი სიკვდილის შემდეგაც არსებობს) გამასპინძლებას ასახავს.

ამ დღესასწაულებს ყველა რელიგიური თემი ზეიმობდა. დილით მლოცველები ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, რომელიც აჰურა მაზდას სადიდებლად იმართებოდა, ხოლო საღამოს ყველა ერთად იკრიბებოდა და ქურუმების მიერ ნაკურთხი საკვებით უმასპინძლდებოდა ერთმანეთს.

 

რაც შეეხება მეშვიდე დღესასწაულს, ის განსაკუთრებული იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა. ეს დღესასწაული ეძღვნებოდა ცეცხლს როგორც სიცოცხლის ძალას, რომლითაც გამსჭვალულია აჰურა მაზდას ყველა ქმნილება. სპარსულად მას ნოურუზ – ახალი წელი – ეწოდება. სამწუხაროდ, ამ დღესასწაულის ავესტური სახელი ჩვენთვის უცნობია. ზარატუშტრამ ეს ზეიმი გაზაფხულის ბუნიობას დაამთხვია. სიმბოლურად, დღესასწაული ახსენებს მორწმუნეებს განკითხვის დღეს, როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვებს აშა (ავესტ. წესრიგი, ჭეშმარიტება, სამართლიანობა; პრიციპი, რომელიც მართავს მთელ სამყაროს). ეს უკანასკნელი დღე, ამასთანავე, მარადიული ცხოვრების პირველი დღე გახდება.

ზარატუშტრას მიერ მორწმუნეთათვის შემოღებულმა ორმა აუცილებელმა მოვალეობამ – ყოველდღიურმა ხუთჯერადმა ლოცვამ და შვიდმა ყოველწლიურმა დღესასწაულმა – ზოროასტრიზმს უზარმაზარი ძალა შესძინა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასულდგმულებდა ამ რელიგიას. ეს რელიგიური წეს-ჩვეულებები მუდამ ახსენებდა ზოროასტრელებს რწმენის ძირითად პოსტულატებს. რელიგიური რიტუალები კიდევ უფრო აერთიანებდა მორწმუნეთა თემს.
კულტმსახურება და ტაძრები

განსაკუთრებული აღზევება ზოროასტრიზმმა სასანელთა ბატონობის ხანაში განიცადა. მთელ იმპერიაში აიგო ათეშგები – „ცეცხლის ტაძრები”. ეს ტაძრები ერთიანი გეგმით შენდებოდა. საშენ მასალად გამოყენებული იყო ქვა ან გამოუწვავი აგური. ტაძარს ჰქონდა გუმბათოვანი გადახურვა, რომლის ქვეშაც დიდი სამლოცველო დარბაზი იყო. ამ დარბაზში, ქვის პოსტამენტზე, უზარმაზარ თასში, წმინდა ცეცხლი ენთო. დარბაზი ისე იყო გამოყოფილი შენობის სხვა ოთახებისგან, რომ ცეცხლი ვერავის დაენახა.

ზოროასტრულ ტაძრებს თავისი იერარქია ჰქონდათ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ცეცხლი ვარაჰრამა (უბიწობის სიმბოლო). ამ ტაძრის ცეცხლი ირანის ყველა ტაძარში დანთებული ცეცხლის პირველწყარო გახლდათ. ტრადიციის თანახმად, ვარაჰრამას ცეცხლი 16 სახის ცეცხლისგან შედგებოდა, რომლებიც მორწმუნეთა სხვადასხვა ფენის (მოგვების, მეომრების, მწერლების, ვაჭრების, ხელოსნების, გლეხების და სხვათა) წარმომადგენელთა კერიიდან იყო წამოღებული. ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა მეთექვსმეტე ცეცხლი, რომელიც მეხის დაცემისას ჩნდებოდა. დროთა განმავლობაში წმინდა ცეცხლი ტაძრებში უნდა განახლებულიყო. ამისთვის არსებობდა განწმენდის განსაკუთრებული წესი და საკურთხეველზე ახალი ცეცხლის დანთების რიტუალი.

ცეცხლის მიკარება მხოლოდ მღვდელმსახურს შეეძლო, რომელსაც თავზე თეთრი ქუდი ეხურა, ეცვა თეთრი ხალათი, ხელები თეთრი ხელთათმანებით ჰქონდა შემოსილი და სახეზე ნიღაბი ეკეთა, რათა მის სუნთქვას არ წაებილწა წმინდა ცეცხლი. დიდ ტაძრებში წვავდნენ ხის მაგარ და ძვირფას ჯიშებს, ხოლო ნაცარს მიწაში მარხავდნენ.
 

 
ეპილოგი

ზოროასტრელთა რელიგიას განსაკუთრებით მძიმე დღეები არაბების მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ დაუდგა. პირველ ხანებში მათ არავინ ავიწროებდა, დაახლოებით IX საუკუნიდან კი ვითარება შეიცვალა. აბასელთა ხალიფებმა ზოროასტრელთა დევნა დაიწყეს და მათ ისლამის მიღება აიძულეს. დევნილ მაზდეანთა ნაწილი ინდოეთში გაიქცა, სადაც მათი შედარებით მცირერიცხოვანი თემი დღემდე ცხოვრობს. 

ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რელიგიის გაცნობა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ზოროასტრიზმი დიდ გავლენას ახდენდა ჩვენს პოლიტიკასა თუ კულტურაზე. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ძველ თბილისში შემონახული მაზდეანთა ტაძრის ნანგრევები. 
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“